სარედაქციო წერილი #8
კულტურა მხოლოდ მუზეუმში გამოფენილი საგანი, არქივში შენახული დოკუმენტი ან სასცენო წარმოდგენა არაა. კულტურა ცოცხალი პროცესია − მოძრაობაში, ხმაში, მატერიაში, მეხსიერებასა და ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოხატული. სწორედ ამ პერსპექტივიდან გაგაცნობთ ჩვენი ჟურნალის ახალ ნომერს, სადაც წარსული და აწმყო, არქივი და ცოცხალი ტრადიცია, კვლევა და პირადი გამოცდილება ერთმანეთს ხვდება და უკავშირდება.
ქორეოგრაფიის რუბრიკა მასპინძლობს ბაია ასიეშვილის სტატიას, რომელიც ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებელ ფიგურას − დავით ჯავრიშვილს ეძღვნება. ავტორი გვაჩვენებს, როგორ შეიქმნა ახალი ეროვნული სასცენო ენა და როგორ იქცა ქორეოგრაფია არა მხოლოდ ესთეტიკურ სანახაობად, არამედ კულტურული თვითგამოხატვის ფორმად. ჯავრიშვილის მემკვიდრეობა დღესაც გვიბიძგებს რეფლექსიისკენ − სად გადის ზღვარი ტრადიციასა და სიახლეს შორის და როგორ იბადება ახალი ტრადიცია.
არქივისა და ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობაზე დაგვაფიქრებს ეთერ ინწკირველის ნარკვევი, რომელიც 1930-იანი წლების დოკუმენტებში აღმოჩენილ მიხა ხელაშვილის აქამდე უცნობ სატრფიალო ლექსს გვაცნობს. ტექსტი არა მხოლოდ პოეტის სევდიანი ლირიკის ჩვენთვის უცნობ სტრიქონებს აცოცხლებს, არამედ მკაფიოდ აჩვენებს საბჭოთა ცენზურის პარადოქსებს და იმ ადამიანების როლს, რომლებმაც მძიმე ისტორიული პირობების მიუხედავად, პირადი რისკების ფასად შეძლეს კულტურული მეხსიერების გადარჩენა.
მატერიალური კულტურის თემას ირინე ჯიბუტის სტატია აგრძელებს, რომელიც ქართული კერამიკის მრავალსაუკუნოვან ისტორიას მიმოიხილავს − ნეოლითიდან დღევანდელ პრაქტიკებამდე. ეს არის ამბავი თიხის, ხელის ოსტატობისა და ზეპირი ცოდნის გადაცემის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ეპოქისა და სოციალური ცვლილებების მიუხედავად, დღემდე ცოცხლადაა შემონახული და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს.
სასულიერო მუსიკის სფეროში გვამოგზაურებს ბესიკ მახათაძის კვლევა ხონელი ქუთათელაძეების საგვარეულოს შესახებ. ოთხი თაობის მაგალითზე, სტატია გვიჩვენებს, როგორ გადაეცემოდა სამგალობლო ცოდნა ოჯახურ სივრცეში, რამაც ქუთათელაძეების ზეპირი სამგალობლო მემკვიდრეობა ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ აქცია. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იშვიათი ცნობა ქალი მგალობლის შესახებ.
რწმენა-წარმოდგენათა სამყაროს ლაბირინთებში გარკვევას ემსახურება ნანა სიხარულიძის ნარკვევი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ტრადიციებში რჩეულობის ინსტიტუტს სწავლობს. ავტორი განიხილავს ქადაგის ფიგურას, მის ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, ასევე მთისა და ბარის განსხვავებულ პრაქტიკებს, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს გაიაზროს ხალხური რელიგიური გამოცდილების რთული და მრავალფეროვანი ფორმები.
გლობალურ კონტექსტში ქართული გამოცდილების ანარეკლი შეიძლება შენიშნოს მკითხველმა მეთიუ ნაითის სტატიაში, რომელიც Shape Note Singing-ს ეძღვნება. ეს ჩრდილოეთ ამერიკული სასიმღერო ტრადიციაა, რომელიც თავისი დემოკრატიული ბუნების წყალობით, ადგილობრივი პრაქტიკიდან მოყვარულთა საერთაშორისო ქსელად გადაიქცა. ავტორი მიანიშნებს პარალელებზე ქართულ პოლიფონიასთან და გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მუსიკამ გააერთიანოს ადამიანები გეოგრაფიული და კულტურული საზღვრების გარეშე.
ნომერს ასრულებს სანდრო ნათაძის ინტერვიუ მარინე მიზანდართან, „საქართველოს ეროვნული ფონდის“ დამფუძნებელთან. საუბრიდან შეიტყობთ, როგორ შეიძლება პირადი გამოცდილება, პროფესიული ცოდნა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა რეალურ საქმეებად იქცეს: ძეგლების რეაბილიტაციიდან ადგილობრივი თემების გაძლიერებამდე. ცისკარაულების კოშკის აღდგენის ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ წარსულის დაცვა კი არა, საზოგადოების კეთილდღეობისა და მომავლის საფუძველია.
საბოლოოდ, ნომერში წარმოდგენილი მასალები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კულტურა სტატიკური მოცემულობა კი არა, მუდმივი პროცესია.
შეგახსენებთ, რომ მე-7 ნომრიდან მოყოლებული, ჩვენი ჟურნალის სტატიების არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ მოსმენაც შეგიძლიათ − ონლაინ ფორმატში, თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და სივრცეში.