სტატიების შინაარსსა და ფაქტობრივ სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.

ქართული კერამიკა, კულტურის უწყვეტი ფორმა

შესავალი

კერამიკა კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი შემოქმედებითი და ტექნოლოგიური აღმოჩენაა. ის წარმოადგენს ადამიანის ურთიერთობის ნაყოფს ბუნებრივ ელემენტებთან, მიწასთან, წყალთან, ჰაერთან და ცეცხლთან. ამ ოთხი ძალის შერწყმით შეიქმნა მატერია, რომელმაც ადამიანებს არა მხოლოდ საჭირო საგნების შექმნის  შესაძლებლობა მისცა, არამედ საკუთარი კულტურის, რწმენისა და იდენტობის გამოხატვისაც. თიხა შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ცოცხალ არქივად, რომელიც ინახავს კაცობრიობის არსებობის ისტორიას. ყველაზე ძველი არქეოლოგიური ნიმუშები − იქნება ეს ნეოლითის ხანის ჭურჭელი, მცირე ქანდაკებები თუ არქიტექტურული ელემენტები − სწორედ თიხისგანაა დამზადებული. ისინი გვიყვება იმ ხალხის შესახებ, ვინც ამზადებდა საკვებს, აშენებდა სახლებს, ზრდიდა შვილებს და ქმნიდა სამყაროს, რომლის ნაწილიც დღეს ჩვენ ვართ. თიხის  ზედაპირზე აღიბეჭდება ეპოქების ისტორია, ტრადიციები და რაობა. კერამიკა ამ თვალსაზრისით მხოლოდ ხელსაქმე ან ტექნოლოგია კი არა, ცოდნის გადაცემის უწყვეტი ხაზია. თიხის დამუშავების მეთოდები, დეკორატიული ნიშნები და ფორმები საუკუნეების განმავლობაში იქცა კოლექტიურ მეხსიერებად, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ისტორია დღემდე გრძელდება.

ქართული კერამიკის ისტორია

ქართულ კერამიკას უძველესი ტრადიცია და ისტორია აქვს. თიხის დამუშავება, როგორც მატერიალური კულტურის ფორმა, საქართველოში სათავეს იღებს ადრეული ნეოლითის ხანაში (ძვ. წ. VI–V ათასწლეულები). ამ პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ცხადყოფს, რომ სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი უძველესი კერამიკული კულტურის ცენტრია ევრაზიაში. ამ დროის ჭურჭელი დამზადებულია ხელით, შედარებით უხეში თიხისგან და გამომწვარია დაბალ გრადუსზე, რასაც მისი მოვარდისფრო, რუხი შეფერილობა ცხადყოფს. ნეოლითის ხანის ნაკეთობები მარტივი ფორმისაა და გეომეტრიული ნაკაწრებით ხასიათდება.

ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. IV–III ათასწლეულები) ვითარდება ახალი  მხატვრული ნიშნები, ფორმები შედარებით დახვეწილია, ზედაპირი დამუშავებული და გაპრიალებულია, ჩნდება შავი და მოწითალო ტონალობები, ზოგიერთ შემთხვევაში − ხაზოვანი ორნამენტი ან რელიეფები. ფორმები კიდევ უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანია.

ქვემო ნიქოზში აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი და სამარხი. (წყარო: 1tv.ge)

 

მოგვიანებით, შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეული) კერამიკა უკვე მრავალფეროვან ფუნქციებს იძენს. ჭურჭელი გამოიყენება არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო, არამედ რიტუალური და სამარხი მიზნებისთვისაც. ასევე ჩნდება გაპრიალებული, შავად შებოლილი კერამიკა და სიუჟეტური მოხატულობა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები და განვითარება შეიმჩნევა ანტიკური ხანის კერამიკაში.  (ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარი − ახ. წ. I ს.) სწორედ ამ დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩნდება თიხის ამოსაყვანი ჩარხი, ე.წ. მორგვი[1], რაც მკვეთრად ცვლის წარმოების პროცესს.

ამ პერიოდის ნიმუშები გამოირჩევა ფორმების სიმარტივით, კედლების თანაბარი სისქით და უფრო მაღალი ხარისხის გამოწვით. ანტიკური კერამიკა მეტწილად წითლად არის გამომწვარი, გამოირჩევა სადა და მოზრდილი ფორმებით. ძირითადად მთლიანად დაფარული წერნაქით[2], თუმცა, გვხვდება ასევე დიდი ოსტატობით მოხატული  ნაკეთობებიც, რომლებიც ბრძოლის ან ნადირობის ეპიზოდებს ასახავს.

მორგვის შემოტანამ შესაძლებელი გახადა სერიული წარმოება. ამ უწყვეტ ტრადიციაზე ვითარდება საქართველოში შუა საუკუნეების კერამიკა (IX–XV სს.). სწორედ ამ დროს ქართული კერამიკა აღწევს ტექნოლოგიურ და ესთეტიკურ სრულყოფას. ამ პერიოდში ფართოდ ვრცელდება მოჭიქული კერამიკა  მწვანე, ლურჯი და ყავისფერი ტონალობებით, რომელიც ძირითადად მზადდებოდა ქალაქურ სახელოსნოებში. მოჭიქული ფილები გამოიყენებოდა როგორც არქიტექტურულ დეკორაციებში (ეკლესიების იატაკი, კედლები, გუმბათები), ასევე საყოფაცხოვრებო ჭურჭელში.   

ახოსპირელის ქ. 3/7–ზე გამოკვეთილი გუმბათოვანი სარდაფი (მე–17–18 სს.) და მომიჯნავე სარდაფში აღმოჩენილი მოჭიქული თასი (მე–11–12 სს.). წყარო: თბილისის განვითარების ფონდის ოფიციალური Facebook-გვერდი. 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში − თბილისში, თელავში, დმანისში, გორსა და ქუთაისში არსებობდა ადგილობრივი სახელოსნოები.  თითოეულ სამეთუნეო კერას  საკუთარი ტექნიკური და დეკორატიული ტრადიცია ჰქონდა. მაღალი ოსტატობისა და შემოქმედებითი მრავალფეროვნების მიუხედავად,  თიხის დამუშავება და ჭურჭლის შექმნა ყოველთვის იყო ხალხური ყოფის ორგანული ნაწილი.  მეჭურჭლეობა (რომელიც მოითხოვდა  ტექნიკურ ცოდნას,  ოსტატობას, გამოცდილებასა და გარემოსთან თანაცხოვრების უნარს) წარმოადგენდა ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას ქართულ სოფლებში.  ქართველი მეთუნე/კერამიკოსი თავად მოიპოვებდა თიხას, ამუშავებდა ადგილზე, აფასებდა მასალის ხარისხს და ქმნიდა ჭურჭელს, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა ადგილობრივ საჭიროებებსა და გემოვნებას. ეს ხალხური ცოდნა  თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზეპირად, პრაქტიკული სწავლებით, ყოველგვარი წერილობითი ინსტრუქციის გარეშე. 

XIX საუკუნიდან მოყოლებული, კერამიკული წარმოება თანდათან ინდუსტრიულ სახეს იძენს, თუმცა ხალხური სახელოსნოები კვლავ აგრძელებს არსებობას თითქმის ყველა რეგიონში.  

ქართული კერამიკის რეგიონული ტრადიციები და სახელოსნოები

ქართული კერამიკის მრავალფეროვნება ყოველთვის დაკავშირებული იყო ქვეყნის გეოგრაფიასთან, ბუნებრივ რესურსებთან, ცხოვრების წესთან და კულტურულ მრავალფეროვნებასთან. მეჭურჭლეობის, კერძოდ კი, მეთუნეობის  ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ თავისებურ სტილსა და  ფორმებს იღებდა.

საქართველოს თითოეულ რეგიონს ჰქონდა საკუთარი თიხის ტიპი, ფერი, და დამუშავების ტრადიცია, რაც განაპირობებდა ჭურჭლის ფორმისა და ფუნქციის განსხვავებებს.

აღმოსავლეთ საქართველოში − კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში გავრცელებული იყო მსუბუქი, თხელი კედლის მქონე ჭურჭელი. აქაური თიხა, როგორც წესი, შეიცავს უფრო მაღალ ალუმინის სილიკატებს და ნაკლებ რკინის ჟანგს, რის გამოც პროდუქცია ღია ფერისაა და ხშირად დაფარულია თბილი მოწითალო ტონით. ამ რეგიონებში განსაკუთრებით გამოირჩევა თელავის, იყალთოს, დმანისისა და გორის ოსტატთა ნამუშევრები, რომლებიც ცნობილი იყვნენ მკაფიო სიმეტრიითა და ფორმის სისუფთავით.

დასავლეთ საქართველოში − იმერეთსა და გურიაში, თიხა უფრო ცხიმიანია და მდიდარია რკინის მინარევებით, რის გამოც გამომწვარი ჭურჭელი მუქი, ყავისფერი ან თითქმის შავი ფერის გამოდის. იმერელი მეჭურჭლეები ხშირად ამზადებდნენ მასიურ და გამძლე ჭურჭელს ყოველდღიური გამოყენებისთვის − ქოთნებს, ღვინის დოქებს, მარცვლეულის შესანახებს, წყლის  ჭურჭელს. ამ მხარეს ახასიათებდა პრაქტიკული ფუნქციისა და ესთეტიკის სინთეზი, დეკორი იშვიათად იყო ზედმეტად ორნამენტული, თუმცა ფორმა და პროპორცია დახვეწილი ჰქონდა და გათვლილი იყო გამოყენებისათვის.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კერამიკული წარმოება მჭიდროდ იყო დაკავშირებული როგორც ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ისე რიტუალურ კულტურასთან — მრავალი ჭურჭლის ფორმა (მაგალითად, ქოთანი საკურთხევლისთვის ან გრძელი ყელის დოქი) ტაძრებთან და დღესასწაულებთან ასოცირდებოდა.

სვანეთში და რაჭაში კერამიკული წარმოება შედარებით მცირე მასშტაბით იყო გავრცელებული, რასაც კლიმატური პირობები და ბუნებრივი რესურსების სიმწირე განაპირობებდა. თუმცა, აქაც არსებობდნენ ადგილობრივი ოსტატები, რომლებიც ამზადებდნენ პატარა ზომის ჭურჭელსა და საკულტო ნივთებს, ხშირად უხეში ტექსტურითა და მინარევებით გაჯერებული თიხისგან. 

თითოეულ რეგიონს ახასიათებდა ფორმათა და მასალის თავისებურება,  სამუშაო პროცესის განსხვავებული ორგანიზება. ეს ტრადიციები ხალხური ცოდნის (ზეპირი გადაცემის) ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ფორმაა. დღეს ამ მრავალფეროვანი ტრადიციის ნიშნები კვლავ იკითხება თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა ნამუშევრებში.

ქართული კერამიკა კვლავ აგრძელებს დიალოგს საკუთარ წარსულთან.  მე-20 საუკუნეში ქართული კერამიკის განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებთან. საბჭოთა ეპოქამ კერამიკას ახალი ფუნქცია მიანიჭა, ის იქცა როგორც სამრეწველო წარმოების, ისე იდეოლოგიური კულტურის ნაწილად. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სისტემის ფარგლებში ჩამოყალიბდა ხელოვნების სწავლების ინსტიტუციური მოდელი: თბილისსა და რეგიონებში აშენდა კერამიკის ქარხნები, სადაც ტრადიციული ოსტატობა შერწყმული იყო სტანდარტიზებულ წარმოებასთან. შეიქმნა მხატვრული კერამიკის ფაკულტეტი და სახელოსნო თბილისის სახელმწიფო  სამხატვრო აკადემიაში.  ამ პერიოდში დამკვიდრდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ცნება, რომლის ფარგლებშიც კერამიკა განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი „სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი“ ხელოვნების დარგი.

მიუხედავად სისტემის მკაცრი ჩარჩოებისა, კერამიკის სფერო მაინც რჩებოდა სივრცედ, სადაც ოსტატები და მხატვრები ცდილობდნენ ინდივიდუალური სტილის შენარჩუნებას. ადგილობრივ მასალებთან, ფორმებთან და ტრადიციებთან დაკავშირებული ინტერესი ამ დროსაც არსებობდა, თუმცა ხშირად მხოლოდ ესთეტიკურ დონეზე, რადგან სამრეწველო მიზნებისთვის ბუნებრივი თიხების გამოყენება თითქმის მთლიანად ჩანაცვლდა ტექნოლოგიურად დამუშავებული მასალებით. ამან ნაწილობრივ დააშორა კერამიკა თავის ისტორიულ ფესვებს, თიხასთან უშუალო ურთიერთობასა და გარემოსთან ინტეგრირებულ გამოცდილებას.


აწყური, კახეთი. მეთუნე რამაზ გახუტიშვილის უძველესი და განსაკუთრებით იშვიათი ტიპის გამოსაწვავი ღუმელი (ფოტო: ირინე ჯიბუტი).

თანამედროვე ქართული კერამიკის ახალი სიცოცხლე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კერამიკის სფერო საქართველოში მძიმე კრიზისში შევიდა. ქარხნები დაიხურა, სახელმწიფო შეკვეთები გაქრა, სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა დაიშალა. კერამიკოსებს, ოსტატებს, ხელოსნებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ერთიან სისტემაში, მოუწიათ საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება თითქმის ყოველგვარი მატერიალური თუ ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე. ბევრმა მათგანმა პროფესია მიატოვა, ხოლო სახელოსნოები, სადაც ოდესღაც ოსტატები და მოსწავლეები ერთად ქმნიდნენ, თანდათან გაქრა ქალაქებისა და სოფლების ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამ პერიოდში კერამიკა საქართველოში თითქმის სრულიად გასცდა საჯარო და კულტურულ სივრცეს.  ის აღარ იყო არც სამრეწველო პროდუქტი, არც ხელოვნების აქტიური დარგი. მხოლოდ რამდენიმე ოსტატმა და მხატვარმა კერამიკოსმა შეძლო ინდივიდუალურად შეენარჩუნებინა პრაქტიკა, ხშირად, ძალიან შეზღუდულ პირობებში. ეს იყო დრო, როცა კერამიკის ტრადიცია  სიყვარულით გადარჩა. მიუხედავად ამ რთული ფონისა, ბოლო ათწლეულებში თანდათან იკვეთება კერამიკის თანამედროვე მიმართულებით განვითარების ნიშნები.

თანამედროვე ქართული კერამიკა დღეს არ არის მასშტაბური ინდუსტრია, მაგრამ სწორედ ამ არაინსტიტუციურობაში შეიძლება შეიძინოს საინტერესო თანამედროვე მნიშვნელობა. კერამიკა იქცა პირად პრაქტიკად − კვლევის, ექსპერიმენტის და თვითგამოხატვის სივრცედ. მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, ნედლეულის დეფიციტისა და ბაზრის არარსებობისა, ეს სფერო მაინც ცოცხლობს.

 გვიანი 2000 იანი წლებიდან, ახალი თაობის ხელოვანები,  მათ შორის მკვლევრები, მასწავლებლები და რეგიონული სახელოსნოები,  ქმნიან იმ ტენდენციას, რომელიც თანდათანობით  აბრუნებს კერამიკას თავის ნამდვილ ფესვებთან. ადგილობრივი თიხის გამოყენება ჯერ კიდევ შეზღუდულია, თუმცა თანდათანობით ჩნდება ინდივიდუალური ინიციატივები, რომლებიც ცდილობენ მასალის შესაძლებლობების კვლევას და პრაქტიკაში დაბრუნებას. ჩნდება ახალი მცირე სახელოსნოები, სამხატვრო სივრცეები და ინდივიდუალური პროექტები. ეს არ არის ორგანიზებული მოძრაობა, არამედ უფრო დამოუკიდებელი და თვითნებური, თავისუფალი პროცესი.

თანამედროვე ქართული კერამიკული ნამუშევრები იქმნება ახლებური გააზრებით, სადაც ტრადიციული ფორმები და ტექნიკა ერთიანდება ახალ ვიზუალურ ენასთან. ამ პროცესში იქმნება როგორც გამოყენებითი ნივთები (ჭურჭელი, ინტერიერის ელემენტები), ასევე მხატვრულად უფრო დახვეწილი ნამუშევრები, რომლებიც ფოკუსირებულია ესთეტიკურ მხარეზე/გამომსახველობაზე და ავტორის ხელწერაზე. 

ქვის მასის კერამიკა. ავტორი: ირინე ჯიბუტი. 2022.

ქართული კერამიკა დღეს არის მყიფე, მაგრამ სიცოცხლით სავსე სივრცე − უფრო შინაგანი მდგრადობის სიმბოლო, ვიდრე სტაბილური ინსტიტუცია. და სწორედ ამ სიჩუმეში, ინდივიდუალური სახელოსნოებისა და კვლევების ფონზე, იგრძნობა იმ ძველი ტრადიციის სუნთქვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა ადამიანთა ხელებში მოქცეულ თიხაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ლორთქიფანიძე, დავით (რედ.). 2013. კერამიკული ნაკეთობანი შუა საუკუნეების საქართველოში. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  2. ჯავახიშვილი, ივანე (რედ.). 1979. მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის: 5 ტომად. მეჭურჭლეობა. ტომი II, ნაწილი თბილისი: მეცნიერება.
  3. ხახუტაიშვილი, დავით. 1970. უფლისციხე: არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტომი რედ. შალვა ამირანაშვილი. თბილისი: მეცნიერება. 

 

[1] თიხის ჭურჭლის დასამზადებელი ხელსაწყო.

[2] ერთგვარი მიწა, გამოიყენება თიხის ჭურჭლის მოსახატად.