მგალობელი ქუთათელაძეები - ხონის სამგალობლო სკოლის წარმომადგენლები
ჟურნალ „ქართული ფოლკლორის“ მე-4 ნომერში ვისაუბრეთ ხონის წმ. გიორგის სახელობის სასწავლებელზე, მის ხელმძღვანელზე − სიმონა კუტზე, იქაურ ძლიერ სამგალობლო ტრადიციებსა და იქ აღზრდილ მგალობლებზე.
ამჯერად, გვსურს გაგაცნოთ ხონელი ქუთათელაძეების საგვარეულო, რომელთა ოთხი თაობაც, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ხონსა და მთელს იმერეთში სახელგანთქმული მგალობლები და სასულიერო პირები იყვნენ.
ძველ დროში სასულიერო პირთათვის გალობის ცოდნა იშვიათი არ იყო. პირიქით, ჩვენ ხშირად შეგვხვედრია ცნობა საარქივო მასალებში სასულიერო პირთა შესახებ, სადაც მათი გვარის გასწვრივ მითითებულია − „იცის გალობა“.
თხრობას დავიწყებთ მე-18 საუკუნის მოღვაწით, იღუმენ ბასილი (ვასილი) ქუთათელაძით, რომელიც ხონის უკანასკნელი მთავარეპისკოპოსის, ანტონის (ჩიჯავაძე) თანამოღვაწე იყო. იღუმენი ბასილი აქტიურად იყო ჩართული ხონის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში. მის სახელს, მთავარეპისკოპოს ანტონთან ერთად, უკავშირდება ხონის სასაპყრის[1] დაარსება და ხონის წმ. გიორგის ეკლესიის სასწავლებლის განახლება.

ხონის წმ. გიორგის ეკლესია
მთავარეპისკოპოს ანტონთან დაკავშირებულ საარქივო მასალებში ბასილის შესახებ მწირი, მაგრამ საყურადღებო ცნობა მოიპოვება, საიდანაც ვიგებთ, რომ იღუმენი სასულიერო მოღვაწის ოჯახიდან ყოფილა; თუმცა, იღუმენის მამის სახელი უცნობია:
„იღუმენმა ბასილიმ მიუგო:
− მამა ჩემი იყო ჩინებული დეკანოზი, პატივცემული ყოველთა მეფეთა და დედოფალთა, კათოლიკოსთა და მღვდელ მთავართაგან.
ყოვლად სამღვდელომ:
− მამა შენი კარგი კაცი იყო, მაგრამ შენ ხარ ავიკაცი.
იღუმენმა:
− არცა მე გახლავარ ავი კაცი. თავ ქედობით არ მოგახსენებთ. კარგი მწიგნობარი ვარ. კარგი მგალობელი ვარ. კარგი მდივანი. სიტყვა კარგი მაქვს პასუხი ზრდილობა. წირვა-ლოცვა და ტიბიკონი კარგი ვიცი“.[2]
როგორც ვხედავთ, მღვდელმთავარი ანტონი ბასილს პირველი შეხვედრისას რატომღაც „ავ კაცად“ მიიჩნევს და ეს უკანასკნელი იძულებული ხდება თვითონ წარადგინოს საკუთარი თავი და წარმოაჩინოს საკუთარი პატიოსნება და ის აღზრდა-განათლება, რაც მას მიუღია. სამწუხაროდ, ამის მიზეზები და დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა, რამდენადაც მღვდელმთავარი მომავალში იღუმენთან ერთად აღასრულებს ქველ საქმეებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ბასილის მიერ აღწერილი ავტოპორტრეტი სიმართლეს შეეფერება.
საეკლესიო მოღვაწე იყო იღუმენ ბასილის შვილიც − ანტონი, რომელიც დაიბადა 1799 წელს. რაჟდენ ხუნდაძე ანტონს საუკეთესო მგალობლად ახასიათებს და „მთელი გალობის მცოდნეთა“[3] შორის მიუჩენს ადგილს.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ არამარტო ანტონი, არამედ მისი მეუღლეც − ჭალაგანიძის ქალი − სრული მგალობელი ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ქართულ პრესასა თუ პირად არქივებში დაცული პირველი ცნობა „სრული მგალობელი“ ქალის შესახებ.[4]
ქუთათელაძეების მგალობელი საგვარეულოს მესამე თაობის წარმომადგენელი, ანტონის ვაჟი − დეკანოზი ვასილი დაიბადა 1820 წელს. საარქივო მასალებში მის შესახებ ვკითხულობთ: „უსწავლია ქართული საღმრთო წერილი, წერა და გალობა ხონის სობოროსა შინა მამისათანა. ქართული წერა, კითხვა და გალობა იცის. კატეხიზმოსი საიდუმლონი და მოვალეობანი ეგრეთვე იცის“.[5]

დეკანოზი ვასილ ქუთათელაძე
ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ხონის სობოროში მან გალობის კურსი გაიარა ცნობილ სიმონა კუტთან. მიხეილ ქორელი ფილომონ ქორიძეს შესახებ დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, რომ დეკანოზი ვასილი ქართული გალობის ძველი კილოების „სხვებზე უფრო მცოდნე“ ყოფილა და ფილიმონის მიერ ჩაწერილ საგალობლებს, თუ საჭირო იყო, ასწორებდა კიდეც.[6]
ეს ფაქტი დასტურდება გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ცნობაშიც: „ჩვენ, ქვემოდ ამისა ხელის მომწერნი, ვიყავით მოწვეულნი შესამოწმებლად ნოტებზედ გადაღებულის გალობისა. მოვისმინეთ და განვიხილეთ საგალობლების თითოეული ხმა ცალ-ცალკე, დაწყება, მაღალი ბანი და ბანი, და ამ შემოწმების შედეგი მეორე სასიამოვნო გარემოება იყო, რომელმაც ჩვენი აღტაცება აორკეცა. ამ შედარებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ ჩვენის ძველის გალობის კილო კარგად არის დაცული და არავითარი გადამეტება და ცვლილება არ ეტყობა“.[7]
ვასილის შვილი, არისტო (არისტოვლე) ქუთათელაძე (1846-1912), ცნობილი პედაგოგი, პუბლიცისტი, სხვადასხვა სახელმძღვანელოს ავტორი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო 1879-1899 წლებში.

არისტო ქუთათელაძე
ფილიმონ ქორიძის საგაზეთო სტატიიდან ვიგებთ, რომ ძალიან გამოდგომია ის, რომ არისტომ ძველი საგალობლები კარგად იცოდა, და როცა არისტო თბილისში ცხოვრობდა, მისგან ასობით საგალობელი ჩაუწერია: „ჩვენს მოღვაწეს ბ. არისტო ქუთათელაძეს ზედმიწევნით ცოდნია ზეპირი ძველი საგალობლები. მას უსწავლია ცნობილ მგალობლის სიმონ კუტისაგან ხონში და დამაწერინა ნოტებზე 551 ცალი საგალობელი, რომელნიც სავსეა მელოდიური სიტკბოებით, მეტადრე ჭრელები[8] და წარდგომები[9], დიდებულათ და ხელოვნურათ შედგენილი ძველი მგალობლების მიერ“.[10]
არისტოს მიერ გადმოცემული საგალობლები ჟანრულად საკმაოდ მრავალფეროვანია[11], სამწუხაროდ, ყველა საგალობელი მხოლოდ ერთ ხმაშია ნოტებზე ჩაწერილი,[12] რის გამოც არ ვიცით, როგორი ხმათა შეწყობის პრინციპით გალობდნენ ხონელი მგალობლები. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საგალობლების გარკვეული ნაწილი გალობის დიდმა მცოდნემ და ოსტატმა რაჟდენ ხუნდაძემ სამ ხმაში გააწყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას უნდა სცოდნოდა ხონის სამგალობლო სკოლის თავისებურებებიც და ალბათ, გაითვალისწინა კიდეც.[13]

არისტოს მიერ გადმოცემული ერთი ხმა (მთქმელი). კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი: H 154 VIII
არისტო იყო პედაგოგი, ნამდვილი პროფესიონალი და, ამასთანავე, არაჩვეულებრივი პიროვნება, რასაც თან დაემატა საეკლესიო საგალობლების ცოდნა და მათზე ზრუნვა. მაქსიმე შარაძე საგანგებოდ აღნიშნავდა არისტოს დამსახურებას გაზეთ „ივერიაში“: „მომქმედი კეთილი საქმისა, თუმცა თითონ არა თხოულობს ჩვენგან არც ქებასა და არც მადლობასა, რადგან იგი ამ ქებასა და მადლობას თავისისავე გაკეთებულს საქმეში ჰპოულობს, მაგრამ მაინც ვალდებულნი ვართ, ამისთანა კაცს თანაგრძნობა გამოუცხადოთ და იმისი ნამოქმედარი სიკეთე სიტყვით ან წერით გამოვთქვათ. ამითი კეთილისმომქმედი წახალისდება და უფრო გულიანად და უფრო ბევრს საქმეს გააკეთებს. ამიტომ, არ შეიძლება დავმალოთ და არა ვსთქვათ, რომ ეხლანდელ გალობის ნოტებზე გადაღების საქმეში დიდი შრომა და მეცადინეობა გასწია ბ-ნ არისტო ქუთათელაძემ“.[14]
ექვთიმე კერესელიძე აღწერს, როგორ მიიწვია გაბრიელ ეპისკოპოსმა ქუთაისის სობოროში ფილიმონ ქორიძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი საგალობლების მოსასმენად მგალობლები და იქვე, „დიდ მგალობლებად“ მოიხსენიებს ვასილ და არისტო ქუთათელაძეებს: „ქ. ხონიდგან და მარტვილიდგან მოვიდნენ დიდი მგალობლები: დიმიტრი ჭალაგანიძე თავისი გუნდით და ვასილ და არისტოვლე ქუთათელაძეები.“[15]
წლების შემდეგ, კალისტრატე ცინცაძემ არისტო ქუთათელაძის დაკრძალვის დღეს (1912 წელს), ქაშუეთის ტაძარში მასთან გამომშვიდობებისას ასე დაახასიათა არისტოს ღვაწლი:
„კვირა უქმე დღეებში შეაგროვებდა ხოლმე მოწაფეებს და მათთან ერთად გაემგზავრებოდა ამა თუ იმ ტაძრის, თუ მონასტრისაკენ. თავდაპირველად განსვენებული მოწაფეებს წირვა-ლოცვას მოასმენინებდა, რომლის დროს ხშირად თითონ გალობდა და კითხულობდა საეკლესიო წიგნებს, ხოლო მას უკან შეუდგებოდა ძველის დროის ნაშთის აღწერა-შესწავლას. ენაწყლიანი და ტკბილმოუბარი, ისე გაიტაცებდა ხოლმე მსმენელებს წინამდებარე ძეგლის აღწერის დროს მამაპაპათა თავგადასავლით და სამშობლოს ბედიღბლით, რომ ყურადმღებელთ სრულებით ავიწყდებოდათ სასმელ-საჭმელი და დაღლა-მოქანცულობა.“[16]
არისტოვლეს მიერ გადმოცემული საგალობლების ნაწილი, მეორე და მესამე ხმებით გააწყო დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ.[17] თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ კი, არისტოს მიერ ერთ ხმაში გადმოცემულ საგალობლებს მეორე და მესამე ხმები შეუწყო ეთნომუსიკოლოგმა, საეკლესიო გალობის სპეციალისტმა ლევან ვეშაპიძემ.[18]
დიდი პარასკევის (წითელი პარასკევის) ცისკრის საგალობელი − „პირმშომან ძემან ჩემმან“, დასდებელი, თვითხმოვანი, ჭრელი; ხმა ზ. ასრულებს მგალობელთა გუნდი „ტაო“.
საგალობლის პირველი ხმა გადმოცემულია არისტო ქუთათელაძის მიერ; მეორე და მესამე ხმები შეუწყო ლევან ვეშაპიძემ.
[1] XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ხონის მონასტერთან საკმაოდ სამრევლო სკოლა და ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისათვის 100 ადგილიანი საავადმყოფო (სასაპყრე) არსებობდა, სადაც ეპარქიის ხარჯზე იზრდებოდნენ ბავშვები.
[2] უცნობი ავტორი. [თარიღი უცნობია.] „ყოვლად სამღვდელო ხონელი მთავარეპისკოპოსის ანტონის (ჩიჯავაძე) ცხოვრება.“ ფონდი H, საქმე N-2784. ხელნაწერთა ეროვნული არქივი, თბილისი.
[3] ტერმინი „მთელი გალობის მცოდნე“ იგივეა, რაც „სრული მგალობელი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სცოდნია მთელი წლის სამგალობლო რეპერტუარი,
[4] ხუნდაძე, რაჟდენ. 1911. ქართული გალობა. ლიტურღია იოანე ოქროპირისა, ვასილი დიდისა და გრიგორი ღვთისმეტყველისა: გურულ-იმერული სადა კილოზე, ნოტებზე გადაღებული მღვდლის რაჟდენ თ. ხუნდაძის მიერ. პარტიტურა. ტფილისი: სტამბა ა. კერესელიძისა, IV. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/115782/1/Qartuli_Galoba_Liturgia.pdf.
[5] ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (ქცსა). [თარიღი უცნობია.] ფონდი 21, საქმე 3890.
[6] ქორელი, მიხეილ. 1949. ფილიმონ ქორიძე. თბილისი: ხელოვნება, გვ. 87. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/411365/1/Filimon_Qoridze_1949.pdf
[7] ქუთათელაძე, ვასილ, მეძმარიაშვილი, ნიკო, კანდელაკი, ნიკოლოზ. 1887. „ქართულ გალობის შესახებ.“ ივერია, N 95:3-4. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/47183/1/Iveria_1887_N95.pdf
[8] ტერმინი „ჭრელი“ აღნიშნავს ქართული საეკლესიო გალობის ერთ სახეობას − რთული პოლიფონიური ქსოვილისა და განვითარებული ჰანგის მქონე საგალობელთა ჯგუფს. ტერმინი მრავალმნიშვნელოვანია: იგი ნიშნავს არა მხოლოდ მელოდიურ ნაგებობას ან მოდუსს, არამედ თავად რთული და განვითარებული პოლიფონიური ჰანგის მქონე საგალობელს. ამასთანავე, ქართულ საეკლესიო მუსიკაში „ჭრელი“ აღნიშნავს ჰანგის ჩაწერის ვერბალურ მეთოდსაც − საგალობლის მელოდიის გადმოცემას სიტყვიერად, მოდუსების ანუ „ჭრელების“ მეშვეობით. წყარო: ჯანგულაშვილი, სვიმონ (ჯიქი), შემდგენელი. 2018. შუა საუკუნეების ქართული გალობა: რჩეული საგალობლები. თბილისი, გვ. 9–10. http://folk.gov.ge/wp-content/uploads/2020/07/Shua-saukuneebis-kartuli-galoba-Rcheuli-sagaloblebi-E-book.pdf
[9] ტერმინი „წარდგომა“ (ბერძ. προκείμενον − „წინადაგებული მუხლი“) აღნიშნავს დავითის ფსალმუნიდან (ძირითადად) აღებულ მუხლს, რომელიც შეესაბამება დღისა თუ დღესასწაულის შინაარსს. მას თან ერთვის დამატებითი მუხლებიც, რომლებიც განავრცობენ პირველის აზრს. ქართულ საეკლესიო ტრადიციაში „წარდგომა“ ასევე შეიძლება აღნიშნავდეს იმ საგალობელს, რომლის დროსაც მლოცველებს ტაძარში დასხდომა შეუძლიათ (მაგ., სტიქოლოგიების შემდეგ).
წყარო: https://martlmadidebloba.ge/terminebi26.html წვდომა: 15 ოქტომბერი, 2025.
[10] ქორიძე, ფილიმონ. 1905. „ქართული მუსიკა.“ მოგზაური, №37 (9 ოქტომბერი), გვ. 587. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/301453/1/Mogzauri_1905_N37.pdf
[11] დასდებლები ღაღადვყავსა, აქებდითსა და სტიქოლოგიასა ზედა, სძლისპირები, კონდაკები, ჭრელი გალობები და სხვა.
[12] ერთ ხმაში არის გადმოცემული, რათა დრო მოეგოთ და უფრო მეტი საგალობელი ჩაეწერათ.
[13] ამ ვარაუდის შემოწმება რაჟდენის მიერ სამ ხმაში გაწყობილი საგალობლების შედარებითი კვლევითაა შესაძლებელი, რაც მომავლის ამოცანაა.
[14] შარაძე, მაქსიმე. 1894. „ჩვენს საეკკლესიო საგალობელთა ნოტებზედ გადაღებისა და ბეჭდვის გამო.“ ივერია, №276, გვ. 2-3. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/53351/1/Iveria_1894_N276.pdf
[15] კერესელიძე, ექვთიმე. [თარიღი უცნობია]. „ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა.“ ხეც, ფონდი Q-840, გვ. 14.
[16] მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული. 2010. ტ. 10, წგ. 2, კალისტრატე ცინცაძე. თბილისი: ციცინათელა. გვ. 189
[17] საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. [თარიღი უცნობია]. ხელნაწერი № 2127. თბილისი: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
[18] ქართული გალობა – ანთოლოგია. 2022. ტომი XXIV, გვ. 361 https://online.fliphtml5.com/pwcfl/gcgq/#p=1