სტატიების შინაარსსა და ფაქტობრივ სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.

მარინე მიზანდარი: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ადამიანის უფლებების ნაწილია“

წლებია, რაც მარინე მიზანდარი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას იკვლევს და მუშაობს მის გადასარჩენად. მას უმუშავია უცხოეთშიც და საქართველოშიცროგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

რამდენიმე წლის წინ მან თანამოაზრეებთან ერთად დააარსასაქართველოს ეროვნული ფონდი, რომლის ძირითადი საქმიანობა არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად მუშაობაა, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გავრცელება კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ.

მარინე მიზანდარს ესაუბრა ჩვენი ჟურნალის რედაქტორი, სანდრო ნათაძე 

მარინე, მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გესაუბროთ იმ თემებზე, რომლებზეც წლებია მუშაობთ. სანამ უშუალოდ თქვენს საქმიანობაზე საუბარს დავიწყებთ, იქნებ განმარტოთ, რა არის კულტურული მემკვიდრეობა?

კულტურული მემკვიდრეობა ფართო ცნებაა და მოიცავს იმ უდიდეს საგანძურს — ხელშესახებს თუ ხელშეუხებელს — რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ადამიანებმა, რომლებმაც იცხოვრეს ჩვენს მიწაზე და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მთავარი ისაა, რომ ეს ყოვლისმომცველი სფეროა და არ შემოიფარგლება მხოლოდ არქიტექტურული ძეგლებით, ისტორიული ქალაქებითა და ქუჩებით, არამედ მოიცავს ჩვენს ყოველდღიურ ყოფასაც: სამიწათმოქმედო ტრადიციებს, პოლიფონიურ სიმღერას, სამზარეულოს და, ზოგადად, ცხოვრების წესს.

საქართველოს ეროვნული ფონდიძირითადად მატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე მუშაობს, თუ ინტერესდებით არამატერიალური მიმართულებითაც?

არ ვმუშაობთ მხოლოდ მატერიალურ კულტურაზე, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არ იქნებოდა სწორი. შესაძლოა, ჩვენი საქმიანობა უფრო ხშირად მატერიალური კულტურის ძეგლებს უკავშირდებოდეს, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაღრმავოთ ახალგაზრდების ცოდნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კუთხითაც და ვაზიაროთ ისინი სხვადასხვა დარგს, ტრადიციასა და სამუსიკო ხელოვნებას.

ალბათ იცით, რომ ჩვენს სივრცეში მუშაობს ქვემო ალვანის ფოლკლორის სახლის ფილიალი. თუშური მუსიკის მკვლევარი და შემსრულებელი მარი ხაჩიძე აქ ასწავლიდა ზრდასრულებს თუშურ სიმღერებს, წელს კი სიახლე გვაქვს — ბავშვებსაც ასწავლის.

შეიძლება ითქვას, რომ ვმუშაობთ სამი მიმართულებით:

  1. ძეგლის ფიზიკური მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია და კვლევა;
  2. განათლება და ცნობიერების ამაღლება;
  3. ადვოკატირება კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. 

სანამ უშუალოდ ფონდზე ვისაუბრებდეთ, მინდა გთხოვოთ, მოგვიყვეთ თქვენ შესახებ

ეს ყველაზე რთულია ხოლმე. იმით დავიწყებ, რომ ხელოვანთა ოჯახიდან ვარ: მამა — გივი მიზანდარი და ბაბუაც — ვალერიან მიზანდარი — მოქანდაკეები იყვნენ. ბაბუა რეზო გაბრიაძის მასწავლებელი იყო. რეზო გაბრიაძეს „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ მთელი ფრაზები — მაგალითად, „ჰგავს? არ ჰგავს?“ — ბაბუას სახელოსნოს სცენებიდან აქვს აღებული. ასე რომ, პატარაობიდანვე სახელოვნებო გარემოში ვიზრდებოდი.

ჩემი ცხოვრებისეული არჩევანი განაპირობა იმან, რომ მამამ ლამის ძალით მიმიყვანა ტურიზმ-ალპინიზმის წრეზე, რომელსაც დენიზა სუმბაძე ხელმძღვანელობდა. მაშინ 11–12 წლის ვიყავი და არ მსიამოვნებდა, რომ ზაფხულში უცხო ხალხთან უნდა მევლო. ერთ წელს ვიყავით სვანეთში, აილამას ბანაკში, საკმაოდ სპარტანულ პირობებში. მაშინ ჯგუფს ხელმძღვანელობდა სერგო ბარლიანი. მან აილამას ბანაკიდან, ქვემო სვანეთიდან, აგვიყვანა ზემო სვანეთში, უშგულში. ეს დაუვიწყარი მოგზაურობა იყო. ალბათ, სწორედ ამ საზაფხულო გასვლებმა გადაწყვიტა ჩემი სამომავლო საქმიანობაც.

რაც შეეხება განათლებას, განათლებით ხელოვნების ისტორიკოსი ვარ. პირველად მკვლევრად დავიწყე მუშაობა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში — მაშინ ვიკვლევდი ახალაღმოჩენილ ძალისის მოზაიკას. შემდეგ ისე აეწყო ჩემი პირადი ცხოვრება, რომ გადავედი ბრიუსელში, სადაც კარგა ხანს ვცხოვრობდი. თუმცა იქაც საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული სამეცნიერო სფეროში: წამიკითხავს მოხსენებები ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ პარიზში, ფრაიბურგში და ევროპის სხვა ქალაქებში.


მარინე მიზანდარი. ფოტო გიორგი მექვაბიშვილი

კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება ბრიუსელში ყოფნისას იყო ევროკომისიაში მუშაობა. თავიდან ვიყავი ლიბანისა და პალესტინის კოორდინატორი, ვმუშაობდი სამეზობლო პოლიტიკის დირექტორატში, სადაც საქართველოც შედიოდა. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება როგორც პროფესიული, ისე ადამიანური თვალსაზრისით. ვმართავდი ინსტიტუციური დაძმობილების ინსტრუმენტის პროგრამას სომხეთში, საქართველოში და მოლდოვაში.

ბრიუსელში ყოფნისას მინდოდა, კიდევ უფრო მეტი არაფორმალური ბმა მქონოდა საქართველოსთან, ამიტომ ჩემს სახლში, პირველ სართულზე, ვაწყობდი ქართველი მხატვრების გამოფენებს — სულ 6–7 გამოფენა მაქვს გაკეთებული. ისე მოხდა, რომ ევროკომისიაშიც გავაკეთე ქართველი მხატვრების დიდი გამოფენა, რომელმაც გაზარდა ინტერესი საქართველოს მიმართ: აინტერესებდათ ქართული კინო, სამზარეულო, ლიტერატურა და ა. შ. ორი დიდი ჯგუფისთვის ტურიც კი გავაკეთე საქართველოში, რაც ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.

ამის შემდეგ, 2010 წელს, დავბრუნდი საქართველოში და მუშაობა დავიწყე ევროპის სახლში პროგრამების დირექტორად. იქაც ძალიან საინტერესო პროექტები განვახორციელეთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის კუთხითაც. თუმცა 2012 წლიდან იქიდანაც წამოვედი — გარკვეული შეზღუდვა ვიგრძენი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგი გამოცდილება მივიღე. 2012 წლის დამლევს, ნოემბერში, შემომთავაზეს კულტურის სამინისტროში მემუშავა მინისტრის მოადგილედ.

მართალია, ცოტა ვიყოყმანე, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი და ამ პერიოდმა დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახურებში იყვნენ პროფესიონალი და საქმის ერთგული ადამიანები. ეს გამოცდილება ჩემთვის მაგალითი იყო, თუ როგორ შეიძლება კარგმა დამოკიდებულებამ შექმნას გუნდი იმ სივრცეში, სადაც რიგი მიზეზების გამო შეიძლება მტრადაც აღგიქვან.

არასოდეს დამავიწყდება თანამშრომლების დიდი პროფესიონალიზმი და თანადგომა, რამაც შემაძლებინა შედეგის დადება. მთავარი ის იყო, რომ საერთო ხედვა გვაერთიანებდა. ვისარგებლებ შემთხვევით და აღვნიშნავ ჩემს მადლიერებას თანამშრომლების მიმართ.

2014 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც სამინისტროდან მომხსნეს, ისევ გავაგრძელე დამოუკიდებლად მუშაობა სხვადასხვა პროექტზე, საერთაშორისო პროექტების მონიტორინგზე. ბევრ ქვეყანაში მიმუშავია იუნესკოს კულტურისა და მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის — იორდანიაში, ერაყში, ლიბანში და სხვაგან.

კულტურული მემკვიდრეობა ფაქიზი სფეროა და ბევრი ორგანიზაცია არ მუშაობს ამ მიმართულებით. სწორედ ეს იყო საფუძველი იმისა, რომ 2016 წლის ბოლოს მცირე ჯგუფმა დავაარსეთ „საქართველოს ეროვნული ფონდი“. ორგანიზაციის სტრუქტურა ავიღეთ ბრიტანეთის ეროვნული ფონდისგან — National Trust-ისგან — რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ შევედრებით, იმდენად დიდი ისტორიისა და ტრადიციის მატარებელია.

მე-19 საუკუნის დამლევს ხელოვანებმა იბრძოლეს ლონდონის გარეუბანში მუშების ძველი უბნის გადასარჩენად და გადაარჩინეს კიდეც. შემდეგ საერთო ხედვის მქონე ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი და მუშაობა ბრიტანეთში კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. ამან მასშტაბური სახე მიიღო და დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა ბრიტანეთში. 

როცა ფონდში პირველად მოვედი, ჩემი ყურადღება ამ ფანტასტიკურმა სახლმა მიიპყრო. ბევრ ორგანიზაციაში ვარ ნამყოფი, მაგრამ სხვაგან არსად მინახავს, ასე ჰარმონიაში ყოფილიყოს გარემო და შინაარსი. ცალკე აღსანიშნავია ამ სახლის რეაბილიტაცია. მოკლედ მოგვიყევით სახლის შესახებ.

ამ სახლს ჰყავს მეპატრონე — თამარ თენეიშვილი, რომელმაც შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიძინა: მხოლოდ სახლის სტრუქტურა იყო შენარჩუნებული. თამარს „იკომოს საქართველოს“ შუამავლობით შევხვდით და შევთანხმდით, რომ ჩვენ ვიზრუნებდით მის რეაბილიტაციაზე და, რა თქმა უნდა, ყველაფერს მაღალი სტანდარტების დაცვით გავაკეთებდით.

საქართველოს ეროვნული ფონდის ოფისი. ფოტო გიორგი მექვაბიშვილი

გაგვიმართლა, რომ „იკომოსს“ ჰქონდა კალაში ძველი თბილისური სახლის აღდგენის გეგმა, თუმცა მათი ბიუჯეტი ამ პროექტს ვერ გასწვდა. აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტი დააფინანსა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ; მათივე მხარდაჭერით აღდგა ბეთლემის უბანიც.

ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ არჩევანი ჩვენს სახლზე გაკეთდა. დაიწყო სამუშაოები თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად, საუკეთესო გამოცდილებების გათვალისწინებით. აქ რაც შემატებულია, ისიც შექცევადია — ანუ, თუ ერთ დღეს სახლის პირვანდელი სახით აღდგენა მოუნდებათ, ესეც უმარტივესადაა შესაძლებელი. რეაბილიტაცია ოთხი წელი გრძელდებოდა: დიდი ჩართულობა იყო, მიმდინარეობდა დავები და პოლემიკა, რათა სახლი მაღალი ხარისხით და ტრადიციული გზებით აღგვედგინა.

სახლს საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ვიცნობთ, თუმცა მისი ქვედა ნაწილი ბევრად ძველია — მე-18 საუკუნის ფენებია. მაშინ ბანიანი სახლი ყოფილა. მე-19 საუკუნის შუა წლებიდან აქ თბილისელ სომეხთა ოჯახი ცხოვრობდა, რომლებმაც ერთი სართული დააშენეს და შემდეგ კიდევ ერთი დაამატეს.

საქართველოს ეროვნული ფონდის ოფისი. ფოტო გიორგი მექვაბიშვილი ფოტო

სახლს აქვს კიდევ უფრო ძველი ნაგებობაც, რომელსაც მაია მანია, თბილისის მემკვიდრეობის ცნობილი მკვლევარი, მე-16–17 საუკუნეებით ათარიღებს. თბილისელი სომხების შემდეგ — რომლებიც აქვე მდებარე, ახლა უკვე დანგრეული სომხური ეკლესიის მეცენატები იყვნენ — ამ სახლში მათი ექიმი შთამომავლები ცხოვრობდნენ, უბანში ზრუნვითა და სიკეთით განთქმულნი. ბოლოს აქ, ამ საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, ცხოვრობდა მხატვარი რობერტ კონდახსაზოვი. ასე რომ, ერთი ოჯახის დიდ ისტორიასაც შეიძლება გავადევნოთ თვალი. 

სანამ ჯერ კიდევ სახლზე ვლაპარაკობთ, მინდა მადლიერებით აღვნიშნო, რომ თქვენი წყალობით ჩვენმა გუნდმა, „ადილეიმ, სწორედ აქ დაიდო ბინა. ახლა მოგვიყევით ორგანიზაციის პროექტებზე: რით დაიწყეთ და რით ამაყობთ ყველაზე მეტად? 

ჩვენი პროექტები დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის კონკურსით. გვინდოდა, ამით ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველგვარი წინასწარი მომზადებისა და ცოდნის გარეშე ინახავენ, უვლიან და გადასცემენ ცოდნას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამ პროექტით ცოტა დავეხმარეთ ადგილობრივებს. პროექტი დაფინანსებული იყო მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის მიერ.

ამის შემდეგ ვიმუშავეთ თუშეთში, სადაც შემეცნებითი ხასიათის პროექტი გვქონდა: ზაფხულში შეხვედრებს ვატარებდით ადგილობრივებთან, რომელთა მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა. შეხვედრები ჩავატარეთ დართლოსა და ომალოში და თავად ადგილობრივებმა ითხოვეს, რომ გაგვეკეთებინა ალვანშიც. ვაცნობდით მოსახლეობას, თუ როგორ შეიძლებოდა სოფლის განვითარება ინფრასტრუქტურულად, ტურისტულად და სხვა მიმართულებებით.

სამწუხაროდ, ამ სფეროში ცოდნის დეფიციტია: შეიძლება ადგილობრივს კარგი განზრახვა ჰქონდეს, მაგრამ ცოდნის არქონის გამო სამუდამოდ დააზიანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.



კულტურული მემკვიდრეობის კონკურსი. გამარჯვებულს აჯილდოვებს დიდი ბრიტანეთის ელჩი. ფოტო დიდი ბრიტანეთის საელჩო 

ვფიქრობ, რომ პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის გამორჩეული პროექტია ცისკარაულების კოშკის აღდგენა პირიქითა ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, სოფელ ახიელში. ზოგადად, დავიწყებ იმით, რომ საზღვრისპირა სოფლები მოწყვლადია და იქ ნებისმიერი აქტივობა, დამატებითი სიცოცხლის გაჩენა, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია ადგილობრივებისთვის მორალური მხარდაჭერის გამოხატვა — თუნდაც ჩვენი აქტივობებით.

ცისკარაულების კოშკი დაზიანდა რუსეთ–ჩეჩნეთის ომის დროს, 2001 წელს: რუსეთმა ჭურვი ესროლა, გამოანგრია ორი კედელი და გაუჩინა დიდი ბზარები.

ამ კოშკის რეაბილიტაცია ფრანგ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ; შემდეგ პოლონელებიც შემოგვიერთდნენ და საბოლოოდ შედგა საერთაშორისო პროექტი, რომელიც დაფინანსდა „ალიფის“ მიერ. ეს ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მუშაობს შვეიცარიასა და ჟენევაში.

პროექტში ჩაერთო უამრავი მოხალისე — თავიდან 48, შემდეგ დაემატა კიდევ 12 — სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველოდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან.

ამ პროექტის გამორჩეული თვისება, ჩემი აზრით, სწორედ მოხალისეობრივი ჩართულობა იყო. პროექტი დაამუშავეს ქართველმა არქიტექტორებმა, რომელთაც ნინო კორძახია ხელმძღვანელობდა. ასევე იმუშავა ვასიკო ნაყეურმა — მშრალი ქვის წყობის არაჩვეულებრივმა ოსტატმა. მისი წვლილი ამ პროექტში განუზომელი იყო: ალბათ, რომ არა ის, პროექტი ვერ შედგებოდა. ვასიკო ფშაველია, დურგალიც არის, მაგრამ ქვის მშრალ წყობაში ბადალი არ ჰყავს; მუშაობის პროცესში ჯადოქარს ვეძახდით.

ცისკარაულების კოშკი

ვეუბნებოდით, ხელთათმანი გაეკეთებინა და ისე ემუშავა, მაგრამ ამბობდა: „ეგ რომ გავიკეთო, მერე ქვას როგორ შევიგრძნობო?“ სულ ვეუბნებოდი: „დაიხმარე ვინმე, ქვემოთ რომ ქვები აწყვია, სხვა მოგაწვდის-მეთქი“, — ამაზეც უარს ამბობდა: „თუ არ ჩავედი და ხელი არ მოვკიდე ქვას, ისე არ შემიძლიაო“. საოცარი გამოცდილება იყო მასთან თანამშრომლობა.

პროექტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა ადგილობრივებისთვისაც: იქ ყოფნის დროს ჩვენთან ჩამოდიოდნენ მეგობრები, ახლობლები, დაინტერესებული პირები და თითქოს სიცოცხლე განახლდა. ერთმა ოჯახმა სასტუმროც კი გახსნა — დაამატა და დაამატა ოთახები, რადგან საჭიროება უცებ გაჩნდა. იქამდე არხოტის ხეობა ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი.

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რამ: როგორც მოგახსენეთ, პროექტში მოხალისეები იყვნენ ჩართულნი, შემდეგ ბევრი მათგანი შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად დაიწყო საქმიანობა — მაგალითად, გიორგი ბურჯანაძე დღეს ფონდის თანათავმჯდომარეა; მზია გულედანი, სალომე ტაბატაძე და სხვები. ფაქტობრივად, ამ პროექტმა ჩვენი ფონდის ჯგუფი ჩამოაყალიბა.

მისი დასრულების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება მოვიპოვეთ: „ევროპა ნოსტრამ“ გადმოგვცა ჯილდო, შემდეგ კი გრან-პრიც კატეგორიაში — „მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება“. სამწუხაროდ, ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ჩვენთან კონტექსტი შეიცვალა. ეს ჯილდო ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც კინოში კანის ფესტივალის ლაურეატობა — ამ დარგში ევროპაში ყველაზე პრესტიჟული აღიარებაა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ ვასიკო ნაყეურს, შემდეგ კი პროექტის სამუშაო ჯგუფსა და რამდენიმე მოხალისეს გადასცა ღირსების ორდენები. 

ახლა საუბრობდით ამ უნიკალურ პროექტზე და ასეთი კითხვა გამიჩნდა: ადამიანის ბუნება ხშირად მიდრეკილია, თავიდან აიცილოს და სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა. მაგალითად, როცა ჩვენთან რომელიმე ძეგლი ზიანდება, პირველ რიგში ვკითხულობთ, ამა თუ იმ უწყებამ ან ორგანიზაციამ რატომ არ იმუშავა ჯეროვნადრაც ნამდვილად სწორიამაგრამ რა შეგვიძლია ჩვენ, რიგით მოქალაქეებს? რით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ კულტურული მემკვიდრეობის მოვლასა და შენარჩუნებას?

მოგზაურობის დროს, სოფელში თუ ქალაქში ჩასულმა, ადგილობრივს რომ უთხრას: რა ლამაზი და ღირებული ძველი სახლია, რა ლამაზი კედელია, როგორ არის გაკეთებული! მაგალითად, ტრადიციულ დასავლურ ოდებში — რაჭაში და ზოგჯერ იმერეთშიც — ძველისძველ ოდებში ბევრი ინოვაციური შტრიხია.

ვფიქრობ, რომ ყველას, მოქალაქეებს, შეგვიძლია გავაკეთოთ ელემენტარული: თუ ძველ ბინაში ვცხოვრობ, შემიძლია ხის ფანჯრის ჩარჩო არ ჩავანაცვლო მეტალპლასტმასით; თუ ბაღი მაქვს, არ შევწამლო ქიმიკატებით და შევწამლო ტრადიციული მეთოდებითა და გზებით. საჭიროა ამ ხალხის შექება.

მახსენდება ომალოს შემთხვევა, სადაც შენარჩუნებული იყო რამდენიმე საოცარი სახლი — უძველესი და საინტერესო. სულ ვიმეორებდით: ეს არის ის, რის შენარჩუნების გამოც უნდა ვიბრძოლოთ, რადგან თუ ეს განადგურდა, იქ აღარავინ გაჩერდება — ომალო მხოლოდ სატრანზიტო პუნქტი გახდება. მოკლედ, წაქეზებამ იმუშავა: სხვანაირად შეხედეს საკითხს და დაიწყეს ამ ძეგლების მოვლა.

ცისკარაულების კოშკი რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ

ამიტომ იყო აუცილებელი ჩვენი პროექტი — „მემკვიდრეობის კონკურსი“, სადაც თითოეული ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გავრცელებას,  ჩამოგვყავს და ვაძლევთ სიტყვას; ისინი გვესაუბრებიან საკუთარ გამოცდილებაზე, თავს დაფასებულად გრძნობენ და უკან ამაყები ბრუნდებიან. ვფიქრობ, რომ ამ მოტივაციით მუშაობას მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებენ.

ასევე, თუ ვხედავთ, რომ კულტურულ მემკვიდრეობაში მიუღებლად ერევიან, ადგილობრივებმა მეტად უნდა იაქტიურონ. ჩვენს საზოგადოებას არ გვაქვს მომთხოვნი დამოკიდებულება, არადა ეს ჩვენი უფლება და პასუხისმგებლობაცაა — როგორც მემკვიდრეობის, ისე ბუნების მიმართ. ვფიქრობ, თითოეული მოქალაქე, თუ სწორად მიუდგება საკითხს, შეძლებს წვლილის შეტანას მემკვიდრეობის გადარჩენასა და მოვლა-პატრონობაში. 

მარინე, ბოლოს მინდა გთხოვოთ: თუ გაქვთ კიდევ სათქმელირისი თქმაც გინდოდათ და არ გკითხეთ?

მინდა, საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მიმართ და ვისურვებდი, რომ საზოგადოება მეტად იყოს ჩართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ადამიანის უფლებების ნაწილია; ეს ჩვენი ფუნდამენტური უფლებაა, ისეთივე, როგორც სუფთა ჰაერზე, ჯანდაცვაზე და ა. შ.

თუმცა, სამწუხაროდ, მემკვიდრეობას სხვა უფლებებთან ერთად არ განიხილავენ. კულტურული მემკვიდრეობა მთავარია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის და ასევე ადამიანის პირადი კეთილდღეობისთვის. თუ ეს საფუძველი მოირღვა, ვეღარაფერს დავაშენებთ.

ყველაზე თანამედროვე ხელოვნებაც კი, პირდაპირ თუ ირიბად, ძველი ცოდნით იკვებება. მთავარია, ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ეს არის სოციალური სიკეთე და ჩვენი კეთილდღეობის წყარო. რაც არ უნდა კარგად იყო, თუ ეს გარემო აღარაა, რაღაც მთავარი მოგაკლდება, რადგან კეთილდღეობის ერთ