სტატიების შინაარსსა და ფაქტობრივ სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი.

მიხა ხელაშვილის უცნობი ლექსი

1934 წლის 20 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, 1937 წლის ოქტომბერს მთელ საქართველოში უნდა მოწყობილიყო საყოველთაო სახალხო ზეიმი შოთა რუსთაველის 750 წლისთავის აღსანიშნავად. ამავე დადგენილებაში ცხადდებოდა სხვადასხვა სახელოვნებო კონკურსის შესახებ − შოთა რუსთაველის ძეგლის საუკეთესო პროექტის, პოემის მხატვრობის, მუსიკალური კომპოზიციებისა და კინოსცენარის გამოსავლენად; აგრეთვე, უნდა გადაწყვეტილიყო პოემის აკადემიური გამოცემისა და უცხო ენებზე თარგმნა-გამოცემის საკითხიც. განათლების სახალხო კომისარიატმა დააწესა რუსთაველის პრემია საუკეთესო მაღალმხატვრული პოეტური ნაწარმოებისთვის. ერთი სიტყვით, ქვეყნის სახელოვნებო და სამეცნიერო წრეები სრულად მოიცვა შოთა რუსთაველმა და მისმა პოემამ.

ამ მოვლენას თავისებურად გამოეხმაურა საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის საგლეხო გაზეთი „კოლექტივიზაცია“, რომელმაც ორ დღეში, 22 აგვისტოს „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურული ლაშქრობა“[1] გამოაცხადა და  საქართველოს სხვადასხვა კუთხის წერა-კითხვის მცოდნე პირებს მოუწოდა, რომ ჩაეწერათ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული უსახელო გლეხი-პოეტების ლექსები ახალ, საჭირბოროტო საკითხებზე, აგრეთვე შოთა რუსთაველის პოემის ხალხში მოარული სტროფები და გამოეგზავნათ რედაქციაში, რომელთაგან საუკეთესოები დაიბეჭდებოდა გაზეთში და ბოლოს წიგნადაც გამოიცემოდა. „მხურვალე“ მონაწილეებს გაზეთის რედაქცია ჯილდოსაც ჰპირდებოდა.

დაახლოებით ერთ კვირაში გაზეთ „კოლექტივიზაციის“ რედაქციაში ხალხური ლექსების კორიანტელი დატრიალდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გზავნიდნენ გლეხებისგან ჩაწერილ ლექსებს, ხშირად კი თვითონ გლეხი-პოეტები აგზავნიდნენ საკუთარ ნაწარმოებებს.

გაზეთის იმჟამინდელი რედაქტორი, აკაკი ჭყონია, თავისი შეხედულებისამებრ არჩევდა გაზეთში გამოსაქვეყნებელ ლექსებს და, როგორც კომუნიზმის იდეების მხარდამჭერი, უპირატესობას სოციალისტურ თემატიკაზე შექმნილ ლექსებს ანიჭებდა და მათ გაზეთის ყოველი ნომრის მესამე გვერდზე გამოყოფილ რუბრიკაში „შოთას სახელობის კულტურული ლაშქრობა“ აქვეყნებდა. ერთი წლის შემდეგ, როცა აკაკი ჭყონია ოპერის დირექტორად გადაიყვანეს,[2] გაზეთმა რამდენიმე თვე იარსება და მალე დაიხურა.

აკაკი ჭყონიამ შოთას კულტურული ლაშქრობით შემოსული ლექსებით ცნობილი სამტომეული „საუნჯე ხალხური სიტყვიერებისა“ შეადგინა და გამოსცა 1935-1936 წლებში. ეს კრებულები გასული საუკუნის 80-იანი წლების ჩათვლით საბჭოთა ფოლკლორის მთავარ წყაროდ ითვლებოდა და ასაზრდოებდა მომდევნო წლებში გამოცემულ კრებულებსაც, რომელთა რედაქტორები პოლიტკორექტულობის გათვალისწინებით არჩევდნენ ლექსებს. საბოლოოდ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში შეგროვებული არქივი (როგორ თვითონ წერს, დაახლოებით 10 ათასი ლექსი) აკაკი ჭყონიამ ლიტერატურის მუზეუმს გადასცა.

ლიტერატურის მუზეუმში გაზეთ „კოლექტივიზაციის“ მასალებზე მუშაობისას იკვეთება, რომ ამხ. ჭყონია შემოსულ ლექსებს საკუთარი გემოვნების მიხედვით არჩევდა და ხშირად ასწორებდა კიდეც; ასწორებდა სიტყვებს, რითმებს, ზოგჯერ მთელ ფრაზასაც. ხშირად ხელნაწერზე გადახაზულია მთელი სტროფი ან სტროფები და მისი გარკვეული ნაწილია დატოვებული; ზოგჯერ შეცვლილია სათაური და ა.შ.. განსაკუთრებული სიფრთხილით რედაქტორი ორაზროვანი ლექსების გამოცემას ეკიდებოდა და ამ მიზეზით უმეტესად იბლოკებოდა მაღალმხატვრული პოეზია.

აკაკი ჭყონია საკმაოდ გამოცდილი პარტიული მუშაკი იყო, ყმაწვილობაში ახალგაზრდა მარქსისტთა (მენშევიკების) ორგანიზაციის წევრი გახლდათ და მისი სიფრთხილე საკუთარი ბიოგრაფიითაც იყო განპირობებული. ამიტომ, გაზეთ „კოლექტივიზაციის“ რედაქციაში შემოსულ ვანო ხორნაულის გზავნილს, რომელშიც ის წერს, რომ  ეს ლექსი 1922 წელს ჩაუწერია მიხა ხელაშვილისგან, ცხადია, ვერასოდეს ეღირსებოდა მზის სინათლე.[3]

სწორედ „შოთა რუსთაველის კულტურული ლაშქრობის“ წყალობით შემორჩა ლიტერატურის მუზეუმის არქივის გაზეთ „კოლექტივიზაციის“ ფონდს ვანო ხორნაულის მიერ 1934 წელს გაგზავნილი ლექსი, რომელიც მაშინვე დაიბლოკა, და დღემდე გამოცემულ მიხა ხელაშვილის ლექსების არც ერთ კრებულში არ გვხვდება. ჩვენს მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, ეს სევდიანი სატრფიალო ლექსი  გაიცნოს, რომლის ლირიკული გმირი ნატრობს ისეთ დროს, როცა შეძლებს, თავს უფლება მისცეს, რომ მთელი არსებით დაისვენოს საყვარელ ქალთან:

ძველიმც დრუება მაასპო, ახალიმც დაიწყებოდა,

მუდამ შენთანა ყოფნითა არვისგან შამხათრდებოდა.

შენთანით არ ავსდგებოდი ტყვიაც რო გამეყრებოდა,

შენ რო გნახავდი, ლამაზო, დაჭრილი გამთელდებოდა,

თუნდა სუ მთელი ქვეყანა წინ გზაში ჩამიჯდებოდა,

უკან ვერ მამაბრუნებდა, ბევრიც რომ შაეცდებოდა,

ნეტავი ჩემი საფლავი შენს გულზემც გაითხრებოდა,

ჩემი მხარი და მკლავები შენს გულზემც ჩამოდნებოდა,

თუნდა ერთადამც გვეცხოვრა, იმით რა დაშავდებოდა?[4]


არავის გაუკვირდება, რატომ ვერ გაბედეს ამ ლექსის გამოქვეყნება ვერც აკაკი ჭყონიამ და ვერც მომდევნო დროის ქართველმა ფოლკლორისტებმა, რომელთაც ამ არქივზე უმუშავიათ. ტოტალური საბჭოთა ცენზურის პირობებში, როცა ხელაშვილის გვარის ხსენებაც კი აკრძალული იყო, ვერავინ გადაურჩებოდა მკაცრ რეპრესიას. მაგრამ გამბედაობა სჭირდებოდა ანტისაბჭოთა შინაარსის ლექსების არქივში შენახვას და გამომგზავნის გაუმჟღავნებლობასაც. შიშის გამო ან თავდაცვის მიზნით, აკაკი ჭყონიას შეეძლო, ერთი ხელის მოსმით გაენადგურებინა ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური ლექსები (არ გამოვრიცხავთ, რომ რიგ შემთხვევაში ასეც შეიძლება მომხდარიყო) და ჩვენ ვერასოდეს გაგვეგო მათი არსებობის შესახებაც კი; ვერ გაგვეგო წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ, რომელიც ქართველ ხალხში მაინც არსებობდა, მიუხედავად მისი ყველაზე სასტიკი მეთოდებით ჩახშობისა, ვერ გაგვეგო ხალხის ხსოვნა და სიყვარული მუხანათურად მოკლული თავისუფლების პოეტის მიმართ. 

ქართული ხალხური სიმღერა „ბინდისფერია სოფელი“, რომლის ტექსტი დაფუძნებულია ნიკო სამადაშვილის („ბინდისფერია სოფელი“) და მიხა ხელაშვილის („ლექსო ამოგთქომ“) ლექსებზე.
ასრულებს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბახტრიონი“, ხელმძღვანელი ბექა ბიძინაშვილი. სოლისტები ბექა ბიძინაშვილი და ზურა მამუკელაშვილი.

[1] ვრცლად ამ ლაშქრობის შესახებ იხილეთ: ეთერ ინწკირველი. 2024. „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურული ლაშქრობის“ გურული მასალები. „წელიწდეული“ 16 (2024): 111-126.

[2] ვრცლად აკაკი ჭყონიას ოპერის თეატრში მოღვაწეობის შესახებ იხილეთ: ინწკირველი, ეთერი. 2025. „ქართული ხელოვნების დეკადა ოპერის კულუარებში.“ ქართული ფოლკლორი 7 (2025): 17‑29.  https://geofolk.ge/ka/article/qartuli-khelovnebis-dekada-operis-kuluarebshi/306

[3] პოეტ მიხა ხელაშვილის სახელი ფართო საზოგადოებამ პოსტსაბჭოთა ეპოქაში გაიცნო, როცა მასზე, როგორც 1924 წლის აჯანყების მონაწილეზე, საუბარი აღარ იკრძალებოდა. მისი ლექსები საბჭოეთში ხალხური შემოქმედების სახელით ვრცელდებოდა.

[4] ლიტერატურის მუზეუმის არქივი. გაზ. კოლექტივიზაცია, ფონდი N 20029-ხ, გვ. 17.