ქართული ქორეოგრაფიის მამა და სპორტის ჯადოქარი
დიდია დავით ჯავრიშვილის − ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ბალეტმაისტერის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ეროვნული ქორეოგრაფიის შესანიშნავი მკვლევრის წვლილი ქართული ხალხური კლასიკური ქორეოგრაფიის განვითარებაში.
დავით ჯავრიშვილი არ გაზრდილა ხელოვანთა ოჯახში, არასდროს უოცნებია მოცეკვავეობასა და ბალეტმაისტერობაზე, მან მხატვრული ტანვარჯიშიდან დაიწყო და მოგვიანებით, ნამდვილი გადატრიალება მოახდინა ქართული ხალხური ცეკვის ისტორიაში.
დაიბადა 1894 წელს გორის მაზრის სოფელ ერთაწმინდაში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია (1914), შემდეგ სამხედრო სასწავლებელი და ახალგაზრდა იუნკერი თურქეთის ფრონტზე წავიდა. სამი წლის შემდეგ (1917) სპორტული საზოგადოება „ამირანის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და და ხელმძღვანელია. მისი ბიოგრაფი და მოსწავლე ლილი გვარამაძე აღნიშნავს, რომ „მოძრაობისაკენ მუდმივი სწრაფვა, პასიურობისაგან თავის დაღწევა, შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენა დავით ჯავრიშვილის განმასხვავებელი თვისებებია“. [1]
დავითმა არჩევანი სამხედრო კარიერასა და სპორტს შორის სწრაფად გააკეთა: ის გახდა საქართველოში ფიზკულტურული მოძრაობის ერთ-ერთი წამომწყები და საზოგადოება „შევარდენის“ აქტიური წევრი, გიორგი ეგნატაშვილთან[2], გიორგი ნიკოლაძესა[3] და თანაგიმნაზიელ გაიოზ ბერელაშვილთან[4] ერთად. გიმნაზიაში ჩეხ ანტონ ლუკეშთან მეცადინეობას, სასწავლებელში ტანვარჯიშის ტრადიციადქცეული დილების[5] გამართვას, ასევე, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას უკვალოდ არ ჩაუვლია და დავით ჯავრიშვილმა მომავალი მხატვრულ ტანვარჯიშს დაუკავშირა.
|
იუნკერი დავით ჯავრიშვილი |
სპორტსაზოგადოება ,,ამირანის’’ ერთ-ერთი დამაარსებელი, და ვარჯიშთავის მოადგილე დავთ ჯავრიშვილი. 1917 წელი |
1919 წელს დავით ჯავრიშვილი ქუთაისში გადადის და თბილისის შემდეგ ქუთაისი იქცევა ქართული ტანვარჯიშის კერად.
1921 წლიდან დავით ჯავრიშვილი ათი წელი ბათუმში მოღვაწეობს. 1928 წელს, მან შალვა თაქთაქიშვილის მუსიკისა და საკუთარი ლიბრეტოს მიხედვით, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტების მონაწილეობით დადგა ოთხნაწილიანი ტანვარჯიშული სანახაობა − „ძველ ელადაში“, გრანდიოზული სპექტაკლი 90 მონაწილით. ჯავრიშვილმა ძველი საბერძნეთის ისტორიას მიმართა, უარი თქვა ტანვარჯიშისა და ქართული ცეკვის მოძრაობების შერწყმაზე და ხარკი გადაუხადა ძველბერძნულ ხელოვნებას. დავითი კარგად იცნობდა ძველი საბერძნეთის სპორტულ სანახაობებს და სურდა, საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოედგინა ისინი მაყურებლისთვის.
სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა, რომ ტანვარჯიშში შეეტანა ქართული ხალხური ცეკვის ელემენტები და თავისუფალი ვარჯიში მუსიკის თანხლებით შეესრულებინა. ქუჯი ძიძიშვილი წერდა: „ჯერ კიდევ დათა ჯავრიშვილის ადრეულ ნამუშევრებში გამოჩნდა ტანვარჯიშის ლაკონიური მოძრაობებისა და ქართული ცეკვის ემოციური, ტემპერამენტიანი ილეთების მხატვრული ფორმით შერწყმის უნარი და, თუკი გიორგი ეგნატაშვილმა ქართული ფიზიკური კულტურის უძველესი ტრადიცია აღადგინა, დათა ჯავრიშვილს არანაკლები დამსახურება მიუძღვის ასევე ძველი ტრადიციის − მეფუნდუკის (ტანმოვარჯიშე-მოცეკვავის) ხელოვნების აღდგენაში“.[6]
ძველი საცეკვაო-სავარჯიშო ხელოვნების გაცოცხლებაში გამოიკვეთა დავითის უზადო ნიჭი, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გიორგი ნიკოლაძემ: მან ურჩია, უფრო ღრმად ჩაეხედა ცეკვის ხელოვნების არსში და ის ფიზიკური კულტურის პრიზმაში აღექვა, საწყისად კი ეგზერსისის (Exercice) კანონები აეღო. ჩანს, ნიკოლაძე კარგად ერკვეოდა სპორტისა და ცეკვის საკითხებში და კარგადვე იცოდა ემილ ჟაკ-დალკროზის[7] რიტმულ-პლასტიკური სისტემაც.
გასული საუკუნის 20-იანი წლების თბილისში იგრძნობოდა მძლავრი შემოქმედებითი მუხტი. წარმატებით იმართებოდა ეკატერინა გელცერის, ვასილ ტიხომიროვისა და ფეხშიშველა აისიდორა დუნკანის გასტროლები. როგორც ჩანს, ნიკოლაი ფორგერისა და მიხაილ მორდკინის საბალეტო დადგმებმა, დიდი გავლენა მოახდინა დავით ჯავრიშვილზე. „დავით ჯავრიშვილი ქართული ქორეოგრაფიის შესწავლას 1924 წლიდან შესდგომია და ტანმოვარჯიშე დავითი ისე გაიტაცა ქართულმა ქორეოგრაფიამ, რომ მერე ამ დარგში მოღვაწეობდა“.[8]
მართალია, მის წარმოსახვაში (როგორც ლილი გვარამაძე მიიჩნევს) ტანვარჯიშისა და კლასიკური ცეკვის ილეთთა შერწყმა ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, მაგრამ შესაძლო მონახაზი უკვე ჩანდა. როგორც თავად გულწრფელად აღიარებდა, მან ეს შეგნებულად გააკეთა, რადგან ნაკლებად იცნობდა ქართულ საცეკვაო ფოლკლორს და მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს საცეკვაო ნიმუშების ცოდნა არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ, დავით ჯავრიშვილი ბათუმში ორი წლის განმავლობაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყოფილ ბალეტმაისტერთან, სტანისლავ ვაკარეცთან[9] მეცადინეობდა. თავად იგონებს, რომ 27-28 წლის ახალგაზრდას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და უძნელდებოდა ვარჯიში, მაგრამ ძლიერმა ნებისყოფამ და მიზანდასახულობამ თავისი გაიტანა: „ვაკარეცი ჩემით კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით ჩემი ხტუნვები მოსწონდა,“[10] − იხსენებდა მოგვიანებით, მართალია, ჯავრიშვილი პროფესიონალი მოცეკვავე არ გამხდარა, თუმცა კლასიკური ეგზერსისის ელემენტების ათვისება და მათი ორგანული აღქმა, ქართული ცეკვის სწავლების საკუთარი სისტემის შექმნაში დაეხმარა. ასევე დავითმა ხელი მოჰკიდა ქართული ხალხური ცეკვების შეგროვება-შესწავლას.“[11]
ქართული ხალხური ცეკვის საკითხებში ცოდნას ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილთან იღრმავებდა, 1926 წელს კი გამართა პირველი ექსპედიცია მაღალმთიან აჭარაში. ჯავრიშვილი აჭარის ყველაზე შორეულ, მიუვალ ადგილებში ეძებდა მოცეკვავეებს. ხშირად ცეკვაში თავადაც ერთვებოდა, რათა უკეთესად დაემახსოვრებინა სახასიათო მოძრაობები, იწერდა მელოდიებს, ცეკვის თანმხლები სიმღერების ტექსტებს, მოცეკვავეთა კომენტარებს. ყოფილა ქედაში, ხულოში, ხიხაძირში და ქობულეთში. ამ ექსპედიციაში შეუსწავლია: „ხორუმი“, „გადახვეული ხორუმი“, „ფერხულები“, „ცანგალა და გოგონა“, „ქალთა საცეკვაო“, „სახუმარო“. 1934 წელს იმავე მიზნით იმოგზაურა ზემო სვანეთში. კინოფირზე თავად აღბეჭდა 11 ცეკვის ცხრა ვარიანტი და გადაიღო 1300-მდე ფოტოსურათი.
აჭარული საცეკვაო ფოლკლორის სიღრმისეული გაცნობის შემდეგ 1928 წელს ჯავრიშვილი ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქორეოგრაფიულ სტუდიას ხსნის ექსპერიმენტული მიდგომით: ქართული ცეკვის, ფიზიკური კულტურისა და ეგზერსისის ელემენტების შერწყმით ის ქართული ხალხური ქორეოგრაფიის საკუთარ სისტემას ქმნის. სტუდიაში 40 მოსწავლე ირიცხებოდა. როგორც თავად იგონებს, „სტუდიაში მასწავლებლებად მოვიწვიე ბალეტმაისტერი სტანისლავ ვაკარეცი, ბალერინა თამარ ბალანჩივაძე, პირადად მე ვასწავლიდი ქართულ ცეკვას. ქართული ხალხური ცეკვებიდან მე დავდგი: „ფერხული“, „ხორუმი“, „გოგონა“, „სახუმარო“, „ქალთა ცეკვა“.[12] სწორედ ამ სტუდიის ბაზაზე შეიქმნა აჭარის სიმღერისა და ცეკვის პირველი ანსამბლი. იმ დროს სცენაზე სიმღერისა და ცეკვის შერწყმა ახალი სიტყვა იყო, რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი დავით ჯავრიშვილმა და ლოტბარმა მელიტონ კუხიანიძემ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი დავით ჯავრიშვილი
1932 წელს დავით ჯავრიშვილი თბილისში გადმოდის. 1933 წლიდან ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართული ოპერების ბალეტმაისტერად ინიშნება და ამ თანამდებობაზე 20 წელი მუშაობს. მანამდე, 1931 წელს, მან უკრაინის დედაქალაქ ხარკოვში დადგა ცეკვები „აბესალომ და ეთერისთვის“, რამაც უდიდესი წარმატება მოუტანა. 1937 წელს, მოსკოვში ქართული კულტურისა და ხელოვნების დეკადის შემდეგ, ქართული ოპერები საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა თეატრის რეპერტუარში შევიდა. დავით ჯავრიშვილი პირველი ქორეოგრაფი იყო, რომელმაც მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვის, ოდესის თეატრებში დადგა ქართული ცეკვები, ასევე − მოსკოვის დიდ თეატრსა და საბჭოთა კავშირის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. ის ქართული ხალხური ცეკვების შესახებ სემინარებს ატარებდა მოსკოვისა და ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში. 1951 წელს − ბერლინის საერთაშორისო და 1955 წელს − ვარშავის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა V მსოფლიო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეებს დავით ჯავრიშვილი ხელმძღვანელობდა.
ტრიუმფალური იყო დავით ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით 1935 წელს ლონდონში ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფის გამოსვლა. ფესტივალში ევროპის თვრამეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ფესტივალის მიზანი ხალხური ცეკვების ჩვენება-გაცნობა იყო. ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფმა გარდენ-ჰოლში სამი ცეკვა შეასრულა: „ხორუმი“, „ოსური“ და „მთიული დავლურით“. ინგლისური პრესა აღფრთოვანებული გამოეხმაურა მეომართა უძველეს ცეკვას − „ხორუმს“. აღინიშნა მისი ეთნოგრაფიული თავისებურება − შერწყმული სკულპტურულ გამომსახველობასა და მოძრაობის ექსპრესიასთან. ქართველებმა კონცერტები გამართეს ჰაიდ-პარკში, რეჯენ-პარკში, ვიქტორია-პარკში, გრინვიჩში...
ფესტივალზე არავითარი პრიზი და ჯილდო არ გაცემულა: თითოეულ ჯგუფს ფესტივალის სახსოვრად გადაეცა ჟეტონი და მედალი. „ლონდონში სწორედ ჯავრიშვილმა წარმოადგინა ქართული ქორეოგრაფია „ყალბი ეფექტურობისაგან დაცლილი, თავისუფალი და ხალხურობისთვის დამახასიათებელი სიწმინდის შენარჩუნებით“.[13]

ლონდონის საერთაშორისო ფესტივალი 1935 წელი.
მარცხნიდან დგანან: ვანო შაგულაშვილი (მედოლე), ძმები - ლევან და სერგო ზუბიაშვილები (მედუდუკეები), სერგო ნონიაშვილი, მიხეილ ჩოჩიშვილი. სხედან: ანტონ ჩიხლაძე, დავით ჯავრიშვილი, საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები, ილიკო სუხიშვილი და ვლადიმერ ხეთაგუროვი.
1934 წელს ჯავრიშვილი თბილისშიც ხსნის უფასო ქორეოგრაფიული სტუდიას, რომელსაც მალე მარია პერინის კერძო სტუდია შეუერთდა. 1935 წელს ეს სტუდია სახელმწიფო სასწავლებლად გადაკეთდა და 1952 წლამდე მისი დირექტორი დავით ჯავრიშვილი იყო.
თხუთმეტწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ დავით ჯავრიშვილი სასწავლებლიდან და თეატრიდან სრულიად უმიზეზოდ, ვითომ „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გაათავისუფლეს. სასწავლებლის დირექტორად კი ვახტანგ ჭაბუკიანი დანიშნეს (უკვე დიდი ხანია დავითის მიერ დაარსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობისაა). დიდი გულისწყვეტის მიუხედავად, ხელოვანს ფარ-ხმალი არ დაუყრია: თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფიული განყოფილება დააარსა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
დავით ჯავრიშვილი თავისი ნაფიქრ-ნააზრევის ნაშრომებად ჩამოყალიბებას საკმაოდ გვიან შეუდგა. მისი შრომების უმეტესობა XX საუკუნის 50-იან წლებში გამოქვეყნდა: ცეკვა „ქართული“ ნახაზით (1951), „ხორუმი“ (1954), „მთიულური ცეკვები“ (1957), „ქართული ხალხური ცეკვა“ (რუსულად, 1965). მისი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გახმაურებული ნაშრომია „ქართული ცეკვის ჩაწერის პირობითი ნიშნები“ (1961). თვით ავტორი წერს: „ჩემი სისტემის საშუალებით შეიძლება გრაფიკულად წარმოისახოს მხოლოდ ქართული ხალხური ცეკვები, თუმცა, ვინ იცის, იქნებ ძიებისა და სხვა ბალეტმაისტერთა დახმარებით მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს სხვა ხალხთა ქორეოგრაფიული ხელოვნების, საცეკვაო მოძრაობებისა და ასევე კლასიკური ცეკვის ენის მიმართაც. მხოლოდ მაშინ შეიძლება მას ეწოდოს უნივერსალური“.[14] პირობითი ნიშნები ადვილად იკითხება, იოლად ფიქსირდება და შეესატყვისება მუსიკის ჩაწერის პრინციპსაც. ამ წიგნის რედაქტორი ლილი გვარამაძე წერს: „დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: დავით ჯავრიშვილმა ქართული ცეკვის სპეციალური ნიშნებისა და თავისებურებების შენარჩუნებით, შეძლო ჩაწერის ლაკონიური ენის შექმნა. მაგრამ ამ წიგნში არსებითია არა მარტო მუსიკალური ტაქტებისა და საცეკვაო ნიშნების სინქრონულობა, ამ სისტემის ადვილად მისაწვდომობა, ნებისმიერი ქორეოგრაფიული კომბინაციის ფურცლიდან წაკითხვა, არამედ ამ ნაშრომში სრულიად გამოიკვეთა დავით ჯავრიშვილის − ქორეოგრაფის, პედაგოგის და მეცნიერის შემოქმედებითი პრინციპები“.[15]
დავით ჯავრიშვილის შრომები 60 წლის მანძილზე არ გამოქვეყნებულა. 20 წელი იდო მისი მნიშვნელოვანი ნაშრომი −„ქართველ ქალთა ცეკვები“ ერთ-ერთ გამომცემლობაში და 90-იან წლებში დაკარგვას მისმა რძალმა, ნატა ჯავრიშვილმა გადაარჩინა.
|
სვანეთის ექსპედიცია 1934 წელი |
სვანეთის ექსპედიცია 1934 |
სვანეთის ექსპედიცია - სვანები |
2018 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოსცა დავით ჯავრიშვილის წიგნი „ქართული ხალხური ცეკვა“, სადაც თავმოყრილია გამოქვეყნებული ნაშრომები და მრავალი უცნობი მასალა: „ქართველ ქალთა ცეკვები“ ( ქალთა რვა ცეკვა); 1934 წლის სვანეთის ექსპედიციის მასალები და მუნჯი კინოფირიდან გაცოცხლებული სვანური ფერხულები.
წიგნს ამდიდრებს საარქივო მასალები, რომლებიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან, ხელოვნების სასახლიდან და საოჯახო არქივებიდანაა მოპოვებული: 100-მდე ქართული ცეკვის სახელწოდება; საცეკვაო ჟანრებისა და ფერხულთა ჯავრიშვილისეული კლასიფიკაცია. „დავლურის“, „მწყემსურის“, „გურული ფერხულის“, „მხედრულის“, „განდაგანას“ და „საოხუნჯო ცეკვების“ სიტყვიერი, გრაფიკული და სქემატური აღწერა; 15 ქართული ცეკვის გრაფიკულ-ქორეოგრაფიული ნახაზი: „მწყემსური,“ „ოტლარჩოპა“, „სალხინო“, „სამაია“, „შუშპარი“, „ქალ-ვაჟთა ლხინი“, „სვანური სიუიტა“, „მეგობრობა“, „დოლური“, „საქორწილო“ და სხვები. ამ ცეკვათა უმეტესობის გრაფიკული ნახაზი ორიგინალია.
გამომცემელთა ჯგუფი დავრწმუნდით, რომ 1934 წლის სვანეთის ექსპედიციის მარტო ფაქტის აღნიშვნით არ უნდა შემოვფარგლულიყავით და მუნჯი კინოფირიც უნდა გამოგვეყენებინა. ასე გაჩნდა წიგნში ქორეოგრაფიულად (სიტყვიერად) აღწერილი და ნოტირებული თოთხმეტი სვანური ფერხული სვანურ-ქართული ტექსტებით, რაც დიდი სიახლეა და ღირსებას მატებს ამ გამოცემას. ესენია: „ლაშგარი“, „ბიბა“, „დიდება თარგზელეს“, „თამარ დედფალ“, „ლამურგვალიაშ“, „მირმიქელა“, „როსტომ ჭაბიგვ“, „ყანსავ ყიფიანე“, „ჩეყარამს-ჩოყურამს“, „გივერგილა“, „კასლეთილს“, „ლაჟღვაში“, „დალა კოჟას ხელღვაჟალე“ და „რელი“.
ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხია დავით ჯავრიშვილის ფოლკლორის ცენტრთან (მაშინდელი ხალხური შემოქმედების სახლთან) ურთიერთობა: ის მუდმივად იყო ქორეოგრაფიული სექციის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ოლიმპიადების მომზადებაში, აქ განიხილეს პირველად მისი ფუნდამენტური შრომა „ცეკვა ქართული“. 1941 წელს ხალხური შემოქმედების სახლმა მას ქართული ცეკვის ტერმინოლოგიის შედგენა დაავალა. დავით ჯავრიშვილმა ტანვარჯიშის მრავალი ტერმინი დაამკვიდრა ქართულ ქორეოგრაფიაში.

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ქორეოგრაფი დავით ჯავრიშვილი ცეკვავს ხორუმის დადგმისას. XX საუკუნის 50-იანი წლები
მისი არქივიდან ჩანს, რომ ჯავრიშვილს ლექსიკონზე მუშაობა ბოლომდე ვერ თუ არ მიუყვანია. „ქართულ ხალხურ ცეკვაზე“ მუშაობისას, ჯავრიშვილის შრომებსა და საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მის მიერ ნაჩვენები ნიმუშისა და სტილის მიხედვით, საკუთარ თავზე ავიღე ეს ურთულესი მისია (გამოცემა 400-ზე მეტ ლექსემას მოიცავს) და მკვლევრის დაწყებული საქმე შეძლებისდაგვარად დავასრულე, თუმცა ამ მხრივაც წინ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
ხელოვნების სასახლეში დაცული დავით ჯავრიშვილის პირადი არქივი 3000-მდე ერთეულს მოიცავს. ამ არქივის სრულად ათვისება და გამოცემა მომავლის საქმეა, თუმცა ჯავრიშვილის ცხოვრება-შემოქმედებით დაინტერესებულ მკვლევრებს დიდ სამსახურს გაუწევს ხელოვნების სასახლის მიერ გამოცემული არქივის კატალოგი და მისი ელექტრონული ვერსია.[16]
ვინაიდან ეს დიდი კაცი, პროფესიონალი და მოქალაქე საკუთარ თავზე თითქმის არაფერს წერს, ისევ ლილი გვარამაძეს მოვუსმინოთ: „საცეკვაო ფოლკლორის ღრმა ცოდნა, მაღალი გემოვნება, ცეკვის მაღალმხატვრული, დასრულებული ფორმით გამოძერწვის უნარი − ბალეტმაისტერ ჯავრიშვილის ეს თვისებები, წითელ ხაზად გასდევს მთელ მის მოღვაწეობას, რაც განუმეორებელი ხალხური არომატითა და კოლორიტით გაჟღენთილი თეატრალიზებული ქართული ქორეოგრაფიის შექმნაში დაეხმარა“.[17]
დავით ჯავრიშვილი 1971 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
[1] გვარამაძე, ლილი. 2021. ქართული ხალხური ცეკვა. მონოგრაფია: დავით ჯავრიშვილი. თბილისი: ფავორიტი. გვ. 458.
[2] გიორგი ეგნატაშვილი (1885-1962) – პედაგოგი, საქართველოში სპორტისა და ფიზკულტურული მოძრაობის ორგანიზატორი, „შევარდენის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მეთაური. 1909 წელს დაამთავრა პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსები. 1912 წელს სპორტსაზოგადოება „სოკოლის“ მსოფლიო შეკრებაზე, თბილისის გუნდთან ერთად დაიკავა პირველი ადგილი. მუშაობდა ფიზკულტურისა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში. მისი სახელობისაა თბილისის განათლების განყოფილების ბავშვთა და მოზარდთა ცენტრალური სავარჯიშო სკოლა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
[3]გიორგი ნიკოლაძე (1888-1931) – ნიკო ნიკოლაძის ვაჟი, მათემატიკოსი, საქართველოში სპორტული ტანვარჯიშისა და ალპინიზმის ფუძემდებელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დამაარსებელი, პროფესორი. ბავშვობიდან ტანვარჯიშში მეცადინეობდა ჩეხ პედაგოგ ლუკეშთან, მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის ტექნიკური ინსტიტუტი. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე). 1928 წელს სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
[4]გაიოზ ბერელაშვილი (1892-1937) − ქართველი ტანმოვარჯიშე, საქართველოში სპორტული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. 1912 წელს პრაღის მე-6 საიუბილეო შეკრებაში დაიკავა პირველი ადგილი. 1937 დახვრიტეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
[5] ტანვარჯიშის დილა ჯავრიშვილის გიმნაზიაში სწავლის დროს იდგმებოდა მისი მონაწილეობით.
[6] გვარამაძე, ლილი. 2023. ქართული ხალხური ცეკვა. მონოგრაფია: დავით ჯავრიშვილი. თბილისი: ფავორიტი. გვ. 460.
[7] ემილ ჟაკ-დალკროზი(1865-1950) − შვეიცარიელი კომპოზიტორი და პედაგოგი. შეიმუშავა მუსიკალური აღზრდის რიტმულ-პლასტიკური სისტემა, რომლის მიზანი იყო სხეულის მოძრაობით მუსიკისა და რიტმული ელემენტების გამოსახვა. ამგვარი სისტემის სკოლები შეიქმნა სტოკჰოლმში, ლონდონში, პარიზში, ვენასა და ბარსელონაში. 1920 წელს, ჟაკ დალკროზის მეთოდის მიხედვით, მოსკოვსა და პეტროგრადში დაარსდა ინსტიტუტები.
[8] ძიძიშვილი, ქუჯი. 1969. „გიორგი ნიკოლაძის მოსაგონარი“. ცისკარი, 4, გვ.100-109.
[9] სტანისლავ ფელიქსის ძე ვაკარეცი – ბალეტმაისტერი, პედაგოგი, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში მოღვაწეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1919 წლის 5 თებერვალს დაიდგა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა„თქმულება შოთა რუსთაველზე“ (ქორეოგრაფი სტანისლავ ვაკარეცი, რეჟისორი ალ. წუწუნავა). აფიშებზე ვაკარეცის გვარის მიუხედავად ეეჭვებათ, შეძლებდა არა უცხოელი ქართული ცეკვების დადგმას. სამართლიანად ფიქრობენ, რომ ბალეტმაისტერს უნდა დახმარებოდა ალექსი ალექსიძე, რომელიც იმ დროს ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართულ ცეკვებს დგამდა. (იხილეთ: სამსონაძე, ანანო. 2022. „ცეკვა „სამაიას“ ისტორიულ-გენდერული ტრანსფორმაციების შესახებ.“ ქალები და ხელოვნება: ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო ჟურნალი 2 (12): 386-397. )
[10] გვარამაძე, ლილი. 2023. ქართული ხალხური ცეკვა. მონოგრაფია: დავით ჯავრიშვილი. თბილისი: ფავორიტი. გვ. 461.
[11] იქვე.
[12] ჯავრიშვილი. დავითი. 2018. ქართული ხალხური ცეკვა. თბილისი: სამშობლო. გვ. 686-688.
[13] გვარამაძე. ლილი. 2023. „ქართული ხალხური ცეკვა. მონოგრაფია დავით ჯავრიშვილი“. თბილისი: ფავორიტი. გვ. 465. ლონდონის ფესტივალის მასალები ვრცლად იხილეთ: ჯავრიშვილი, დავითი. 2018. ქართული ხალხური ცეკვა. თბილისი: სამშობლო. გვ.673-676).
[14] ჯავრიშვილი, დავით. 2018. ქართული ხალხური ცეკვა. თბილისი: სამშობლო. გვ. 61
[15] გვარამაძე, ლილი. 1964. ,,ქორეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი.“ Вечерний Твилиси (რუსულ ენაზე). გვ. 25.
[16] საქართველოს თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა. წიგნი III. აგრეთვე: ჯავრიშვილი, დავით. 2018. ქართული ხალხური ცეკვა. თბილისი: სამშობლო. გვ.178-344.
[17] გვარამაძე. ლილი. 2023. „ქართული ხალხური ცეკვა. მონოგრაფია: დავით ჯავრიშვილი“. თბილისი: ფავორიტი. გვ. 466.




