Shape Note Singing და ფოლკლორული მუსიკის პრაქტიკა
Shape note singing, იგივე, Sacred Harp singing მუსიკალური პრაქტიკაა, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში ჩაეყარა საფუძველი და ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. სიმღერას (გალობას) ოთხ ხმაში ასრულებს ჯგუფი, რომლის წევრები რამდენიმე მწკრივად ქმნიან წრეს, ხოლო შუაგულში ჯგუფის ხელმძღვანელი (წამყვანი) დგას. ეს არის დემოკრატიასა და თანასწორობაზე დაფუძნებული ტრადიცია, სადაც ჯგუფის თითოეულ ახალბედას კეთილგანწყობით ეგებებიან და სადაც თითოეულ მონაწილეს, მორიგეობით, განურჩევლად ასაკისა, შეუძლია აირჩიოს სიმღერა და გახდეს წამყვანი − ცენტრიდან უხელმძღვანელოს ჯგუფს.
მიუხედავად იმისა, რომ რეპერტუარს რელიგიური ძირები აქვს, ის სრულდება არა რელიგიური მსახურებისას, არამედ მორწმუნე ქრისტიანებისა და არამორწმუნეების შეკრებების დროს, რომელთაც ეს მუსიკა და მისი ესთეტიკის სიყვარული ერთნაირად იზიდავთ.[1] Shape note singing-ის ღონისძიებების ყველა მონაწილე ერთსა და იმავე სანოტო კრებულს (სახელმძღვანელოს) იყენებს. ყველაზე ხშირად გამოიყენება კრებული The Sacred Harp (წმინდა ქნარი/არფა), რის გამოც ტრადიცია Sacred Harp-დაც მოიხსენიება. თუმცა, კიდევ არაერთი კრებული არსებობს, რომელთაგან ზოგი დღემდე გამოიყენება და რომელთა შორისაა, მაგალითად: Shenandoah Harmony (შენანდოა ჰარმონია) და The Christian Harmony (ქრისტიანული ჰარმონია).
ამგვარ ნოტებს shape note -ს (ფიგურულ ნოტს) უწოდებენ, რადგან ის იყენებს სხვადასხვა ფორმის/ფიგურის ნოტების თავაკებს (იხ. სურ. 1).[2] ეს ხელს უწყობს ფურცლიდან კითხვაში დაოსტატებას, მუსიკალურ წიგნიერებასა და სხვადასხვა ხმაში მღერას. მე-18 საუკუნის ბოლოს, როდესაც ახალ ინგლისში (აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი) shape note სისტემა გამოიგონეს, საეკლესიო გალობა ძირითადად მონოფონიური იყო, გაწელილად, ნელა სრულდებოდა და რთულად აღიქმებოდა. Shape note სისტემის პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით იმ მოგზაურ მასწავლებლებს, რომლებიც ნოტებით დატვირთული ეტლებით თემიდან თემში მოგზაურობდნენ. თითოეულ ადგილას კვირები რჩებოდნენ, რომ წიგნები გაეყიდათ და ახალი მეთოდის საფუძვლები და პრინციპები ესწავლებინათ.
1840-იანი წლებისთვის უკვე არაერთი ასეთი სიმღერის კრებული იყო გამოცემული. ეკლესიის ფარგლებს მიღმა რეგულარული შეკრების ტრადიციამ განსაკუთრებით ამერიკის სამხრეთში გაიდგა ფესვები და დღემდე ცოცხალია. ჩრდილოეთ შტატებში shape note მღერის ტრადიცია გაქრა, თუმცა, 1960-იან და 1970-იან წლებში დაიწყო მისი გაცოცხლება ჩრდილოეთ ამერიკის ხალხური მუსიკის აღორძინების მოძრაობის კვალდაკვალ. სწორედ ამის გამო, ამერიკის სამხრეთი ამჟამად ავთენტური shape note-ს პრაქტიკის წყაროდ ითვლება.
დღესდღეობით, shape note-ს ყველაზე გავრცელებულ სისტემაში, მაჟორული ტონალობის პირველი საფეხური (ფა) გამოისახება სამკუთხედის ფორმის თავაკით, მეორე საფეხური (სოლ) − მრგვალით, მესამე (ლა) კი − მართკუთხა თავაკით და ა.შ. (იხ. სურ. 1). მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მუსიკალური ბგერათრიგი შვიდ განსხვავებულ ნოტს შეიცავს ოქტავურ გამეორებამდე და ზოგიერთი კრებული შვიდფორმიანი/ფიგურიანია, The Sacred Harp და დღესდღეობით აქტიურად გამოყენებული კრებულების უმეტესობა ოთხი ფორმის სისტემას იყენებს. ამ სისტემაში, ბგერათრიგის პირველი და მეოთხე ნოტი ერთ ფორმას იყენებს, მეორე და მეხუთე − მეორეს, მესამე და მეექვსე ნოტები მესამე ფიგურით გამოისახება, ხოლო მეშვიდე ნოტს („მი“) თავისი საკუთარი, რომბისებრი ფორმა აქვს. ამგვარად იქმნება, ერთი მხრივ, მაჟორული ბგერათრიგის ნიმუში: ფა-სოლ-ლა-ფა-სოლ-ლა-მი (-ფა) და, მეორე მხრივ, მინორული გამის მოდელი: ლა-მი-ფა-სოლ-ლა-ფა-სოლ(-ლა).[3] „წმინდა ქნარისა“ და სხვა კოლექციების ფიგურული ნოტების უმეტესობა დღეს ოთხ ხმაშია არანჟირებული, თუმცა ადრეული კომპოზიციები ძირითადად სამხმიანი იყო, რომელთაც ალტის ხმა ათწლეულების შემდეგ დაემატა (იხ. სურათი 2).[4]

მაჟორული და მინორული ბგერათრიგები 4-ფიგურიან სისტემაში.

ოთხხმიანი ჰიმნი shape note-ს სტილში. ხმების სახელწოდება (ზევიდან ქვევით): სოპრანო, ალტი, ტენორი (წამყვანი მელოდია) და ბასი.
ადგილობრივი Shape Note-ს გალობის ღონისძიებები ხშირად ყოველ კვირას ან ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება აშშ-ის მრავალ ქალაქსა და სოფელში და დღეს უკვე − ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ადგილობრივთა ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება და გალობს, შეიძლება ჩაითვალოს მუსიკალური სუბკულტურის მონაწილედ[5] − ესაა ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც დიდ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, თუმცა, რეალურად მრავალ ადგილობრივ „სცენაზე“ ან „სოციალურ-კულტურული აქტივობის ფენებში“ არსებობს და მოქმედებს.[6]
უფრო მასშტაბური ღონისძიებები, რომელთაც all day singings ანაც − conventions-ს უწოდებენ, შაბათ-კვირას იმართება, რომლის დროსაც სრული ერთი ან ორი დღის განმავლობაში გალობენ (დილას − საუზმემდე, ნაშუადღევს და საღამოს არაოფიციალურ წვეულებებსა და შეკრებებზე). ამგვარ ღონისძიებებს ზოგჯერ ასი და მეტი მონაწილეც ჰყავს.
ჩვეულებრივ, სიმღერის ღონისძიებებზე მონაწილეები მორიგეობით ირჩევენ სიმღერებს; ის, ვინც არჩევს სიმღერას, ხელმძღვანელობს პროცესს ოთახის შუაგულიდან. არავის მოეთხოვება ხელმძღვანელობა, თუმცა, როგორც წესი, მეორედ სიმღერას არავინ უხელმძღვანელებს, სანამ ყველა მსურველის პირველი არჩევანი არ დაკმაყოფილდება. უფრო მასშტაბურ ღონისძიებებზე ხელმძღვანელობის მსურველები წინასწარ რეგისტრირდებიან, რათა არავინ დარჩეს გაწბილებული.
მე თავად იმდენი ხანია Sacred harp მუსიკას ვასრულებ, რამდენიც ქართული ვოკალური პოლიფონიით დავინტერესდი − მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა.
ამ ხნის განმავლობაში აღმოვაჩინე მნიშვნელოვანი მსგავსება იმ არაქართველებს შორის, რომელთა ნაწილი ქართულ მუსიკაზეა შეყვარებული, ხოლო ნაწილი shape music-ს ასრულებს (რამდენიმე ქართველსაც გადავაწყდი, რომლებიც shape note მუსიკას მღერიან, თუმცა, ეს მაინც იშვიათობაა). ეს განსაკუთრებით ეხება ქართული მუსიკის ჩრდილოეთ ამერიკელ მომღერლებს და, ასევე, ჩემს ევროპელ და ავსტრალიელ მეგობრებსა და ნაცნობებს.
მუსიკის ამ ორ სტილს რამდენიმე რამ აერთიანებს: „ბუნებრივი ხმით“ მღერის პრინციპი, რომელიც კლასიკური ტექნიკის ნაცვლად იყენებს გულმკერდისა და ცხვირისმიერი რეზონირებას; მაღალი დეციბელების ხარისხი/დონე; ტრადიციული ევროპული ჰარმონიის თავიდან აცილება; მღერის თანამონაწილეობითი ფორმატი; ვოქაბელების (სამღერისების) გამოყენება; სტუმართმოყვარეობასა და სამზარეულოსთან ასოციაცია; და ზოგადად, ხედვა, რომლის მიხედვითაც ეს სოფლური, ავთენტური და ფუნქციური ფესვების მქონე ხალხური ტრადიციაა.
რა თქმა უნდა, მუსიკალური სტილები ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ევროპული კლასიკური კანონის მიღმა არსებული ჯგუფური მღერის ტრადიციები, ახალბედებს ამ საერთო მახასიათებლების გამო იზიდავს (ამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კეროლაინ ბითელის წიგნი „A Different Voice, a Different Song“)[7]. ბევრი ადამიანი, ვინც ქართულ სიმღერას ან shape note-ს მღერას, როგორც ამ ტრადიციისგან შორს მყოფი (უცხოელი) ეცნობა, ამ ახალ სტილებთან პირველ შეხვედრას ერთგვარ მუსიკალურ ტრანსფორმაციად, გარდამტეხ მომენტად აღწერს, როგორც უცნობ, შოკისმომგვრელ მუსიკალურ გამოცდილებას, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება.
მართლაც, ბევრი shape note-ს შემსრულებელი/პრაქტიკოსი წელიწადში რამდენჯერმე რეგულარულად ასობით კილომეტრს გადის, რათა დაესწროს შაბათ-კვირის მასშტაბურ შეკრებებს ახლომდებარე თუ შორეულ ქალაქებსა და რეგიონებში. სწორედ ისე, როგორც ქართული მრავალხმიანობის მოყვარული და შემსრულებელი უცხოელი ჩამოდის საქართველოში სიმღერის ადგილზე შესასწავლად. ამერიკის სამხრეთ შტატებში, როგორიცაა ალაბამა, ჯორჯია და ტენესი, ყოველწლიური სიმღერის ღონისძიებები shape form-ის შემსრულებლებს ისეთი შორეული რეგიონებიდან იზიდავს, როგორიცაა ილინოისი, ნიუ-იორკი, ვერმონტი, კალიფორნია და სხვები. სამხრეთელი შემსრულებლები ჩრდილოეთის გალობის მასშტაბურ შეკრებებსაც ესწრებიან, ზოგჯერ საგანგებო სტუმრების სტატუსით; სწორედ ისე, როგორც ჩრდილოეთ ამერიკელები და ევროპელები ხშირად მასპინძლობენ ქართული სიმღერის მასწავლებლებსა თუ ანსამბლებს კონცერტების ჩასატარებლად. ახალბედებისადმი კეთილგანწყობისა და ინკლუზიურობის მნიშვნელობის დემონსტრირების მიზნით, სტუმარი მომღერლები ხშირად უფასოდ რჩებიან ადგილობრივი მომღერლების სახლებში, რომლებიც ღონისძიების მასპინძლები და ორგანიზატორები არიან.
რადგან sacred harp-ის ღონისძიებები საერთო სანოტო კრებულის გარშემოა დაგეგმილი და თავად ტრადიციაც იმ იდეას ეფუძნება, რომ ყველა მონაწილეს შეუძლია (ან სწავლობს) კრებულიდან ნოტების გაშიფვრა, მონაწილეებს თეორიულად შეუძლიათ ნებისმიერ ასეთ შეკრებაზე დასწრება ნებისმიერ ადგილას და მოცემული კრებულიდან ნებისმიერი გალობის შესრულება, მაშინაც კი, თუკი ისინი მანამდე არასდროს შეხვედრიან სხვა შემსრულებლებს ან არ უგალობიათ ეს კონკრეტული ჰანგი.
წიგნში შესული 590 სიმღერიდან ზოგიერთი ნაცნობია პრაქტიკულად sacred harp-ის თითოეული მომღერლისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სიმღერებს, როგორიცაა „Idumea“, რომელიც 2003 წლის ფილმში „Cold Mountain“ (ცივი მთა) გაჟღერდა, რითაც მილიონობით მაყურებელი პირველად ეზიარა shape note-ის მუსიკას.[8] იმის გათვალისწინებით, რომ sacred harp-ის კრებული ხელახლა გამოიცა 2025 წელს და 1991 წლის გამოცემიდან 77 სიმღერა 113 ახლით ჩაანაცვლეს. შესაბამისად, გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ ახალი სიმღერები ფართოდ გახდება ცნობილი. shape note-ის შემსრულებელთა თითოეული ლოკალური ჯგუფი ამჯობინებს გარკვეულ სიმღერებს და დიდწილად თავს არიდებს სხვებს; ზოგიერთ ჯგუფში, სადაც თავგადასავლების მოყვარულ შემსრულებელთა ნაკლებობაა და მაინცდამაინც რეგულარულადაც არ იკრიბებიან, შეიძლება კოლექციიდან ჰანგების მხოლოდ 10-20% იყოს ათვისებული.
Shape music-ის მღერა გარკვეული გამოწვევაა, რადგან წარმოშობს კითხვას, რა იგულისხმება ფოლკლორულ ავთენტურობაში. ბევრი ეთნომუსიკოლოგი აღიარებს, რომ ტერმინი „ფოლკი“ მრავალი თვალსაზრისით პრობლემურია, თუმცა, ის კვლავ ფართოდ გამოიყენება ისეთი ზოგადი მახასიათებლების აღსანიშნავად, რომლებიც აღწერილია ფილიპ თაგის „Axiomatic triangle“-ში (აქსიომური სამკუთხედი), რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს ფოლკლორულ, პოპულარულ და არტ მუსიკას და პირველს ასე განმარტავს: 1) იქმნება და გადაეცემა, ძირითადად, მოყვარულთა მიერ; 2) ვრცელდება ადგილობრივად და არა მასობრივად; 3) ინახება და ვრცელდება, ძირითადად, ზეპირად და არა მუსიკალური ნოტების ან ჩანაწერების საშუალებით; 4) ძირითადად, მომთაბარე ან აგრარულ საზოგადოებებში წარმოიქმნება; 5) „ფოლკ“ მუსიკის წერილობითი თეორია და ესთეტიკა შეზღუდული ან იშვიათია; 6) მუსიკის კომპოზიტორი, როგორც წესი, ანონიმურია.[9]
Shape note-ის მღერა, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს ამ მახასიათებლების ნაწილს. ეს სრულიად არაპროფესიონალური პრაქტიკაა: sacred harp-ის შეკრებებზე დასწრებისთვის არ იხდიან, და თითქმის არავინ გამოიმუშავებს ფულს shape note-ის სიმღერით, გარდა ხანდახან მოწვეული ინსტრუქტორისა, რომელიც shape note-ის სისტემის შესახებ პრაქტიკულ სემინარებსა თუ გაკვეთილებს ატარებს.
Sacred Harp Publishing არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს წიგნების ფასი მაქსიმალურად დაბალ დონეზე შეინარჩუნოს, რათა მონაწილეობის ბარიერები შემცირდეს. Shape note შემსრულებლები იშვიათად მღერიან ფულის სანაცვლოდ, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მათ ფილმისთვის მუსიკის შესრულების ან სხვა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობისთვის იწვევენ. Shape note-ის ტრადიცია განსაკუთრებით ფესვგადგმულია სოფლის გარემოში და კვლავ ცოცხალია ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ალაბამა და ტენესის აგრარული შტატები.
გამოცემული კრებულები გადამწყვეტ როლს თამაშობს shape note მღერის პრაქტიკაში − ფაქტობრივად, ტერმინი „shape note“ თავად მუსიკალურ ნოტაციას გამოხატავს. ამიტომ, არასდროს ყოფილა ზეპირი გადაცემის ტრადიცია. თუმცა, არსებობს გარკვეული, ზოგადად მიღებული პრაქტიკა, რომელიც სცილდება მუსიკალური ნოტების მკაცრ, სიტყვასიტყვით წაკითხვის ჩარჩოებს და ზეპირი გადაცემის ტრადიციისკენ იხრება.
მაგალითად, იშვიათად მღერიან ფურცელზე ფიქსირებულ ტონალობაში. ნაცვლად ამისა, ერთ-ერთი უფრო გამოცდილი მონაწილე, როგორც წესი, არჩევს სიმღერის ტონალობას, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად შეესაბამება მონაწილეთა დიაპაზონს. გარდა ამისა, მინორული მელოდიები ზოგჯერ დორიულ კილოში (მაღალი მეექვსე საფეხურით) სრულდება და, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, იმთავითვე იგულისხმება, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი მე-6 საფეხური, შეიძლება, სულაც არ იყოს ნოტებში მითითებული.
იმის მიხვედრა, თუ რომელი სიმღერები იყენებს მაღალ მე-6 საფეხურს, მოითხოვს კონტექსტის ცოდნასა და გამოცდილებას, მაგრამ ეს ინფორმაცია ხშირად ვერბალურად კი არ გადაეცემა, არამედ უბრალოდ შეიწოვება შესრულების პროცესში, რაც ზეპირი გადაცემის კლასიკური მაგალითია.
დაბოლოს, ბევრი შემსრულებელი იმახსოვრებს სიმღერებს, მათ შორის თითოეული ნოტის ფორმას და მათ ნოტების გარეშე ასრულებს. ეს საშუალებას იძლევა ჰანგის გამდიდრებისთვის, ვოკალური ნიუანსების დამატებისა და ვარიაციების მეშვეობით, რაც პარტიტურაში არ არის მითითებული.
Shape note-ის სიმღერების მუსიკალური და სიტყვიერი შინაარსი იშვიათადაა ანონიმური: ჰანგის კომპოზიტორისა და ტექსტის ავტორების სახელები ნოტებთან ერთად იბეჭდება კრებულში. ზოგი ჰანგი 200 წლის წინანდელია, ან უფრო ადრეა შექმნილი, სხვები გაცილებით გვიანდელია, ხოლო ზოგი ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიქმნა. 2025 წლის „Sacred Har“-ის გამოცემა 78 კომპოზიტორის 113 ახალ ჰანგს შეიცავს, მათგან 49 ჯერ კიდევ ცოცხალია, ხოლო ერთი ნაწარმოები 2024 წლით თარიღდება.[10] უმეტეს შემთხვევაში, ახალ კომპოზიციებში გამოყენებულია ტექსტები, რომლებიც შეესაბამება ტრადიციული რელიგიური პოეზიის სტილს. სინამდვილეში, ხშირად იყენებენ პოეტურ ტექსტებს, რომლებიც ასეულობით წლით ადრე დაწერეს ჰიმნების ავტორებმა, მაგალითად, ინგლისელმა ისააკ უოტსმა (1674–1748). მიუხედავად იმისა, რომ ჰანგები ახალია, ისინი დაწერილია სტილით, რომელიც დიდწილად ეფუძნება უკვე არსებული shape note-ის ფორმის სიმღერებს. ახალი კომპოზიციები რადიკალურად განსხვავებული სტილით რომ შეექმნათ, სავარაუდოდ, ფართო აღიარებას ვერ მოიპოვებდა.
ფოლკლორული ტრადიციის პერსპექტივიდან, shape note-ის მღერის ყველაზე საინტერესო ასპექტი შესაძლოა იყოს ის, თუ როგორ შლის საზღვრებს „შინაური-უცხოს“ (insider/outsider) დიქოტომიას. ერთი მხრივ, shape note-ის მღერით დაინტერესებული თემების განვითარება ჩრდილოეთ და შუა დასავლეთ შტატებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ილინოისი და პენსილვანია, შეიძლება კულტურული აღორძინების ფორმად ჩაითვალოს. თუმცა, ეს არ არის „მეორადი ფოლკლორი“ იმ გაგებით, როგორც მას ედიშერ გარაყანიძე განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელმა მომღერლებმა, შესაძლოა, გადმოიღეს „მუსიკალური პრაქტიკები, ფუნქციები და მნიშვნელობები ღრმად ლოკალური, როგორც წესი, სოფლური კონტექსტიდან“,[11] მათი მიზანი არ ყოფილა თანამონაწილეობითი ტრადიციის საკონცერტო სცენაზე გადატანა და მისი წარმოდგენად ქცევა/გარდაქმნა. ვინაიდან shape note-ის მღერა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ერთი რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის ექსკლუზიური კუთვნილება და წარმოადგენდა ადგილობრივი თემების ქსელს, რომლებიც ერთმანეთს მასპინძლობდნენ და სტუმრობდნენ, გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებში ახალი თემების შემომატება არ ითვლებოდა ტრადიციის შებღალვად. ახალბედა ჩრდილოელმა მომღერლებმა სამხრეთული ტრადიციები აითვისეს, როგორიცაა, მაგალითად, არადენომინაციური ლოცვა, ახალგარდაცვლილი მომღერლების ხსოვნისადმი პატივის მიგება მცირე რიტუალის ფორმით და ერთდღიანი shape note-ის ღონისძიების დროს შესვენებისას ერთად პურობა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთელი მომღერალი თემების წევრები, რომლებიც თაობების განმავლობაში დაბადებიდანვე ეზიარებოდნენ Sacred Harp-ის მუსიკას, დღემდე დიდი პატივით სარგებლობენ, როგორც ავთენტური ტრადიციის მცველები, ახალბედებსაც შეუძლიათ ლიდერის როლის აღება თავიანთ ადგილობრივ თემებში საკმარისი გამოცდილების მიღებისა და სხვადასხვა ადგილზე ღონისძიებებში მონაწილეობის კვალდაკვალ.
Shape note მუსიკა, რომელიც ოდესღაც ადგილობრივი ტრადიცია იყო, დღეს უკვე ფართოდ გავრცელდა და მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს მომღერლებს. ის ეპატიჟება ყველას, რათა შეუერთონ ხმები ერთმანეთს და მეტიც, გახდნენ ლიდერები და ეზიარონ ამ ტრადიციას. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ყველასთვის ერთნაირად მიმზიდველი არ იყოს, აქ მიღებული ძლიერი ემოციური და ფიზიკური გამოცდილება ამ უნიკალური ტრადიციის ერთგულ მიმდევრებად გვაქცევს.
იმის მიუხედავად, თუ როგორ აღვიქვამთ ცნებას „ფოლკლორული ტრადიცია“, იგი უდავოდ ცოცხალი და დიდებული პრაქტიკაა, რომელიც პროფესიული მუსიკის მიღმა არსებობს, და მისი უნარი და ძალა, გააერთიანოს ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, ქება-დიდებისა და აღნიშვნის ღირსია.
[1] Miller, Kiri. 2008. Traveling Home: Sacred Harp Singing and American Pluralism. Urbana, IL: University of Illinois Press.
[2] https://en.wikipedia.org/wiki/Shape_note#/media/File:TheShapesOfShapeNoteSinging_4ShapeSystem.gif
[3] ერთ-ერთი სარგებელი ოთხი ფორმის გამოყენებისა შვიდის ნაცვლად არის ის, რომ ნათლად აჩვენებს მთელი ტონის მანძილს ფა-დან სოლ-მდე და სოლ-დან ლა-მდე, ასევე მაჟორულ ტერციულ დამოკიდებულებას ფა-სა და ლა-ს შორის. ეს მოდელი მაჟორულ ბგერათრიგში ორჯერ გვხვდება: პირველად 1-3 საფეხურებს შორის და მეორედ 4-6 საფეხურებს შორის.
[4] “New Britain” კრებულიდან The Sacred Harp, 1991 გამოცემა (გვ 45). https://upload.wikimedia.org/score/o/w/owhcf1tly76z65t4iq4t6eccl79slv4/owhcf1tl.png
[5] Slobin, Mark. 1992. “Micromusics of the West: A Comparative Approach.” Ethnomusicology 36(1):1-87.
[6] Straw, Will. 2004. “Cultural Scenes.” Loisir et société/Society and Leisure 27(2):412.
[7] Bithell, Caroline. 2014. A Different Voice, a Different Song: Reclaiming Community through the Natural Voice and World Song. Oxford: Oxford University Press.
[8] სხვა საყოველთაოდ ცნობილი მელოდიებია „Hallelujah,“ „Northfield,“ „Africa,“ „Redemption“ და „Stratfield.“
ვებგვერდზე https://fasola.org/minutes/stats/ ხელმისაწვდომი სტატისტიკის მიხედვით, „Idumea“ 2004 წლიდან მოყოლებული The Sacred Harp-ის ათ ყველაზე ხშირად შესრულებულ ჰანგებს შორისაა მაშინ, როცა Cold Mountain-ის გამოსვლამდე ის ორმოცეულშიც კი არასოდეს შესულა.
[9] Tagg, Philip. 1982. Analysing Popular Music: Theory, Method and Practice. Popular Music 2: 37-67.
[10] https://sacredharp.com/2025/08/01/songs-added-sacred-harp/
[11] Bithell, Caroline. 2016. “Georgian Polyphony and its Journeys from National Revival to Global Heritage,” in The Oxford Handbook of Musical Revival. Ed. Caroline Bithell & Juniper Hill. Oxford: Oxford University Press, 573.