სარედაქციო წერილი #7

ძვირფასო მკითხველო, 

ქართული ფოლკლორის წინამდებარე ნომერში ავტორები მოგვითხრობენ ამბებს, რომლებიც მეხსიერებამ ისტორიის მივიწყებულ ქრონიკებსა და მითოსურ-სარიტუალო პრაქტიკებში შემოინახა. 

აქ თქვენ წაიკითხავთ ოდესღაც ღვთაებრივად მიჩნეულ სნეულებებზე, თითქმის გაქრობის პირას მყოფ და ხელახლა სიცოცხლე შთაბერილ საკრავებზე, ოჯახებზე, რომლებმაც მძიმე ქარტეხილების ჟამს უვნებლად შემოინახეს წინაპართა დანატოვარი, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გვიზიარებენ წინაპართა ნაკვალევზე მოგზაურობის საკუთარ ისტორიას. 

დავიწყებთ მითოპოეტური, „ბატონებად“ წოდებული ინფექციური სნეულებების სამყაროს გაცნობით. ავტორი, მაია გელაშვილი ცდილობს ამ რთული მოვლენის მრავალმხრივად განხილვას და წარმოაჩენს მის კომპლექსურ ბუნებას, საიდანაც ჩანს, რომ ბატონები, თეთრი ზღვიდან მომავალი ეს უსხეულო არსებები არა უბრალოდ სნეულებების მატარებლები, არამედ კოსმიური ძალების აგენტები და მორალური წესრიგის გუშაგები არიან. 

თევდორე გოგოლაძის დახმარებით სრულიად განსხვავებულ, არამითოლოგიურ კონტექსტში გაეცნობით და ხელახლა აღმოაჩენთ უენო სალამურს, რომლის ხმა ერთ დროს საქართველოს საძოვრებს ეფინებოდა და რომელიც საბჭოთა ეპოქაში დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. თითქოს ავტორი შიშობს, რომ მისი ძალისხმევის მიუხედავად, უენო სალამურმა შეიძლება საბოლოოდ შეწყვეტოს არსებობა და სვამს კითხვას: ნუთუ მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატად შემოგვრჩება ეს უძველესი საკრავი?

ჟურნალის ორი სტატია იმ ოჯახების მემკვიდრეობას ეძღვნება, რომლებმაც ქართული სიმღერის ცოცხალი ტრადიცია თაობიდან თაობას შემოუნახეს. ბესიკ მახათაძე მოგვითხრობს იმერეთში ივანე, ოქროპირ და სინო კანდელაკების ოჯახზე, რომელთა გალობა ერთ დროს იმერეთის ტაძრებსა და სასახლეებს ეფინებოდა. სტატიაში ჩანს, როგორი განსაკუთრებულია კანდელაკების როლი დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის დაცვასა და განვითარებაში. 

ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოისტორია კი აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო სკოლის ღვაწლმოსილი წარმომადგენლების, კარბელაშვილების ოჯახზე მოგვითხრობს. მე-19 საუკუნეში, როდესაც იმპერიულმა რუსეთმა სცადა საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის ჩახშობა, კარბელაშვილებმა დიდი შრომა გასწიეს ქართული გალობის დასაცავად და ხელი შეუწყვეს გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ამ ძვირფასი მემკვიდრეობის გადარჩენას.

სანდრო ნათაძე გვიზიარებს საკუთარ პილიგრიმაჟს პირველი ქართველი ეთნომუსიკოლოგი ქალის, თამარ მამალაძის ნაკვალევზე. ეს ამბავი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მიზანსწრაფულობისა და არდანებების წყალობით ერთი შეხედვით დაუძლეველი ამოცანების გადალახვა და მიზნის მიღწევა. თუმცა, ეს ისტორია მხოლოდ ავტორის პირადი გამარჯვების ქრონიკა არ არის − იგი წარსულთან დიალოგია, რომელიც პატივს მიაგებს თამარ მამალაძის მემკვიდრეობას, უკვდავყოფს მის მიერ დოკუმენტირებულ ადამიანთა სახელებს და აცოცხლებს მივიწყებულ სიმღერებს. 

დაბოლოს, ეთერ ინწკირველი თავის ვრცელ ნარკვევში ჩვენი არცთუ შორეული წარსულის ისტორიულ მომენტს, 1937 წელს მოსკოვში გამართულ „ქართული ხელოვნების დეკადას“ შეგვახსენებს, რომლის დროსაც, ამ გარეგნულად თვალისმომჭრელი მოვლენის უკან, კულისებში, დრამატული პროცესები და ბობოქარი რეპრესიები იმალებოდა. სტატია მოგვითხრობს ისტორიული პერსონაჟების ტრაგიკულ ხვედრზე ტოტალიტარული სისტემისთვის ჩვეული მორალური ხრწნის პირობებში. გვაჩვენებს, როგორი დაუცველია ამგვარ სისტემაში მისივე მსახური და როგორ თამაშდება ეს ტრაგედია თეატრის კედლებში, რომელიც კულტურული იდენტობის გამოხატვის ნაცვლად, ეგზისტენციალური საფრთხის შემცველ სივრცედ იქცევა.   

მთლიანობაში, ამ ნომრის სტატიები ქართული ხალხური კულტურის ისტორიის ფურცლებს გვაცნობს და გვასწავლის, რომ ტრადიციების დაცვა თავისთავად და მარტივად არ ხდება. მემკვიდრეობის შენარჩუნებას კვლევა, ძიება, ცოდნა, ერთგულება და სიყვარული სჭირდება. 

პატივისცემით, 

სარედაქციო საბჭო

ავტორი :

რედაქტორთა ჯგუფი -