ქართული გალობის მცველები

ეს ფოტო საქართველოს ეროვნულ არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივში, 394-ე ალბომშია დაცული.  მასზე აღბეჭდილია ოთხი ძმა კარბელაშვილი, მღვდელ გრიგოლ მღებრიშვილთან და მღვდელ ალექსანდრე მოლოდინაშვილთან ერთად. ფოტოს ახლავს მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის ხელმოწერა და თარიღი − 1885 წლის მარტი. ასევე ფოტოგრაფ ფილიპოვიცის საავტორო ბეჭედი.

ამ სტატიაში გიამბობთ, რა წინაისტორია აქვს ამ ფოტოს და რა დამსახურება მიუძღვით მასზე აღბეჭდილ ადამიანებს ქართული კულტურის წინაშე.

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობამ და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ სავალალო შედეგები რომლებმაც გავლენა იქონია ქართველთა ყოფაზე. ქართული კულტურის უძვირფასესი მუსიკალური მემკვიდრეობა − ქართული საეკლესიო გალობაც დაკარგვის საფრთხის წინაშე  აღმოჩნდა. გაუქმდა უძველესი ეპარქიები და მონასტრები, მოიშალა ასწლოვანი საგანმანათლებლო და სამგალობლო კერები. ეს განსაკუთრებით მძაფრად გამოჩნდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც გალობის მცოდნე ასაკოვანი სასულიერო პირები აღესრულნენ და მრავალი საგალობელი სამუდამოდ დაიკარგა მომავალი თაობისთვის. 

1860-იანი წლებისთვის ძველი გალობის მცოდნე ხალხი კანტიკუნტად იყო შემორჩენილი. აღმოსავლეთ საქართველოში გალობის ცოდნით გამოირჩეოდა კარბელაშვილების ოჯახი, რომელიც რუდუნებით ინახავდა საუკუნებრივ მემკვიდრეობას. მღვდელმა გრიგოლ კარბელაშვილმა სიყრმიდანვე შეისწავლა საღმრთო მსახურება  მამისგან, მგალობელი პეტრესგან.

ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, ქართული გალობის გადარჩენის საქმეზე საჯაროდ  დაიწყეს საუბარი. დეკანოზ გრიგოლის მიერ ბოდბის მონასტერში განახლებულმა ქართული გალობის სკოლამ დიდი ყურადღება მიიქცია და მამა გრიგოლი თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასულიერო სასწავლებელში მიიწვიეს. 1864 წლიდან ასწავლიდა მამა გრიგოლი სასულიერო სემინარიის სტუდენტებს ქართულ გალობას. სამწუხაროდ, მას სემინარიის რუსი ადმინისტრაციის შოვინისტური პოლიტიკის გამო არაერთი დაბრკოლება შეხვდა, ხოლო 1877 წელს საბოლოოდ დაითხოვეს მასწავლებლობიდან.

დეკანოზ გრიგოლ კარბელაშვილს ხუთი ვაჟი ჰყავდა და ხუთივემ სასულიერო მოღვაწეობა აირჩია. მათ  აღმოაჩნდათ მუსიკის ნიჭი და, რაც მთავარია, წინაპრების  მემკვიდრეობის პატრონობის სურვილი. სამწუხაროდ, დეკანოზი გრიგოლი 1880 წელს გარდაიცვალა და ამ საშვილიშვილო საქმის გაგრძელება ანდრიამ, პოლიევქტოსმა, ვასილმა და პეტრემ ითავეს.

1884 წელს დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ და ქველმოქმედმა, წმინდა მღვდელთმთავარმა ალექსანდრე ოქროპირიძემ გადაწყვიტა, საკუთარი ხარჯით გადაეღო ნოტებზე ქართული საეკლესიო გალობა და გამოეცა. ის მოითხოვდა,  რომ უშუალოდ ძმები კარბელაშვილები ჩართულიყვნენ ამ მეტად საშურ საქმეში. მამა გრიგოლის დანაკლისი აშკარა იყო. ძმებმა დასახმარებლად  დეკანოზ გრიგოლის ორ უნიჭიერეს მოწაფეს მიმართეს: მღვდლებს − გრიგოლ მღებრიშვილსა და ალექსანდრე მოლოდინაშვილს. გადაწყდა, რომ საგალობლები ნოტებზე უნდა გადაეტანა თბილისის მუსიკალური სკოლის დირექტორს, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვს.[1] შეთანხმება შედგა და 1884 წლის ოქტომბრიდან ჯგუფი შრომას შეუდგა. სწორედ მათი დამსახურებით გადაურჩა დავიწყებას ბევრი საგალობელი. ამ სამუშაოს დროს  მღვდელი ვასილ კარბელაშვილი დარწმუნდა, რომ აუცილებლად უნდა შეესწავლა სანოტო დამწერლობა, რათა დამოუკიდებლად შესძლებოდა საგალობლების ჩაწერა, რაც შემდგომში განახორციელა კიდეც.

სწორედ ზემოხსენებული მოღვაწეების სახეები შემოგვინახა ამ ფოტომ, მოღვაწეებისა, რომელთა წვლილი ფასდაუდებელია ქართული გალობის გადარჩენის საქმეში.  

 

[1] იპოლიტოვ-ივანოვი მიხეილ (1859, გატჩინა - 1935, მოსკოვი) - რუსი კომპოზიტორი, დირიჟორი. პედაგოგი. ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შემკრები. თბილისის კონსერვატორიის რექტორი 1924-1925 წლებში.

ავტორი :

ლუარსაბ ტოგონიძე - ქართული საეკლესიო გალობის ისტორიის მკვლევარი