ცოტა რამ კანდელაკების გალობაზე
ქართული ტრადიციული გალობის შენახვასა და გავრცელებაში ამა თუ იმ საგვარეულოთა დამსახურება იმდენად დიდი იყო, რომ სხვადასხვა სამგალობლო სკოლას, ზოგჯერ გვარებით მოიხსენიებდნენ. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილი დუმბაძის კილო, შემოქმედის სკოლის სამგალობლო ტრადიციების აღნიშნავდა.
XIX-XX საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ გალობას კარბელაანთ კილოს, ან კარბელაანთ გალობას უწოდებდნენ, რასაც ძალიან კარგად ხსნის ვასილ კარბელაშვილი: „რაც შეეხება სახელწოდებას „კარბელაშვილის გალობა“[1] - იმიტომ კი არ ეწოდების, რომ იგი შეჰქმნა კარბელაშვილმა, არა-მარტო იმიტომ, რომ მისითვე მამაპაპეულად დღემდის დარჩა იმის ოჯახში და აქნობამდის მოიტანეს. აი, ამიტომ ჰქვიან „კარბელაშვილის კილოთი“.[2]
იმერეთში კი გალობით განთქმულ გვარებს შორის გამოირჩეოდა კანდელაკების გვარი, რომელიც ითვლებოდა ძველი სამგალობლო კილოების დამცველად და შემსრულებლად.[3]
კანდელაკები სხვადასხვა დროს გალობდნენ გელათის მონასტერში, სოლომონ II-ის სამეფო სასახლის კარის ეკლესიაში და ქუთაისის საკათედრო ტაძარში.
ჩვენ მოვიძიეთ მცირე ბიოგრაფიული ცნობები ამ გვარის რამდენიმე გამორჩეული მგალობლის შესახებ.
ივანე გიორგის ძე კანდელაკი, დაბადებული 1778 წელს, გალობდა იმერეთის უკანასკნელი მეფის − სოლომონ II-ის სამეფო კარის წმ. გიორგის ეკლესიაში.[4] იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ კი, 1821 წლიდან გალობა გააგრძელა ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (იგივე ბაგრატის) ეკლესიაში, რომელიც იმხანად საკათედრო ტაძარს წარმოადგენდა.[5] ივანე ტაძარში იგი 1853 წლამდე გალობდა. გარდაცვალების შემდეგ კი ივანე კანდელაკი სახელგანთქმულმა მგალობელმა დიმიტრი ჭალაგანიძემ ჩაანაცვლა.
ბაგრატის ტაძარი (ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო)
ოქროპირ კანდელაკი, რომელიც დაიბადა 1787 წელს, ასევე გალობდა სოლომონ II-ის სამეფო კარის ეკლესიაში; ივანეს მსგავსად, 1821 წლიდან კი − ქუთაისის საკათედრო ტაძარში. მან იმდენად კარგად იცოდა გალობა, რომ როდესაც 1833 წელს ეგზარქოსმა მოსემ ქუთაისის არქიეპისკოპოს სოფრონს მგალობლების სასახლეში გაგზავნა სთხოვა, გაგზავნილ ოთხ მგალობელს შორის ერთ-ერთი სწორედ ოქროპირ კანდელაკი იყო.[6]
სინო (სიმონ) გიორგის ძე კანდელაკი 1800 წელს დაიბადა. საღმრთო წერილი და გალობა ამ საქმის ნამდვილი მცოდნეებისგან შეისწავლა. ის წარმოშობით სოფელ გელათიდან იყო. ქუთაისის საკათედრო ტაძარში მგალობლად გამწესებულა 1821 წლიდან და საკმაოდ დიდი ხანი გალობდა იქ. მისი ნამსახურების სიაში ნათქვამია, რომ: „იცის კითხვა წერა და გალობა ძლიერ კარგად“.[7]
აკაკი წერეთელი თავისი ყმაწვილობისდროინდელ მოგონებაში იხსენებს იმერლების (კანდელაკების) და სტუმარი გურულების (ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობით) ერთობლივ გალობას ბაგრატის ტაძარში და სინოს შესახებ ამბობს: „დუმბაძის ბანი ათს ჩაყლაპავს სინოს ბანისთანას, მაგრამ სინო რომ დაუკვერას[8] და გადაჭედ-გადმოჭედს ხმატკბილებით, იმას ვეღარა შეედრება რა“[9].
რაჟდენ ხუნდაძე სინო კანდელაკს ისეთი დიდი მგალობლების გვერდით აყენებს, როგორებიც იყვნენ ანტონ დუმბაძე და დავით შოთაძე: „ჩვენი სახელოვანი მგალობლები, განსვენებულნი: ანტონ დუმბაძე, სინო კანდელაკი, დავით ჩხარელი (შოთაძე) და სხვა საუკეთესო მგალობლები გელათში იყვნენ გაზრდილნი“.[10]
მისი, როგორც გალობის უბადლო მცოდნის აღსანიშნავად ისიც საკმარისია, რომ ახალგაზრდა დიმიტრი ჭალაგანიძე 1850 წელს დავით მიტროპოლიტს სამეგრელოდან ქუთაისში გადმოუყვანია და სინოსთვის ჩაუბარებია, გალობაში უფრო მეტად დახელოვნებისათვის: „აქ ძალიან განვითარდა დიტო გალობის ცოდნაში“ − წერს რაჟდენ ხუნდაძე[11]
გაზეთ „ივერიის“ 1878 წლის ერთ-ერთ ნომერში ვკითხულობთ: „გალობის ძველ კილოზე მცოდნეები არიან: პირველი მათგანი და უპირველესი მგალობელი იმერეთში პატივსაცემი მოხუცი სიმონ კანდელაკი, ეს არის ერის კაცი; ამ უკანასკნელ წლამდის იმერეთის ეპისკოპოზის მგალობელთა რიცხვში უკეთესი ადგილი ეჭირა. ახლა შეუძლებლობისა გამო იქ აღარ ითვლება. იმის გალობის ცოდნაზე ამის მეტი არა ითქმის რა: ის არის უკეთესი მგალობელი იმერეთში, გურიაში და სამეგრელოში. მხოლოდ როცა მას თანასწორი ამხანაგები ჰყავდა, ასე იტყოდნენ: „სიმონმა ყველაზე უფრო ბევრი ჭრელები იცისო“[12].
სინო კანდელაკი ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან 1873 წელს გაუთავისუფლებიათ სიბერის გამო. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.
[1] წყაროში წერია „კარბელოვი“ რაც რუსული კოლონიალური პოლიტიკის მოთხოვნით, ქართული გვარების სლავური გვარებისთვის დამახასიათებელი ბოლოსართებით დაბოლოებას ითვალისწინებდა.
[2]კარბელოვი, ვასილ. 1897. ქართლ–კახური გალობა: კარბელაანთ კილოთი, მწუხრი. თბილისი: სტამბა მ. შარაძისა და ამხანაგობისა.
[3] „კანდელაკი“- ბერძნ. Κανδηλάπτη - მნათე. სიტყვამ პირველად კანდელაფტ-ი მოგვცა, შემდეგ იგი კანდელაკად იქცა. ჩვენში მიღებული იყო წესად, რომ თუ ერთ ჩამომავლობაში პაპა, მამა და შვილი მღვდლები იყვნენ, შემდგომი თაობა გვარად კანდელაკს ირქმევდა. მაგ., საჯავახოს კანდელაკები წარმოშობით ქორიძეები არიან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები. ცნობილმა ლოტბარმა და მუსიკის მცოდნემ ფილიმონმა გვარის გამოცვლა არ ინება და ქორიძედ დარჩა. მისი ახლო ნათესავები კი კანდელაკებად იწერებიან (ა. შ.)
სასკოლო ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ხელმისაწვდომია: http://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=44&t=41562 (წვდომის თარიღი: [03.03.2025]).
[4] კეზევაძე, მერაბ. 2006. დოკუმენტები იმერეთში საეკლესიო გალობის ისტორიისათვის (1821–1920 წწ.). რედაქტორი ქეთევან მამუკელაშვილი. ქუთაისი: ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი.
[5] ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 1003 წელს ბაგრატ III-მ ააგო და ამიტომ მის სახელთანაა დაკავშირებული.
[6] კეზევაძე, მერაბ. 2006. დოკუმენტები იმერეთში საეკლესიო გალობის ისტორიისათვის (1821–1920 წწ.). რედაქტორი ქეთევან მამუკელაშვილი. ქუთაისი: ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი. გვ. 10
[7] ქუთაისის ცენტრალური არქივი. ფონდი 21, საქმე 5603.
[8] ნაწარმოებია ზმნიდან „კვერვა“. კვერვა (სიტყვიდან „კვერი“ - პატარა ზომის ჩაქუჩი) - კვერის ცემით ლითონის დამუშავება, ჭედვა. წყარო: ჩიქობავა, არნ. 1955. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი 4. მთავარი რედაქცია: არნო ჩიქობავა. თბილისის: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
[9] წერეთელი, აკაკი. 1894. „მოგონება“ (ფეხთა ბანა). კვალი, 3 ივლისი, N28, გვ. 4-5.
[10] ხუნდაძე, რაჟდენ. 1910. „ქართული გალობა (რა მდგომარეობაში იყო ქართული გალობა წინათ და რა მდგომარეობაშია დღეს).“ შინაური საქმეები, N18. გვ. 9.
[11] სუხიაშვილი, მაგდა. 2009. „დიტო ჭალაგანიძე“. მთავრი რედაქტორი ვახტანგ როდონაია. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობი“. 8.
[12] ივერიელი, ლ. 1878. „ქართულს გალობაზედ.“ ივერია, N 38, გვ. 6–9.