თამარ მამალაძის ნაკვალევზე
გზა თამარ მამალაძემდე
წლებია, ერთგვარ ვნებად თუ გამოწვევად მექცა ისეთ საქმეებთან შეჭიდება, რომლებიც, მიზეზთა გამო, შეიძლება ძალიან რთული გამოდგეს, თუმცა ყველაზე დიდ სიხარულს ადამიანი სწორედ მაშინ გრძნობს, როდესაც ერთი შეხედვით „დაუძლეველ“ დაბრკოლებას გადალახავს!
დროთა განმავლობაში არაერთი ასეთი ისტორია დამიგროვდა − ზოგი მასშტაბური, ზოგი უფრო მოკრძალებული. თამარ მამალაძის ამბავი მათ შორის სრულიად გამორჩეულ ადგილს იკავებს.
თუ არ ვცდები, 2014 წელს ეთნომუსიკოლოგმა ნინო რაზმაძემ მითხრა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ინახებოდა თამარ მამალაძის უნიკალური საექსპედიციო მასალა − აუდიოჩანაწერები და ხელნაწერები. ქართული ხალხური სიმღერის აუდიოჩანაწერებს 2010 წლიდან ვაგროვებ, ამიტომ ამ ამბავმა ძალიან დამაინტერესა. არაფერი მინდოდა იმაზე მეტად, ვიდრე ამ ჩანაწერების მოსმენა და ხელნაწერების გაცნობა. წავედი ინსტიტუტში და არქივის მცველს, ნიკოლოზ გურგენიძეს შევხვდი, რომელმაც დამიდასტურა, რომ არქივში მართლაც ინახებოდა მამალაძის მასალა. მითხრა, რომ ინსტიტუტი ღია იყო იმ პროექტებისათვის, რომლებიც მასალებს საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიდა. მეც, ფრთხილი ოპტიმიზმით შევთავაზე თანამშრომლობა და გამოცემის იდეა გავუზიარე. ბატონმა ნიკოლოზმა იმ ეჭვით შემომხედა, რომელიც ყველა არქივარიუსისთვისაა დამახასიათებელი. ალბათ, ჩემი ასაკიც (მაშინ სულ რაღაც 19 წლის ვიყავი) არ უწყობდა დიდად ხელს ნდობის მოპოვებას. ამასთან, არც მუსიკასთან მქონდა პროფესიული კავშირი. საბოლოოდ, ჩვენი საუბარი მაინც ოპტიმისტურად დასრულდა იმ იმედით, რომ ამ იდეის განხორციელებას მალე დავიწყებდით.
სამწუხაროდ, ინსტიტუტის ადგილმდებარეობის შეცვლამ და მასთან დაკავშირებულმა ტექნიკურმა სირთულეებმა პროცესი შეაფერხა. თუმცა, არც პროექტზე ფიქრი შემიწყვეტია და არც მეგობრებთან მასზე საუბარი.
მოგვიანებით გავიგე, რომ 2000 იანი წლების დასაწყისში ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ეთნომუსიკოლოგმა მანანა შილაკაძემ მამალაძის ხმოვანი ჩანაწერების ნაწილი, გაციფრების მიზნით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გადაიტანა. ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულთა წრე არც ისე დიდია და ხშირად არაფორმალური მეთოდებით ვრცელდება გამოუცემელი საარქივო ჩანაწერები. სწორედ ასე მოხვდა ჩემს არქივში თამარ მამალაძის საექსპედიციო ჩანაწერებიც. ამ ნიმუშების მიხედვით დავიწყეთ ანსამბლ „ადილეის“ რეპერტუარის განახლება და არაერთი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერა გავაცოცხლეთ.
2020 წელს, ჩემს უფროს მეგობართან და კოლეგასთან დავით შუღლიაშვილთან ერთად კვლავ ვესტუმრე ეთნოლოგიის ინსტიტუტს.[1] ბატონ ნიკოლოზს თავი შევახსენე და კვლავ ვისაუბრეთ მამალაძის არქივის გამოცემის მნიშვნელობაზე. მიუხედავად ორმხრივი მზაობისა, მიზეზთა გამო, სამწუხაროდ, არც ამ შეხვედრას მოჰყოლია შედეგი.
თამარ მამალაძე
ერთი წლის შემდეგ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში დავიწყე მუშაობა. ცენტრის დირექტორთან, გიორგი დონაძესთან სამომავლო პროექტების განხილვისას ერთ-ერთი პრიორიტეტულ ამოცანად სწორედ მამალაძის არქივის შესწავლა დავასახელე, რასაც იგი უყოყმანოდ დათანხმდა. ამის შემდეგ უკვე ფოლკლორის ცენტრის სახელით მივუბრუნდი ეთნოლოგიის და ისტორიის ინსტიტუტს. საბოლოოდ, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, 2021 წლიდან დავიწყეთ პროექტზე მუშაობა.
პირველი ეტაპი არსებული მაგნიტური ფირებისა (იგივე ბაბინების) და დრეკადი ფირფიტების სრული კოლექციისა და ხელნაწერი ფონდის გაციფრება იყო. გზადაგზა სრულიად შემთხვევით ვაწყდებოდი მამალაძის მანამდე უცნობ ჩანაწერებს (მაგალითად, კონსერვატორიაში და დავით შუღლიაშვილის პირად არქივში). საერთო ჯამში, გაციფრდა 30 საათამდე აუდიომასალა და 5000-მდე გვერდი ხელნაწერი.
თამარ მამალაძის დღიურების გაცნობა კიდევ უფრო მეტად მარწმუნებდა, რამდენად დიდი და ღრმა იყო მკვლევრის ნაშრომ-ნაღვაწი. აღტაცება მისი პიროვნებისადმი ინტერესსაც მიღვივებდა. საექსპედიციო დღიურები მოგვითხრობს მის მიერ სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი ეთნოფორების (მათი რიცხვი 1000-ზე მეტს ითვლის) შესახებ. მათი სახელები, მართალია, არაფერს მეუბნებოდა, თუმცა ვაცნობიერებდი, რომ ეს ის ხალხი იყო, ვისაც უნდა ვუმადლოდეთ ეროვნული სამუსიკო მემკვიდრეობის გადარჩენას და ჩვენამდე მოტანას. სწორედ მაშინ გამიჩნდა კიდევ ერთი სურვილი − მომეძიებინა ამ ადამიანების ისტორიები.
თამარ მამალაძის გზა
სანამ თამარ მამალაძის ნაკვალევს შევუდგებოდი, გადავწყვიტე, მისი შთამომავლები მომეძებნა. ეთნომუსიკოლოგ ნანული მაისურაძისგან, რომელიც თამარის კოლეგა და თანამშრომელი იყო, შევიტყვე, რომ თამარ მამალაძეს მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლოდა და სხვა შთამომავლების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. საქმე, ერთი შეხედვით, არც ისე მარტივი ჩანდა. ბევრი მეუბნებოდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც შორეული ნათესავის პოვნა, რომელსაც შინ 1972 წელს გარდაცვლილი ადამიანის საარქივო მასალები ექნებოდა შენახული. თუმცა, ვერ ვიჯერებდი, რომ ამხელა შრომის შემდეგ თამარის ცხოვრება ასე უკვალოდ შეიძლებოდა გამქრალიყო. ყველას ვეკითხებოდი, ვინც კი ამ სფეროში ტრიალებდა, რამე ხომ არ სმენოდა თამარზე და მის შთამომავლებზე, პასუხად ერთსა და იმავეს ვისმენდი − სანამ ერთ დღეს ეს კითხვა ეთნომუსიკოლოგ ნუნუკა შველიძეს არ დავუსვი. ქალბატონმა ნუნუკამ მითხრა, რომ წლების წინ თავისი კურსელის, რუსუდან ჭიჭინაძისგან სმენოდა თამარ მამალაძეზე. მაშინვე დავუკავშირდი ქალბატონ რუსუდანს. მან გაიხსენა, რომ სტუდენტობისას ბინას ქირაობდა ერთ გოგონასთან ერთად, რომელიც თამარის ნათესავი იყო, გვარად მამალაძე, ზესტაფონიდან.
ექსპედიცია ადიღეში, 1957 წელი. პირველი რიგი: მარცხნიდან - თამარ მამალაძე, მესამე გიორგი ჩიტაია
ეს ინფორმაცია ძალიან დამეხმარა, რადგან მამალაძეები ძირითადად ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხევიდან არიან და ზესტაფონში ამ გვარის მქონე ოჯახი, სავარაუდოდ, ბევრი არ იქნებოდა.
საქმეს შევუდექი − გავწევრიანდი Facebook-ის ჯგუფში „ზესტაფონი და ზესტაფონლები“ და ჩემს ახლობლებსა და მეგობრებს, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა ზესტაფონთან, დახმარება ვთხოვე. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია − იმავე საღამოს რამდენიმე წერილი მივიღე, რომლებშიც მაცნობებდნენ, რომ ზესტაფონში მხოლოდ ერთ მამალაძეს მიაგნეს, რომელსაც თამარი ერქვა. ნომერიც მომცეს. დავრეკე და აღმოჩნდა, რომ სწორედ ის იყო თამარ მამალაძის შთამომავალი!
მეორე დღესვე ფოლკლორის ცენტრიდან ზესტაფონის გზას დავადექით და თამარ მამალაძეს სახლში ვეწვიეთ. აღმოჩნდა, რომ დიდი თამარი მისი ბაბუის ბიძაშვილი ყოფილა. მართალი გითხრათ, ცოტათი იმედგაცრუება ვიგრძენი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ბაბუის ბიძაშვილის პირადი მასალები ექნებოდა შენახული, მაგრამ საბედნიეროდ, შევცდი. ქალბატონ თამარს აღმოაჩნდა თამარ მამალაძის ორი ფოტოალბომი, დიპლომი, სამსახურის საშვები და სხვა მასალები. ვისაუბრეთ მის ოჯახზე, მასალაც გამომატანეს და თბილისში დავბრუნდით.
შემდგომ თამარ მამალაძის პირადი საქმეც მოვიძიეთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რაც დამატებით ცნობებს შეიცავდა მისი ბიოგრაფიის სრულყოფისათვის.
მალევე შევუდექი იმ ხალხის შთამომავლების ძებნას, ვისზეც თამარ მამალაძე თავის დღიურებში მოგვითხრობს − იმ ადამიანების, რომელთა წყალობითაც ჩვენამდე უნიკალურმა ნიმუშებმა მოაღწია. მათდამი მადლიერებამ და ვალში ყოფნის გრძნობამ მიბიძგა, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად მომევლო 140-მდე სოფელი და შევხვედროდი ძველი მომღერლების შთამომავლებს, რომელთაგანაც მეტი შემეძლო შემეტყო თამარის მიერ ჩაწერილ ეთნოფორებზე.
ფაქტობრივად, წელიწადნახევრის განმავლობაში ათწლეულების შემდეგ ხელახლა გავიარეთ თამარის გზა.[2]
ეს იყო თავგადასავლებით და არაჩვეულებრივი ამბებით სავსე მოგზაურობა.
საოცარი ემოციებით ივსებოდა ხალხი, როდესაც იგებდნენ, რომ მათი ბაბუების ამბის მოსმენა გვსურდა. იმ ბაბუების, რომელთა სახელებიც, ბევრგან, დავიწყებისა და დაკარგვის პირას იყო მისული. სიხარულისა და წინაპრების მონატრების ცრემლებით იყო გაჯერებული თითოეული ასეთი შეხვედრა, რომლებიც არაერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
განსაკუთრებით მინდა ერთი ასეთი ემოციური შეხვედრა გაგიზიაროთ. ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში თამარ მამალაძემ გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაწერა მეჭიბონე როსტომ ჯიმშერაძე. სწორედ მის შთამომავლებს უნდა შევხვედროდით. როგორც აღმოჩნდა, ჩვენს გამყოლს, ავთანდილ ბოლქვაძეს წინასწარ გაუფრთხილებია როსტომის შთამომავლები. მათ მთელი სანათესავო შეუკრებიათ: ზოგი ბათუმიდან საგანგებოდ ამოსულიყო, ზოგიც ბეშუმიდან შემოგვიერთდა. ასე უთქვამთ: „როგორ, ნენეის ამბებზე მოდიოდნენ და სხვანაირად არ შეგვეძლო“.
ამავე შეკრებაზე მოიწვიეს არაჩვეულებრივი მეჭიბონე თემურ არძენაძეც, ქედის სოფელ დანდალოდან. მართლაც განსაკუთრებული შეხვედრა გამოვიდა. ვიდეოც გვაქვს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ და რომელიც იწყება როსტომ ჯიმშერაძის შვილების სიმღერით და ცეკვით გრძელდება. საოცარი სანახაობა იყო − ერთად ცეკვავდნენ როსტომის შვილიშვილი, შვილთაშვილი და შვილთაშვილის შვილი!
ვეცადე, მოკლედ მომეყოლა ამბავი, რომელიც ჩვენი წინაპრების მივიწყებულ სახელებსა და საქმეებს სიცოცხლეს უბრუნებს.
ამ საქმის დაგვირგვინება იქნება კრებული, რომელიც წლის ბოლოს გამოიცემა და მოიცავს რამდენიმე წიგნს: თამარ მამალაძის მონოგრაფიას, მის სამეცნიერო შრომებს, საექსპედიციო დღიურებს, აუდიოჩანაწერებს და ისტორიებს იმ ეთნოფორებზე, ვინც თამარმა ჩაწერა.
პროექტში ჩართულია არაერთი ადამიანი: თეონა რუხაძე, ნანა მჟავანაძე, თამარ ასათიანი, ილია ჯღარკავა, ლიკა ლოლაშვილი, ქეთევან მარგიანი, მაია ლომია, კახა ჩანგაშვილი, თეონა ბენაშვილი, ანი ქველაძე, ქეთი ლაცაბიძე, ნუნუკა შველიძე, ნანა კალანდაძე, მარიამ ებანოიძე, რომა კალანდაძე, მერაბ ლომიძე, გიორგი დევდარიანი..
განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც რაიონებში ძველი მომღერლების შთამომავლების მოძიებაში მეხმარებოდა, ვინც თუნდაც ერთი ოჯახი მიმასწავლა და დამაკვალიანა.
პროექტის შედეგები, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი გახდება ის ცოდნა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ველზე აგროვებდა თამარ მამალაძე და რომელიც არქივების თაროებზე ელოდა მზის სინათლეს, ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს როგორც ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევრებს, აგრეთვე პრაქტიკოსებს.
ამ ექსპედიციებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, თუ რაოდენ საჭირო და აუცილებელია იმ ხალხის სახელების და ისტორიების ცოდნა, რომელთაც ქართული ტრადიციული მუსიკა შემოგვინახეს.
[1] დავითმა გამოსცა კრებული ,,ჩვენ მშვიდობა”, რომელშიც რამდენიმე ვარიანტი მამალაძის არქივიდანაც შევიდა. იხ. შუღლიაშვილი, დავით (ნოტებზე ჩაწერა და შეადგინა). 2020. ქართული ხალხური სიმღერა. ჩვენ მშვიდობა. თბილისი.
[2] ჩემთან ერთად სხვადსხვა დროს ექსპედიციებში ჩართულები იყვნენ ეთნომუსიკოლოგები: თეონა რუხაძე და ნანა მჟავანაძე. ხოლო ჩვენს ტრასპორტირებაზე ზრუნავდნენ: კახა ჩანგაშვილი, პაატა მჟავანაძე, გიორგი დევდარიანი და მერაბ ლომიძე.