თბილისელი მეეზოვეები – უხილავი გმირები, რომლებიც საუკუნეებია, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ
სულ ცოტა ხნით დროში მოგზაურობა რომ შეგვეძლოს და გასული საუკუნეების თბილისს შეგვავლებინა თვალი, მექისეების, მეწაღეების, მეთულუხეების, მესაათეებისა და სხვა, უკვე გამქრალი პროფესიების წარმომადგენლების გვერდით მეეზოვეებსაც აუცილებლად შევნიშნავდით. მეეზოვის ხსენებისას პირველად, ალბათ, გახსენდებათ ფიროსმანის ცნობილი ნახატი ან ამავე ნამუშევრის მიხედვით შექმნილი ძეგლი, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩაზე დღესაც შეხვდებით. ამ პროფესიის წარმომადგენელთა ისტორია გაცილებით ადრე იწყება. მართალია, დროის გასვლასთან ერთად, თბილისმა იერსახეც იცვალა, მაგრამ თბილისელი მეეზოვეები არსად გამქრალან, ისინი თითოეულ დილას ჩვენ გვერდით, თუმცა ჩვენზე ადრე იწყებენ.
მსოფლიო ურბანიზაციის ფეხდაფეხ თბილისიც ვითარდებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, გაჩნდა მეეზოვეების აუცილებლობაც. თუმცა, ისევ ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ პროფესიის წარმომადგენელთა მოვალეობა მხოლოდ ქალაქის დასუფთავებას არ ყოფილა. XIX საუკუნის 80-იან წლებში, მეფისნაცვლის ბრძანებით, თბილისში გაჩნდა „მეეზოვის ინსტიტუტი“. მაშინდელმა თბილისის თავმა თბილისში სომხეთიდან გადმოასახლა 2000 ადამიანი, რომელთა უმეტესობა სწორედ მეეზოვეთა ინსტიტუტის წევრი გახდა. 1902 წლის გაზეთ „ივერიაში“ 1901 წელს მთავარმართებლის მიერ მეეზოვეებისთვის შემოღებული სავალდებულო წესებია გაწერილი. როგორც მეეზოვეთა ვალდებულებებში ვკითხულობთ, გარდა ქალაქის დასუფთავებისა, მათ თბილისელებისთვის თვალყურის დევნებაც ევალებოდათ.
„თვალ-ყური ადევნონ ყველაფერს, რაც ქუჩაში ხდება, სახლებიდგან გამომსვლეთა და შემსვლელთ, განსაკუთრებით საეჭვო პირებს. იმათ, ვინც სახლებიდგან გამოდიან ხელში ბოღჩებითა და სხვა ნივთებით.
თვალ-ყური ადევნონ, რომ სახლებში არ იკრიბებოდნენ ხოლმე საეჭვო პირნი. დაუყოვნებლივ აცნობებდნენ უბნისა, პოლიციის ბოქაულს, როცა ასეთი შეკრებილება მოხდება“, – ვკითხულობთ გაზეთ „ივერიაში“.[1]
1905 წლის 7 თებერვალს თბილისის თვითმმართველობის სხდომაზე მეეზოვეთა ინსტიტუტის საკითხი ფართოდ განიხილებოდა. ძირითადად, სხდომის წევრები სწორედ იმ ვალდებულებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომლებიც მეეზოვეებს თვალთვალის უფლებას აძლევდა. სხდომის წევრებმა მოითხოვეს, რომ მეეზოვეები საპოლიციო სამსახურისგან გათავისუფლებულიყვნენ. ამ მოთხოვნის მიუხედავად, მეეზოვეთა ინსტიტუტი 1914 წლამდე მოქმედებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეეზოვეთა ინსტიტუტის არსებობის პერიოდში თავად მეეზოვეებმაც არაერთხელ მოითხოვეს პოლიციური ვალდებულებებისგან გათავისუფლება. ამასთანავე, XX საუკუნის დასაწყისში თბილისში მუშების, კონდუქტორების, მეეტლეებისა და სხვა დასაქმებულთა გაფიცვას შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად მეეზოვეებიც მუდამ უერთდებოდნენ. მაგალითად, 1906 წელს გამოცემულ გაზეთ „შრომაში“ ვკითხულობთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის 22 მეეზოვე გაიფიცა.[2] ისინი პოლიციური მოვალეობისა და ღამის ყარაულობისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ. „შრომის“ მომდევნო ნომრებში კი თბილისის ყველა ნაწილში გაფიცული მეეზოვეების მოთხოვნები უფრო ვრცლად არის ჩამოყალიბებული.
„თითო მეეზოვეს ეძლეოდეს თვიურ ჯამაგირად 25 მანეთი... სახლის პატრონს არ შეეძლოს უმიზეზოდ დათხოვნა მეეზოვისა. თუ დაითხოვს, მისცეს სამი თვის ჯამაგირი... არაფერი დამოკიდებულება არ ჰქონდეს მეეზოვეებს პოლიციასთან... მეეზოვეების მოვალეობას შეადგენდეს: ეზოს დასუფთავება, ქუჩის დაგვა, დარაჯობა და სხვა. რაც შეეხება სახლის პატრონის ხელზე მსახურს, არა ჰქონდეს უფლება სახლის პატრონს, რომელიმე მეეზოვე იმსახუროს... გაფიცვისთვის არავინ იქნას დათხოვილი“, – ვკითხულობთ 1906 წლის გაზეთ „შრომაში“.[3]
1914 წლიდან მეეზოვეებმა მოიპოვეს ის თავისუფლება, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ასე დაჟინებით ითხოვდნენ. ეს ნაწილობრივ ისევ ისტორიულ კონტექსტს უკავშირდება, როცა რუსეთის იმპერიაში რევოლუციური მოძრაობები იწყება, რუსეთის გავლენა სუსტდება და 1918 წლიდან საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკა ხდება. მართალია, სახელმწიფოს მმართველობის ფორმის ცვლილებას სხვადასხვა სფეროში სიახლეები მოჰყვება, ახალი პროფესიები ჩნდება და ძველი დავიწყებას მიეცემა, მაგრამ მეეზოვეობა ამ კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება. ის ერთ-ერთი შეუცვლელი პროფესიაა, ხოლო მას შემდეგ, რაც მეეზოვეები პოლიციური ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, ხალხისა და მთავრობის მხრიდან ამ ადამიანების დაფასება და პატივისცემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. როგორც გაზეთ „კომუნისტის“ 1953 წლის ნომერში ვკითხულობთ, სანიტარიული კულტურის ამაღლების თაობაზე თბილისში თათბირი გაიმართა. თათბირზე საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი აკაკი მგელაძე ქალაქში სანიმუშო სანიტარიული კულტურის შექმნის შესახებ ვრცელი სიტყვით გამოვიდა და მეეზოვეების წვლილი არაერთხელ აღნიშნა.
„თუ ქარხანაში მუშა კარგად ასრულებს დავალებას, თუ ის სტახანოველია, მას ყურადღებას აქცევენ და პატივს სცემენ, მხარს უჭერენ, აჯილდოებენ, კარგ ბინას აძლევენ, მის პორტრეტს თვალსაჩინო ადგილას ჰკიდებენ, მის შესახებ გაზეთში სწერენ. მეეზოვეზე კი, რაც უნდა კარგად მუშაობდეს იგი, ჯერ არავის კრინტიც არ დაუძრავს. როგორ უნდა მივაღწიოთ სანიმუშო სანიტარიასა და სისუფთავეს ქალაქში, თუ ამ საქმეზე უშუალოდ მომუშავე ადამიანებს ვივიწყებთ? გადაჭრით უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება მეეზოვეებისადმი, გავაძლიეროთ მათი როლი სანიტარული კულტურის ამაღლებისთვის ბრძოლაში, შევუქმნათ მათ ჯეროვანი პირობები მუშაობისთვის“, – აღნიშნავს აკაკი მგელაძე 1953 წლის თათბირზე.[4]
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გასული საუკუნის გაზეთებში იმ ადამიანების შრომის დაფასებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავდნენ. მეეზოვეების სამუშაო დღე, ნებისმიერი ამინდის ან დაბრკოლების მიუხედავად, ყოველთვის მაშინ მთავრდებოდა, როცა სხვები იღვიძებდნენ. მართლაც, ძნელია, გვერდი აუარო იმ ადამიანების შრომას, რომლებიც ჩვენს წილ სოციალურ პასუხისმგებლობას ხშირად საკუთარ თავზე იღებენ. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ XX საუკუნის პრესაში ცალკეული მეეზოვეების შესახებ მოქალაქეებიც წერდნენ.
დიმიტრი ერისთავის „მეეზოვე", სერიიდან "მშრომელები", 1971 წელი
1986 წელს მეეზოვე კარო მხითარიანი, რომელსაც თბილისელები დიდი პატივს სცემდნენ, სამსახურიდან საზეიმოდ გააცილეს. გაზეთ „თბილისის“ 1986 წლის 4 ივლისის ნომრის რუბრიკაში „ჩვენი ქალაქის ადამიანები“, კაროს სტატიაც მიეძღვნა. „კარო მხითარიანი სომეხია, ბრიანსკის ოლქში დაბადებული და თბილისში გაზრდილი. პროფესიად კი მეეზოვეობა აურჩევია. არც შემცდარა. 50 წელიწადია, თითქმის ნახევარი საუკუნე ერთგულად ემსახურო შენს საქმეს, არ დაიმსახურო არც ერთი შენიშვნა და საყვედური, ეს ნიშნავს, რომ პროფესია სწორად აგირჩევია, შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და ე.ი. ბედნიერიც ხარ“, – ვკითხულობთ კაროს შესახებ გაზეთ „თბილისში“.[5]
გაზეთ „თბილისის“ კიდევ ერთ ნომერში, ამჯერად რუბრიკაში „უბრალო პროფესიის ადამიანები“, კიდევ ერთი უხუცესი მეეზოვის, კონსტანტინე ალიოზოვის, შრომისმოყვარეობის შესახებ ვკითხულობთ.
„კონსტანტინე ყარსში დაიბადა, იქ გაატარა ბავშვობის მძიმე წლები, ახლაც ცრემლებს გვრის მისი მოგონება. გუშინდელი დღესავით ახსოვს ყოველივე. რა დაავიწყებს 1918 წელს, როცა პირველად საქართველოს მიწაზე შემოდგა ფეხი, მოიხიბლა ჩვენი კუთხის სიმშვენიერით, შეისისხლხორცა იგი. შეხედავთ და უნებლიეთ სასიქადულო ფუნჯის ოსტატის – ფიროსმანის მეეზოვე გაგახსენდებათ – თეთრი წინსაფრითა და გრძელი ცოცხით ხელში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენი მეეზოვე უფრო სიცოცხლითა და ცხოვრებისეული კმაყოფილებით გვიმზერს. გულში ბედნიერი აწმყოსა და ნათელი მომავლის შუქი უკრთის“, – ნათქვამია გაზეთ „თბილისის“ 1959 წლის გამოცემაში.[6]
ფაქტია, რომ მეეზოვეების შრომას თბილისის მცხოვრებლები ყოველთვის აფასებდნენ. თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ცენზურა, რომელიც, რა თქმა უნდა, პრესასაც ეხებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, ძველი გაზეთების ფურცლებზე ვერ მოხვდებოდა იმ ადამიანთა ისტორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში უსამართლოდ დახვრიტეს. რეჟიმი ყველასთვის უმოწყალო იყო, აქედან გამომდინარე, დახვრეტილებს შორის ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლებოდა მოხვედრილიყო. მათ შორის იყვნენ მეეზოვეებიც, რომლებსაც რეჟიმი ცალი ხელით აჯილდოებდა, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ საუბრობდა, მეორე ხელით კი ანადგურებდა.
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე წიგნში „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ განვლილ ცხოვრებას იხსენებს და XX საუკუნის თბილისსა და საქართველოს სრული სიცხადით წარმოგვიდგენს. წიგნის მცირე მონაკვეთში მეეზოვე აბოს დაჭერისა და დახვრეტის შესახებაა მოთხრობილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მეეზოვეები ცოცხით ხელში ცხოვრებისეული კმაყოფილებით სულაც არ გვიმზერდნენ.
„ჩვენი სახლის ბნელ ნესტიან სარდაფში ქურთების მრავალრიცხოვანი ოჯახი ცხოვრობდა. ეს იყო საბჭოთა ჰუმანიზმისა და სამართლიანი ეროვნული პოლიტიკის გამოვლინება – ქურთები მხოლოდ სარდაფებში ცხოვრობდნენ და მეეზოვეებად მუშაობდნენ. ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ამგვარი დისკრიმინაციული დამოკიდებულება სრულიად უცხო იყო და ქურთ თანატოლებთან უპრობლემოდ ვმეგობრობდით. უცნაური რამ კი მაშინ დატრიალდა, როცა ერთ დილას ეზოში ხმა დაირხა, რომ ჩვენი ქურთი მეეზოვე აბო დაიჭირესო“, – ვკითხულობთ ლანა ღოღობერიძის წიგნში.
ავტორი ასევე მოგვითხრობს აბოს ცოლის, ზარიკულას შესახებ, რომელსაც სულ ერთი დღით ეგონა, რომ ქმრის დაპატიმრებამ და ხელისუფლების ამ აქტმა ის სხვა, უფრო მაღალ სოციალურ კატეგორიაში გადაანაცვლა. თუმცა მეორე დღეს აბოს ცოცხის დაჭერა ზარიკულას მოუწია, რამდენიმე თვეში კი აბო დახვრიტეს.
ფიროსმანი, "მეეზოვე". საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მეეზოვეთა ისტორიის ერთი მხარეა ის, რასაც ძველი გაზეთების ამონარიდებში ვკითხულობთ, ხოლო მეორეა, როგორ აისახა ამ ადამიანების ცხოვრება კულტურაში. მეეზოვეთა შესახებ მცირე თუ დიდი ლექსი XX საუკუნის არაერთ პოეტს შეუქმნია, ხელოვნებაში კი ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო ნიმუში ფიროსმანის ნახატია, სახელად „მეეზოვე“. ფიროსმანის შემოქმედება დიდწილად იმ ადამიანების, პროფესიებისა თუ სიტუაციების გადმოცემას უკავშირდება, რომლებიც მხატვრის დროინდელი თბილისის ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენდნენ. „მზარეული“, „მუშები“, „ორთაჭალელი ტურფები“, „მეეზოვე“ თუ სხვა პორტრეტები მხატვრისთვის დამახასიათებელი სადა და გამორჩეული სტილით სწორედ ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მთავარი შტრიხების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, მაგრამ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას მნახველსაც უტოვებს.
რაც შეეხება ფიროსმანის „მეეზოვეს“, პორტრეტთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს. დავიწყოთ იმით, რომ უცნობია „მეეზოვის“ დახატვის ზუსტი თარიღი, რომლის ცოდნაც მხატვრის ჩანაფიქრზე ალბათ მეტის თქმის საშუალებას მოგვცემდა. ზოგი ვერსიით, ფოტოზე გამოსახული მეეზოვე იეზიდი რაშიდ ადამოვია. ასევე განსხვავებულ მოსაზრებებს იწვევს ის ფაქტიც, რომ მეეზოვეს ხელში ცოცხის ნაცვლად ხელჯოხი უკავია.[7] გავრცელებული ვერსიით, მეეზოვეს ცოცხის ნაცვლად ხელჯოხი/ ხელკეტი იმიტომ უჭირავს, რომ რუსული პოლიციური რეჟიმისა და იმ პერიოდის სახეა, როცა მეეზოვეთა ინსტიტუტი ჯერ კიდევ არსებობდა. თუმცა სხვა მოსაზრებით, ეს შტრიხი ფიროსმანის სტილს უკავშირდება. წიგნის, „ფიროსმანი, ანუ ირმის გასეირნება“, ავტორი გასტონ ბუაჩიძე აღნიშნავს: „მეეზოვე, თავისი ასაკის გამო, იძულებულია, დაეყრდნოს მსხვილ ხელჯოხს, რომ მყარად იგრძნოს თავი მიწაზე, რომელიც ფეხქვეშ უსხლტება“. [8]ის ფაქტი კი, რომ მეეზოვეს ხელში ცოცხის ნაცვლად ხელჯოხი უკავია, მწერლის აზრით, მიგვანიშნებს მხატვრის მისწრაფებას, გამოხატოს უფრო განზოგადებული სახე.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ საუკუნეში, გარდა ქართველებისა, მეეზოვეებად სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებიც მუშაობდნენ, მათ შორის, იეზიდები. იეზიდებმა კავკასიაში ჩამოსახლება XIX საუკუნიდან დაიწყეს, რაც XX საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. მათი ბოლო ნაკადი საქართველოში 1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, დასახლდა. გამომდინარე იქიდან, რომ იეზიდების ნაწილმა ქართული ენა არ იცოდა და იმდროინდელ თბილისში არც განათლების მიღება იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი, თბილისში მცხოვრები იეზიდები მეეზოვეებად დასაქმდნენ.[9] სწორედ ამ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ მეეზოვეებს იეზიდებთან აიგივებდნენ, რაც დიდი ხანია, ასე აღარ არის და დღევანდელობასთან მიმართებით მხოლოდ სტერეოტიპია. მეეზოვეები დღეს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არიან და ქალაქის დასუფთავებაზე როგორც ქართველები, ასევე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ერთად და თანაბრად ზრუნავენ.
52 წლის მზია მასტოიანი უკვე 14 წელია, მეეზოვედ მუშაობს. მისი სამუშაო დღე მაშინ იწყება, როცა ყველას სძინავს, რათა გაღვიძებისას ხალხს ქუჩებში, სკვერებსა და სტადიონებზე სისუფთავე დახვდეს. მზია აღნიშნავს, რომ ძალიან მოსწონს ხალხის თბილი დამოკიდებულება და პატივისცემა, რომელსაც მეეზოვეების მიმართ ხშირად იჩენენ.
„მე სადაც ვმუშაობ, იქაური მცხოვრებლები, გინდ უცხო ხალხიც, ყველა პატივს მცემს, ყოველთვის ძალიან ტკბილად და თბილად მესაუბრებიან. ასევე გვერდით კორპუსებში მეეზოვეებად ვინც მუშაობს, მათაც ასე კარგად ექცევიან, ყველგან თბილი და უბრალო ხალხია. მეეზოვეების შრომის შედეგია, რომ დილით, როცა ხალხი იღვიძებს, ქალაქი უკვე კრიალებს, გსიამოვნებს სამსახურში წასვლა, ბავშვის სკოლაში ან ბაღში წაყვანა. ასევე მშობლებსა და ძიძებს როცა ბავშვები სკვერებში გამოჰყავთ, იქაც სისუფთავე ხვდებათ“, – ამბობს მზია.
საინტერესოა ოქროპირ თარგამაძის ისტორიაც, რომელიც თბილისის დასუფთავების სამსახურს 2015 წლიდან შეუერთდა. წლების განმავლობაში ის პედაგოგად მუშაობდა და ასწავლიდა ისტორიას, საზოგადოებათმცოდნეობას, ოჯახურ ეთიკასა და ფსიქოლოგიას, ესთეტიკასა და საბჭოთა სამართალს. როგორც ოქროპირი იხსენებს, 1990-იან წლებში, როცა ქვეყანაში არეულობა დაიწყო და ფულიც გაუფასურდა, პროფესორ-მასწავლებლებს ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ. ოქროპირს 4 შვილი ჰყავდა, ამიტომ მიატოვა მასწავლებლობა და ყველაფერს აკეთებდა, რათა ოჯახი ერჩინა. თბილისის დასუფთავების სამსახურში კი უფრო გვიან შესთავაზეს მუშაობის დაწყება, რასაც, მისი თქმით, სიხარულით დათანხმდა.
„უნდა გიყვარდეს შენი საქმე და თუ მას სიყვარულით აკეთებ, მაშინ ეს საქმე ძნელი არ იქნება. შევეჩვიე ამ სამსახურსა და ხალხს, რომელთანაც ძალიან კარი ურთიერთობა მაქვს. გვიხარია, როცა თანამშრომლები ერთმანეთს ვხვდებით. გვაქვს პროფესიული მეგობრობა და ერთობა, რაც სასიამოვნოა. რაც შეეხება სამუშაოს, პროცესში სხვა რამეზე შეგიძლია იფიქრო. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემს საქმეზე, რომელიმე ქვეყნის ისტორიაზე, ჩვენი ქვეყნის ან მსოფლიო ისტორიაზე და დრო ისე გადის, გახედავ და საქმე უკვე გაგიკეთებია. ანუ ისე კეთდება ეს საქმე, ვეღარც გრძნობ“, – ამბობს ოქროპირი.
ოქროპირ თარგამაძის თქმით, მისთვის და სხვა მეეზოვეებისთვის ყველაზე დიდი ჯილდო კმაყოფილი მოქალაქეები არიან. როგორც თავად იხსენებს, ხშირად ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები ქალაქის დასუფთავებისთვის მადლობას უხდიან, რაც, ოქროპირის აზრით, ასეთი შრომისთვის ყველა მეეზოვეს ეკუთვნის. მართალია, მეეზოვეობა თავად 9 წლის წინ დაიწყო, თუმცა ოქროპირს თავისი ახალგაზრდობიდანაც კარგად ახსოვს მეეზოვეები, რომლებიც თბილისისთვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ.
თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი ოქროპირ თარგამაძე
„ჩემს ახალგაზრდობაში ამ პროფესიით, ძირითადად, მუშაობდნენ ქურთები და იეზიდები, რომლებსაც ეროვნული ტანისამოსი ეცვათ, რაც ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. ახლა ჩემს თანამშრომლებს ვეუბნები, რატომ არ გაცვიათ კარგი ეროვნული და ბრჭყვიალ ტანსაცმელი-მეთქი; თან ლამაზად რომ იცვამდნენ... თუმცა უკვე გადავიდა და ახლა ასე აღარ ხდება, არადა ეს თავისებური კოლორიტი იყო ქალაქში. მახსოვს, 1970-იან წლებში, ისევ ეცვათ, მაგრამ 1980-იან წლებში და უფრო გვიან – აღარ. ასევე ვფიქრობ, რომ თბილისი მეეზოვეების ისტორიის მხრივ მაინც გამორჩეულია. ახალგაზრდობიდან, როდესაც ინსტიტუტში უნდა წავსულიყავი, ასეთი რამ ხშირად მახსენდება: წარმოიდგინეთ, დილის 6 საათია და ყველას სძინავს, ქუჩაში სიწყნარეა, მანქანები არ დადიან და ამ დროს მეეზოვის ცოცხის ხმა ისმის. როცა ყველას სძინავს, სწორედ მეეზოვეები ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას და ეს რაღაც გარკვეული სიამოვნებაცაა. როცა თენდებოდა და ცოცხის ხმას გაიგონებდი, ეს გარკვეულ სიამოვნებას გგვრიდა, რადგან იცოდი, რომ უკვე მალე გათენდებოდა და ახალი ცხოვრება დაიწყებოდა“, – დასძინა ოქროპირმა.
ასეთი იყო თბილისელი მეეზოვეების ცხოვრება ადრე და ასეთია ახლა მათი ცოცხალი ისტორიები, რომლებიც ჩვენ გვერდით დღესაც გრძელდება და იწერება. საკუთარ პროფესიებში, საქმეებსა თუ ჩვეულ რუტინაში ჩაფლული ხშირად ვერც კი ვამჩნევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარემოს მოვლაში იმაზე დიდი წვლილი შეაქვთ, ვიდრე ჩვენ ყველას ერთად ამ საქმისთვის აქამდე გაგვიკეთებია. თუმცა ფაქტი მაინც ერთია, „უბრალო“ პროფესიები არ არსებობს და ამის საუკეთესო მაგალითი მეეზოვეობაა.
[1] „საერთო მოვალეობა მეეზოვეთა“ გაზეთში ივერია, (თბილისი, N8, 1902 წ. 10 იანვარი), 1.
[2] „გაფიცვა და მოთხოვნილებანი“ გაზეთში შრომა, (თბილისი, N56, 1906 წ. 13 იანვარი), 2.
[3] „მოთხოვნილებანი და გაფიცვები“ გაზეთში შრომა, თბილისი, N86, 1906 წ, 21 ივლისი), 4.
[4] აკაკი მგელაძე, „სანიმუშო სანიტარული კულტურისთვის“ გაზეთში კომუნისტი, (თბილისი, N39, 1953 წ. 15 თებერვალი) 2.
[5] მ. ტყეშელაშვილი, „გაცილება“ გაზეთში თბილისი, (თბილისი, N154, 1986 წ. 4 ივლისი), 4.
[6] რ. კიკნაძე, „ჭაბუკური გატაცებით“ გაზეთში თბილისი, (თბილისი, N182, 1959 წ. 4 აგვისტო), 3.
[7] ლევან თაქთაქიშვილი, „მეეზოვე – სისუფთავის დამცველი თუ დამსჯელი“ გაზეთში თბილისელები, (თბილისი, N42, 2022 წ. 17-23 ოქტომბერი), 9.
[8] გასტონ ბუაჩიძე, ფიროსმანი ანუ ირმის გასეირნება, https://shorturl.at/buI78
[9] ეკა ქევანიშვილი, საქართველოს იეზიდები, „რადიო თავისუფლება“, 2015 წ. 9 ოქტომბერი, https://www.radiotavisupleba.ge/a/sakartvelos-iezidebi/27297796.html
ფოტო გარეკანზე: თბილისელი მეეზოვეების ჯგუფური ფოტო, ძველი თბილისი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“.