სტვირი თუ სალამური?

მთელ მსოფლიოში, ყველგან, სადაც მეცხოველეობას მისდევენ, გვხვდება მწყემსი და ყველა მწყემსის მუსიკალური საკრავი სალამური. დადგენილია, რომ მწყემსისთვის სალამური სამუშაო იარაღია, ამ საკრავის საშუალებით ამყარებენ მწყემსები ხმიერ კონტაქტს ცხოველებთან.[1]

 ენიანი სალამური - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი

 

საყურადღებოა საქართველოში ამ საკრავის გავრცელებული სახელი. ფაქტობრივად, ხალხი და, რაც მთავარია, მწყემსები, მას სტვირად მოიხსენიებენ. არავინ ამბობს „მესალამურეს“, მის ნაცვლად იტყვიან „მესტვირეს“, არც „გუდასალამურს“ შეხვდებით, „გუდასტვირი“ კი ხშირად გვსმენია. 

მეცხოველეობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. ამის დასტურია  მცხეთაში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მწყემსი ბიჭის სალამური. ცნობილმა ისტორიოგრაფმა და ქართული მუსიკის ერთ-ერთმა პირველმა მკვლევარმა ივანე ჯავახიშვილმა ამ მონაპოვარს უწოდა „მწყემსი ბიჭის საფლავი“ და არა სალამური. გამოთქმა „მწყემსი ბიჭის სალამური“ სამეცნიერო ლიტერატურაში მოგვიანებით დამკვიდრდა. სიტყვა „სალამური“ ყურს საამურად ხვდება. თუმცა ისმის კითხვა: რომელია მართებული, სტვირი თუ სალამური? ან იქნებ ეს სახელები დიალექტური სახესხვაობებია? ამის დასადგენად ძველ წყაროებს უნდა მივმართოთ.

 

დიდი ქართველი ლექსიკოგრაფი სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში რამდენიმე ადგილას განმარტავს სტვირსა და სალამურს. მისი ლექსიკონის მიხედვით, ჩასაბერი საკრავის საზოგადო სახელი „ნესტვი“ ყოფილა: „რაიც საკრავნი განხვრეტილნი პირით იბერვიან, ნესტვნი არიან, რაიც წვლილად განხვრეტილია, ნესტვად ითქმიან“.[2]  დიმიტრი არაყიშვილი საკრავს „სალამურ-სტვირად“ მოიხსენიებს და შენიშნავს:  „სტვირი მიღებულია კახეთში, ხოლო ქართლში უწოდებენ სალამურს“,[3] რაც მცირე, მაგრამ საყურადღებო შენიშვნაა და კვლევას იმსახურებს. ქართული საკრავების შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორი მანანა შილაკაძე აღნიშნავს, რომ ხალხში უმეტესად სტვირს ამბობენ და სალამურს – ნაკლებადო.[4]

ჭიბონი - © ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი

გუდასტვირი - © ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი

ალექსანდრე (ალი) მსხალაძე წიგნში „აჭარული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან“ ცალკე თავად განიხილავს ჭიბონის წინამორბედ ინსტრუმენტებს, კერძოდ, საბავშვო საკრავებს, როგორებიცაა: ჭყიპინა, შტვირი და ჭიბონი,[5] რომელთა შორის ჩემი ყურადღება შტვირმა მიიპყრო. ეს სახელწოდება ზემო აჭარასა და მაჭახლის ხეობაში ყოფილა გავრცელებული. დავით ალავიძეს მოჰყავს ცნობილი მესტვირის, ლევან ზუბიაშვილის, გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, სალამურზე მაღალი რეგისტრის ხალხური სახელი ყოფილა „სტვენი, სტვინი – სტვე(ი)ნზე  უკრავსო“.[6] საყურადღებოა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სტვირს ზოგი მთხრობელი შტვირადაც მოიხსენიებს.[7]

ივანე ჯავახიშვილი სულხან-საბას ლექსიკონზე დაყრდნობით ასკვნის: „ნესტვი ამაზე უფრო ფართო მნიშვნელობის სიტყვაა და ყოველნაირი მილის აღმნიშვნელი იყო. მაგრამ თუ ადამიანი დაუკვირდება, დარწმუნდება, რომ თავდაპირველად ნესტვი მხოლოდ სტვენის ცნების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, და ისეთი საგნის, ანდა ნაწილის აღმნიშვნელად არის საგულისხმებელი, რომელიც უსტვენდა“. [8]

უენო სალამური © ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი

 

ასევე საგულისხმოა მისი შენიშვნა, რომ „ძველ ქართულ ძეგლებში სალამური არა სჩანს“.[9] ძნელად დასაჯერებელია, ივანე ჯავახიშვილის გამოჰპაროდა სალამური ქართული ძეგლებიდან. მართალია, სულხან-საბასთვის ეს სიტყვა ნაცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო ადრინდელ წყაროებში სალამური არსად ფიქსირდება. სულხან-საბა სალამურს „ზურნაიკად“ განმარტავს და იქვე „ნესტვის“ სინონიმადაც განიხილავს.[10] დავით გურამიშვილიც ერთგან „ნესტვს“ ამბობს, ხოლო მეორე ადგილას – „სტვირს“ („სტვირთა ხმა ესმა“[11]). შესაბამისად, განხილული წყაროების შეჯერების საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ  სულხან-საბასთვის სალამური ცნობილია, მაგრამ საკრავის განმარტებისას ნესტვსა და სტვირს ანიჭებს უპირატესობას. როგორც ჩანს, სალამური იმხანად არცთუ გავრცელებული სახელი ყოფილა. რაც მთავარია, ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით დგინდება, რომ სალამური უფრო ძველ წყაროებში არ იხსენიება.

ბუნებრივია, კვლავ ჩნდება სამართლიანი შეკითხვა: როგორია სალამურის ეტიმოლოგია და საიდან გაჩნდა ის ქართულ მუსიკალურ სიტყვათა მარაგში? იქნებ ფონეტიკური ასოციაციით აღმოსავლურ სალამ-ქალამსაც[12] უკავშირდება, ან იქნებ სულ სხვა მხრიდან არის მოსული?  ამის გარკვევაში დაგვეხმარა თანამედროვე ბერძნული ენის ლექსიკონი[13], რომელშიც, ჩვენდა გასაოცრად, ვკითხულობთ, რომ „სალამოურა“ (σαλαμούρα) ბერძნულად მარილიან წყალს ნიშნავს. მაგრამ უცნაურია, რა აკავშირებთ მარილწყალსა და სალამურს? როგორც საექსპედიციო მასალებიდან, კერძოდ, მწყემსების მონათხრობიდან ჩანს, ხანდახან ლერწმის სალამური ძალიან რბილი ტოტებისგან მზადდებოდა და გამძლეობა რომ ჰქონოდა, მარილწყალში ალბობდნენ.[14] ასე გაეცა კითხვას პასუხი. 

ვფიქრობ, ყოველივე ზემოთქმული ამტკიცებს, რომ სტვირი ქართული სიტყვაა, ხოლო სალამური – არა. ძველ წყაროებში სალამური არსად ჩანს. ის, რომ „სალამოურა“ ბერძნულად მარილიან წყალს ნიშნავს, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ მწყემსები მარილწყალში ალბობდნენ დუდგულის ან ლერწმის ღეროების სტვირებს. თუმცა უპასუხოდ რჩება კითხვა, საიდან გაჩნდა ბერძნული სიტყვა ქართველი მწყემსების ლექსიკაში. ეს კი მომავალი კვლევის საგანია და ვფიქრობ, მასში ისტორიკოსებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ. 

 

[1] საველე დღიურები (ავტორის პირადი კოლექცია). შალვა ასლანიშვილი (1958). ნარკვევები ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ტ. 1. თბილისი: „მეცნიერება“, გვ. 46. შილაკაძე, მანანა (1970). ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა. გვ. 33. 

[2] ორბელიანი, სულხან-საბა (1991). ლექსიკონი ქართული. ტ. 1. თბილისი: „მერანი“, გვ. 590-591.

[3] არაყიშვილი, დიმიტრი (1940). ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა. თბილისი: „ტექნიკა და შრომა“, გვ. 16.

[4] შილაკაძე, მანანა (1970). ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა. თბილისი: „მეცნიერება“, გვ. 33.

[5] მსხალაძე, ალექსანდრე (1969). აჭარული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან (ჭიბონი და მისი ტრადიცია აჭარაში). თბილისი: „მეცნიერება“, გვ. 15.

[6] ალავიძე, დავით (1979). ქართული და საქართველოში გავრცელებული ხალხური მუსიკალური საკრავები. თბილისი: „ხელოვნება“, გვ. 53.

[7] იქვე.

[8] ჯავახიშვილი, ივანე (1938). ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები. თბილისი: „ფედერაცია“, გვ. 99.

[9] იქვე, გვ. 197.

[10] ორბელიანი, სულხან- საბა (1993). ლექსიკონი ქართული. ტ. 2. თბილისი: „მერანი“, გვ. 35.

[11] იქვე, გვ. 111.

[12] წარმოებულია არაბული as-salāmu ʽalaykum -იდან (მშვიდობა შენდა!).

[13] ბაბინიოტისი, გ. (2002). თანამედროვე ბერძნული ენის ლექსიკონი. მე-2 გამოცემა. ლექსიკოლოგიის ცენტრი, ათენი (ბერძნულ ენაზე).

[14] საექსპედიციო მასალები. პირადი არქივი. მთხრ. ლერი ნაკვეთაური, მწყემსი;  წოვათა, თუშეთი. 1976; მთხრ. იოსებ გონჯილაშვილი, მწყემსი; სოფელი მაგრანეთი, თიანეთის მხარე. 1976.

ავტორი :

ქეთევან ბაიაშვილი - ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმი