ქართული მუსიკალური დიალექტები

მუსიკალური ენა და დიალექტები

ქართული ხალხური მუსიკა ეთნიკური ქართველების საერთო მუსიკალური ენაა, ხოლო მუსიკალური დიალექტი – ამ ენის განშტოება, რომელიც განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულშია გავრცელებული და, ზოგადქართულ კანონზომიერებებთან ერთად, ინდივიდუალური თავისებურებებიც ახასიათებს.

ერთი მუსიკალური დიალექტი უფრო ხშირად ერთ ეთნოგრაფიულ კუთხეში გვხვდება  (მაგალითად, თუშური მუსიკალური დიალექტი – თუშეთის ტერიტორიაზე, სვანური დიალექტი – სვანეთისა). თუ ორი მეზობელი კუთხის ხალხურ მუსიკას უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე განმასხვავებელი, მაშინ მათ ერთ დიალექტად აერთიანებენ (ასეთებია, მაგალითად, მოხეურ-მთიულური და ქართლ-კახური  მუსიკალური დიალექტები).

სხვადასხვა კუთხის მუსიკა ერთი და იმავე დიალექტის შიგნით უფრო მცირე ერთეულებად – კილოკავებად (სუბდიალექტებად) – განიხილება (მაგალითად, მოხეური და მთიულური არის მოხეურ-მთიულური მუსიკალური დიალექტის კილოკავები, ქართლური და კახური – ქართლ-კახური დიალექტისა). მუსიკალურ დიალექტს კილოკავებად იმ შემთხვევაშიც ყოფენ, თუ ერთმანეთისგან განსხვავდება ერთი კუთხის სხვადასხვა ტერიტორიული ნაწილის მუსიკა (მაგალითად, ზემოიმერული და ქვემოიმერული იმერული მუსიკალური დიალექტის კილოკავებია, რაჭული და მთარაჭული – რაჭული დიალექტისა).

საქართველოს მცირე ტერიტორიაზე მუსიკალური დიალექტების სიმრავლე და მრავალფეროვნება ქართული ხალხური მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რაც მის თვითმყოფადობაზე მეტყველებს.

 

დიალექტების შესწავლის ისტორია

ქართული მუსიკალური დიალექტების შესწავლას ეროვნული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებელმა დიმიტრი არაყიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან (1900-იანი წლების ნაშრომებში) მეცნიერი საქართველოს კუთხეების ხალხურ მუსიკას იხსენიებს, როგორც ქართული მუსიკის შტოებს, რაც ფაქტობრივად დიალექტებს გულისხმობს.

ტერმინი დიალექტი მუსიკოლოგიაში გადმოტანილია ენათმეცნიერებიდან, რომელშიც ერთი საერთო ენის დანაწევრების შედეგად მიღებულ განშტოებას აღნიშნავს. ენისგან განსხვავებით, მუსიკალური ფუძეენის დაშლას დამოუკიდებელი ენების წარმოქმნა არ მოჰყოლია: სვანური და ზანური (ანუ მეგრულ-ჭანური) ისეთივე დიალექტებია ქართული მუსიკალური ენისა, როგორიც, მაგალითად, ხევსურული და გურული.

ქართული ხალხური მუსიკის დიალექტოლოგიურ შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა თაობის მეცნიერებმა: შალვა ასლანიშვილმა, გრიგოლ ჩხიკვაძემ, ვაჟა გვახარიამ, მინდია ჟორდანიამ, ოთარ ჩიჯავაძემ, მანანა შილაკაძემ, ნინო მაისურაძემ, იოსებ ჟორდანიამ და სხვ. სპეციალურად ამ თემას ეძღვნება ედიშერ გარაყანიძის საკანდიდატო დისერტაცია ქართული მუსიკალური დიალექტები და მათი ურთიერთმიმართება. საქართველოს კუთხეების ხალხური მუსიკის (ძირითადად, სასიმღერო შემოქმედების) შესწავლის საფუძველზე მეცნიერი 15 დიალექტს გამოყოფს. ესენია: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეურ-მთიულური (მოხეური და მთიულური კილოკავებით), გუდამაყრული, ქართლ-კახური (ქართლური და კახური კილოკავებით), მესხური, სვანური, რაჭული (რაჭული და მთარაჭული კილოკავებით), ლეჩხუმური, იმერული (ზემოიმერული და ქვემოიმერული კილოკავებით), მეგრული, გურული, აჭარულ-შავშური (აჭარული და შავშური კილოკავებით) და ლაზური (იგივე ჭანური).

მუსიკალური დიალექტების დადგენაში ედიშერ გარაყანიძე გადამწყვეტ როლს მუსიკალურ პრინციპს ანიჭებს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში სხვა − არამუსიკალური − პრინციპების გამოყენებასაც ამართლებს. საკუთრივ მუსიკალურ პრინციპში ამოსავალი მრავალხმიანობაა (მისი გაბატონებული ტიპი და/ან განვითარების დონე), რადგან ის  ქართველთა მუსიკალური ენის არსის გამომხატველი საერთო მახასიათებელია.

ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში ასევე ცნობილია შუალედური დიალექტები, რომლებსაც, საკუთარის გარდა, სხვა დიალექტების თვისებებიც ჭარბად აქვს. შუალედურ დიალექტებად მიჩნეულია: რაჭული და იმერული (აღმოსავლურქართულ და დასავლურქართულ დიალექტებს შორის), ლეჩხუმური (სვანურ-რაჭულ და იმერულ-მეგრულ დიალექტებს შორის), გუდამაყრული (ფშავ-ხევსურულ და მოხეურ-მთიულურ დიალექტებს შორის) და აჭარულ-შავშური (დასავლურქართულ და ქართლ-კახურ დიალექტებს შორის).

 

დიალექტების ურთიერთდამოკიდებულება

ქართული მუსიკალური დიალექტები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება, თუმცა ერთნაირი სააზროვნო პრინციპები ახასიათებს, რაც მათ საერთო წარმომავლობას ადასტურებს. დიალექტების შედარება ქართული ხალხური მუსიკის განვითარების მეტ-ნაკლებად სრული სურათის წარმოდგენის საშუალებას იძლევა.

 

დიალექტოლოგიური კვლევის სირთულეები და პერსპექტივა

ქართული მუსიკალური დიალექტების შესწავლა ქართველთა ყოველი ეთნოგრაფიული ჯგუფის მუსიკის შესწავლას გულისხმობს და პირდაპირაა დამოკიდებული შესაბამისი მუსიკალური მასალის ქონა-არქონაზე. დიალექტოლოგიურ კვლევაში არსებული ხარვეზები, თავის მხრივ, ხალხური მუსიკის სწავლებასა და შემსრულებლობაშიც აისახება. ეს განსაკუთრებით აშკარაა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის, ასევე, მესხეთისა და ლაზეთის/ჭანეთის მაგალითებზე.

საველე მუშაობაში ჩაწერილ ახალ მასალებს შეუძლია შეცვალოს მუსიკალური დიალექტების მანამდე ცნობილი სურათი: 2010-იან წლებში საქართველოს ისტორიულ მხარეებში მოპოვებული მასალების (ძირითადად, საკრავიერი მუსიკის) კვლევის შედეგად გიორგი კრავეიშვილი ქართული დიალექტების ჩამონათვალს უმატებს ტაოურ და კლარჯულ დიალექტებს, შავშურს აჭარულისგან განცალკევებულად განიხილავს, ხოლო  ინგილოური/ჰერული დიალექტის დამოუკიდებლობას, მეტ-ნაკლებად, საკმარის მუსიკალურ ნიმუშებზე დაყრდნობით ამტკიცებს.

საგანგებოდ ამ მიზნით ჩატარებული ეთნომუსიკოლოგიური ექსპედიციები სიახლეებს ქართულ მუსიკალურ დიალექტოლოგიაში მომავალშიც შეიტანს.

 

ავტორი :

ნატალია ზუმბაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსკ პროფესორი, ფოლკ. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.