ქართული ხალხური ზღაპრის ჟანრები (მოკლე მიმოხილვა)
ზღაპარი ერთ-ერთი უძველესი ფოლკლორული ჟანრია, ათასწლეულებს ითვლის და დღემდე განაგრძობს სიცოცხლეს. ტერმინი ზღაპარი ხშირად ზოგადად ხალხური მოთხრობის მნიშვნელობით გამოიყენება და მოიცავს მითებს, იგავ-არაკებს, მორალისტურ ამბებს, ლეგენდებსა და ისტორიულ თქმულებებსაც. თუმცა ზღაპარი, როგორც ხალხური გადმოცემის ერთ-ერთი ჟანრი, თავის ქვეჟანრებში ჯადოსნურ და რეალისტურ (საყოფაცხოვრებო) ზღაპრებს, აგრეთვე ცხოველთა ეპოსსა და ანეკდოტებსაც მოიცავს. ის უნდა გაიმიჯნოს თქმულებისა და ლეგენდისაგან, რომელთა შინაარსიც მეტ-ნაკლებად ისტორიულ სინამდვილესთანაა გადაჯაჭვული. ზეპირსიტყვიერ ჟანრებს შორის ზღაპარი ყველაზე ინტერნაციონალურია თავისი მახასიათებლებით. საზღაპრო სიუჟეტები სწრაფად და ფართოდ ვრცელდება.
ქართული კულტურა ნაწილია კავკასიური კულტურისა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების გზაჯვარედინზე. ბერძნულ-რომაულ და ირანულ-არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობებმა კავკასიელები ორივე სამყაროს აზიარა, რაც საზღაპრო ეპოსში მრავალფეროვნად აისახა.
სურათი 1. წიქარა
ჯადოსნურ ზღაპარს აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც იწყება გმირის შინიდან გასვლით, სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვის შემდეგ კი მთავრდება შინ დაბრუნებით ან გამეფებით. ჯადოსნური ზღაპრის მთავარი გმირი აუცილებლად ადამიანია და მის გარშემო იყრიან თავს დანარჩენი პერსონაჟები: ადამიანები, ცხოველები, ზებუნებრივი არსებები. ჯადოსნურ ზღაპრებში შეიძლება დავინახოთ სხვადასხვა მითოლოგიური წარმოდგენისა და რელიგიური მსოფლმხედველობის ანარეკლი. არცთუ იშვიათად ზღაპრებში ერთმანეთს ავსებს უძველესი რწმენები და გვიანდელი ისტორიული ეპოქების ნიშნები.
ფანტასტიკური პერსონაჟებიდან ქართულ ზღაპრებში ყველაზე პოპულარულია დევის დედა, გველეშაპი და ფასკუნჯი, შემწე ცხოველებიდან კი – ცხენი, ხარი, ირემი, მელია, თევზი. ეს ყველა პერსონაჟი ზღაპარში მეორეხარისხოვანი ფიგურაა, ისინი მთავარი გმირის გარშემო ტრიალებენ. ცნობილი ქართული ჯადოსნური ზღაპრებია „ასფურცელა“, „ირმისა“, „ადიხანჯალა“, „ია ხათუნისა“, „შავჩიტა რაში“, „სულამბარი და გულამბარი“, „მონადირის შვილი“ და სხვ.
რეალისტური ზღაპრები, ანუ ხალხური ნოველები, საუკეთესო ფოლკლორული მასალაა მათთვის, ვისაც კულტუროლოგიური საკითხები აინტერესებს. ამ ქვეჟანრის ზღაპრებში ჯადოსნურ ზღაპარზე მეტად ჩანს ამა თუ იმ ხალხის ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები და სოციალური ყოფა. ჯადოსნური ზღაპრებისგან განსხვავებით საყოფაცხოვრებო რეალისტურ ზღაპრებში პერსონაჟთა ინდივიდუალობა უფრო გამოკვეთილია. ხალხური ნოველის პერსონაჟთა გალერეა მრავალფეროვანია. მართალია, ისინი არ არიან ლიტერატურული გმირები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირად სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გვევლინებიან. ჯადოსნურ ზღაპარში გრძნობები არ არის გადმოცემული. ეს ზოგადად ხალხური ზღაპრის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. გმირის შინაგანი სამყარო მისი მოქმედებებით არის გამოხატული და არა მთხრობლის მიერ გმირის პერსონალური დახასიათებით. რეალისტურ ზღაპრებსა და ანეკდოტებს ბევრი საერთო აქვთ: იუმორი, სატირა, სოციალურ ფენათა ურთიერთობები, ოჯახური ურთიერთობები და სხვ.
სურათი 2. მძლეთამძლე
რეალისტური, ანუ საყოფაცხოვრებო ჟანრის, ზღაპრების სპეციფიკა ის არის, რომ ისინი მოგვითხრობენ რეალურად შესაძლებელ, მაგრამ რაღაცით განსაკუთრებულ ამბებს. აქ პერსონაჟები არიან ჩვეულებრივი, ოღონდ გარკვეულწილად უცნაური ქალები და კაცები. ისინი დასახლებული არიან ყოველდღიურ ყოფასთან მიმსგავსებულ სამყაროში. საყოფაცხოვრებო ზღაპრისა და ანეკდოტის ცნობილი ნიმუშებია „მუჭანახევარა“, „სტუმართმოყვარე ცოლი“, „ჭკუა მაქვს და ფული – არა“, „ოქრომჭედლის ცოლი“, „უქნარა“, „მძლეთამძლე“ და სხვ. მუჭანახევარა ერთი უიღბლო და მოუხერხებელი კაცია, უქნარა – ზარმაცი და სულელი, მძლეთამძლე – მოხერხებული და იღბლიანი, ზღაპრის „ჭკუა მაქვს და ფული – არა“ მთავარი გმირი საზრიანი და პატიოსანია, „სტუმართმოყვარე ცოლი“ რელიგიურ-მორალისტური მოთხრობაა ადამიანის კეთილშობილებაზე, „ოქრომჭედლის ცოლი“ მხიარულად მოგვითხრობს სასიყვარულო სამკუთხედზე – ახალგაზრდა კაცი გვირაბს გაიყვანს ოქრომჭედლის ცოლის ოთახში.
სურათი 3. მუჭანახევარა
ცხოველთა ეპოსი ზღაპრის ქვეჟანრებს შორის ყველაზე არქაულ სახეობად მიიჩნევა. ცხოველთა ზღაპრების მთავარი პერსონაჟები არიან ცხოველები, რომლებიც არ წარმოადგენენ ადამიანის ალეგორიულ გამოხატულებას, ისე, როგორც ეს ლიტერატურული იგავ-არაკის ჟანრშია. ცხოველთა ეპოსი ახლოს დგას პრიმიტიულ თხრობასთან და ზოგჯერ შეიძლება ტოტემური წარმოდგენების (წინაპარი ცხოველისადმი რწმენის – ე.გ.) ნიშნებსაც შეიცავდეს. ამ ტექსტებში ხშირია პოეტური (მაგალითად, ლექსად მოთხრობილი კონკრეტული ეპიზოდი ან დიალოგი – ე.გ.) კომპონენტი, როგორც ზღაპარში „რწყილი და ჭიანჭველა“. ზოგი ტექსტი მთლიანად ლექსია, მაგალითად, „მოდი, ვნახოთ ვენახი“.
ზეპირსიტყვიერი ჟანრები თანადროულად არსებობს, ამიტომ მათი ურთიერთგავლენა ხშირი და უწყვეტია. მაგალითად, არსებობს ზღაპრები, რომლებშიც დაკონკრეტებულია მოქმედების ადგილი და ამის გამო ისინი ჟანრობრივად თქმულებას უახლოვდებიან. აქ კლასიფიკაცია მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორ არის ტექსტი სტრუქტურულად აგებული და როგორი ფინალი აქვს: ჯადოსნურ ზღაპარს აუცილებლად კეთილი დასასრული უნდა ჰქონდეს. არსებობს ტექსტები, რომლებშიც სასწაულის შესახებ არის მოთხრობილი და ამიტომ ისინი ლეგენდასა და ზღაპარს შორის მერყეობენ. ზღაპარში ქრისტიანული წმინდანი (ქართულ ზღაპრებში ძირითადად – წმინდა გიორგი) როცა შემწედ ევლინება გმირს, ამგვარ ტექსტებს ლეგენდურ ზღაპრებსაც უწოდებენ. ზოგ საყოფაცხოვრებო ზღაპარს თავისუფლად შეიძლება ანეკდოტი ეწოდოს. ეპოსის ნიმუშებს კი ხშირად ჯადოსნური ზღაპრის ფორმა აქვს. ზღაპრული ელემენტების სიჭარბე თქმულებებსა და მითოლოგიურ გადმოცემებში და, პირიქით, მითოსის გადამწყვეტი როლი ზღაპრის სიუჟეტის განვითარებაში – ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ხშირი მოვლენაა. მითოსური და ზღაპრული ელემენტები თითქმის ყველა ეპიკურ ნაწარმოებში გვხვდება.
სურათი 4. დევი
მითოსური ელემენტების ძიება ნებისმიერ ტექსტში და, მით უმეტეს, ზღაპარში დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. როგორც კი რომელიმე მოტივი, პერსონაჟი ან რაიმე ელემენტი ზღაპარში ხვდება, ის კარგავს ყოფილ ფუნქციას და იძენს ახალს, ხანდახან პირვანდლისგან სრულიად საწინააღმდეგოს. ზღაპრის სიუჟეტი თავად წყვეტს, თუ რომელ ფუნქციას განუწესებს მითოსურ პერსონაჟს ან ელემენტს. ამის საუკეთესო მაგალითია ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი – ცხენი, რომლის მითოსურ წარმოშობას ადასტურებს მისივე შეფერილობა, ატრიბუტები და ზებუნებრივი თვისებები. ზღაპრული რაშები ერთმანეთს ჰგვანან მსოფლიოს უმრავლეს ხალხთა ზღაპრებში, განსაკუთრებით – ევროპულსა და შუა აზიურში. ზღაპრული რაშის მითოსური წარმოშობა ჩანს მის ბუნებაში: ის შეიცავს ცეცხლის, წყლისა და ჰაერის სტიქიებს და რაც ყველაზე საინტერესოა, ოთხივე სტიქიას ერთად. ასეთია ცეცხლისმფრქვეველი რაში, ზღვის რაში, ფრთოსანი რაში. ჯადოსნურ ზღაპარში რაშის ბუნებას გამოცლილი აქვს თავისი თავდაპირველი დატვირთვა და ის ძირითადად შემწის ფუნქციებს ასრულებს.
ამავე დროს არსებობს ზღაპრები, რომლებშიც მითოსურ ელემენტებს არა თუ არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა, სიუჟეტის განვითარებაზეც ახდენენ ზემოქმედებას – ეს ურთიერთობა ზღაპარსა და მითოსს შორის ყველაზე მკაფიოდ ტექსტის ფინალურ ეპიზოდებში ვლინდება – ზღაპარი ტრაგიკულად მთავრდება ან დაუსრულებელია. ამგვარ ტექსტებს პირობითად შეიძლება „შერეული ჟანრი“ ვუწოდოთ. შერეული ჟანრის მაგალითია ზღაპარი-მითი „წიქარა“, რომელსაც სევდიანი დასასრული აქვს.
სურათი 5. ავთანდილი
ზღაპრის შესწავლა საქართველოში. ქართული ხალხური ზღაპრების შეკრების „ოქროს ხანა“ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ“ და „საისტორიო-საეთნოგრაფიო“ საზოგადოებებს. ხალხური სიტყვიერების სხვა ნიმუშებთან ერთად ზღაპრების შეკრება-გამოცემა დაკავშირებულია ცნობილ მწერლებთან, მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან (აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, თედო რაზიკაშვილი, პეტრე უმიკაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.). მდიდარი მწიგნობრული ტრადიციის მქონე ქვეყნის ასევე მდიდარი და მრავალფეროვანი ზეპირსიტყვიერება მუდმივად მიმზიდველი და აღმოჩენებით სავსეა მკვლევართათვის. ქართული ფოლკლორისადმი ინტერესი არასდროს განელებულა მეცნიერთა მხრიდან და უამრავი ღირებული ნაშრომი გამოქვეყნდა როგორც ქართულად, ისე უცხოენოვანი თარგმანებისა და ნარკვევების სახით.
ქართული ხალხური ზღაპრის კვლევა ქართულ სამეცნიერო სივრცეში სხვადასხვა კულტურულ-ისტორიულ ასპექტს მოიცავს: გენეზისს, თემატიკას, სოციალურ ფუნქციას, მითოლოგიური რელიქტების ძიებას, მორფოლოგიურ-სემანტიკურ ანალიზს, სოციოკულტურულ ასპექტებს და სხვ. საკითხების უმეტესობა კვლევის გაგრძელებას მოითხოვს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- 1.აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში: ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები. (2019). თბილისი.
- 2.კიკნაძე, ზურაბ. (2007). ქართული ფოლკლორი. თბილისი.
- 3.ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება. (1960). რედაქტორები მ. ჩიქოვანი, ე. ვირსალაძე, ქს. სიხარულიძე. თბილისი.
- 4.ქურდოვანიძე, თეიმურაზ. (2002). ქართული ზღაპარი. თბილისი.
- 5.ღლონტი, ალექსანდრე. (1963). ქართული ხალხური ნოველა. თბილისი.
- 6.ჩიქოვანი, მიხეილ. (1946). ქართული ფოლკლორი. თბილისი.
- 7.ჩოლოყაშვილი, რუსუდან. (2004). უძველესი რწმენა-წარმოდგენების კვალი ზღაპრულ ეპოსში. თბილისი.
- 8. Georgian Folk Tales translated by Marjory Wardrop. (1894). London.
ილუსტრაციები:
ფოტო გარეკანზე: მხატვარი თენგიზ მირზაშვილი.
იყო და არა იყო რა. ქართული ხალხური ზღაპრები. სულხან ქეთელაურის რედაქციით. თბილისი. 1977.
სურათი 1. მხატვარი ჯემალ ზენაიშვილი.
ქართული ხალხური ზღაპრები. ალექსანდრე ღლონტის რედაქციით. თბილისი. 1992.
სურათი 2. მხატვარი დიმიტრი ხახუტაშვილი.
მძლეთამძლე. ქართული ხალხური ზღაპარი. თბილისი. 1980.
სურათი 3. მხატვარი დიმიტრი ხახუტაშვილი.
მუჭანახევარა. ქართული ხალხური ზღაპარი. თბილისი. 1963.
სურათი 4. მხატვარი თენგიზ მირზაშვილი.
იყო და არა იყო რა. ქართული ხალხური ზღაპრები. სულხან ქეთელაურის რედაქციით. თბილისი. 1977.
სურათი 5. მხატვარი ირაკლი თოიძე.
შოთა რუსთაველი. ვეფხისტყაოსანი. თბილისი. 1937.