პირველი მაისი: მშრომელთა დღის საბჭოთა აჩრდილი

პირველი მაისი, მშრომელთა საერთაშორისო დღე, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს წარმოადგენდა. თავისი შინაარსით ეს იყო დღე მშრომელებისთვის, თუმცა საბჭოთა კავშირი არ იყო მშრომელების იდეალების გამომხატველი ისეთი სახელმწიფო, რომლისთვისაც პირველი მაისის იდეა კრებდა ინტერნაციონალურ პროლეტარიატს. საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა მილიტარიზებულ სახელმწიფოს, რომელიც ამოფარებული იყო მშრომელთა სახესა და მარქსის შრომების ლენინისეულ, სტალინისეულ და სხვა საბჭოთა მოაზროვნეთა ინტერპრეტაციებს.

ზოგადად, მოვლენები, ფაქტები და მათი შემდგომი ინტერპრეტაციები ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე. ადამიანები ინფორმაციას იღებენ, გაიაზრებენ და საკუთარ თავზე ირგებენ. ამიტომ, როგორც წესი, აუცილებელია, გვესმოდეს კონტექსტი, რომელშიც ესა თუ ის დღესასწაული იძენს მნიშვნელობას.[1] ერიკ ჰობსბაუმს ეკუთვნის ტერმინი ტრადიციის გამოგონება.[2] ამ ცნებაში ის ტრადიციას განიხილავს მოდერნულობის ეპოქაში, სადაც მისი არსებობა დამოკიდებულია სოციალურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონტექსტზე.[3]

პირველი მაისის აღნიშვნის პრაქტიკა პოსტსოციალისტური ეპოქის საქართველოში არსებობს ორგვარი ფორმით: ერთი, როგორც საბჭოთა რელიქტი (მოვლენა, რომელიც ყოფას შემორჩა წარსული სისტემებიდან ან ეპოქებიდან), და მეორე, როგორც მსოფლიოში აღიარებული მშრომელთა საერთაშორისო დღე.

ადამიანებისთვის, ვინც საბჭოთა ეპოქას მოესწრო, ეს დღე უფრო მეტად დაკავშირებულია საბჭოთა პერიოდის სენტიმენტებთან, ვიდრე თანამედროვე გლობალიზებულ, ნეოლიბერალურ და დაურეგულირებელი საბაზრო ეკონომიკის ეპოქაში მშრომელთა უფლებებისა და ყოფის გაუმჯობესებისათვის ბრძოლის დღესთან. საქართველოში, მშრომელთა უფლებების თვალსაზრისით, პირველი მაისი განსაკუთრებით მემარცხენე სამოქალაქო საზოგადოების საზრუნავადაა ქცეული. მშრომელთა დღის მასშტაბი თანამედროვე საქართველოში ჯერჯერობით ვერ უტოლდება საბჭოთა პერიოდის დღესასწაულის აღნიშვნის მასშტაბსა და შინაარსს, საკავშირო სისტემის მოშლის გამო. ამ თვალსაზრისით, ქართველ მშრომელებს ევროპის კავშირი უფრო მეტი სისწრაფით იზიდავს თავისი ბაზრისკენ, ვიდრე საქართველოს განვითარებადი ეკონომიკა და საწარმოო ინფრასტრუქტურა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მართებულია, ვისაუბროთ პირველი მაისის აღნიშვნის პრაქტიკის, როგორც საბჭოთა სენტიმენტის, შესახებ, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამი ათეული წლის განმავლობაში მომხდარისა და მიღებული ყოფითი გამოცდილების ფონზე მოქალაქეები დღეს სხვაგვარად გაიაზრებენ.

კონტექსტზე საუბრისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ საბჭოთა იდეოლოგიის შემადგენელ ისეთ ერთეულზეც, როგორიცაა საბჭოთა სეკულარული პოლიტიკა, იგივე მებრძოლი ათეიზმი – იდეა, რომელიც უპირისპირდებოდა რელიგიას და, ამავდროულად, თავად ქმნიდა ახალ, პროლეტარულ, მუშათა დიქტატურაზე დაფუძნებულ რელიგიურ პრაქტიკას.[4] ამის მაგალითი იყო რელიგიური ტერმინოლოგიისა და ობიექტების გადაკეთება და გამოყენება საბჭოთა იდეალებისათვის. მაგალითად, ქალაქ ფოთში აია სოფიას საკათედრო ტაძარი გადაკეთდა თეატრად, რომელზეც გამოსახული იყო ლენინის ფიგურა. თეატრში ეწყობოდა პარტიული ყრილობები, ხოლო მის გარეთ – საპირველმაისო მსვლელობები. ასეთი მსვლელობები, რიტუალური განმეორებითობა და შინაარსი მატებდა ამ დღესასწაულს საბჭოთა ელფერს და მის მუშათა დიქტატურის ერთ-ერთ სიმბოლურ ინსტრუმენტად გარდაქმნას ემსახურებოდა. ამგვარადვე, თუ მანამდე დღესასწაულები წმინდანების მოხსენიებასთან იყო დაკავშირებული, ახლა უკვე პირველი მაისი ქმნიდა ახალ საფუძველს ახალი იდეოლოგიისათვის.

პირველი მაისი. საზეიმო პლაკატი

კომუნისტური პარტიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პირველი მაისის დღის აღნიშვნას. საყურადღებოა 1921 წლის 1 მაისის გაზეთ „კომუნისტის“ 49-ე ნომერი, რომლის პირველ გვერდზე, მთავარ სათაურში ვკითხულობთ:

„გაუმარჯოს შრომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გაუმარჯოს პირველ მაისს! გაუმარჯოს საერთაშორისო პროლეტარიატს! გაუმარჯოს მესამე კომუნისტურ ინტერნაციონალს! გაუმარჯოს საერთაშორისო რევოლუციას და მის ავანგარდს – საბჭოთა რუსეთს! გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს! გაუმარჯოს კომუნიზმს“!.[5]

ამ ნომერში საუბარია საერთაშორისო პროლეტარიატის დღესასწაულსა და მის მნიშვნელობაზე საბჭოთა საქართველოსათვის, სადაც მშრომელები აღარ არიან სახელმწიფოს გარეშე მდგომი და მის წინააღმდეგ აღმართული ძალა, არამედ, როგორც სახელმწიფო და მისი დამცველი. ამ ლოზუნგს მიჰყვებოდა საბჭოთა იდეოლოგია, როგორც პოლიტიკური წესრიგის განმსაზღვრელი ძალა, არსებობის განმავლობაში და ქმნიდა მუშათა მილიტარიზებულ სახელმწიფოს.

პირველი მაისი, როგორც მშრომელთა დღე, სათავეს იღებს 1886 წლის მოვლენებიდან, როდესაც მაისში ჩიკაგოში მუშების უფლებებისა და სამუშაო პირობებისათვის (მოთხოვნა იყო 8-საათიანი სამუშაო დღე) გამართული საპროტესტო აქცია მსხვერპლით დასრულდა. მაისის დღე მუშათა დღე გახდა და მისი აღნიშვნა ყოველწლიურ პრაქტიკად იქცა. მაისის დღე ასევე არის ანტიკური დღესასწაული, რომელსაც, როგორც გაზაფხულის დღესასწაულს, საფუძველი ჩაეყარა ძველ რომში. ამ ორი ისტორიული ფაქტის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა მუშათა დღე, რომელიც XX და XXI საუკუნეებში მუშათა დემონსტრაციების ფორმით არსებობს. მსოფლიოს მასშტაბით ეს დღე მიჩნეულია მუშათა კოლექტიური გამძლეობის დღესასწაულად. ამერიკაში მუშათა დღედ მიიჩნევა სექტემბრის პირველი ორშაბათი, თუმცა აქაც მაისის დღე პროტესტისა და მუშათა კლასის საჭიროებებზე საუბრის დღეა.[6]

პირველი მაისი, როგორც არაოფიციალური დღე, რუსეთში 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდე აღინიშნებოდა. 1918 წელს ის გამოცხადდა საჯარო დღესასწაულად საბჭოთა რუსეთში. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეს დღე იყო კლასობრივი დაპირისპირებისა და ბრძოლის დღე.[7] 

 

1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღესასწაულია

პირველი მაისის აღნიშვნის ფორმა და შინაარსი განსაკუთრებულ ასოციაციებს იწვევს 50-70 წლის ადამიანთა თაობაში. საბჭოთა კავშირის ეპოქაში ამ დღესასწაულის აღნიშვნის პრაქტიკა ბავშვობასა და სკოლის პერიოდთან არის დაკავშირებული. მუშათა დღესასწაულის ეთნოგრაფიული ასპექტების გამოსავლენად საგანგებოდ ჩავატარე მცირე კვლევა, რომლის შედეგები საკითხის სიღრმისეულ ინტერპრეტაციას ეფუძნება და დღესასწაულის სტრუქტურულ გააზრებაში გვეხმარება.

საინტერესოა, რომ დღესასწაულების შესახებ საუბრისას ინფორმანტები ყურადღებას ამახვილებდნენ რელიგიურ რიტუალებსა და პრაქტიკაზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში საჯარო სივრცეში აღარ არსებობდა და საოჯახო პრაქტიკის ნაწილი იყო.[8] კითხვაზე, თუ რომელ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ საბჭოთა პერიოდში, ინფორმანტები მეუბნებოდნენ, რომ ოჯახში აქცენტი კეთდებოდა  საჯაროდ აკრძალული რელიგიური რიტუალების აღნიშვნაზე. ბუნებრივია, ამას მოჰყვებოდა ჩემი მხრიდან დამაზუსტებელი კითხვა საჯარო დღესასწაულების (მათ შორის, პირველი მაისის) აღნიშვნის შესახებ. თუ ამ ნიუანსს გავითვალისწინებთ, ჩანს, რომ საბჭოთა საჯარო რიტუალების პრაქტიკა, მიუხედავად კომუნისტური პარტიის განსაკუთრებული მცდელობებისა, ვერ აღემატებოდა რელიგიურ რიტუალებსა და დღესასწაულებს (აღდგომა, შობა), რომელთა აღნიშვნის ტრადიცია მრავალსაუკუნოვან უწყვეტ პრაქტიკას მოიცავს და, საჯარო სივრციდან მათი გაქრობის მიუხედავად, ხალხურ ყოფაში შენარჩუნებული ფორმებითა და მნიშვნელობით აღემატებოდა პარტიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ დღესასწაულებს (პირველი მაისი, 7 ნოემბერი).

ჩემი ერთ-ერთი ინფორმანტი 53 წლის მარიამია. პირველი მაისის შესახებ საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ ამ დღესთან დაკავშირებული აღლუმისათვის განსაკუთრებულად ამზადებდნენ სკოლაში და ადგმევინებდნენ კომუნისტური პარტიის განდიდების გამომხატველ სხვადასხვა სცენას. მან თქვა:

„მახსოვს, რომ ვარსკვლავის ფორმის ხის კონსტრუქცია კეთდებოდა, რითაც მოსამზადებელი სამუშაოები იწყებოდა ხოლმე. ეს კონსტრუქცია მიგვქონდა მთავარ მოედანზე. მის გარშემო მდგომ ახალგაზრდებს სხვადასხვა ფერის ფორმები გვეცვა. ამ ვარსკვლავის ფორმას ვკიდებდით ხელს და გამოვდიოდით გარეთ. ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე დელეგაციის წევრები მთავრობიდან ან პარტიიდან. უფროსკლასელები მორთული მანქანებით მიდიოდნენ აღლუმზე, მათ ეკავათ ხელში დროშები და პლაკატები, რომლებიც განადიდებდა კომუნისტურ პარტიას.

მარიამს დღესასწაულის შინაარსი არ ესმოდა, მისთვის საბჭოთა პერიოდის პირველი მაისი საზეიმო განწყობას იდეოლოგიური კონტექსტის გარეშე ქმნიდა. სკოლისა და ბავშვობის მოგონებები, რომლებიც წარსულის სენტიმენტებს უკავშირდება, მისთვის იდეოლოგიურ კონტექსტზე მაღლა იდგა.

მარიამისთვის ამ დღის აღნიშვნა ასევე დაკავშირებული იყო აღლუმის შემდგომი  ოჯახური ურთიერთობების დემონსტრირებასთან. იხსენებს, რომ მსვლელობებში მონაწილეობდა დედამისიც, რომელიც აღლუმზე ღვინის ქარხნის სახელით გამოდიოდა. ამბობს, რომ უფროსებსაც ისევე ამზადებდნენ, როგორც სკოლის მოსწავლეებს. მათაც სიმაღლის, სქესის მიხედვით აჯგუფებდნენ და ისე ჩაატარებდნენ ხოლმე. აღლუმი მორჩებოდა თუ არა, მარიამისთვის ნამდვილი დღესასწაული იწყებოდა. დედა ამ დღისთვის მარიამს განსაკუთრებით ამზადებდა. ახალ ტანსაცმელს ყიდულობდა მისთვის, რასაც მარშის შემდეგ იცვამდა. ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი მარიამი დედას ფოტოს გადასაღებად მიჰყავდა, რის შემდეგაც კაფეში მიდიოდნენ. განსაკუთრებულ განცდას იწვევდა დედასთან ერთად ამ დღეს კაფეში დროის გატარება, რაც მისთვის იდეოლოგიაზე მაღლა იდგა, რადგან, როგორც თქვა, გააზრებული არ ჰქონდა, რას აკეთებდა. მან დღემდე არ იცოდა, კონკრეტულად რას ზეიმობდნენ პირველ მაისს.

მარიამმა სკოლა 1988 წელს დაასრულა და იმ პერიოდიდან პირველი მაისი აღარც თავად აღუნიშნავს და აღარც ხალხს ჰქონია ამ დღეს ის განსაკუთრებული საზეიმო განწყობა, რაც მანამდე. არც ის იცის, აღინიშნებოდა თუ არა საერთოდ ეს დღე 1988 წლის შემდეგ. მისი თქმით:

„საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, ამ დღემ დაკარგა მნიშვნელობა, არც მე მიხაროდა და არც არავის. მერე ომი იყო, გაჭირვება და ეს დღე აღარავის აინტერესებდა. პირველი მაისი იყო განსაკუთრებული დღე, ისევე როგორც შვიდი ნოემბერი, როდესაც გამოვდიოდით მარშზე. ორივე დღის აღნიშვნის ეიფორია დარჩა წარსულში, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე დღის აღნიშვნა უტოლდება იმ დღის მოგონებებს“.

მომდევნო ინფორმანტი 56 წლის ნინოა. მისი მოსაზრებები პირველი მაისის დღესასწაულის შესახებ სიუჟეტურად ჰგავს წინა ინფორმანტის ინტერპრეტაციას, თუმცა ნინოსთვის პირველი მაისი დაკავშირებული იყო მხოლოდ აღლუმთან, რომელიც გულმოდგინედ იგეგმებოდა და მისი ყველა ფაზა (მარშირების რეპეტიციებიდან დღესასწაულის რეალურ აღნიშვნამდე) მკაცრად კონტროლდებოდა. ვთხოვე, რამდენიმე ფრაზით დაეხასიათებინა პირველი მაისის აღნიშვნის პრაქტიკა, უცებ წამოიძახა: „ვაშა! ვაშა! ვაშა! გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს! გაუმარჯოს პირველ მაისს!“.

ნინომ ყურადღება გაამახვილა აღლუმზე მოსწავლეების ჩაცმის წესზე; თქვა, რომ ერთნაირი სკოლის ფორმებით მიჰყავდათ. გოგონებს ეცვათ ყავისფერი სამოსი და თეთრი წინსაფრები. პირველი მაისის დღე მისთვის იმ მხრივ იყო გამორჩეული, რომ უქმე დღის გამო, გაკვეთილები არ ტარდებოდა. აღლუმისთვის დიდი ზომის ე.წ. „კუზაოიანი“ მანქანებით მიჰყავდათ და დარაზმული მიდიოდნენ ქალაქის ცენტრში. მან განაგრძო:

„წაგვიყვანდნენ და კოლონა-კოლონად დაგვყოფდნენ. სკოლების მიხედვით ვიყავით დაყოფილი. სხვადასხვა სკოლას სხვადასხვა კოლონა ჰქონდა. მივიდოდით და ჩავივლიდით აღლუმზე.

ნინომ თქვა, რომ პიონერები აღლუმის დროს წითელი ყელსახვევებით გამოდიოდნენ ხოლმე:

„ის რომ არ გკეთებოდა, არ შეიძლებოდა. ბიჭებს თეთრი პერანგი, კოსტუმი და შარვალი ეცვათ, ისეთი, რომ ჰაერს არ ატარებდა. შეგვამოწმებდნენ, რამდენად მოწესრიგებულად გვეცვა და ისე გვიშვებდნენ. პიონერი იყო გამორჩეული მოსწავლე. პიონერის რიგებში გვიღებდნენ, ფიცს ვდებდით და გამოცდას ვაბარებდით. პიონერის რიგებში რომ მიგიღებდნენ, მოგცემდნენ წითელ ყელსახვევს და უნდა გეტარებინა; ეს იყო სიამაყე. ვინც პიონერი იყო, მისთვის ცალკე იყო ადგილი კოლონაში. მერვე კლასის მერე რომ გახდებოდი კომკავშირელი, პატარა სამკერდე ნიშანი გქონდა და ის უნდა გკეთებოდა, იმათთვისაც აღლუმის დროს ცალკე ადგილი იყო გამოყოფილი კოლონაში. კოლონა ეწყობოდა შემდეგნაირად: მეხუთე კლასის პიონერები, მეექვსე, მეშვიდე, მერე მერვე კლასიდან კომკავშირლები და ბოლოს მეათე კლასი. ამის შემდეგ დგებოდნენ დანარჩენი მოსწავლეები. სკოლებს შორის იყო შეჯიბრებები, ვინ უფრო კარგად ჩაივლიდა და ჩაატარებდა მსვლელობას, მერე სამადლობელს ეტყოდნენ მთავრობიდან, სიგელებს მისცემდნენ და ასე შემდეგ.

წინა ინფორმანტის მსგავსად, არც ნინოს ესმის, რატომ აღნიშნავდნენ პირველ მაისს. მისი თქმით:

 „არ ვიცი, რატომ აღვნიშნავდით ამ პირველ მაისს. ეს იყო ძალადობა, არავის უნდოდა. რომ გნდომებოდა, ის მაინც ხომ უნდა გცოდნოდა, რატომ აკეთებდი?! ჩემს ოჯახში ამ დღესასწაულს რაიმე განსაკუთრებული განწყობით არ ვხვდებოდით, რომ პირველი მაისი მოდის და მოვემზადოთ ამ დღისთვის... ამისთვის უფრო სკოლა ემზადებოდა, ვიდრე ოჯახი. დაწესებულებების დღესასწაული იყო ეს და არა საოჯახო. როგორც ვიცი, პირველი მაისი საბჭოთა დღესასწაულია. მაშინ რომ აღნიშნავდნენ, არც მაშინ მოჰქონდა განწყობა და ბარაქა და ახლაც რომ აღინიშნებოდეს, დაქცეული იქნებოდა ეს ქვეყანა.

კიდევ ერთი ინფორმანტი 68 წლის ვანოა, რომელსაც ამ დღის იდეურ შინაარსზე ვუმახვილებ ყურადღებას; ამბობს, რომ ეს დღე აღლუმთან, მარშირებასთან იყო დაკავშირებული. მან, წინა ინფორმანტებისგან განსხვავებით, იცოდა, რას ნიშნავდა პირველი მაისის დღე, თუმცა გააზრებული არ ჰქონდა მისი შინაარსი, რაც გამოიკვეთა მის მიერ წარმოთქმულ წინადადებაში: „პირველ მაისს მთავრობა აწყობდა. მე როგორც ვიცოდი, ეს იყო მშრომელთა... რაღაცა... საერთაშორისო დღე...“ და აგრძელებს: პირველი მაისი კომუნისტმა ქალმა დანერგა… თუ ეს რვა მარტი იყო? ზუსტად არ მახსოვს, როგორ, მაგრამ პირველი მაისი საერთაშორისო იყო. იძულებითი დღე იყო მაინც, ხალხს ჩანერგილი ჰქონდა, რომ უნდა გასულიყო ამ დღეს გარეთ. ვითომ ამ დღით მშრომელებს ადიდებდნენ, გამოცხადებული იყო, როგორც მშრომელთა საერთაშორისო დღე და პატივი უნდა ეცა ყველას. ამ მსვლელობას მაყურებელიც ჰყავდა. კოლონების იქთ ხალხი იდგა, ლოზუნგები ეჭირათ და ტაშს უკრავდნენ. ამ დღეს ვითომ მშრომელებს თანაუგრძნობდნენ, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკა მთავრობას ფეხზე ეკიდა, საკუთარ ინტერესებს ატარებდნენ“. 

 

1982 წლის პირველი მაისი. დემონსტრაცია აბაშაში

ინტერვიუებიდან პირველი მაისის აღნიშვნის ყოფითი თავისებურებები და მათთან დაკავშირებული შეხედულებები წარმოჩინდება. ინფორმანტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დღის შესახებ ინტერპრეტაციები წარმოადგენს პირველი მაისის საბჭოთა პერიოდისეულ აჩრდილს, რომელიც საბჭოთა პერიოდგამოვლილი ადამიანების მოგონებებმა შემოინახეს. ამ მოგონებების მიხედვით, საბჭოთა პერიოდის მოქალაქეების დიდ ნაწილს არც მუშათა უფლებები ესმოდა, არც საერთაშორისო დღის აღნიშვნის კონკრეტული იდეა და არც მისი კავშირი გამოხატვის ფორმებთან. მათთვის ეს დღე უფრო მეტად მისი აღნიშვნის ფორმალურ დეტალებსა და პირად ემოციურ დამოკიდებულებებს უკავშირდება და არა ფართო მშრომელთა იდეალებსა და მათდამი საკუთარი თავის მიკუთვნებულობას, რისკენაც ასე თავგამოდებით მოუწოდებდა საბჭოთა იდეოლოგია მოქალაქეებს.

 

[1]Komakhidze, B. (2022). “The Visibility of Georgian Hagia Sophia: Urban Religious Transformation in Poti, Georgia.” Urbanities 12 (1): 76–92. https://www.anthrojournal-urbanities.com/vol-12-no-1-may-2022/

[2] Hobsbawm E. (1983). Introduction: The Invention of Tradition. in Hobsbawm Eric & Ranger Terence (eds.) The Invention of Tradition. Cambridge University Press, 1-14.

[3]კომახიძე ბ. (2022). ფაზისის ურბანული ხილვადობა: მეხსიერების ტრანსფორმაცია ქალაქ ფოთში. მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის III (29): 133-155.

[4] Pelkmans, M. (2009). Introduction: post-Soviet space and the unexpected turns of religious life. In M. Pelkmans (ed.), Conversion After Socialism: Disruptions, Modernisms andTechnologies of Faith in the Former Soviet Union. Oxford: Berghahn.

[5] გაუმარჯოს შრომის ბრწყინვალე დღესასწაულს“. გაზეთი „კომუნისტი“, 1921, №49. გვ. 3. 

[6] Leinebaugh P. (2016). The Incomplete, True, Authentic, and Wonderful History of May Day. PM Press/Spectre.

[7] Van Ree, E. (2016). Stalinist ritual and belief system: Reflections on "political religion". Politics, Religion and Ideology, 17(2-3), 143-161. https://doi.org/10.1080/21567689.2016.1187600

[8] Dragadze, T. (1993). The domestication of religion under Soviet Communism. In C. M. Hann (ed.), Socialism: Ideals, Ideologies, and Local Practice. London: Routledge.

ავტორი :

ბორის კომახიძე - ანთროპოლოგიის დოქტორი