სიმონა კუტი – ქვემო იმერეთში გალობის გამავრცელებელი (წმ. გიორგის ეკლესიასთან არსებული სასწავლებელი ხონში)
საქართველოში ეკლესია-მონასტრებთან ყოველთვის არსებობდა საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც სრულყოფილ ან ზოგად განათლებას იღებდნენ ნიჭიერი და სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდები. განსაკუთრებით აღსანიშნავია გელათის, მოწამეთის, კაცხის, ჭელიშის, სვეტიცხოვლისა და შიომღვიმის სამონასტრო სკოლები. აქ განათლებამიღებული ადამიანები თავიანთ ცოდნას ქვეყანას ახმარდნენ.
ქვემო იმერეთში, დაბა ხონში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებობდა სასწავლებელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა მთელ დასავლეთ იმერეთში.
უცნობია, როდის დაარსდა სასწავლებელი, თუმცა გვხვდება ცნობები, რომ XVII-XVIII საუკუნეებში ამ სკოლაში არაერთი საეკლესიო მოღვაწე აღიზარდა.
სხვადასხვა ისტორიული წყაროს შეჯერების საფუძველზე ჩანს, რომ 1814 წლიდან სასწავლებელს ხელმძღვანელობდა იმერეთში ქართული საეკლესიო გალობის ცნობილი გამავრცელებელი, სრული მგალობელი სიმონ ფირცხალავა, იგივე სიმონა კუტი.
სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, „კუტი“ საპყარს ნიშნავს, ხოლო საპყარი – „ფერხებ დაშავებულს“. სიმონას მართლაც ჰქონდა ფიზიკური ნაკლი, ქვედა კიდურების განუვითარებლობის გამო, მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. თუმცა ამ ნაკლს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ სასწავლებლისთვის ეხელმძღვანელა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის არავითარი ხელშეწყობა არ არსებობდა. თავისი გონებრივი განვითარება და საგნების ზედმიწევნით ცოდნა მას საქმეს უმსუბუქებდა.
სიმონა წარმოშობით ხონიდან, კერძოდ, სოფელ მათხოჯიდან იყო. სხვადასხვა ცნობაზე დაყრდნობით, ის 1783 წელს დაბადებულა. ხონში ბავშვობიდანვე ჩაიყვანეს. იგი თავდაპირველად ცხოვრობდა და იზრდებოდა ეკლესიის გვერდით აგებულ საგანგებო შენობაში, „სასაპყრეში“, სადაც ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებს ათავსებდნენ.[i]
თავის აღზრდას სიმონა მთავარეპისკოპოს ანტონს (ჩიჯავაძე) უმადლოდა: „სიყრმით ჩემითგან აღვიზარდე რა მფარველობასა ქუეშე ნეტარხსენებულის მთავარ ეპისკოპოსის ანტონისა, სადაცა მომენიჭა უმაღლესისა მადლითა სწავლა საღმრთო წერილისა, ეგრეთვე წერისა და გალობისა“.[ii]
სასაპყრედან სიმონა გადაიყვანეს ეკლესიის სასწავლებელში, სადაც თავი ისახელა კარგი სწავლითა და გამორჩეული დისციპლინით.
ხონის წმინდა გიორგის სასწავლებელი სასულიერო სემინარიის ფუნქციას ასრულებდა. აქ ისწავლებოდა საღმრთო წერილი (რაც აერთიანებდა წერა-კითხვას, ღვთისმეტყველებასა და გრამატიკას), მათემატიკა, კალიგრაფია, გალობა და საერო სიმღერა.
როგორც წყაროებიდან ირკვევა, სიმონა ყველა საგანს სრულყოფილად ფლობდა, თუმცა განსაკუთრებით დახელოვნებული საეკლესიო გალობაში ყოფილა. „ამ მგალობელმა ბევრს ასწავლა გალობა, ბევრს დავიწყებული გაახსენა, ახლაც ბევრია იმერეთში მისი ნასწავლი მღვდლები და მგალობლები“,[iii] – ვკითხულობთ „ივერიის“ 1878 წლის ნომერში.
სიმონას დროს ხონის წმინდა გიორგის ეკლესია ცნობილი იყო გალობითა და წირვა-ლოცვის მშვენიერებით. მწუხრსა და ცისკარზე წიგნს ორჯერაც არ წაიკითხავდნენ, სულ გალობა ისმოდა. თუმცა წიგნის კითხვაც საოცარი მოსასმენი ყოფილა.[iv] ღვთისმსახურება კანანარხით (ან კანონარქი, კანანახი) სრულდებოდა, რაც მგალობელთა გუნდისა და წიგნის მკითხველთა ხელმძღვანელობას ნიშნავს. სიმონა კუტს, სავარაუდოდ, კანანარხის ფუნქცია ჰქონდა.
სიმონა კუტის მოწაფეებს შორის არაერთი საზოგადო თუ საეკლესიო მოღვაწე იყო. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან ივლიანე წერეთელი და არისტოვლე (არისტო) ქუთათელაძე. აღსანიშნავია, რომ მათი მამებიც, გალობის ცნობილი ოსტატები: ბეჟან წერეთელი და ვასილ ქუთათელაძე, სიმონას მოწაფეები იყვნენ. სიმონ კუტის ცოდნა და პედაგოგიური ოსტატობა ივლიანე წერეთლისა და არისტო ქუთათელაძის მაგალითზეც კარგად ჩანს.
ივლიანე წერეთელი იმ მგალობელთა შორის იყო, ვისგანაც ფილიმონ ქორიძემ საგალობლები ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა. ივლიანე, რომელმაც იცოდა მთელი წლის (როგორც გამშვენებული, ისე სადა კილოს) საგალობლები, თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მგალობლად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ აირჩია ის საგალობლების გადამცემად გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა 1884 წელს.
აუდიომაგალითი: ივლიანე წერეთლის, რაჟდენ ხუნდაძისა და დიმიტრი ჭალაგანიძის მიერ გადაცემული ერთ-ერთი საგალობელი. ასრულებს ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი
ივლიანე წერეთელი
არისტოვლე ქუთათელაძე ცნობილი პედაგოგი და არაერთი სასკოლო სახელმძღვანელოს (მათ შორის, ქართული ენისა და გეოგრაფიის) ავტორი იყო. გარდა საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობისა, მას ძველი საეკლესიო გალობაც ზედმიწევნით სცოდნია. ფილიმონ ქორიძის გადმოცემით: „ჩვენს მოღვაწეს, ბ. არისტო ქუთათელაძეს, ზედმიწევნით ცოდნია ზეპირი ძველი საგალობლები. მას უსწავლია ცნობილი მგალობლის სიმონ კუტისაგან ხონში და დამაწერინა ნოტებზე 551 ცალი საგალობლები, რომელნიც სავსეა მელოდიური სიტკბოებით...“ [v]
1844 წლამდე სიმონას მოსწავლეები არ დაჰკლებია, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საეკლესიო მოღვაწეებისათვის, მათ შორის, მგალობლებისთვისაც, მდგომარეობა თანდათან გართულდა. საფრთხე შეექმნა ყველაფერ ქართულს, მათ შორის, ქართულ ენაზე ღვთისმსახურებასა და გალობას. ამის გამო, სიმონა ფინანსურ დახმარებას სთხოვს იმერეთის მიტროპოლიტ დავითს (წერეთელი). მისი თხოვნა რამდენიმე წლის შემდეგ დაკმაყოფილდა. ხაზინიდან მას ყოველწლიურად 50 მანეთი გამოუყვეს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს დახმარება მალე შეუწყდა, რის გამოც სიმონ კუტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბეში გაატარა.
სიმონა ხონის სასწავლებლის უკანასკნელი ხელმძღვანელი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სასწავლებელმა მალევე შეწყვიტა არსებობა. ხონმა, მახლობელმა სოფლებმა და, ზოგადად, მთელმა ქვემო იმერეთმა მისი სახით დაკარგა საუკეთესო მცოდნე და ხელმძღვანელი კითხვისა და გალობისა.
სიმონა კუტი გარდაიცვალა 1867 წელს. დაკრძალულია ხონში. სამწუხაროდ, მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.
თემატური საკითხავი:
- ეფრემიძე, თორნიკე. „ხონის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე“, ქუთაისი, მინისტამბა „თეთნულდი“, 2014 წელი.
- ვაჭრიძე, პეტრე. „ხონის ისტორიიდან“. თბილისი, „ფარნავაზი“, 1998 წელი.
[i] აღსანიშნავია, რომ იმ დროს ეკლესიის წიაღში არსებობდა სპეციალური დაწესებულებები ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისთვის. ხონში ასეთი დაწესებულების დაარსება ხონის უკანასკნელი მთავარეპისკოპოსის, ანტონისა (ჩიჯავაძე) და იღუმენ ბასილის (ქუთათელაძე) სახელს უკავშირდება.
[ii] ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი. ფონდი 21. საქმე 2299.1844 წელი.
[iii] "ქართულს გალობაზედ - ვუძღვნი უფ. არაგველს". ივერია, N38, გვ.8, 28 სექტემბერი, 1878, ლ. ივერიელი.
[iv] „წიგნის კითხვა“ ცალკე ხელოვნება იყო და გულისხმობდა ლიტურგიკული ტექსტების განსაკუთრებული ინტონაციით, მელოდიურად გადმოცემას მისი შინაარსის ზედმიწევნით გამოსახატავად.
[v] მოგზაური, N37, გვ. 587-588, 9 ოქტომბერი, 1905, ფილიმონ ქორიძე.
ფოტო გარეკანზე - ხონის წმ. გიორგის ეკლესია