ჯორჯ ბალანჩინი გურიაში

თითოეული ფოტო საინტერესო ისტორიას ინახავს. დაზუსტების, შესწავლის, პიროვნებების, ფაქტებისა და მოვლენების დადგენის შემდეგ ფოტო ისტორიის ბევრ დეტალს აცოცხლებს.

ამ ფოტოებსაც სხვადასხვა ისტორია აქვთ, ისევე, როგორც თავად ჯორჯ ბალანჩინის (გიორგი ბალანჩივაძის), ქართული წარმოშობის გენიალური ამერიკელი ქორეოგრაფის, პირველად ჩამოსვლას საქართველოში.

ქართველმა კომპოზიტორმა მელიტონ ბალანჩივაძემ 1917 წელს უმცროსი შვილი ანდრია საქართველოში წამოიყვანა, ხოლო უფროსები, გიორგი და თამარი, რუსეთში დატოვა. მალე რუსეთში სოციალისტური რევოლუცია მოხდა. სანამ კომუნისტები ხელოვნებისთვის მოიცლიდნენ, 1924 წელს, გიორგი ბალანჩივაძემ რუსეთი დატოვა, მეგობრების მცირე ჯგუფთან ერთად ევროპაში საგასტროლოდ გაემგზავრა და საბჭოთა ხელისუფლების მკაცრი მოთხოვნის მიუხედავად, უკან აღარ დაბრუნებულა. ძმები პირველად 45 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. მისტერ ბი[1] მანამდე საქართველოში არასდროს ყოფილა. სამშობლოც და დიდი ხნის უნახავი ძმაც ერთად მოინახულა.

ეს ამბავი 1962 წელს მოხდა. ბალანჩინი თბილისს საკუთარ, უკვე კარგად ცნობილ საბალეტო კომპანია „ნიუ-იორკ სიტი ბალესთან“ ერთად ეწვია და სპექტაკლები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა.

საბჭოთა ხელისუფლებამ ქორეოგრაფს შეუდგინა საქართველოში მოგზაურობის პროგრამა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ქუთაისის მონახულებით დაიწყო. ამ ქალაქში მისტერ ბი შემთხვევით არ ჩაუყვანიათ. მწვანეყვავილას სასაფლაოზე, ქალაქის მუსიკალურ საზოგადოებასთან ერთად, ანდრიამ, ჯორჯმა და მათმა ნახევარძმამ, ყოფილმა არქიდიაკონმა და დიდებულმა მგალობელმა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ათვალწუნებულმა აპოლონმა ყვავილებით შეამკეს მამის, კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძის საფლავი. ბალანჩინს აჩვენეს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და გელათის სამონასტრო კომპლექსი. 

ჟურნალ „არაბესკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისტორიკოსმა ზურაბ ჯავახაძემ, რომელიც თანმხლებ პირებს შორის იმყოფებოდა, ასე გაიხსენა ეს შეხვედრა:

გელათის მთავარ ტაძარში რომ შევიდა და ფრესკებს უყურებდა,  მუხლი მოიყარა. შევატყვე, რომ ცრემლი მოადგა თვალზე. გვითხრა,  სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი მხატვრობა არსად მინახავსო. ყველაფერი აინტერესებდა. გელათში დიდხანს აკვირდებოდა ორნამენტებს. შემდეგ შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერის გაკეთება დაიწყო: „Приятно было посетить это место. Горжусь, что я имеретинец, Дж. Баланчин“ და имеретинец э-თი დაწერა. მე შევუსწორე, რომ არა ემერეთი, არამედ იმერეთი ერქვა ამ მხარეს.[2]

ბალანჩინის დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის გეგმაში საბჭოთა ხელისუფლებამ არ შეიტანა ბანოჯა, სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ.  უცნობია, მოითხოვა თუ არა თავად ჯორჯ ბალანჩინმა, მოენახულებინა წინაპართა სოფელი, ადგილი საიდანაც 1889 წელს  ახალგაზრდა მელიტონ ბალანჩივაძე პეტერბურგის კონსერვატორიაში მოსაწყობად გაემგზავრა. თურმე ბანოჯის ეკლესიას ერთ დროს წარწერაც ამშვენებდა, რომ ის ანტონ ბალანჩივაძემ, ჯორჯ ბალანჩინის ბაბუამ ააგო.

თუმცა მოგზაურობის გეგმაში აღმოჩნდა გურია, ოზურგეთი, მაშინდელი მახარაძის რაიონი. უცნობია, რა იყო ამის მიზეზი. ფაქტია, რომ გურიაში გატარებულ ერთ დღეს ბალანჩინზე საოცარი შთაბეჭდილება დაუტოვებია.

მახარაძეში ჯორჯ ბალანჩინი საკუთარ ძმასთან, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძესთან ერთად ჩასულა. შეხვედრა შედგა რესტორან „იზაბელაში“, რომელიც 1980-იანებში საბჭოთა კავშირის უკვე კომიკურად ქცეულ ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევის ვითომ „სამხედრო მოღვაწეობის“ განდიდებას შეეწირა. რესტორნის ულამაზესი შენობა დაანგრიეს, რათა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი აეგოთ (დღეს შენობაში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ფოლკლორის ცენტრია). მოცეკვავეთაგან, რომელთაც საგანგებოდ ბალანჩინისთვის შეასრულეს ცეკვა „ხორუმი“, ერთ-ერთი ავთანდილ ნაცვლაძე იყო. იგი ჩვენთან საუბარში იგონებდა: „ჩვენი ცეკვის ნახვის სურვილი თავად ბალანჩინს ჰქონდა. იგი თითოეულ ილეთს ინიშნავდა. თვითონაც ჩადგა ჩვენ შორის და ასე სწავლობდა მოძრაობებს. ორი საათი გაგრძელდა ჩვენი საუბარი“.[3]

საბედნიეროდ, ფოტოობიექტივმა ეს ისტორიული შეხვედრა აღბეჭდა და შემოგვინახა.

დარბაზში ბალანჩინთან ერთად გურული მოცეკვავეების შესრულებას თვალს ადევნებდნენ მისი თანმხლები პირები.[4]

ბალანჩინი აღფრთოვანებას ვერ ფარავდაო, - იხსენებდნენ შეხვედრის მონაწილენი. ამ ფაქტს ადასტურებს საქართველოდან წასვლის წინ ქართული საბჭოთა პრესისთვის ჯორჯ ბალანჩინის მიერ მიცემული ინტერვიუც:                                    

ვესტუმრე გურიასაც. არასოდეს არ დამავიწყდება ის განსაკუთრებული გულთბილობა, როგორითაც სტუმართმოყვარე მახარაძელებმა მიმიღეს. მასპინძლობას საზღვარი არა ჰქონდა, მაგრამ ყველაზე ძვირფასი, რითაც სუფრაზე გამიმასპინძლდნენ, ეს იყო გურული სიმღერები და ცეკვები.

ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში „კრიმანჭული“. რაოდენ დიდ და ღრმა კულტურას უნდა ფლობდეს ხალხი, რომ შექმნას ასეთი არნახული პოლიფონია! ნამდვილად საოცარია! მაგრამ ჩემზე, როგორც ქორეოგრაფზე, მაინც ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხურმა ცეკვებმა. ყველას თვალებში შევცქეროდი, რომ არ გამომრჩენოდა არც ერთი მოძრაობა, არც ერთი ჟესტი, არც ერთი პა.

დარწმუნებული ვარ, როცა აქაური ახალგაზრდა ეროვნული ტანსაცმლით იმოსება, მაშინ იგი უფრო მეტ პატივს სცემს თავის თავს, თავის ეროვნულ ღირსებებს; ვფიქრობ, აქედან მომდინარეობს ცეკვის ხასიათიც - ამაყი, თამამი, გადამწყვეტი...

უკვე ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ეს ცეკვები მშვენიერი ყვავილია, მახარაძეში კი ამ ყვავილთა წარმტაცი თაიგული ვნახე. განა ვინმეს მოსწყინდება მშვენიერი ყვავილებით ტკბობა?! სამწუხაროდ, ბევრი დრო არ მქონდა, თორემ საათობით დავჯდებოდი და ვუყურებდი ამ მომხიბლავ ცეკვებს.[5]

სწორედ ბალანჩინის მიერ ინტერვიუში ნახსენები სუფრაა  აღბეჭდილი მესამე ფოტოზე. სურათი იმითაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რომ მასზე ცნობილი ლოტბარი და უნიკალური მოკრიმანჭულე მიშა შავიშვილი თავისი ცნობილი ანსამბლის, „შვიდკაცას“, პირველი თაობის მომღერლებთან ერთად არის ასახული. შევეცადეთ, დაგვეზუსტებინა მათი ვინაობა.[6]

ჯორჯ ბალანჩინი საქართველოში მეორედ ათი წლის შემდეგ, 1972 წელს, ჩამოვიდა. ქართული პოლიფონია მას ამჯერადაც არ დარჩენია უყურადღებოდ. ერთ ინტერვიუში იგორ სტრავინსკის შეფასებასაც[7] ახსენებს:

აი, დღეს მე მომცეს ქართული სამხმიანი მუსიკის ნიმუშების ნოტები. ეს ძალიან საინტერესოა. ბევრს ვფიქრობ ქართულ ხალხურ პოლიფონიაზე. დიდმა კომპოზიტორმა და ჩემმა მეგობარმა იგორ სტრავინსკიმ მაღალი შეფასება მისცა მას. ქართული მრავალხმიანობა ისეთი შედევრია, რომელსაც ტოლი არა ჰყავსო, - წერდა იგი. თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩემი ბალეტები ხშირად პოლიფონიურ საძირკველზე შენდება. ესეც არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ სულ უფრო მიძლიერდება სურვილი, უახლოეს ხანში განვახორციელო დადგმა ქართულ მუსიკაზე.[8]

სამწუხაროდ, ბალანჩინის ეს გეგმა განუხორციელებელი დარჩა.

 

 

[1] Mr. B -  მსოფლიო საბალეტო სამყაროში ასე იხსენიებენ ჯორჯ ბალანჩინს. ეს მეტსახელი გამოიყენა ჯენიფერ ჰომანსმა ახლახან გამოცემულ ბალანჩინის ბიოგრაფიული წიგნის სათაურში: Mr. B: George Balanchine’s 20th Century (New York: Random House, 2023). 1962 წელს სსრკ-ში მოგზაურობის შესახებ იხილეთ ჯენიფერ ჰომანსის სტატია George Balanchine’s Soviet Reckoning, The New Yorker, 5 სექტემბერი, 2022.

[2] ჭოლაძე, ი., „შეხვედრები საქართველოში“: ჟურნალი „არაბესკი“, N23, 2014, გვ. 39.

[3] „ბალანჩინი სწავლობს ხორუმს“:  ჟურნალი „არაბესკი“, N1, 2006, გვ. 10.

[4] 2013 წელს რეჟისორმა ოლიკო ჟღენტმა ჩაწერა ამ შეხვედრის მონაწილენი (იხ. დოკუმენტური ფილმი „ჯორჯ ბალანჩინი გურიაში“).

[5] ბალანჩინი, ჯ., „ბედნიერი ვარ, რომ ვნახე საქართველო!“: გაზეთი „კომუნისტი“, 29 ნოემბერი, 1962 (N280), გვ. 4. ხელახლა დაიბეჭდა ჟურნალ „არაბესკში“ ინგლისური თარგმანით (George Balanchine: Happy to See Georgia), N23, 2014, გვ. 41-42.

[6] ბალანჩინი ზის მარჯვნივ. გვერდით, მარცხნივ, უზის ძმა, ანდრია ბალანჩივაძე, მარჯვნივ კი - ქალბატონი ნატაშა მოლოსტვოვა, რომელიც „ნიუ-იორკ სიტი ბალეს“ სკოლაში მუშაობდა და სსრკ მოგზაურობის დროს თან ახლდა მისტერ ბის. ფეხზე დგას თამადა კუკური ანთელიძე, რომელიც ხელმძღვანელობდა კულტურის სამსახურს. შემდეგ მარცხნიდან სხედან ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები: თეიმურაზ (თეზიკო) ქილიფთარი, ალექსანდრე გოგავა, მიშა შავიშვილი („შვიდკაცას“ ხელმძღვანელი), ზაურ ბოლქვაძე (სავარაუდოდ), ნოდარ ქარცივაძე, ამირან ბაბილოძე. ბოლოს - გიორგი სალუქვაძე (სიგარეტით), ცნობილი ლოტბარი, მომღერალი და ქორეოგრაფი. შესაძლოა, ზოგი დეტალი დაზუსტებას მოითხოვდეს. ფოტო მოგვაწოდა მანუჩარ მამეიშვილმა.

[7] იხ. ფერლი, ბ., „რა თქვა სინამდვილეში სტრავინსკიმ ქართულ მუსიკაზე“: ჟურნალი „ქართული ფოლკლორი“, N3, 2023.

[8] ბეგიაშვილი, ს. “ჯორჯ ბალანჩინი: „მუსიკა ცეკვაა, ცეკვა - მუსიკა“: გაზეთი „კომუნისტი“, 8 ოქტომბერი, 1972 (N237), გვ. 4. ხელახლა დაიბეჭდა შემოკლებული ფორმით ჟურნალ „არაბესკში“, N23 (2014/1), გვ. 43.

ავტორი :

ილია თავბერიძე - ჟურნალისტი მკვლევარი