ამირანის ორსახოვანი ბუნება
საზოგადოდ, ეპოსის ჟანრში საგმირო-სათავგადასავლო ამბავი წამყვანი მოტივია, პერსონაჟის თვისებებიდან კი მხოლოდ უძლეველობაა გამოკვეთილი. ამ მხრივ არც „ამირანის ეპოსი“ სცილდება ჟანრის ზოგად თავისებურებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილ ტექსტებში ვლინდება გმირის ამბივალენტური ბუნება. ერთი მხრივ, იგი ბოროტ ძალასთან მებრძოლი გმირია, მეორე მხრივ, მისი ქმედებები ძალის დემონსტრირებისა და თავის განდიდების სურვილით არის ნაკარნახევი.
ჟურნალის წინა ნომერში განთავსებულ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ ამირანის თავგადასავლის გარდამტეხ მომენტებზე, წინამდებარე სტატია ეთმობა გმირის ორსახოვნების საკითხს, კერძოდ, თუ როგორ ვლინდება ეს ორსახოვნება ეპოსის სხვადასხვა ვარიანტში.
ამირანი – ბოროტ ძალასთან მებრძოლი გმირი
ეპიკური გმირის თავგადასავალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ბოროტ ძალებთან ბრძოლა წარმოადგენს. ამირანი ორ ანტაგონისტს, დევსა და გველეშაპს, ებრძვის; სძლევს მათ და მხსნელად ევლინება საზოგადოებას, რაც გმირს დადებითად წარმოაჩენს. სწორედ ამას აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილი ამირანის ბუნებაზე მსჯელობისას: „ძლიერი ღონის პატრონი ამირანი ებრძვის განუწყვეტლივ ბოროტ არსება – მდევებს. ის მათი დაუძინებელი მტერია, მათი გამწყვეტავია, იმიტომ რომ დევები კაცის მჭამელები და შემავიწროვებლები არიან. ამ მხრივ ამირანი კეთილი გმირია, ბოროტ ძალათა წინააღმდეგ მებრძოლი.“ [1]
ამირანის სიკეთე ეპოსის მრავალ ვარიანტში აისახა. მაგალითისთვის, ქართლში ჩაწერილი ვარიანტის მიხედვით, დევების მიერ დატყვევებული ამირანის ბიძები, ბადრი და სულკალმახი, ამირანის ბრძოლის შედეგად გათავისუფლდნენ. ამირანმა „ამოიღო ის მოკლე ხმალი და სულ ერთიანად დაჟლიტა ის დევები. გახარებული ბიძები მოეხვივნენ ყელზე თავიანთ ძმისწულს და მხსნელსა.“ [2]
სვანეთში ჩაწერილი ტექსტის მიხედვით, არსებობდა ცხრათავიანი დევი, რომელმაც ძალიან დააზიანა ამირანის გამზრდელი იამანი და შვილის ან თვალის დათმობა მოსთხოვა. იამანმა შვილის გაწირვას თვალის დათმობა არჩია. ამ შემთხვევაშიც ამირანის საზარელ დევთან შერკინება სიკეთის კეთების სურვილით არის განპირობებული. გმირი უშიშრად ებრძვის ბოროტ ძალას და თვალისჩინს უბრუნებს მამობილს.[3]
ქართლში ჩაწერილ ერთ ვარიანტში ამირანი ებრძვის სამ გველეშაპს, რომლებიც წყლის მიმტაცებლის სახით არიან წარმოდგენილნი და ხარკად ადამიანებს ითხოვენ. გმირის მიერ გველეშაპების დახოცვა კი დიდ სადარდებელს აშორებს და სიმშვიდეს უბრუნებს ხალხს.[4]
ბოროტებასთან ბრძოლა
ამირანი დადებითი თვისებების მატარებელია ერთ-ერთ კახურ ვარიანტშიც. ტექსტის მიხედვით, იგი ურჯულოებს ებრძვის. ამ ვარიანტის თავისებურება ისაა, რომ ამირანს მისგან შევიწროებული ურჯულოები სჯიან მიჯაჭვით, ხოლო ღმერთი შემწედ ევლინება და საკვებით უზრუნველყოფს განსაცდელში ჩავარდნილ გმირს.[5]
კიდევ ერთ კახურ ვარიანტში მიჯაჭვული ამირანი საკუთარ თავს ახასიათებს და ამბობს: ,,მე საწყლის და ღარიბის მოკეთე ვარ.“ [6] ამ ვარიანტის მიხედვითაც, ამირანი ღმერთთან მებრძოლი გმირია, თუმცა საკუთარი ამპარტავნობის გამო კი არ ებრძვის მას, არამედ იმიტომ, რომ „ქვეყანა მადლიანად არ არის მორთული“.[7]
ამირანის სახე ლიტერატურაში
დევსა და გველეშაპთან შერკინების მოტივის გარდა, ამირანის სახე დადებითად წარმოაჩინა იმანაც, რომ ლიტერატურაში ერთ დროს უძლეველი, ახლა კი თავისუფლებას მოწყურებული გმირი საქართველოს სიმბოლოდ მოიაზრება. მსგავსად არის იგი წარმოდგენილი აკაკი წერეთლის პოემაში „თორნიკე ერისთავი“. ნაწარმოებში ამირანის გათავისუფლების იმედით საქართველოს თავისუფლების იდეაცაა გამოხატული.
ამ კუთხით არის წარმოჩენილი მიჯაჭვული ამირანი ვაჟა-ფშაველას ლექს „ამირანშიც“. ავტორი თანაუგრძნობს დევ-ეშმაკთა გამანადგურებელ გმირს და ელოდება დროს, როცა იგი ჩვეულ ძალაუფლებას დაიბრუნებს.
მიჯაჭვული ამირანის ამბავი გაცოცხლებულია დემნა შენგელიას რომანში „სანავარდო“ და გალაკტიონ ტაბიძის ლექსში „ამირანი მიჯაჭვული“. ლექსის მიხედვით, „ადამიანებს მოსწყვიტეს ის, ვის ასე უყვარდა ადამიანი“.[8] გალაკტიონ ტაბიძის კიდევ ერთ ლექსში „მშობლიური ეფემერა“ იხატება გმირის ტრაგიკული ბედი და მისი მარადიული სასჯელის სევდა.
მიჯაჭვული ამირანი
ქართულ ლიტერატურაში ამირანი არ არის ღმერთთან მებრძოლი გმირი, არამედ იგი საკმაოდ მძიმე ხვედრის მქონე პერსონაჟია. ამავდროულად, ლიტერატურაში მიჯაჭვული გმირის ამბის ფართოდ გავრცელება მეტყველებს თავად ამირანის მითის პოპულარობასა და მის მიმართ საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე.
ამირანი – განდიდებისთვის მებრძოლი გმირი
დევსა და გველეშაპთან შერკინება და მათი დამარცხება სიკეთისა და მშვიდობის მომტანი იყო საზოგადოებისთვის. ამან ამირანი ხალხის საყვარელ გმირად აქცია. თუმცა ეპოსის სხვადასხვა ვარიანტში გვხვდება მინიშნება იმაზე, რომ ამირანის ქმედება, გაილაშქროს ბოროტი ძალის წინააღმდეგ, უპირველესად, საკუთარი თავის წარმოჩენის, განდიდებისა და ძალის დემონსტრირების სურვილით არის შთაგონებული.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილ ტექსტთა უმრავლესობაში ნათლად არის ასახული ის, რომ ამირანი ღმერთთან შერკინების სურვილამდე ავლენს ამპარტავნობის ნიშნებს, არ ფიქრობს საფრთხეზე და საკუთარ ძალებს ნებისმიერ დაბრკოლებაზე აღმატებულად მიიჩნევს. ქართლში ჩაწერილი ტექსტი მოგვითხრობს, რომ ამირანს და მის ბიძებს გზად დევი შემოხვდათ. სასწაულებრივი ძალის მქონე ამირანმა მხოლოდ იმიტომ არ მოკლა დევი, რომ თავად არ მოელოდა მისგან საფრთხეს და დარწმუნებული იყო საკუთარ აღმატებულ ძალაში. [9] გარდა ამისა, თუ ამირანი იბრძოდა მხოლოდ ხალხის კეთილდღეობისა და არა პირადი განდიდებისთვის, მაშინ იგი დაუფიქრებლად მოკლავდა დევს, რომელიც საფრთხის მომტანი იყო საზოგადოებისთვის, თავისი ბოროტი ბუნებიდან გამომდინარე. მოცემულ თვალსაზრისს ამყარებს ის ეპიზოდიც, როდესაც ამირანი ვერ მოერია მკვდარი ამბრი არაბის ფეხს, „ჩაჯდა საბნელოს, დღე და ღამე იმისთვის ერთი იყო. არც კაცი იცოდა და არც სხვა რამ სულიერი“. [10] თუ მისი მიზანი იყო უბრალოდ ბოროტების აღკვეთა და არა ბრძოლა გამარჯვებისა და თავის განდიდებისთვის, რატომ უნდა დაეღონებინა იგი ამგვარ დამარცხებას? ამბრი არაბთან განცდილმა მარცხმა ამირანს უჩვენა, რომ სულაც არ იყო უძლეველი და სწორედ ეს გახდა მისი მწუხარების მიზეზი. ამირანი მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა დღის სინათლეს, როდესაც უფალმა ძალა განუახლა. თუმცა მაშინვე საკმაოდ უხეშად სცადა, დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები და „რაც გზაში ხვდებოდა, სულ აქეთ-იქით ისროდა“. [11]
ამირანს საკუთარი ძალის დაკნინებად მიაჩნია მასზე უფრო ძლიერის არსებობაც. განდიდების სურვილი ნელ-ნელა იზრდება და გმირიც ცდილობს, დაჯაბნოს ყველა, ვინც სჯობნის, ან შეიძლება მომავალში აჯობოს. ფშაური ვარიანტის მიხედვით, ამირანი მიწიდანაც ვერ ძრავს გარდაცვლილი ამბრი არაბის ფეხს, მაშინ იქვე მყოფი ამბრი არაბის დედა ამბობს: „ე, მაგის პატრონი უბარებდი ამბრის მუქარას, დარეჯანიანთ ამირანო, მაგ ღონით თუ უპირობდი ჩემს შვილს შებმასო?!“ [12] ნათელია, რომ ამბრი არაბი[13] გარდაცვლილიც კი სძლევს გმირს, თუმცა ისიც ცხადია, რომ ამირანს ერთ დროს მასთან შერკინებაც მოუნდომებია.
გავიხსენოთ სვანეთში ჩაწერილი კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ამირანმა დაუფარავად გამოხატა განდიდების სურვილი და სამჯერ დაარღვია უფლის სახელით დადებული პირობა. ბოლო შემთხვევაში იგი ანდრერობს[14] გადაეყარა. მომაკვდავმა ანდრერობმა მას საკუთარი შვილი მიაბარა და თან ქრისტე დააფიცა, ძმად მოეკიდე და არ უღალატოო. ანდრერობის ძე საკმაოდ ძლიერი და მოხერხებული აღმოჩნდა. ერთხელ მან ორი ირემი დაიჭირა, ამის მნახველი ამირანი დამწუხრდა: „ჯერ ყმაწვილია, ამას სჩადის, რომ დავაჟკაცდება, მე მაჯობებსო, სთქვა და განიზრახა მოკვლა და კიდევაც აასრულა.“ [15]
კიდევ ერთ სვანურ ტექსტში ამირანმა ძმობა შეჰფიცა ორ ბავშვს, რომლებიც ძალიან სწრაფად გაიზარდნენ და საოცარი ძალაც გამოავლინეს. ამირანს შეეშინდა, მომავალში ჩემზე ძლიერები იქნებიანო და ორივე დახოცა. მეტიც, მისმა ამპარტავნობამ იმდენად იმძლავრა, რომ მიწაზე სამი მუხის, სამი კაცისა და სამი ქალის მეტი აღარავინ დატოვა.[16]
ამირანის ამპარტავნული ბუნება შესანიშნავად ვლინდება კახეთში ჩაწერილ ტექსტში, რომლის მიხედვითაც, ამირანი საჭიდაოდ იწვევდა ყველას, ვინც კი გზად გადაეყრებოდა და სასტიკად უსწორდებოდა მათ.[17] ერთ სვანურ ვარიანტში კი პირდაპირ არის ნათქვამი: „ამირანს ქვეყანაზე მასზე მძლე არავინ ეგულებოდა, რადგან ვინც მის მოპირდაპირედ მიაჩნდა, ზოგი ღალატით და ზოგი პირდაპირი ბრძოლით გამოასალმა წუთისოფელს.“ [18] ამგვარად იქცა დევების წინააღმდეგ მებრძოლი გმირი ღმერთთან მებრძოლ გმირად, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი ამბის ტრაგიკული დასასრული.
„ამირანის ეპოსის“ ვარიანტების შედარებითი კვლევა გვიჩვენებს, რომ გმირის ბუნება ორგვარად არის წარმოდგენილი. ტექსტების ნაწილში წარმოჩენილია ამირანის დაუღალავი ბრძოლა სიკეთისა და სიმშვიდის დამკვიდრებისთვის, ზოგიერთ ვარიანტში კი გამოკვეთილია გმირის მისწრაფება განდიდებისა და ძალის დემონსტრირებისკენ. ღმერთთან შეჯიბრების სურვილის მიუხედავად, საზოგადოების ცნობიერებაში ამირანი კეთილი, უკეთურებასთან მებრძოლი პერსონაჟის სახითაა აღბეჭდილი, რაც, ერთგვარად, ქართული მწერლობის გავლენითაც უნდა აიხსნას. როგორც ჩანს, ლიტერატურულ ნაწარმოებებში გმირის ამპარტავნობის უკანა პლანზე გადაწევამ, მისი ტანჯული მდგომარეობის გამოკვეთამ და ალეგორიულ სახედ გააზრებამ ხელი შეუწყო ამირანის დადებითად წარმოჩენის ტენდენციას.
[1] ჯავახიშვილი, ივანე (1951). ქართველი ერის ისტორია. ტ. I. თბილისი, გვ. 154.
[2] ქართული ხალხური პროზა (2019). „ამირანიანი“. ტ. II. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 121.
[3] იქვე, გვ. 316.
[4] იქვე, გვ. 37.
[5] იქვე, გვ. 144.
[6] იქვე, გვ. 99.
[7] იქვე, გვ. 99.
[8] ტაბიძე, გალაკტიონ (1947). თხზულებანი. ტ. IV. თბილისი: სახელგამი, გვ. 46.
[9] ჩიქოვანი, მიხეილ (1947). მიჯაჭვული ამირანი. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 275.
[10] იქვე, გვ. 325.
[11] იქვე, გვ. 277.
[12] იქვე, გვ. 324.
[13] ფშავში ჩაწერილ ვარიანტში ამბრი არაბი ამირანის მტრად არის სახელდებული. ამბრის დედამ დაინახა ამირანი, იცნო, მოინდომა მისი გამოცდა და ამიტომ სთხოვა ამბრის ფეხის აწევა.
[14] სვანურ ვარიანტში ამბრი არაბს ანდრერობი ენაცვლება.
[15] ჩიქოვანი, მიხეილ. დასახელებული ნაშრომი, გვ. 274.
[16] ქართული ხალხური პროზა. დასახელებული ნაშრომი, გვ. 335.
[17] იქვე, გვ. 134.
[18] იქვე, გვ. 321.
სტატიაში გამოყენებულია ვახტანგ ონიანის ილუსტრაციები.