ამირანი – ქართული ხალხური ეპოსის გმირი
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში გამორჩეულ სახეს ქმნის ამირანი – შემოქმედთან მებრძოლი და მიჯაჭვული გმირი. ზეპირი გავრცელებიდან გამომდინარე, „ამირანის ეპოსი“ მრავალი ვარიანტით არის ცნობილი. ტექსტების ურთიერთშედარებისას ირკვევა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხემ გმირის ბიოგრაფია განსხვავებული ნიუანსებით შემოგვინახა. თუმცა სიუჟეტი საერთოა – ამირანი ღმერთს გაუტოლებს თავს და მარადიული განსაცდელით ისჯება.
აღსანიშნავია, რომ ამირანის ამბავი ექვემდებარება ტრადიციული გმირის თავგადასავლის მოდელს. ამ მოდელის მიხედვით, ყველა ეპიკური პერსონაჟის ცხოვრებაში ვლინდება მსგავსი ეპიზოდები, მაგალითად, სასწაულებრივი შობის, არაჩვეულებრივი წარმოშობისა და მტრულ ძალასთან ბრძოლის მოტივები.
ამირანის რჩეული ბუნება
ეპოსის ცენტრში მყოფი პერსონაჟი აუცილებლად განსხვავდება საზოგადოების დანარჩენი წევრებისგან წარმომავლობითა თუ ძალისმიერი შესაძლებლობებით. სვანური ვარიანტების მიხედვით, ამირანის დედა ნადირობის ქალღმერთი დალია, გმირის მამა კი – მონადირე, რომელიც მზეთუნახავს მიუვალ კლდეში ხვდება. თითქმის ყოველთვის გამოკვეთილია ამირანის სასწაულებრივი შობაც; იგი ნაადრევად ამოიყვანეს დედის მუცლიდან და გამოაშუშეს სხვადასხვა ცხოველის ფაშვში.
ქალღმერთი დალი
არაჩვეულებრივი წარმომავლობის გარდა, ამირანი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ძალ-ღონით გამოირჩეოდა, რაც ეპოსის მრავალ ვარიანტში სხვადასხვაგვარი ფორმითაა აღნიშნული. მაგალითად, ათი წლის გმირი ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ ომში ბრძოლაც კი შესძლებია.
ამირანს სხვებისგან განასხვავებს ისიც, რომ იგი უფლის ნათლულია. შემოქმედი ხშირად უპოვარი ადამიანის სახითაც ეცხადება ოჯახს. ზოგიერთ ტექსტში ნათლიებად ანგელოზებიც გვევლინებიან. ღვთის ნათლულობა ერთიორად ზრდის ამირანის განსაკუთრებულობას და კიდევ უფრო აშორებს მას ჩვეულებრივ, ადამიანურ ბუნებას. ამას თან ერთვის დანათლებული ძალა – გაქანებული ხის სიჩქარე, ზვავის სიმარდე, მგლის მუხლი და თორმეტუღელა ხარ-კამეჩის ღონე.
ამირანის ქანდაკება
ზოგადად, ეპოსის ჟანრში მთავარი პერსონაჟის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს წარმოაჩენს საცოლის მოპოვების ეპიზოდიც. ამირანის საცოლე კოშკში გამოკეტილი მზეთუნახავია, რომლის მოტაცებაც მხოლოდ უძლეველ, გამორჩეულ გმირს შეუძლია. ტექსტების უმრავლესობაში ამირანის საცოლეს ყამარი ჰქვია. რამდენიმე ვარიანტში იგი მოიხსენიება კამარის ან ქეთუს სახელწოდებითაც. საცოლის მოსატაცებლად ამირანმა ჯერ ქალის ძლევამოსილი მამა უნდა დაამარცხოს. თქმულების მიხედვით, ყამარის მამა მხოლოდ იმ შემთხვევაში დამარცხდება, თუ მოწინააღმდეგე მას ფეხს დაუზიანებს. ამ დიდ საიდუმლოს თავად მზეთუნახავი უმხელს გმირს. გამარჯვებული ამირანი გამოიხსნის ყამარს, თუმცა მათი ისტორიის გაგრძელებას ეპოსი აღარ გვიჩვენებს.
ამირანის ბრძოლა ბოროტ ძალასთან
ეპიკური პერსონაჟის ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფეხურს ანტაგონისტთან, მტრულ ძალასთან, დაპირისპირება წარმოადგენს. ამირანის თავგადასავალში ეს მოტივი დევთან და გველეშაპთან შერკინებით გამოვლინდა. გარკვეულწილად, ბოროტებასთან ბრძოლა ამირანის ბედისწერაა. იგი უფალმა სხვებისგან გამოარჩია, მონათლა და განსაკუთრებული ძალით დაასაჩუქრა, რაც საკუთარ მისიას ანიჭებს გმირს. გარდა ამისა, ერთ ქართლურ ვარიანტში გარკვევით არის ნათქვამი, რომ შემოქმედმა ამირანი დევების დასახოცად გააჩინა.
ფშავში ჩაწერილ ვარიანტში ჩანს გველეშაპი, რომელსაც ამირანი ებრძვის. გმირს გზად შეხვდება ბაყბაყდევი. მისი დამარცხების შემდეგ ამირანი არ კლავს ბაყბაყდევის თავიდან ამოსულ სამ ჭიას, რომლებიც მოგვიანებით სამ გველეშაპად იქცევიან. ამირანი ორ მათგანს, თეთრსა და წითელს, დახოცავს, ხოლო შავი გველეშაპი, რომელიც ქარცეცხლადაც მოიხსენიება, გადაყლაპავს გმირს. გველეშაპის მიერ შთანთქმულ ამირანს თავის დახსნაში ბადრი და უსუპი ეხმარებიან (ამირანის ძმები, ძმობილები, ზოგიერთი ვარიანტის მიხედვით კი – ბიძები). მათი მინიშნებით, ამირანი დანით გაჭრის გველეშაპის მუცელს და ასე გადაირჩენს თავს.
ბრძოლა ბოროტ ძალასთან
აღსანიშნავია, რომ ეპიკურ ძეგლებში ანტაგონისტთან დაპირისპირება არა მხოლოდ საზოგადოების კეთილდღეობის, არამედ გმირის ბუნებაში მომხდარი სახეცვლილების საწინდარიც ხდება. ანტაგონისტისა და ეპიკური გმირის შერკინება კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის გამომხატველია და მიგვითითებს პერსონაჟის ღონესა თუ რჩეულ ბუნებაზე; თუმცა ასახავს ცხოვრებისეულ რეალობასაც – ადამიანს გადატანილი განსაცდელი გარდაქმნის, აძლევს გამოცდილებას, სიბრძნეს, სიცოცხლის ახლებურად აღქმისა და შეფასების უნარს. ამგვარად, გველეშაპთან ბრძოლის მონაკვეთი ამირანისთვის ხელახლა შობას უთანაბრდება.
ამირანის ხელახლა შობა
ამირანი და ამბრი არაბი
ამირანის თავგადასავალში საინტერესო მონაკვეთს წარმოადგენს ამბრი არაბის ეპიზოდი – გმირის პირველად დამარცხების ისტორია. ამირანი გზად დაინახავს მკვდარ ამბრი არაბს, რომელსაც ურმიდან ფეხი ჩამოვარდნოდა. ამბრის დედა ამირანს დაღუპული შვილის ფეხის გასწორებას სთხოვს. ეს თხოვნა გმირისთვის გადაულახავ დაბრკოლებად აღიმართა, მან ძვრაც ვერ უყო გარდაცვლილის ფეხს. მარცხის შეგრძნება კიდევ უფრო გაამძაფრა ამბრი არაბის დედის დაუფარავმა მხილებამ, ცოცხალ კაცს მკვდარმა გაჯობაო. „ამირანის ეპოსში“ ხსენებული მონაკვეთი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პირდაპირ არის აღწერილი პერსონაჟის ადამიანური ემოციები – მოულოდნელი დამარცხებით შეძრული ამირანი „ჩაჯდა საბნელოს. დღე და ღამე მისთვის ერთი იყო. არც კაცი იცოდა და არც სხვა რამ სულიერი. არავის არ იკარებდა ახლოს“ (1). ამ შემთხვევამდე ყველგან და ყველაფერში წარმატებულმა გმირმა შეცვლილი რეალობა ვეღარ მიიღო და ღმერთს ღონის მომატება სთხოვა. ღმერთმაც უარი არ უთხრა დადარდიანებულ ნათლულს და ამგვარად კიდევ ერთი ახალი შანსი მისცა. ამ შემთხვევამ ამირანს უჩვენა, რომ სულ მარტივად შეიძლება, დამარცხდეს. თუმცა გმირი განახლებული ძალით დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას და უფლის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა.
გმირის ჰუბრისი და ტრაგედია
გამორჩეულ წარმომავლობას, მრავალი წინააღმდეგობის დაძლევასა და აღმატებულ ძალისმიერ შესაძლებლობებს ეპიკური პერსონაჟი ხშირად ჰუბრისამდე, ამპარტავნებამდე, მიჰყავს. ამირანის ცხოვრებისეულ გზაზე კულმინაციური მომენტი ღმერთთან შერკინების სურვილი აღმოჩნდა. თუ თავდაპირველად იგი ბოროტების აღკვეთას ახმარს ღონეს, საბოლოოდ, ყველაზე დიდ სიკეთეს, შემოქმედს, უპირისპირდება. სავარაუდოა, რომ ამგვარი ტრაგედიის მიზეზად იქცა მისი განსაკუთრებულობა – ადამიანური და ღვთიური ძალების ერთიანობა. როგორც აღვნიშნეთ, სვანურ ვარიანტებში ამირანი ქალღმერთი დალისა და უბრალო მონადირის შვილია. ღმერთის მონათლულ გმირში ღვთიური ნაწილიცაა და მიწიერიც, თუმცა ბოლომდე არც ერთ სამყაროს ეკუთვნის და არც მეორეს. ამირანს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეეძლო დევებისა თუ გველეშაპების დახოცვა, რაც მას ადამიანურ ბუნებას აშორებდა. არც ღვთიური ბუნების შენარჩუნება იყო მარტივი შეცოდებებითა და ცდუნებებით სავსე სამყაროში. ამგვარ ჭიდილში გმირს გზა აერია და გაუმართლებელი დანაშაული ჩაიდინა. ამირანის დანაშაულს ამძაფრებს ისიც, რომ მისი ნათლია იყო ღმერთი (ქრისტე), რომელმაც განუზომელი ძალით დაასაჩუქრა და გამუდმებით ეხმარებოდა განსაცდელისა თუ მწუხარების დაძლევაში.
ამირანმა უფალი საბრძოლველად გამოიწვია, თუმცა ღმერთმა მას კიდევ ერთი შანსი მისცა. მაგალითისთვის, ერთ მთიულურ ვარიანტში ამირანს სიტყვიერად ურჩევს, მე არ დამეჭიდოო. სხვა ვარიანტებში კი უჩვენებს თავის ძალისმიერ უპირატესობას და მიანიშნებს, რომ შემოქმედთან მებრძოლი გმირი დამარცხებისთვისაა განწირული. მიუხედავად ამისა, განდიდების წყურვილით დაბრმავებული ამირანი ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს, უფლის გამოწვევის წინაშე უკან არ იხევს და მარადიული განსაცდელით, მიჯაჭვით, ისჯება. გვხვდება ვარიანტები, სადაც გმირი მიგვანიშნებს ან პირდაპირ ამბობს, რომ ძალის წართმევასა და დამარცხებას სიკვდილი ურჩევნია. მისი ბედის ტრაგიზმს ისიც ამძაფრებს, რომ სამუდამო სიცოცხლე აქვს მისჯილი და აღარც ძალის გამოყენება შეუძლია.
მიჯაჭვული ამირანი
საყურადღებოა გათავისუფლების ამაო მცდელობებიც. ამირანს ერთი გოშია ჰყავს მიჩენილი. გოშია მთელი წლის განმავლობაში ლოკავს ჯაჭვს და გაწყვეტამდე მიჰყავს ის. ჯაჭვი სწორედ მაშინ მთელდება, როცა დასჯილი გმირი სადაცაა, უნდა გათავისუფლდეს. ამირანი გამუდმებით ცდილობს პალოს მორყევასაც. თუმცა შრომა წყალში მაშინ ეყრება, როცა მის ახლოს მყოფ ჩიტს მუშტს მოუქნევს, მუშტი პალოს მოხვდება და კვლავ მიწაში ჩაესობა.
გმირი დღემდე ელოდება ნანატრ თავისუფლებას, იმას კი ვერ მიმხვდარა, რომ საკუთარი ხელით, პატარა ჩიტისთვის მრისხანებით მოქნეული მუშტით იხანგრძლივებს სასჯელს. საფიქრებელია, რომ ვიდრე გმირი სინანულს არ იგრძნობს და ამპარტავნების „ბორკილებს“ არ დააღწევს თავს, არც ჯაჭვი გაწყდება და არც სასჯელი შეიცვლება.
დამოწმებანი:
- ჩიქოვანი, მიხეილ. (1947). მიჯაჭვული ამირანი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, გვ. 325.