ალილო ჩრდილოეთ იტალიაში

ალილო ჩრდილოეთ იტალიაში

ზეპირსიტყვიერების ტრადიცია  და წერილობითი წყაროები, კონტრრეფორმაციის პერიოდიდან დღემდე

 საშობაო სიმღერების შესრულების ტრადიცია, რომელსაც იტალიურად Stella-ს (ანუ „ვარსკვლავს“) ან Tre Re-ს („სამ მოგვს“) ეძახიან, ფართოდაა გავრცელებული იტალიასა და სლოვენიაში – ტიჩინოს ალპურ რეგიონებში. უფრო მეტიც, ეს ტრადიცია პოპულარულია ცენტრალური ევროპის საკმაოდ ვრცელ არეალში, უპირველეს ყოვლისა, გერმანულენოვან რეგიონებში და, აგრეთვე, ბოჰემიაში, უნგრეთსა და სლავურ ქვეყნებში.

1982 წელი. ვალ დი ფასა-პენია. ვარსკვლავის მომღერლები © რენატო მორელი

1982 წელი. ვალ დი ფასა-სორაგა. ვარსკვლავის მომღერლები © რენატო მორელი

ქართული ალილოს ტრადიციის მსგავსად, შობასა და ნათლისღებას შორის პერიოდში მომღერლები, რომლებიც ხშირად სამი მოგვის დარად იმოსებიან, კარდაკარ დადიან და  ასრულებენ სიმღერებს, რომლებიც, როგორც წესი, მოწყალების თხოვნასა და ნაირგვარი საჩუქრის მიღებას უკავშირდება. მუსიკოსთაგან ერთ-ერთი ტრადიციულად ატარებს განათებულ ვარსკვლავს (სტელას). ამგვარი შემოწირულობა შეიძლება გადაეცეს ეკლესიას ან თავად „მომღერალმა ვარსკვლავებმა“ გაინაწილონ.

ტრადიციულად, სტელა და მისი ვარიაციები სრულდება ზეპირად, პარტიტურის გარეშე. შეიძლება ამის გამო მათი პოპულარულ ხალხურ სიმღერებად, ანუ ზეპირსიტყვიერი ტრადიციის რეპერტუარის ნაწილად მიჩნევა? თუ შესაძლებელია ავტორების კვალზე გაყოლა და მათი აღმოჩენა? ასეთ შემთხვევაშიც, რამდენად რეალურია ამ ნიმუშების შექმნის თარიღების დადგენა? 1980-იანი წლების ბოლომდე ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩებოდა.

1981 წელს დავიწყე საველე კვლევა მოჩენის ხეობაში, გერმანული ეთნო-ლინგვისტური წარმოშობის იზოლირებულ მთიელთა თემში, ტრენტინოში, სადაც სტელას ტრადიცია დღემდე განსაკუთრებით ძლიერია. მოვახერხე და სტელას თოთხმეტი განსხვავებული ვარიანტი ჩავიწერე,  რომელთაგან თორმეტი იტალიურენოვანი იყო, დანარჩენი ორი კი  – ლათინურენოვანი. ჩვეულებრივ, ჩრდილოეთ იტალიის სხვა რეგიონებში ტრადიციული სიმღერების ერთ, ორ, მაქსიმუმ სამ განსხვავებულ ვარიანტს თუ შეხვდებით.

1984 წელი. ვალ დეი მოკენი-ფიოროსო-პენია. ვარსკვლავის მომღერლები © რენატო მორელი

2001 წელი. მოკენი-პალუს ვარსკვლავი © რენატო მორელი

1984 წელს, როგორც იქნა, მივაგენი წიგნის ასლს, რომელსაც მანამდე დიდხანს ვეძებდი. ეს იყო პატარა, 72 გვერდიანი გამოცემა სახელწოდებით Sacri Canti – საკრალური/საშობაო სიმღერების კოლექცია – რომლებიც მღვდელმა დონ ჯოვანი ბატისტა მიჩიმ (Don Giambattista Michi di Fiemme) შეაგროვა და შეადგინა. ჩვენ ამ წიგნს უბრალოდ მიჩის კოლექციად მოვიხსენიებთ. 

დონ ჯოვანი ბატისტა მიჩი დაიბადა ტესეროში 1651 წლის 9 მაისს და გარდაიცვალა 39 წლის ასაკში 1690 წელს. რამდენადაც კრებული მიჩის სიცოცხლის პერიოდითაა დათარიღებული, შესაძლებელი გახდა დამეწყო სხვადასხვა ისტორიული წერილობითი წყაროს თანამედროვე  „ზეპირი ტრადიციის“ კვლევა, რამაც, ამ შემთხვევაში, 1600-იანი წლების მეორე ნახევრამდე მიმიყვანა. თუმცა მაინც საჭირო იყო მიჩის მიერ გამოქვეყნებული სიმღერების წარმომავლობის გარკვევა. წიგნის შესავალში, რომელიც ეძღვნება „ღვთისმოსავ მკითხველს“, მიჩი ბუნდოვნად მიუთითებს სიმღერების წყაროზე:

„მე გადავწყვიტე შემედგინა წინამდებარე კოლექცია სასულიერო საშობაო სიმღერებისა, რომლებიც აქა-იქ იყო მიმოფანტული და რომელთაგან ზოგი ლათინურ, ზოგი კი ჩვეულებრივ ხალხურ ენაზეა“.

 

ამგვარად, მიჩიმ, სავარაუდოდ, სიმღერების ტექსტები მანამდე არსებული ხალხური ტრადიციიდან მოიპოვა. შესაძლოა სულაც მანამდე ნაბეჭდი წყაროებიდან ამოკრიფა. საბოლოო ჯამში, მან შეიძლება ორივე ხერხი გამოიყენა და გზადაგზა საკუთარი შეხედულებისამებრ შეავსო და ჩაასწორა. ბოლონიის კონსერვატორიის, რომში Vallicelliana-სდა ლონდონში ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკებში მიზანმიმართულმა კვლევამ საშუალება მომცა გამომერჩია რამდენიმე წყარო მიჩის კოლექციიდან. ეს წყაროები ნაწილობრივ იყო დიდი მუსიკალურ-სასულიერო ძვრებისა და ცვლილებების შედეგი ტრიენტის საეკლესიო კრების ხანაში (1545–1563), რომლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ მიღწევას წარმოადგენდა სასულიერო ტექსტებზე აგებული საერო მუსიკა, რომელიც იტალიურად ცნობილია, როგორც „laudi a travestimento spirituale“. ამ პროცესის ცენტრალური ფიგურები იყვნენ კარლო ბორომეო და მღვდელი სერაფინო რაცი, რომლებიც კრების პერიოდში ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ მღვდელ მუსიკოსთა კომისიას, რომლებიც თხავზდნენ სიმღერებს. შემოქმედებითი პროცესი სასულიერო ტექსტების ფართოდ ცნობილ პოპულარულ ჰანგებზე ადაპტირებას გულისხმობდა.

ეს სტრატეგიული და მასშტაბური ინიციატივა მიზნად ისახავდა წინააღმდეგობის გაწევას ჩრდილოეთით გაძლიერებული პროტესტანტული მოძრაობებისათვის, რომლებიც  ნელ-ნელა იკიდებდნენ ფეხს იტალიის ალპებში. ამ სასულიერო ტექსტების პოპულარიზაციის გზით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ შექმნიდნენ ერთგვარ სასულიერო ბარიერს „მისიონერულ ტერიტორიაზე“ ლუთერანული და კალვინისტური წარმოშობის რეფორმატორული სიმღერების კრებულების წინააღმდეგ, რამდენადაც ამგვარი წიგნების თავიანთ რეგიონში გავრცელების საფრთხეს ხედავდნენ. ისინი იბეჭდებოდა ისეთ ენებზე, როგორიცაა იტალიური, ფრანგული, ლათინო-რომაული და სხვადასხვა გერმანული ენები. ხუთი საშობაო სიმღერა მიჩის კოლექციიდან მეტ-ნაკლებად უშუალოდ იმ ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექციებიდანაა, რომლებიც სასულიერო ტექსტების პოპულარულ ჰანგებზე გაწყობის პრაქტიკას ასახავს. ასეთებია: „Dolce felice notte“, „L'unico figlio dell'eterno padre“, „Angeli correte subito", „Oggi è nato un bel bambino“ და „Verbum caro“.

მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ კონტრ-რეფორმაციული წარმოშობის ორიოდე ნიმუში.

Dolce felice notte

ეს სიმღერა გამოქვეყნდა მიჩის კრებულში სათაურით „Divoto Cantico per la notte di Natale“ (შობის ღამის რელიგიური სიმღერა), რომელიც იწყება სიტყვებით: „Dolce felice notte“ („ოჰ, სიხარულით აღსავსე ბედნიერი ღამე“).

დღეს ეს საშობაო სიმღერა ფართოდ არის გავრცელებული მთელ ალპებში. „Dolce felice notte“ -ის უძველეს სასულიერო წყაროს წარმოადგენს წიგნი Libro Primo delle Laudi Spirituali (Razzi 1563), რომელშიც სიმღერა გამოიცა სახელწოდებით „Laude della Natività di Giesù di Fra Serafino Razzi“.

ფლორენციელი მღვდლის ეს ვერსია ხელახლა სრულად გამოიცა უამრავ მომდევნო კრებულში, რაც ცხადად ადასტურებს მის აშკარა პოპულარობას.

L’unico figlio dell’eterno padre

ეს სიმღერა გამოქვეყნდა მიჩის კრებულში  „Canto divoto per il giorno della Natività di Nostro Signore“ („საშობაო დღის რელიგიური სიმღერა“), სათაურით „L'unico figlio dell'eterno padre“ („მარადი მამის ერთადერთი ძე“).

დღესდღეობით, ეს საშობაო სიმღერა ასევე გავრცელებულია მთელ ალპებში. „L'unico figlio“-ის სასულიერო  ტექსტის უძველესი წყაროა კრებული Terzo libro delle laudi spirituali  (Terzo libro 1577), რომელშიც იგი 56-ე გვერდზე გვხვდება შემდეგნაირად: „Nella natività di Christo nostro Salvatore“.

ეს ტექსტი მთლიანად ზედმიწევნით იმეორებს მიჩის ტექსტს. მოგვიანებით, „L'unico figlio dell'eterno padre“ მთლიანად შევიდა მრავალ მომდევნო კრებულში.

Noi siamo i tre Re

სამწუხაროდ, ასეთი კვლევა ყველა ტექსტისთვის არ აღმოჩნდა შესაძლებელი. ასეთია, მაგალითად, „Noi siamo i tre Re venuti dall'oriente“ („ჩვენ ვართ სამი მეფე აღმოსავლეთიდან მომავალი“), ყველაზე გავრცელებული „მომღერალი ვარსკვლავების“ (მეალილოელების) სიმღერა, რომელიც კვლევების მიხედვით დიდი ხნის, უწყვეტი ტრადიციაა ალპებში. ამ სიმღერის კვალი არ არის არც კონტრრეფორმაციის სასულიერო ტექსტებში და არც მიჩის კოლექციაში. მას მღერიან პრემანაში, ვალსასინას თემში, სადაც 2011 წელს გადავიღე ფილმი ხმები სიმაღლიდან: სამი დღე პრემანაში, რომელიც ასახავს მრავალხმიანი მღერის ადგილობრივ ტრადიციას.

2011 წელი. პრემანას ვარსკვლავი © რენატო მორელი

ფილმის ოფიციალური პრეზენტაციის დროს პრემანაში, 2011 წლის 20 ოქტომბერს, შევხვდი ცნობილ იქაურ მეცნიერს, პროფესორ ანტონიო ბელატის, რომელიც ითვლება ქალაქის ,,ცოცხალ მეხსიერებად“. ჩვენ ვისაუბრეთ ამ სიმღერაზე, ბეჭდური პირველწყაროების მოპოვების სირთულეებზე და იმაზე, რომ რეალურად არაფერი იყო ცნობილი მისი წარმოშობისა და ავტორის შესახებ.  ხანდაზმულმა ისტორიკოსმა, ამ საკითხისადმი ინტერესის გაღვივების კვალდაკვალ, გაიხსენა, რომ ახალგაზრდობაში „რაღაც (მსგავსი) უნახავს“ და დამპირდა, რომ შეეცდებოდა მოეძიებინა მეხსიერებაში ბუნდოვნად შემორჩენილი დოკუმენტები. მართლაც, ერთი თვის შემდეგ, პროფესორმა ბელატიმ პრემანაში იპოვა საღვთისმსახურო სიმღერების კრებული, რომელიც ნაბეჭდი ბუკლეტების სხვადასხვა კომპონენტის ტექსტების ერთობლიობას წრამოადგენდა. მათ შორის იყო „სამი პერსონაჟის სიმღერა, რომლებიც განსახიერებენ მოგვებს“, რომელიც შეიცავს „Noi siamo i tre Re“-ს, პრემანაში გამოყენებული ვერსიის სრულ ტექსტს.

ამ შემთხვევაშიც, სატიტულო გვერდზე არ არის მითითებული გამოცემის თარიღი, მაგრამ მიუთითებს გამომცემელსა (პიერო ოსტინელი) და ავტორს – ღირსი ჯუზეპე მარია იზოტა, ფორნოელი „მომნანიებელი“ (აღმსარებელი). თავისი ჩვეული აკურატულობითა და ოსტატობით, პროფესორმა ბელატიმ ასევე მოახერხა 1732 წელს დაბადებული და 1794 წელს გარდაცვლილი მღვდლის ბიოგრაფიის რეკონსტრუქცია. პირველად, სწორედ პრემანაში ნაპოვნი ამ დოკუმენტის წყალობით, შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ დაესახელებინათ ალპებში ყველაზე გავრცელებული საშობაო სიმღერის ავტორი, არამედ დაედგინათ მისი შექმნის თარიღიც, ჩვენი „მომნანიებლის“ (აღმსარებლის) დეტალების წყალობით. „Noi siamo i tre Re“ ფაქტობრივად შეიქმნა 1759-1774 წლებში, როდესაც მამა ჯუზეპე მარია ისოტა იმყოფებოდა ფორნოში, ვალ სტრონაში, როგორც აღმსარებელი.

ბედისწერა, დასასრული, ხელახალი აღმოჩენა 

სტელას (საშობაო) სიმღერების აღმავლობის ხანა, როგორც დოკუმენტურად დასტურდება, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც  დაიწყო მათი   დაღმავლობის პერიოდი. მოგვიანებით ეს ტრადიცია მკაცრად აიკრძალა როგორც სამოქალაქო, ისე სასულიერო ხელისუფლების მიერ. ეს აკრძალვები თავდაპირველად გერმანიის ტერიტორიას მოიცავდა ალპების ჩრდილოეთით, მაგრამ შემდეგ თანდათან სამხრეთსაც გადასწვდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ტრიენტის საეპისკოპოსო, სადაც სტელას ტრადიცია იმ რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების ობიექტად იქცა, რომელსაც თავად პრინცი ეპისკოპოსი ყოველ შობის ღამეს აცხადებდა ოცდაცამეტი წლის განმავლობაში, 1737 წლიდან 1770 წლამდე. ამ აკრძალვების მოტივი სწორედ პროკლამაციების ტექსტს უკავშირდება: „Sacri canti“, განკარგულებების თანახმად, გადაიზარდა სადღესასწაულო „ბაკხანალიებსა” და  ნაირგვარი საკრავების თანხლებით შესრულებულ სხვა პროფანულ სიმღერებში. აკრძალვის წესების დარღვევა ისჯებოდა პატიმრობით. მაშასადამე, სავარაუდოა, რომ ეპისკოპოსის განკარგულებებმა განაპირობა ამ ჩვეულების აღმოფხვრა, რომელიც უფრო მოზრდილ ცენტრებში „მაინც საქებარი“ რჩებოდა .

თუმცა ბედისწერა არ არსებობს ირონიის გარეშე, რადგან 1959 წლიდან დაიწყო ამ ტრადიციის კვლავ განახლება გერმანული და ავსტრიული ეკლესიების თაოსნობით, რომლებმაც დიდძალი ახალგაზრდობა შეკრიბა სოლიდარობის პროექტებში. 1959-დან 2015 წლამდე, დაახლოებით 950 მილიონი ევროს ოდენობის თანხები შეგროვდა 70,000-მდე ბავშვთა დახმარების პროგრამის მხარდასაჭერად აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში, ოკეანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. 2015 წელს, სტელას სიმღერები, სხვა საშობაო სიმღერებთან ერთად, გერმანიის იუნესკოს კომისიამ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ნუსხას დაუმატა.

 

სარწმუნოებრივი სიმღერების წყაროები (LAUDI SPIRITUALI):

 

Razzi (1563)

Serafino Razzi, Libro primo delle laudi spirituali da diversi eccell. e divoti autori, antichi e moderni composte. Le quali si usano cantare in Firenze nelle chiese doppo il Vespro ò la Compieta [...]. Con la propria musica e modo di cantare ciascuna laude, come si è usato da gli antichi, et si usa in Firenze. Raccolte dal R. P. Fra Serafino Razzi fiorentino, dell’ordine de’ Frati Predicatori [...]. Nuovamente stampate, Venezia, Giunti, 1563 (Francesco Rampazetto).

[RISM B/I, 15636]

 

Terzo libro (1577)

Il terzo libro delle laudi spirituali, stampate ad instantia delli Reverendi Padri della Congregatione dell’Oratorio. Con una instruttione per promuovere, e conservare il peccatore convertito, Roma, eredi di Antonio Blado, 1577.

[RISM A/I, A 1239; RISM B/I, 15773a]


შემდგომი საკითხავი:

 

Morelli, Renato. 1996. Identità musicale della Val dei Mòcheni: Canti e cultura tradizionali di una comunità alpina mistilingue. Trento: Publistampa.

Morelli, Renato. 1997. “Formen des Dreikönigslieder in den deutschen und ladinischen Sprachinseln im östlichen Trentino.” In Beiträge zur musikalischen Volkskultur in Südtirol, Bd. 17, edited by by Walter Deutsch and Gerlinde Haid, 284–313. Wien: Böhlau.

Morelli, Renato. 2011. “L’unico figlio dell’eterno padre … Eine Sammlung geistlicher Lieder der Gegenreformation und ihr Fortleben in der mündlichen Überlieferung der Gegenwart.” In Volksmusik in den Alpen: Standortbestimmungen, edited by Thomas Nussbaumer, 163–83. Innsbruck: Universitätsverlag.

Morelli, Renato. 2014. Stelle, Gelindi tre re: Tradizione orale e fonti scritte nei canti di questua natalizio-epifanici dell’arco alpino dalla Controriforma alla globalizzazione. Udine: Nota.

Morelli, Renato. 2020. “Christmas Carols in Northern Italy: Oral Tradition and Written Sources from the Counter-Reformation to Today.” In Good Tidings Made Visible: Re-enactments of the Nativity from the Middle Ages to the Present, edited by Lenke Kovács and Francesc Massip Bonet, 151–189. Kassel: Reichenberger.

Morelli, Renato. 2014. Voci alte: Tre giorni a Premana. Venezia: Edizioni Fondazione Levi. With DVD.

 

ფოტო გარეკანზე: 1982 წელი. ვალ დი ფასა-პენია. ვარსკვლავის მომღერლები © რენატო მორელი

ავტორი :

რენატო მორელი - ეთნომუსიკოლოგი, მუსიკოსი, რეჟისორი