საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი მიმდინარეობდა. ფესტივალში მონაწილეთა შორის იყვნენ ფოლკლორული ანსამბლები: „ერისიონი“, „ბასიანი“, „იალონი“, „მარგალიტი“, ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ და საქართველოს კამერული გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
ფესტივალმა წარმატებით ჩაიარა. მონაწილეთათვის ლევილის ქართულ მამულში გატარებული თითოეული წუთი, გამორჩეულად ემოციური აღმოჩნდა. გიზიარებთ რამდენიმე შთაბეჭდილებას:
თორნიკე კანდელაკი, ანსამბლ „ერისიონის“ ლოტბარი:
„უდიდესი პატივია უძველესი ტრადიციების მქონე სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის – „ერისიონის“ მონაწილეობა ლევილის ფესტივალზე, ქართველთა მამულში, ამ მნიშვნელოვან და არაჩვეულებრივ ადგილას, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა ანსამბლი, ქართველი მომღერლები, ქართველი მსახიობები, იყო ძალიან ბევრი მაყურებელი სხვადასხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან, როგორც უცხოელები, ასევე ქართველები, რომლებიც ძალიან დიდ სიყვარულს, მონატრებასა და ბედნიერებას გამოხატავდნენ“.
ზურაბ წკრიალაშვილი, ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორი:
„იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რასაც ლევილის მამული წარმოადგენს საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის, ჩვენი ანსამბლისთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ ფესტივალზე მონაწილეობა. სამწუხაროდ, რაჭის ტრაგიკული მოვლენები ჩვენს კონცერტს დაემთხვა, რის გამოც შევასრულეთ მხოლოდ სამგლოვიარო მუსიკა – ზოგიერთი სამგლოვიარო სიმღერა და ტრადიციული საგალობლები. ამით პატივი მივაგეთ რაჭაში გარდაცვლილთა ხსოვნას, ასევე, რა თქმა უნდა, სიმბოლურად გავაერთიანეთ ის ხალხი, ვინც ამ მამულში მოღვაწეობდა.
ამ ისტორიულ მამულში, რომელიც ქართველებმა შეიძინეს, ამ ხნის მანძილზე ასეთი მასშტაბის ფესტივალი პირველად ჩატარდა, რაც კულტურის სამინისტროს დიდი ამაგის და შრომის შედეგად მოხდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლევილის ფესტივალს და ვფიქრობ, მომავალ წლებშიც უნდა გაგრძელდეს“.
ნინო ნანეიშვილი, ანსამბლ „იალონის“ ხელმძღვანელი:
„ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია ის მოვლენა, რომ ეს ისტორიული ტერიტორია შეუნარჩუნდა და გადმოეცა საქართველოს, რადგან ათწლეულების მანძილზე ფეთქავდა საქართველოსთვის მოფიქრალი არაერთი ადამიანის გული, სული და სიცოცხლე. და ის, რომ მათ ნაფეხურებზე ჩვენ შეგვიძლია სრულუფლებიანად ყოფნა და ისევ ის განცდა, რომ ეს ფიქრის ადგილი და შინაგანი ბრძოლის ადგილი ისევ ჩვენ გვეკუთვნის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად საქართველოს ახლანდელი, წარსული და მომავალი ისტორიისთვის“.
ნათია ბედენაშვილი, ანსამბლ „მარგალიტის“ ხელმძღვანელი:
„ანსამბლ „მარგალიტისთვის“ საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში ტრადიციული სიმღერა-გალობის აჟღერება, მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო, ამაღელვებელი და გულის ამაჩუყებელი იყო. იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ ვესტუმრებით ქართული სულით გაჟღენთილ ლევილის მამულს ჩვენი მარგალიტი ნიმუშებით. მადლობა ყველას, ვინც მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავმხდარიყავით ამ მნიშვნელოვანი ისტორიის ნაწილი“.
ფოტო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო