ფოლკლორის ცენტრის გუნდის პირველი სოლო კონცერტი

6 მაისს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. საღამოზე შესრულდა სხვადასხვა კუთხის სასიმღერო ნიმუშები და საგალობლები. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

გუნდის შექმნის მიზანი ქართული სამუსიკო ფოლკლორის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში ხალხური მუსიკის შემსრულებლობის ტრადიციის გაგრძელებაა. გუნდი 2024 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.  მასში ერთიანდებიან სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, ასევე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.   

ფოლკლორის ცენტრის გუნდი გამოირჩევა მართვის მოდელით - მას არ ჰყავს ერთი ხელმძღვანელი. გადაწყვეტილება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ მიიღო. მისი თქმით, ეს ტრადიცია მოდის ძველი ცნობილი ანსამბლებიდან და სწორია, რადგან შეუძლებელია ქართული სიმღერა ერთ ადამიანში ისე იყოს გაერთიანებული, რომ ყველა კუთხეს კარგად ფლობდეს. გიორგი დონაძესთან ერთად გუნდის ლოტბარები არიან: ლიკა ლიპარტელიანი, თორნიკე სხიერელი, გიორგი ხუნაშვილი და სერგო ურუშაძე.

ავტორი :

თეონა ბენაშვილი - საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის მაგისტრი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

წაიკითხე მეტი