6, 7 და 8 მაისს ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ ორგანიზებით ქალთა ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ნანინა – 2026“ გაიმართება.
ფესტივალი მიზნად ისახავს ქალთა ტრადიციული მუსიკის ყველა ჟანრის გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის. წლევანდელი საფესტივალო თემაა „ქალთა გლოვა – ტრადიცია, წეს-ჩვეულება, მუსიკა“. ფესტივალი აერთიანებს მულტიდისციპლინურ კონფერენციას, ქალთა სამგლოვიარო ტრადიციების ამსახველი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და მუსიკალური მასალის ვიდეორგილების ჩვენებასა და მუსიკალური ნიმუშების ცოცხალ შესრულებას.
ფესტივალს წელს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და მასზე ქართული ტრადიციების პარალელურად წარმოდგენილი იქნება ქალთა სამგლოვიარო კულტურა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: შოტლანდიიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ესპანეთიდან და აზერბაიჯანიდან.
სამეცნიერო კონფერენციები 6 და 8 მაისს დაიწყება 10:00 საათზე, 7 მაისს 11:00 საათზე. სასცენო პროგრამა 6 და 8 მაისს დაიწყება 18:00 საათზე. ფესტივალი გაიამართება ფოლკლორის ცენტრის დარბაზში.
ფესტივალი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. მხარდამჭერები: ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფონდი „ქართული გალობა“, მეღვინეობა „შილდა“.
ფესტივალი ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ხსოვნას.