ანთოლოგიის XXIX ტომში დაბეჭდილია იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიდის (დიალოგოსის) ლიტურგიების საგალობლები ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერებიდან. ეს ჰიმნები ამოკრებილია ხელნაწერებიდან, რომლებიც ანთოლოგიის წინა ტომებში არ გამოგვიცია. მათგან ზოგიერთი ნიმუში I და XVIII_XIX ტომებში მოცემული საგალობლების მსგავსია, მრავალი მათგანი კი, პირველად ქვეყნდება. წინამდებარე ტომით დასრულდა, XIX_XX საუკუნეების სანოტო ხელნაწერებსა და ნაბეჭდ კრებულებში შეტანილი წირვის ყველა ძველი ქართული საგალობლის ბეჭდვა ანთოლოგიაში. ამრიგად, სამი წირვის წესის ჰიმნთა რეპერტუარი ანთოლოგიის ცამეტ (I_V, XVIII_XXI და XXIII, XXVII_XXIX) ტომშია თავმოყრილი და 2700-მდე ნიმუშს მოიცავს. ეს სიმდიდრე, ანთოლოგიის მეშვეობით, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა.