თქვენ წინაშეა ინოვაციური სასწავლო რესურსი – კრებული, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მრავალხმიანი სიმღერების სწავლების გამარტივებას და მის ხელმისაწვდომობას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლებისთვის. ეს გახლავთ ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფ „ნანინას“ სასწავლო დანიშნულების სანოტო კრებული აუდიო და ვიდეო დანართით - „სიმღერები ანსამბლ „ნანინას“ რეპერტუარიდან“ - 1 ნაწილი. მასში შესულია საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და ჟანრის 20 სიმღერა ანსამბლ „ნანინას“ რეპერტუარიდან. კრებულს განსაკუთრებულობას სძენს მრავალბილიკიანი აუდიო მასალა: თითოეული სიმღერა წარმოდგენილია სრული ჟღერადობით, დაწინაურებული ხმებითა და კარაოკე ვერსიებით, რაც მსმენელს აძლევს შესაძლებლობას, მრავალხმიანობის ცოცხალ ნაწილად იქცეს. ვიდეოჩანაწერები, რომლებიც საცეკვაო და საფერხულო სიმღერებს ახლავს, მათი ტრადიციული საშემსრულებლო ფორმით შესწავლის საშუალებას იძლევა. ამგვარი სახის სასწავლო დანიშნულების გამოცემის პრეცედენტი პირველია საქართველოში და ახალი სიტყვაა ქართული მუსიკალური ფოლკლორის სწავლებისა და პოპულარიზაციის საქმეში.