წიგნი ეხება ქართული საეკლესიო გალობის სამუსიკო სისტემას, რომელიც ათეული წლებია სამეცნიერო კვლევებისა და დებატების საგანს წარმოადგენს. ავტორი საკუთარ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვთავაზობს ქართული სამგალობლო მუსიკის თეორიის საფუძვლებს, რომლებიც, ძირითადად, გალობის ოსტატთა ჩვენამდე მოღწეული ხმოვანი ჩანაწერების კომპლექსური (მუსიკოლოგიური და აკუსტიკური) ანალიზის შედეგებს ეყრდნობა.
ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოცემულია სამგალობლო ტრადიციის თეორიული საფუძვლები, რომლებიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საგალობლის სტრუქტურული, კომპოზიციური მოდელი, მოდულაციური სისტემები, კადანსების ტიპები, სეკვენციის სახეები და, განსაკუთრებით მწვავე - კილოს პრობლემა. მეორე ნაწილი ეთმობა გალობის ზეპირი სწავლების მეთოდებს, კერძოდ, ხმათა მოძრაობისა და სამ ხმაში შეწყობის წესებსა და მათი პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიას, სხვადასხვა სამგალობლო სკოლებში მუზიცირების თავისებურებებსა და ა.შ.