კრებული ქართული  ტრადიციული მრავალხმიანობა: თანამედროვე  ტენდენციები  და განვითარების პერსპექტივები შედგენილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ 2023 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის ფარგლებში შექმნილი სტატიებიდან. 

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ მისი სამეცნიერო ნაწილის განხორციელებაში პარტნიორობა შესთავაზა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს. 

წინამდებარე  წიგნი ინგლისურენოვან მკითხველს აცნობს სტატიების ავტორების თვალსაზრისებს  ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე:      

ინსტიტუციების როლს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის დაცვაში ეძღვნება  რუსუდან წურწუმიასა და თამარ ჩხეიძის (საქართველო); ქართული ტრადიციული პოლიფონიის შესახებ არსებული საარქივო მასალის შესახებ  წრმოდგენილია დავით შუღლიაშვილის, სანდრო ნათაძისა და და ნინო ნაკაშიძის (საქართველო) სტატიები; ინტერნაციონალიზაციის პროცესი ქართული მრავალხმიანობის კვლევაში განხილულია   იოსებ ჟორდანიას  მოცულობით ნარკვევში  (ავსტრალია/საქართველო), ხოლო იგივე პროცესი შემსრულებლობაში დანახულია უცხოელი  ეთნომუსიკოლოგის ქეროლაინ ბითელის (დიდი ბრიტანეთი) (საქართველო) თვალით; უცხოელებისათვის ქართული სიმღერა-გალობის სწავლების   მეთოდები განხილულია პოლო ვალეჰოს (ესპანეთი ), ფრანკ კეინის  (საფრანგეთი),  კარლ ლინიქის (აშშ) ჯონ გრემისა (აშშ/საქართველო) და ნინო ნანეიშვილის  (საქართველო) სტატიებში; მიგრანტებში იდენტობის შენარჩუნების პრობლემებს ეძღვნება კანადაში მცხოვრები უკრაინელი მკვლევრის ანდრეა კუზმიჩის (კანადა) და ქართველი ეთნომუსიკოლოგების ბაია ჟუჟუნაძის, მაკა ხარძიანისა და თეონა რუხაძის  გამოკვლევები. ქართული ტრადიციული მრავალხმიანობი თანამედროვე მუსიკალურ ყოფაში განვითარების ტენდენციები განხილულია თამაზ გაბისონიას,  სოფიკო კოტრიკაძის, თეონა ლომსაძისა (საქართველო) და ნინო ციციშილის (ავსტრალია/საქართველო) ნარკვევებში, ხოლო ქართულ პოლიფონიაზე,  როგორც კულტურულ ტურისტულ პროდუქტზე წარმოდგენილია მეთიუ ნაითის (კანადა) სტატია. 

განსაკუთრებით გამოვყოფდით  ქართველი ეთნომუსიკოლოგების მიერ ჯერ კიდევ  აუთვისებელ ახალ მიმართულებას, კომპიუტერულ ეთნომუსიკოლოგიას, რომლის  პიონერი და სულისჩამდგმელია გერმანელი  მეცნიერი ფრანკ შერბაუმი და მის მიერ შექმნილი მკვლევართა ჯგუფი, მათ შორის, ქართველი ეთნომუსიკოლოგი ნანა მჟავანაძე.