კრებულში შესულია სახალხო შემსრულებლების და ლოტბარის, გურული სიმღერის დიდოსტატის, ვლადიმერ ბერძენიშვილის და მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს სანქტ-პეტერბურგში (44 ნიმუში) და 1937 წელს მოსკოვში (4 ნიმუში) ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიპციები. ჩანაწერს ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, იოსებ მეგრელიძე. სიმღერათაგან იშვიათია ისეთი, რომელთაც ერთი ვარიანტი რომ აქვს წარმოდგენილი: ზოგან სამი სიმღერის სამ და მეტ ვარიანტსაც კი ვხვდებით. მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყოველი სიმღერა, ერთობლივ ნამღერთან ერთად, ჩაწერილია ცალ-ცალკე ხმებზეც, რაც დიდ დახმარებას წარმოადგენს შემსრულებლისათვის, მსმენელისა თუ სიმღერის შემსწავლელი მკვლევრისათვის.
საარქივო ჩანაწერები, შესაძლებლობისამებრ, გასუფთავდა ტექნიკური ხარვეზებისაგან და, ანსამბლ „ბასიანის“ მიერ გაცოცხლებული და ჩაწერილი რამდენიმე სიმღერასთან ერთად, აიტვირთა ინტერნეტსივრცეში. აღნიშნული ჩანაწერები კრებულს თანდართულია აუდიომასალის სახით და შემსრულებელს შეუძლია გამოიყენოს ისინი ნიმუშების შესწავლისას.