საკრავიერი მუსიკის სანოტო კრებული გამოიცა 2023 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. კრებული ანთოლოგიური ტიპის გამოცემაა, რომელშიც გარდა 1900-იანი წლებიდან დღემდე სხვადასხვა სანოტო კრებულში გამოქვეყნებული მასალებისა, შესულია გამოუქვეყნებელი და ახლად ნოტირებული ნიმუშებიც. კრებულში თავმოყრილია ინსტრუმენტული მუსიკის 197 ნიმუში ყველა ქართულ საკრავზე: ლარჭემი, სოინარი, უენო და ენიანი სალამური, პილილი, აჭარპანი, ყავალი, გუდასტვირი, ჭიბონი, ჩანგი, ფანდური, ჩონგური, ჭიანური, ჭუნირი, გარმონი, დაირა, დოლი; აგრეთვე ინსტრუმენტული ანსამბლები და სიმღერები საკრავის თანხლებით. სანოტო კრებული შედგება წინათქმის, სამეცნიერო ნაშრომის, უშუალოდ სანოტო ნაწილისა და შენიშვნებისაგან. წიგნი არის ორენოვანი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული ინსტრუმენტული მუსიკით დაინტერესებულ როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკვლევრებსა და შემსრულებლებს.
პროექტის ხელმძღვანელი: სოფიკო კოტრიკაძე
შემდგენლები: ნანა ვალიშვილი, სოფიკო კოტრიკაძე
მუსიკალური რედაქტორები: ნანა ვალიშვილი, თამაზ გაბისონია
სამეცნიერო ნაშრომის ავტორები: მანანა შილაკაძე (†), ნინო რაზმაძე
მთარგმნელი: მაია კაჭკაჭიშვილი
დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი