"ჰიმნოგრაფიული კრებულის" IV ტომში წარმოდგენილია წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის პარაკლიტონის "უფალო-ღაღადყავსას" დასდებლები. მათ ახლავს სანოტო დანართი, რომელიც შედგენილია წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძე), წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) და დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერების მიხედვით. გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი შეიცავს "უფალოღაღადყავსას" დასდებლების მეცნიერულად დადგენილ კრიტიკულ ტექსტს, რომელსაც სქოლიოების სახით დართული აქვს სხვადასხვა ხელნაწერში ასახული ვარიანტები; მეორე ნაწილში წარმოდგენილია სანოტო დანართი, რომელიც მგალობლებს "უფალოღაღადყავსას" დასდებლების გალობით აღვლენის საშუალებას მისცემს. "უფალო-ღაღადყავსას" დასდებლების სიმრავლის გამო, "ჰიმნოგრაფიული კრებულის" IV ტომი მხოლოდ პირველი გვერდითი და მეორე გვერდითი ხმების მასალას მოიცავს, ხოლო მომდევნო ორი ხმის (გ გვერდი - დ გვერდი) ნიმუშები 'ჰიმნოგრაფიული კრებულის" მეხუთე ტომში გამოქვეყნდება. ნაშრომი განკუთვნილია ფილოლოგებისთვის, მგალობლებისთვის, მედავითნეებისთვის, ლიტურგიკის სპეციალისტებისთვის და საეკლესიო ჰიმნოგრაფიით დაინტერესებულ პირთათვის. კრებულს, ტრადიციისამებრ, თან ახლავს აუდიოალბომი. ალბომის ჩანაწერები ასევე განთავსებულია ინტერნეტში, SoundCloud-ისა და YouTube-ის პლატფორმებზე, რომელთა წვდომა წიგნის ბოლოს დართული QR კოდებით არის შესაძლებელი.