დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია - იოანე ოქროპირის წირვის საგალობლები (გამშვენებული სტილი).

ანთოლოგიის XVIII_XXI ტომებში სრული სახით პირველად ქვეყნდება ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერი Q674 (დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). ეს კრებული წირვის ქართული საგალობლების ხელნაწერთა შორის ყველაზე მსხვილტანიანი და მოცულობითია. მასში მოცემულია ფილიმონ ქორიძისა და ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტირებული იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და პირველშეწირულის ლიტურგიების, ხელთდასხმისა და ქორწინების, წირვის სადღესასწაულო, დიდი მარხვისა და მიცვალებულთა მსახურებათა საგალობლები - როგორც რთული, "გამშვენებული", ისე მარტივი ვარიანტები. საგალობელთა დიდი რაოდენობის გამო, ხელნაწერი Q674 ოთხ (XVIII-XXI) ტომად იბეჭდება. წინამდებარე ტომში წარმოდგენილია იოანე ოქროპირის სამღვდელთმთავრო ლიტურგიის "გამშვენებული" ჰიმნები.