ტრადიციული რეწვის დარგები საქართველოში (მოკლე ისტორიული მიმოხილვა)
ტრადიციული რეწვა და ხელსაქმე საქართველოს რეგიონების მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. ყველა კუთხეს, ბუნებრივი რესურსებიდან და ცხოვრების ტრადიციული წესიდან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები აქვს. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ რეწვის დარგებს მიეკუთვნება ლითონის დამუშავება, მინანქარი, კერამიკა, ხესა და ქვაზე კვეთა, ტყავის დამუშავება, აგრეთვე ქსოვილები, რომელთა დამზადების ტრადიცია არაერთ განსხვავებულ ტექნიკას (მაგალითად, ქარგვას, ქსოვას, თელვას, ხალიჩა-ფარდაგების ქსოვას, მოჩითვას) აერთიანებს. ყველა მათგანს საქართველოში ხანგრძლივი ისტორია, ტექნიკისა და სტილის მრავალფეროვნება ახასიათებს.
მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნეებში, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან განვითარდა მეტალურგიული ტრადიცია და, შესაბამისად, ლითონის მხატვრული დამუშავების ტექნიკები. უკვე მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. 3500-2400) პერიოდის არქეოლოგიური მასალა მოწმობს ლითონის ნივთების დამუშავების ოსტატობას, რაც კიდევ უფრო ვითარდება შუა ბრინჯაოს ხანაში, ე.წ. ყორღნულ (გორასამარხი) კულტურაში. ამის დასტურია მარტყოფისა და ბედენის, იორ-ალაზნის მიმდებარე ტერიტორიებისა და ე.წ. თრიალეთის ყორღნების არქეოლოგიური აღმოჩენები. ცვილის დაკარგვით ჩამოსხმა, ოქროს ცვარა (მინიატიურული ბურთულების მირჩილვა/შედუღაბება), გრეხილი (ლითონის მავთულის დაგრეხით მიღებული ორნამენტი), ჭედურობა/თეგვა (ლითონის ფურცლის უკანა მხრიდან დამუშავება მოცულობითი ფორმების მისაღწევად), ინკრუსტაცია (ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების ჩასმა ლითონში) – ყველა ეს ტექნიკა საქართველოში სწორედ ამ უძველესი დროიდან დასტურდება.
ძვ. წ. XIV-VII საუკუნეებში, გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში, იწყებს ჩამოყალიბებას ადგილობრივი კავკასიური „ცხოველური სტილი“ (უმეტესად ირმების, ფრინველებისა და სხვა ფანტასტიკური ცხოველების სტილიზებული გამოსახვა), რომელიც ე.წ. კოლხური ცულების, ხოლო შემდგომში ბრინჯაოს გრავირებულ სარტყლებსა და ჩამოსხმულ ბალთების მორთულობაში გვხვდება.
ძვ. წ. VI-III საუკუნეებში კოლხურ კულტურაში ოქრომქანდაკებლობის განვითარებაზე მეტყველებს ვანისა და საირხის უმდიდრესი აღმოჩენები. მაგალითად, ცვარას ტექნიკით მდიდრულად მორთული და ვირტუოზულად შესრულებული ყელსაბამები, დიადემები, სასაფეთქლეები, საყურეები და სხვა სამარხეული ინვენტარი.
თავსამკაული, ვანი, ძვ. წ. IV ს. II ნახევარი, საქართველოს ეროვნული მუზუემი
არანაკლებ შთამბეჭდავია აღმოსავლეთ საქართველოში იბერიის ძვ. წ. IV საუკუნის, განსაკუთრებით კი – ახალგორისა და მცხეთის, განძეულობა, სადაც თავის იყრის როგორც აღმოსავლური, ისე ანტიკური გავლენები. ამ პერიოდის მცხეთის ოქრომჭედლობისთვის დამახასიათებელია ე.წ. ტიხრული ინკრუსტაცია, რასაც ემატება ცვარასა და გრეხილის გამოყენებაც. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ანტიკური სამყაროს გავლენით გავრცელებული გლიპტიკა (ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების კვეთა), კამეისა (დაბალი ფონი და მოცულობითი გამოსახულება) და ინტალიოს (ფონში ჩაკვეთილი გამოსახულება) ტექნიკის პოპულარობა.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ჭედურ/თეგის ტექნიკას წამყვანი როლი მიენიჭა ხატების, ჯვრებისა და სხვა რელიგიური დანიშნულების ნივთების დამზადებაში. ზარზმის ფერისცვალების უძველესი, 886 წლით დათარიღებული ხატი, X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის ბედიის ბარძიმი, მარტვილის ჯვარი, საღოლაშენისა და შემოქმედის ლორფინები, წმინდა მამაის ტონდო და მესტიის საკურთხევლისწინა ჯვარი, ლაკლაკიძის ღვთისმშობლის ხატი თუ სხვა – ყველა ეს ნიმუში გარდამავალი და განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ჭედურობის შედევრებს მიეკუთვნება.
XII საუკუნიდან ქართული ოქრომჭედლობა კიდევ უფრო დეკორატიული ხდება, რისი საუკეთესო მაგალითიც არის ხახულის კარედი – მსოფლიოში ყველაზე დიდი ტიხრული მინანქრის ნიმუში 115 მინანქრის დეტალითა და ცენტრალური გამოსახულებით. სწორედ ამიტომ ამ ხატს ხშირად მინანქრის მუზეუმადაც მოიხსენიებენ.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თამარ მეფის ეპოქის ცნობილი ქართველი ოქრომჭედლების – ბექა და ბეშქენ ოპიზრების – შემოქმედება, რომელიც დახვეწილი პროპორციებით, მოცულობითი ფიგურებით, მოძრავი სილუეტებითა და ორნამენტის პლასტიკურობით გამოირჩევა.
თამარის ეპოქის შემდეგ მუდმივი შემოსევების შედეგად ქართული ლითონმქანდაკებლობის განვითარება შეფერხდა, თუმცა XV-XVIII საუკუნეებში ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი ცენტრები: დასავლეთ საქართველოში – ლევან დადიანის სახელოსნო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – ე.წ. „კახეთის სკოლა“, რომელიც ოქროზე კვეთის თავისებური ტექნიკით გამოირჩევა.
შუა საუკუნეებისა და მოგვიანებით XVIII-XIX საუკუნეების ოქრომჭედლობის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო რაჭა (მჭედლობა) და სვანეთი, სადაც ადგილობრივი ჭედურობისა და სამკაულის სკოლა არსებობდა.
XVIII-XIX საუკუნეებიდან ოქრომჭედლობის წამყვანი ცენტრი ხდება თბილისი. ამ პერიოდშივე ფართოდ გავრცელდა სევადის (გოგირდოვანი ვერცხლის შენადნობით შექმნილი შავი დეკორი), ზარნიშის (გრავირებულ ნახატში ოქროს მავთულის ჩაჭედვა), ფილიგრანისა და ცვარას კომბინაციის მხატვრული ტექნიკა, რომელიც იარაღის, სამკაულისა და ჭურჭლის მოსართავად გამოიყენებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის საღვინე ჭურჭელი: აზარფეშები, თასები, ყარყარები და ის ნივთები, რომელთა გაფორმებაში ვხვდებით როგორც უძველეს არქეტიპულ სახეებს, ცხოველებს, ბიბლიურ და მითოლოგიურ პერსონაჟებს, ისე თანადროულ თბილისურ ტიპაჟებს და ურბანული ცხოვრების ამსახველ სცენებს.
საქართველოში უძველესი დროიდან იღებს სათავეს კერამიკაც, რომელსაც განსაკუთრებით გამოარჩევს ჭურჭლის მრავალფეროვნება, რაც, თავის მხრივ, მჭიდროდ უკავშირდება მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს. ამის მაგალითია ქვევრის, როგორც უნიკალური ადგილობრივი ფენომენის, რეგიონული ნაირსახეობები და ჭურჭლის ტიპები: ხელადა, დოქი, ფიალა, სურა, მარანი და ზიარჭურჭლის სხვა ფორმები. ათასწლეულების განმავლობაში ამ ჭურჭლის ფორმათა თითქმის უცვლელად გამოყენება მდგრადი ადგილობრივი ტრადიციის არსებობაზე მეტყველებს.
თიხის ნაკეთობის პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდიდან, ძვ. წ. VIII საუკუნიდან გვხვდება, ხოლო უკვე ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული (III ათასწლეული) ვხედავთ განვითარებას მორგვზე ამოყვანილი მარტივი ჭურჭლიდან შებოლილი კერამიკის დახვეწილ, ზოომორფული ელემენტებით გაფორმებულ ვარიანტებამდე.
კერამიკული ჭურჭელი, ზველის და აწყურის ყორღანები ძვ. წ. XVI-XV სს. სამცხე-ჯავახეთის მუზუემი (ახალციხე)
თუ წინარექრისტიანული ეპოქის ჭურჭელი ძირითადად ჭიქურის (მინისმაგვარი შრე, რომლითაც იფარება კერამიკის ზედაპირი) გარეშე მზადდებოდა, შუა საუკუნეების საქართველოში (IV-XVIII სს.) ჭარბობს კერამიკის ჭიქურით გაფორმება: ჯამები, ხელადები, სასმისები, ჭრაქები, სამარილეები, მწვანე, ცისფერი ან ღია შინდისფერი, იშვიათად – ლურჯი ჭიქურით იხატება. ძირითადი სახეებია ჯვრები და ფრინველები, რომელთა სტილშიც თვალსაჩინოა აღმოსავლური კერამიკის გავლენა.
თიხის ჭურჭლის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოში ორმოცდაათამდე ცენტრი არსებობდა, უმეტესად კახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიაზე. ამ პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული იყო გორის მოჭიქული კერამიკა – თეთრ ან ყვითელ ფონზე მომწვანო ჭიქურით შესრულებული ორნამენტებით, ცხოველებისა და ადამიანის ფიგურებით გაფორმებული ზიარჭურჭლების ნაირსახეობებით.
ხის მხატვრულ დამუშავებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს როგორც საეკლესიო (მაგალითად, X -XI საუკუნეების ჩუკულის, ჟახუნდერის, ლაშის ვანის, მღვიმევის ეკლესიებისა და სხვა არაერთი ტაძრის კარები) ხელოვნებაში, ისე ხალხურ რეწვასა და ხუროთმოძღვრებაში: იქნება ეს ქართლური თუ მესხური დარბაზები დედაბოძით, სვანური საცხოვრებლის – მაჩუბის – ინტერიერი გომურის გამყოფი ხის სქელი ტიხრით, ლაზი ოსტატების მიერ შესრულებული აჭარული მეჩეთების მორთულობა, დასავლეთში ქართული ოდების (ხის ფიცრული სახლი ქვის ან ხის ბოძებზე) არქიტექტურა და აივნების სისტემა, თუ ძველთბილისური საცხოვრებელი სახლი გადმოკიდებული ხის აივნით, გრეხილი სვეტებითა და ფიცარში გამოხერხილი მოაჯირებით. ცნობილია, რომ ხის ხელოსნებს შორის გამოირჩეოდნენ რაჭველი მოგზაური ოსტატები, რომელთა ხელსაც ეკუთვნის თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში არსებული სახლების აივნები.
ხეზე კვეთილი, უმეტესად გეომეტრიული ორნამენტი ასევე ფართოდ გამოიყენება ხალხური ავეჯის გაფორმებაში: სავარძლები, საკარცხულები, სკამლოგინები, სკივრები, კიდობნები, აკვნები, მუსიკალური ინსტრუმენტები (ჩონგურები, სალამურები), ჭურჭელი თუ სხვ. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში ხეზე კვეთილ თუ ჭვირულ ორნამენტში, იქნება ეს გეომეტრიული, ასტრალური, ზოომორფული თუ ანთროპომორფული სახეები, თვალნათლივ იკვეთება ხალხურ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული საერთო მოტივების არსებობა და მათი სიცოცხლისუნარიანობა.
ხის დეტალები მაღალმთიანი აჭარიდან, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზუემი (ბათუმი)
ხეზე კვეთის პარალელურად ხელოსნობის უმნიშვნელოვანესი დარგი იყო ქვაზე კვეთა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შუა საუკუნეების საქართველოში სტელების, ტაძრების ფასადებისა და კანკელების გაფორმებაში მიენიჭა: იქნება ეს ადრექრისტიანული თუ გარდამავალი ხანის მეტყველი, სიბრტყობრივი სახეები თუ X-XI საუკუნეების ტაო-კლარჯეთის ეკლესიების, ნიკორწმინდის, ბაგრატის, სვეტიცხოვლისა და თუ სხვა ტაძრების ჩუქურთმის სიმდიდრე და დახვეწილობა.
ქვაზე კვეთის ხალხური ტრადიციების მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საცხოვრებელი სახლების კარიბჭეების რელიეფებით გაფორმების ტრადიცია (მაგალითად, რაჭა), ბუხრისა და საფლავის ქვების მორთვის ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებულად განვითარდა XIX საუკუნეში. ამ დროს ზოომორფული (ცხვარი, ცხენი) ქვების პარალელურად ვითარდება რელიეფური პორტრეტის ტრადიცია, რომელიც ძალზე საინტერესოდ ასახავს იმ პერიოდის სამოსს, აქსესუარებსა და რწმენა-წარმოდგენებს.
საქართველოში განვითარებულ რეწვის დარგებს შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქსოვილის მხატვრული დამუშავების სხვადასხვა ტექნიკა. მისი ისტორიაც ასევე უძველესი დროიდან იწყება. ამას ადასტურებს ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებულ ილტოს ნამოსახლარზე აღმოჩენილი ვერტიკალური საქსოვი დაზგისა და საბეჭის (ქსლის სავარცხელი) დეტალი და ასევე სხვა სამარხებში დადასტურებული ქსოვილების უძველესი ფრაგმენტები.
ქსოვილების მხატვრულ გაფორმებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა შუა საუკუნეების პერიოდში, რაც ქტიტორთა პორტრეტების სამოსითა და ჩვენამდე მოღწეული ლიტურგიკული დანიშნულების ნივთებით (ოქრომკედით გაფორმებული გარდამოხსნები, სამღვდელო პირთა შესამოსელი და ა.შ.) დასტურდება.
საქართველოში ხელსაქმეში დაოსტატება ქალისთვის ოდითგანვე აუცილებელი იყო. ახალგაზრდა გოგონებისთვის გაწაფვა ბავშვობიდან მატყლის, სელის, კანაფის თუ აბრეშუმის დამუშავებითა და სამზითვო ქსოვილების დამზადებით იწყებოდა. სამზითვო დანიშნულება ხშირად განსაზღვრავდა კიდეც ქსოვილების მორთულობის მოტივებს, მაგალითად, როგორიცაა ნაყოფიერებისა და ოჯახის კეთილდღეობის თემატიკა.
მატყლის ნაწარმის წარმოების ცენტრები ძირითადად მთიან რეგიონებში (თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, სვანეთი, ზემო რაჭა, ჯავახეთი და ა.შ.) იყო. სამატყლე ჯიშის ცხვარი განსაკუთრებით გავრცელებული იყო თუშეთში. მეხალიჩეობის კერები იყო სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში (ბორჩალოური ხალიჩა), კახეთში, აჭარაში, ფარდაგული ტექნიკა – თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში, ხოლო თელვა – უმეტესად თუშეთში, სვანეთსა და რაჭაში.
უნდა აღინიშნოს მეაბრეშუმეობის ტრადიციებიც. სავარაუდოდ, მისი ისტორიაც საქართველოში V საუკუნეში იწყება და განსაკუთრებულ აღმავლობას XIX-XX საუკუნეებში აღწევს.
მხატვრული გაფორმების ტექნიკებს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა ეროვნული სამოსის მორთვაში, იქნებოდა ეს ქალის გრძელი, ოქრომკედით ნაქარგი სარტყლითა და ჩიხტიკოპით დამშვენებული კლასიკური „ქართული“ კაბა თუ მთიანი რეგიონების სამოსი. ამ მხრივ გამორჩეულია ხევსურული სამოსი, რომელიც ქსოვილის ფრაგმენტების, ჯვრული და დაშიბული (ორმაგი ხვეული ქსოვა) ნაქარგობით, წვრილი მძივითა და მონეტებით არის შემკული. მისივე განუყოფელი ნაწილი იყო ნაქსოვი წინდები, ხშირად დაშიბვის ტექნიკით შესრულებული პაჭიჭები, თათები.
ხევსურული სამოსი, XIX ს.
ქსოვილის მხატვრული გაფორმების მხრივ მნიშვნელოვანი მხატვრული ფენომენია ხის საბეჭდავებით შექმნილი „ლურჯი სუფრები“, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარული XIX საუკუნეში გახდა. მის გაფორმებაში ჩართულია ფრინველები, ირმები, თევზები, ვარდულები და მარადმწვანე მცენარეები, რომელთა სიმბოლიკაც სიცოცხლის ხის უძველეს კულტსა და, შესაბამისად, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის თემას უკავშირდება.
სხვადასხვა მასალის მხატვრული დამუშავების ტექნიკის მრავალფეროვნება და რეგიონული განსხვავებები საქართველოში ხალხური რეწვის მდიდარ ტრადიციაზე, ხოლო ათასწლეულების განმავლობაში საზიარო ორნამენტული მოტივების უწყვეტი პოპულარობა ხალხური მეხსიერების მრავალპლასტიან ერთიანობაზე მეტყველებს.
დამოწმებანი:
- 1.Soltes, Ori Z. 1999. National Treasures of Georgia. London: Philip Wilson.
- 2.ბურჭულაძე ნანა 2023. შუა საუკუეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, თბილისი: საქართველოს ეროვნული მუზუემი.
- 3.Shanshiashvili, Ana. 2018. Old Tbilisian Silverware. Warsaw: Polish Scientific Publishers PWN.
- 4.ბახტაძე ნოდარ, 2013. კერამიკული ნაკეთობანი შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა.
- 5.ბარათაშვილი გულნაზ 2011. ქართული ნაქარგობა. თბილისი: ქარჩხაძე.
- 6.კოშორიძე ირინა. 2016. ქართული ხალიჩა, თბილისი: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი.