სიმღერით გადარჩენილები

ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ფოტოზე საქართველოს ეთნოგრაფიული ანსამბლია: ზოგს გურულად აცვია, ზოგს – აფხაზურად, ზოგს – კახურად, მაგრამ ეს ქართველ ტყვეთა გუნდია. ყოველივე კი ასე დაიწყო...

1941 წლის მიწურულს, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ცნობილი მომღერალი გვარის წარმომადგენელი, გამოჩენილ ლოტბარ სანდრო კავსაძის ვაჟი, დათაშკა კავსაძე, ომში გაიწვიეს. ქერჩის სასტიკი ბრძოლისას დაიღუპა დათაშკას ძმა, მომღერალი გიგუშა კავსაძე, ხოლო თავად ლოტბარი ტყვედ ჩავარდა და საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ იმ დროისათვის ტყვეებს, რომლებსაც ევროპაში ნათესავები ჰყავდათ, ნაცისტური მთავრობა ათავისუფლებდა. გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდა დათაშკას თანამებრძოლი ვალოდია ხარბედია. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საფრანგეთში გადახვეწილ ქართველ ემიგრანტებს შორის მას ნათესავები ჰყავდა. პარიზის ქართველობას სწორედ ვალოდიასაგან შეუტყვია დათაშკა კავსაძის ტყვეობის ამბავი. მათი მონდომებითა და ძალისხმევით საკონცენტრაციო ბანაკს თავი დათაშკამაც დააღწია.

პარიზში ლოტბარს ტყვეებისაგან ქართული გუნდის შექმნის იდეა შესთავაზეს. ეს იყო ქართველი ტყვეების გამოხსნისა და გადარჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა. ბანაკებში შესული დათაშკა გერმანელებს გუნდისათვის მეტი ადამიანის საჭიროებაში არწმუნებდა. ასე დაიხსნა ტყვეობის უმძიმესი პირობებიდან ყველა, განურჩევლად მუსიკალური მონაცემისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. გათავისუფლებულთა შორის ქართველებთან ერთად იყვნენ საქართველოს აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები...

ახალშექმნილმა გუნდმა წარმატებას მალე მიაღწია. ცნობილია, რომ ანსამბლი აქტიურად მართავდა კონცერტებს და 1945 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიიწვიეს, თუმცა, ომის დასრულების შემდეგ დათაშკამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა. იგი გზაშივე დააპატიმრეს. შვილებმა – კახი და იმერი კავსაძეებმა – მონატრებული მამა ომის შემდეგ პირველად და უკანასკნელად უშიშროების იზოლატორში ნახეს. საბჭოთა ხელისუფლებამ ლოტბარი, სამშობლოს მოღალატის ბრალდებით, ციმბირში გადაასახლა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. დათაშკა კავსაძე 45 წლისა, 1952 წელს გარდაიცვალა. შესაძლოა, დახვრიტეს, უცნობია მისი საფლავიც.

ტყვეთა გუნდის ფოტო კავსაძეების ოჯახში როგორღაც იქამდე მოხვედრილა, ვიდრე დათაშკა საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდებოდა. როდესაც დაპატიმრებულის ოჯახში უშიშროების სამსახურიდან  ჩხრეკისთვის მივიდნენ, დათაშკას მეუღლეს – თამარ ცაგარეიშვილს – ფოტო უბეში შეუნახავს და ასე გადაურჩენია განადგურებას. დათაშკას შვილის, ცნობილი მსახიობის, კახი კავსაძის მოგონებების მიხედვით, შემდეგში ფოტოს სანახავად მათ ოჯახში უამრავი ადამიანი მიდიოდა. ისინი ფოტოზე ეძებდნენ ტყვედ ჩავარდნილ ოჯახის წევრებს, ცდილობდნენ ამოეცნოთ თავიანთი დაკარგული ნათესავები – შვილები, ძმები, მეუღლეები...

დათაშკა კავსაძის ქართველ ტყვეთა გუნდის ეს უნიკალური ფოტო, სამწუხაროდ, ერთადერთია. გამორიცხული არ არის, გუნდის მოღვაწეობის ამსახველი სხვა დოკუმენტები საფრანგეთის რომელიმე არქივში ინახებოდეს და დაინტერესებულ მკვლევარს ელოდეს.

 

ფოტოზე: დათაშკა კავსაძე მესამე რიგის ცენტრში.

წყარო: კავსაძეები (მონოგრაფია). 2007. თბილისი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ავტორი :

სანდრო ნათაძე - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივისა და საერთაშორისო მიმართულების განყოფილების ხელმძღვანელი
თეონა რუხაძე - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ასოცირებული პროფესორი