სარედაქციო წერილი #1

არცთუ დიდი ხნის წინ, მეგობრულ წრეში ქართულ ფოლკლორზე საუბრისას ითქვა, რომ არ მოგვეპოვება ისეთი პერიოდული გამოცემა (ბეჭდური თუ ელექტრონული), რომელიც მკითხველს გააცნობდა ქართულ ფოლკლორს. 

ამ საუბრიდან მალევე ერთ სივრცეში, საქართველოს ფოლკლორის ცენტრში, მოვიყარეთ თავი, უკვე თანამშრომლების სტატუსით და პირველივე იდეა, რომელიც პროექტის სახით წარვადგინეთ დასაფინანსებლად, სწორედ ამგვარი ელექტრონული ჟურნალის დაარსება იყო. გაზაფხულზე, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება, რის შედეგსაც წარმოადგენს ჟურნალის წინამდებარე ნომერი.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ხელოვნებასა და კულტურას (მათ შორის ტრადიციულ ხელოვნებას) წარსულშიც და ახლაც არაერთი ბეჭდური და თანამედროვე, ელექტრონული გამოცემა აშუქებდა და აშუქებს. მათ შორისაა ჟურნალები ხელოვნება (წარსულში – საბჭოთა ხელოვნება), არს გეორგიკა (Ars Georgica), ქართული კულტურა, ენა და კულტურა, მუსიკა და სხვ. აღნიშნული გამოცემები, ძირითადად, ან ვიწრო პროფილურია დარგობრივად (მაგალითად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრვალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორენოვანი ბიულეტენი, რომელიც ქართულ ტრადიციულ მუსიკას ეძღვნება), ანაც ერთ კონკრეტულ მიმართულებას აცნობს მკითხველს (მაგალითად, Ars Georgica, რომელიც ახალი და თანამედროვე ხელოვნების საკითხებს ეთმობა) და სხვ.

შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ერთ ელექტრონულ გამოცემაში გაშუქდეს თემები ქართული ფოლკლორის შეძლებისდაგვარად ყველა მიმართულებიდან, როგორიცაა, ტრადიციული მუსიკა (ხალხურიცა და საეკლესიოც), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ზეპირსიტყვიერება და ქორეოგრაფია.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, რომელიც სწორედ ყველა ამ მიმართულებას აერთიანებს და, რომელიც არსებობის თითქმის საუკუნოვან ისტორიას ითვლის, სხვადასხვა ეტაპზე არაერთი  ღირშესანიშნავი პროექტი განუხორციელებია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ჟურნალის დაარსებით მოინიშნა ორგანიზაციის ხანგრძლივ ბიოგრაფიაში. ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალის ვირტუალური სახლი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და საჭირო სივრცედ იქცევა ქართული ფოლკლორით დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მკითხველისათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჟურნალის თემატური მრავალფეროვნება, რომელიც გულისხმობს ფოლკლორული მემკვიდრეობის ნიმუშებისა და ფოლკლორულ ყოფასთან დაკავშირებული მოვლენების ფართოდ, კონტექსტში მიმოხილვასა და მასალების ხელმისაწვდომობას ორ – ქართულ და ინგლისურ – ენაზე.

ჟურნალის პირველი ნომერი მაინც უფრო “მუსიკალური” გამოგვივიდა, ნაწილობრივ, იმის გამო, რომ ფოლკლორის ცენტრის მიმართულებებს შორის აქტივობის დიდი წილი სწორედ მუსიკაზე მოდის და სარედაქციო საბჭოც, ძირითადად, მუსიკოსებისაგან შედგება. თუმცა მკითხველს ვპირდებით, რომ ყოველი მომდევნო ნომერი თემატურად კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი იქნება. ამ მიზნით ვგეგმავთ ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტენსიურ თანამშრომლობას დარგობრივ სპეციალისტებთან და, საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალის გადახალისებასაც.

გამოცემის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული ხელოვნების ფართო პოპულარიზაცია და ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემელი მკითხველის ინტერესების დაკმაყოფილება. თუმცა მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია საკუთრივ ქართველი მკითხველიც (უბრალო მსმენელი იქნება, სპეციალისტი თუ შემსრულებელი) უფრო ახლოს გაეცნოს მრავალფეროვან მსოფლიო ტრადიციულ ხელოვნებას. ეთნო-კულტურულ სამყაროსთან ზიარება და თვალსაწიერის გაფართოება აუცილებელია საკუთარი ტრადიციული მემკვიდრეობის როლისა და ადგილის უკეთ დასანახად და გასააზრებლად და, თუნდაც, შემოქმედებითი იმპულსების გასააქტიურებლადაც. ამ მიზნით, ერთი რუბრიკა ყოველთვის დაეთმობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მიმოხილვას. 

ჩვენი გამოცემა სამეცნიერო-პოპულარული ტიპისაა და გვსურს მკითხველს ფოლკლორთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხები მარტივ, ადვილად გასაგებ ენაზე მოვუთხროთ. ჟურნალის მიმდინარე ნომერში გაეცნობით მასალებს ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის დიალექტების შესახებ; ისტორიას ერთი ჟანრის, მრავალჟამიერისა, რომელიც ქართველების სიცოცხლის სიყვარულისა და ბედნიერების უსაზღვრო სურვილის ძეგლად იქცა; თვალსაზრისს ქართული ცეკვის საკრალურ არსსა და მნიშვნელობაზე; უძველესი ქართული საკრავის თავგადასავალს; ფოტოისტორიას იმის შესახებ, როგორ იხსნა სიმღერამ ქართველი ტყვეები სიკვდილისაგან და, ასევე, გიამბობთ, თუ როგორ დაირწა ღვინის აკვანი საქართველოში.

მსოფლიო ტრადიციული მემკვიდრეობის რუბრიკა, გასაგები მიზეზით, საგანგებოდ დავუთმეთ უკრაინელი ხალხის მდიდარ და მრავალფეროვან სამუსიკო შემოქმედებას. აგრეთვე,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელთან გიორგი დონაძესთან ინტერვიუში, გაგაცნობთ ცენტრის პროექტებსა და მოსაზრებებს ქართულ ფოლკლორულ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

პირველ ეტაპზე მკითხველს საშუალება ექნება ჟურნალს გაეცნოს ელექტორნულ ფორმატში (როგორც PDF ვერსიით, ასევე სპეციალურად ჟურნალისთვის შექმნილ ორენოვან ვებგვერდზე). ამასთან, ვებგვერდი იქნება მრავალფუნქციური, სადაც ფოლკლორით დაინტერესებული საზოგადოება გაეცნობა როგორც სიახლეებს ფოლკლორის სფეროში, ასევე ფოლკლორის ცენტრის გამოცემების ელექტრონულ ვერსიებს.

დაბოლოს, გაცნობებთ, რომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება არამარტო თქვენი აზრი და შთაბეჭდილება ჟურნალის შინაარსსა და ფორმაზე, არამედ თქვენი უშუალო მონაწილეობაც ჟურნალის ხარისხის გაუმჯობესება-დახვეწაში.

ამდენად, სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ და მოგვაწოდოთ მასალები, რომლებსაც ჟურნალის სარედაქციო საბჭო აუცილებლად განიხილავს და, მოწონების შემთხვევაში, გამოაქვეყნებს კიდეც.

 

დიდი მადლობა,

 

მომავალ შეხვედრამდე.

 

სარედაქციო საბჭო:

 

ნანა მჟავანაძე

თეონა რუხაძე

სანდრო ნათაძე

ბრაიან ფერლი

ავტორი :

ადმინისტრაცია -