სტატიის შინაარსსა და ფაქტობრივ სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი

სარედაქციო წერილი #9

სიტყვის კულტურა — პოეტური სიტყვის დარაჯები

ძვირფასო მკითხველო, ჩვენი ჟურნალის ამ ნომერს გარკვეულწილად საზეიმო დატვირთვაც აქვს. წელს ორი ისეთი ადამიანის იუბილეა, რომელთა სახელებიც ქართული ფოლკლორის დღევანდელობას, ცოცხალ ზეპირსიტყვიერებასა და ჩვენი კულტურული მეხსიერების შენარჩუნებას მჭიდროდ უკავშირდება. ესენი არიან ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, რომლებიც ათეული წლებია, ცოლქმრულ ჭაპანსაც ერთგულად ეწევიან.

ამ ნომერში  გაეცნობითორ უნიკალურ ინტერვიუს, რომლებიც იუბილარ წყვილთან რომა კალანდაძემ ჩაწერა. ეს არ არის უბრალო საუბრები პროფესიასა და ქართული პოეტური სიტყვის კვლევაზე, ესაა ორი მთიელის მიერ ემოციურად, პოეტურად და ლამაზად მოთხრობილი ამბავი ორი საოცარი ცხოვრებისეული გზის, ორი განსხვავებული და, ამავე დროს, განუყოფელი სამყაროს შესახებ.

ხშირად გვგონია, რომ ფოლკლორი მხოლოდ წარსულია და მასზე საუბრისას ძველი რვეულები, მტვრიანი არქივები და ის ამბები გვახსენდება, რომლებიც დიდი ხნის წინ მოხდა. თუმცა, ამირანისა და ეთეროს მოსმენისას თითქოს კანით გრძნობ, როგორი ცოცხალია სინამდვილეში ხალხური შემოქმედება და როგორ საყრდენად შეიძლება იქცეს სიტყვის ძალა ცხოვრების რთულ გზაზე.

ინტერვიუში ამირანი წარმოგვიდგება ხალხური სიტყვიერი საგანძურის მდუმარე დარაჯის სახედ, რომელმაც ფოლკლორული ექსპედიციების  გაცვეთილ და გახუნებულ რვეულებში არაერთი მარგალიტი შემოინახა, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას ასულთან, გულქანთან შეხვედრების ფრაგმენტები და ივანე წიკლაურის შედევრი „რამ დამაბერა“.

აქვეა ეთეროც — გემრიელი თუშური კილოთი და ფერადოვნებით გამორჩეული, რომელსაც, მისივე თქმით, დავიწყებული ქართული სიტყვის ,,აღმოჩენა“ ბავშვივით აღაფრთოვანებს და სულს უმსუბუქებს. საოცრად აღწერს ეთერო დედის,  ამ არაჩვეულებრივი ესთეტის, ხატს, რომელმაც უდიდესი ოჯახური ტრაგედიების დროსაც კი აუკრძალა შვილებს დარდი და შავებით შემოსვა, რათა გარშემომყოფები არ დაემწუხრებინათ. მართლაც, ეთერო მუდამ ფერადი და სახენათელია, თუმცა მისი ხსოვნა დარდიან ამბებსაც ინახავს, როგორიც, მაგალითად, მეზობლის, მაკა ბებოს ცხოვრების სევდაა, ომში დაკარგულ შვილს გაზაფხულობით ნაქსოვ წინდებს რომ „უმზევებდა“.

მივიწყებული ჰანგების კვალზე

ჩვენი კულტურული, სასიმღერო მემკვიდრეობის ძიების გზაზე ერთგვარ მუსიკალურ დეტექტივს წააგავს სიმღერა „ჩაკრულოს“ ქართლური ვარიანტის ამბავი, რომელზეც ზურაბ წკრიალაშვილი გვიამბობს. ,,ჩაკრულო“ კახური ბურდონული მრავალხმიანობის უბადლო ნიმუშადაა აღიარებული, თუმცა ეს სტატია სრულიად განსხვავებულ ამბავს ხდის ფარდას. 1938 წელს გიორგი სვანიძეს 100 წელს მიტანებული ტიღა ტლაშაძისგან ჩაუწერია სიმღერის ის ვერსია, რომლის შესახებ დღეს ბევრმა არ იცის: ქართლში „ჩაკრულო“ ტიღას ახალგაზრდობაში თურმე სულ სამიოდე კაცს ხსომებია, რომლებიც ამ სიმღერას ერთ ხმაში, ფანდურის თანხლებითა და ვრცელი ტექსტით ამღერებდნენ. სრულიად შესაძლებელია, რომ სიმღერა სწორედ აქედან გადავიდა კახეთში, სადაც მან დღეს ჩვენთვის ნაცნობი, გენიალური სახე მიიღო. ავტორი სიმღერის სახელწოდების ეტიმოლოგიასა და მისი წარმოშობის ისტორიასაც მოგვითხრობს.

კიდევ უფრო დრამატულად მოჩანს უძველესი ქართული ჩასაბერი საკრავის — ლარჭემ-სოინარის (გურული სოინარისა და მეგრული ლარჭემის) ბედი. არქივებზე დაყრდნობით, თევდორე გოგოლაძე თავის სტატიაში აცოცხლებს ამ საკრავის თავგადასავალს, რომელიც მსოფლიოში უნიკალურ, ორმხრივად აღმავალ ექვსმილიან ფლეიტას წარმოადგენდა და შემსრულებელს საშუალებას აძლევდა, მასზე ორხმიანობა აეჟღერებინა. თუმცა, მსოფლიოში გავრცელებულ ანალოგიურ საკრავებთან შედარებისას ჩანს, რომ სანამ ლარჭემის უცხოელი ანალოგები საერთაშორისო აკადემიურ სცენაზე იმკვიდრებდნენ ადგილს, ქართულმა საკრავმა თავისი ყოფითი თუ მაგიური ფუნქციაც დაკარგა და სამუზეუმო ექსპონატად იქცა.

ნოტირებული ქართული სიმღერა, აზარფეშა და აფხაზური სამზარეულოს გემოები

ხალხური სიმღერის ნოტირების პრაქტიკა და მისი ავ-კარგი არაერთხელ გამხდარა მსჯელობისა და კვლევის საგანი. ნოტირების ისტორიის კვლევამ დავით შუღლიაშვილი ქართული ხმების ჩაწერის სათავეებთან — ჯერ კიდევ ფონოგრაფის გამოგონებამდე პერიოდთან მიიყვანა. ნარკვევში მკითხველი მე-19 საუკუნის დასაწყისში ნოტირებულ რამდენიმე ხალხურ ნიმუშსაც აღმოაჩენს და ბევრ ისეთ ისტორიულ ეპიზოდს გაეცნობა, რომლებიც აქამდე არქივების თაროებზე ინახებოდა. ასე შეიტყობთ, მაგალითად, რა კავშირი ჰქონდა „დედა ენის“ ავტორს, იაკობ გოგებაშვილს ქართულ სიმღერასთან და რა წვლილი მიუძღვის მას მის გადარჩენაში.

სულიერ, არამატერიალურ საგანძურთან ერთად, ჟურნალის ამ ნომერში მატერიალურ და გასტრონომიულ კულტურასაც ეთმობა ადგილი. მკითხველი გაეცნობა აზარფეშის — ამ, დღეს უკვე გაიშვიათებული ტრადიციული სასმისის ფილოსოფიას. ოქრომჭედლობის ეს შედევრი ერთ დროს პოეტებისა თუ ხალხური ოსტატების შთაგონების წყარო იყო. აზარფეშა, რომელიც სულ რაღაც 50-60 მილილიტრს იტევდა, ქართული სუფრისა და ღვინის სმის ზომიერებასა და მაღალ კულტურაზეც მოწმობს. სტატიის ავტორი, ლუარსაბ ტოგონიძე, რომელიც ქართული ტრადიციული კულტურის ენთუზიასტი მკვლევარი და ფოტოების კოლექციონერია, არაერთ საინტერესო ფოტოს გაგიზიარებთ.

საქართველოს მდიდარ კულტურულ ყოფას მისი გასტრონომიული მრავალგვარობაც ადასტურებს. აფხაზურ სამზარეულოზე, რომელიც ქართულ-აფხაზური საერთო ფესვებისა და თანაცხოვრების ცოცხალი მაგალითია, დალილა ცატავა მოგვითხრობს. ავტორი, აფხაზურ გემოებთან ერთად, მის ესთეტიკურ, დახვეწილ სერვირების ტრადიციასაც გვაცნობს. ბევრი აფხაზური კერძი ნაცნობ გემოებს გაგახსენებთ, რაც იმის დასტურია, რომ კულინარიული მეხსიერება და სტუმარმასპინძლობის მკაცრი იერარქია, რეგიონულ განსხვავებებთან ერთად, მჭიდრო ისტორიულ და კულტურულ ერთიანობას ინახავს.

გალობის რაინდები და ზღაპრის ზნეობრივი ფორმულა

ჟურნალის ფურცლებზე გაცოცხლდება მგალობელი დუმბაძეების ფენომენური ოჯახის ისტორიაც. ამ თემას ეხება გურული არქივების დაუღალავი მკვლევარი, ილია თავბერიძე, რომელიც ამჯერადაც ახალი, აქამდე უცნობი ამბებით გაგვანებივრებს. სწორედ დუმბაძეებმა ჩააწერინეს ფილიმონ ქორიძეს 3000-ზე მეტი საგალობელი ნოტებზე და ამით ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გაქრობას გადაარჩინეს. მათი ქრონიკები ნამდვილი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტს ჰგავს: 12-ოთახიანი ოდა შემოქმედში, სადაც გალობას უფასოდ ასწავლიდნენ; „ლა სკალას“ მომღერალი სონია დუმბაძე და ნიჭიერი თუ სკანდალური ვასო დუმბაძე — საქართველოს კონსული ამერიკაში და „კვაჭი კვაჭანტირაძის“ პროტოტიპი.

დაბოლოს, ქართული ჯადოსნური ზღაპრის ფილოსოფიურ ანალიზს ეძღვნება ელენე გოგიაშვილის სტატია. ავტორი ამჯერად ყურადღებას ამახვილებს საინტერესო ფენომენზე: ქართული ზღაპრის გმირის (იქნება ეს ასფურცელა თუ უმცროსი ძმა) რთული გზა მისივე შეგნებული არჩევანია და არა ბედისწერა. ავტორის ამგვარი ხედვა ხაზს უსვამს ქრისტიანული მორალის ქრისტიანობამდელ ფესვებს: გმირის თავისუფალ ნებას, „დავლათით“ არგამედიდურებას, თავმდაბლობას, ქვესკნელიდან ამოსვლასა და ცრუგმირებზე გამარჯვებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქრისტიანული ფორმულა — „…უკუანანი – პირველ“ (მათე 19:30).

„გადაფურცლეთ“ ჟურნალი და აღმოაჩინეთ საოცარი ამბები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ.