სარედაქციო წერილი #5

მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენი ჟურნალის მეხუთე ნომერს.

ტრადიციისამებრ, შევეცადეთ, „ქართული ფოლკლორის“ მორიგ გამოცემაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავალფეროვანი თემები შეგვერჩია.

ჟურნალის ეს ნომერი დაეთმო რუბრიკებს: „ხალხური სიმღერა“, „საეკლესიო გალობა“, „ქორეოგრაფია“, „ზეპირსიტყვიერება“, „საკრავი“, „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“, „ნარკვევი“, „ინტერვიუ“ და „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა“.  

თუ ქართული ხალხური სიმღერების ისტორია გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ სანდრო ნათაძის სტატია „სამი ძმის ოთხი ნანა“. სტატიაში სანდრო მისთვის ჩვეული ცოცხალი და ხალისიანი თხრობით გადმოგვცემს „ოთხი ნანას“ პერსონაჟების – ლადიკო, აქვსენტი და მანასე სალუქვაძეების – თავს გადახდენილ ამბავს, რომელიც შემდგომ ამ სიმღერის ტექსტის საფუძვლად იქცა; გვიამბობს რეალურად არსებული ძმების ცხოვრების შესახებ და მათი უნიკალური საშემსრულებლო სტილის თაობაზე საკუთარ დაკვირვებასაც გვიზიარებს.

რუბრიკა „საეკლესიო გალობა“ ამჯერადაც ბესიკ მახათაძის სტატიას დავუთმეთ. ავტორი კვლავ XIX საუკუნეში მოღვაწე მგალობლების ისტორიას გვაცნობს და ამავე პერიოდში მოღვაწე ცნობილი მგალობლის, დავით შოთაძის (ჩხარელის), შესახებ მოგვითხრობს. დავით შოთაძისა და მისი თანამედროვე მგალობლების ღვაწლზე საუბრისას ბესო ისევ საინტერესო საარქივო წყაროებს იშველიებს. სტატია წარმოდგენას გვიქმნის მეფის რუსეთის დროინდელ იმერეთში, კერძოდ,  ქუთაისში არსებულ ვითარებაზე.

ბესო მახათაძის სტატიის მსგავსად, გასული ნომრის რუბრიკა „ზეპირსიტყვიერებაში“
გამოქვეყნებული სტატიის ერთგვარ გაგრძელებად შეიძლება აღვიქვათ ანა ივანაშვილის წერილი „ამირანის ორსახოვანი ბუნება“. წინა ნომერში ანამ ქართული ხალხური ეპოსის გმირის,  ამირანის, თავგადასავალი მოგვითხრო. ამჯერად ავტორი ეხება კონკრეტულ საკითხს –  ამირანის ორსახოვნებას. იგი, ერთი მხრივ, სიკეთისა და მშვიდობისათვის, ხოლო, მეორე მხრივ,  საკუთარი თავის განდიდებისათვის მებრძოლი გმირის ხასიათს განიხილავს. მსჯელობისას მაგალითად მოჰყავს  ამირანის ეპოსის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი ვარიანტები და ქართული მხატვრული ლიტერატურის ის ნიმუშები, რომლებშიც ეს გმირია წარმოჩენილი. ავტორი ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ამირანის ერთმნიშვნელოვნად სიკეთისთვის მებრძოლ პერსონაჟად აღქმას გარკვეულწილად ქართული მწერლობის გავლენასაც უკავშირებს.

ჩვენს ერთგულ მკითხველს ალბათ ემახსოვრება „ქართული ფოლკლორის“ პირველ ნომერში ქეთევან ბაიაშვილის ავტორობით გამოქვეყნებული წერილი საქართველოში აღმოჩენილი უძველესი საკრავის – ძვლის უენო სალამურის, ე. წ. „მწყემსი ბიჭის სალამურის“ შესახებ. ამჯერად ავტორი გვთავაზობს სტატიას, რომელიც უშუალოდ ტერმინ „სალამურის“ წარმოშობის საკითხს ეხება და ამ საკრავთან დაკავშირებულ სხვა ძველ ქართულ ტერმინებს განიხილავს. სალამურის შესახებ ეტიმოლოგიურ ძიებებს იგი ბერძნული ენის ლექსიკონამდე მიჰყავს. როგორ ითარგმნება ბერძნულიდან ქართულად სიტყვა „სალამოურა“ (σαλαμούρα) და რა კავშირი შეიძლება იყოს ამ სიტყვასა და ჩასაბერ საკრავ სალამურს შორის, ამას  სტატიიდან შეიტყობთ.

ტრადიციული რეწვის ოსტატის, რევაზ ანდღულაძის, შესახებ გვიყვება გოჩა ბალავაძე რუბრიკაში  „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“. ავტორი გვაცნობს ქვაზე, ხესა და ლითონზე კვეთის დიდოსტატის შემოქმედებით გამოცდილებასა და ამჟამინდელ საქმიანობას. სტატიას ახლავს ფოტოები, რომლებზეც ახალციხეში მოღვაწე ოსტატის გამორჩეული ნამუშევრებია აღბეჭდილი. მათი დათვალიერების შემდეგ ალბათ მოისურვებთ, ოსტატის სახელოსნოს პირადადაც ესტუმროთ.

რუბრიკა, რომელიც ქართულ ხალხურ ცეკვას ეძღვნება, ამჯერად ახალგაზრდა ქორეოგრაფ მარიამ ბედენაშვილს დავუთმეთ. მარიამი ცეკვით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, გერმანიაში სწავლისას კი ცეკვის თერაპიით დაინტერესდა. სამშობლოში დაბრუნებულმა სცადა, ევროპაში შესწავლილი მეთოდები ქართული ტრადიციული ცეკვისთვის მოერგო. ამ მიზნით შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც ქართულ ცეკვებსა და საცეკვაო ჰანგებზე აგებულ აქტიურ თამაშებს მოიცავს, შედგენილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და მომხმარებელთა ფართო სპექტრის ინტერესს ითვალისწინებს. სტატიაში მარიამის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხავთ და შესაძლოა, თქვენც დაინტერესდეთ ქართული ცეკვის თერაპიით.

ქართული კულტურის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფაქტს – ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს – ეხება გალობის მკვლევარ ილია ჯღარკავას სტატია „ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების საიდუმლო“, რომელსაც, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჟურნალის ვრცელი რუბრიკა „ნარკვევი“ დავუთმეთ. ქართულ ზეპირ ტრადიციაში შემონახული უნიკალური ბგერათწყობის ქართული საგალობლების ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადატანის პროცესში სირთულეებმა თავი იმთავითვე იჩინა. ქართული ბგერათწყობის პრობლემა XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული დღემდე სამეცნიერო კვლევისა და ხშირად მწვავე დისკუსიის საგანია. ნარკვევში მოხმობილი დოკუმენტური წყაროებიდან კარგად ჩანს, რომ საგალობელთა კილოებისა და სანოტო პარტიტურების თაობაზე XIX საუკუნის ბოლო მეოთხედშიც ისევე ცხარედ კამათობდნენ, როგორც დღეს. ილია თანმიმდევრულად აანალიზებს ამ პრობლემების მიზეზებს და იმედოვნებს, რომ შემდგომი კვლევები და სამეცნიერო დიალოგები შესაძლებლობას მოგვცემს, დავადგინოთ და ყველასთვის გასაგები გავხადოთ, როგორი იყო გალობა ნოტებზე გადატანამდე და როგორი გახდა ნოტებზე გადატანის შემდეგ. საკითხის მასშტაბურობისა და აქტუალურობის გამო, მსჯელობის გაგრძელებას ავტორი ჟურნალის შემდეგ ნომრებშიც გვპირდება.

მიმდინარე ნომერში გაეცნობით ნანა მჟავანაძის ინტერვიუს ცნობილ ამერიკელ ეთნომუსიკოლოგ თეოდორ (ტედ) ლევინთან, რომელიც მრავალი წელია, დაუღალავად მოგზაურობს და იკვლევს მსოფლიოს მუსიკალურ პეიზაჟებს აპალაჩის მთებიდან თბილისურ ხეივნებამდე და კიდევ უფრო შორს, ცენტრალური აზიის ქვეყნებამდე. ბევრს ალბათ ახსოვს ლეგენდარული ბილი ჯოელის თბილისური ტურნე, მაგრამ შესაძლოა, არ იცოდეს, რომ ეს პროექტი სწორედ ტედ ლევინის დამსახურებით განხორციელდა. მკვლევარი გვიამბობს, როგორ გაარღვია მაშინ საბჭოური რკინის ფარდა მუსიკის უნივერსალური ენის საშუალებით და როგორ გაუკვალა გზა ქართულ ტრადიციულ მუსიკას ამერიკულ აუდიტორიამდე. ინტერვიუდან კიდევ არაერთ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.

არ უნდა გამოტოვოთ „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის“ რუბრიკა, რომელშიც ქორეოგრაფიული ხელოვნების იშვიათ მიმდინარეობას გაეცნობით. სტატიის ავტორი რობინ დეკერსი მკითხველს უამბობს თავის უნიკალურ პროექტზე, რომელშიც ცეკვის ხელოვნებას ბუნების უკეთ შეცნობისა და მასთან ჰარმონიული შერწყმის მიზნით იყენებს და ასე ცდილობს დედაბუნებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ქართველ მკითხველს, რომლის კულტურული იდენტობა მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხურ ცეკვასთან, დეკერსის  ინოვაციური მიდგომა შესაძლოა, უცნაურ სიახლედ და ნორმიდან თამამ გადახვევად მოეჩვენოს, თუმცა ცეკვის პოტენციალის ახლებურად გააზრებისა და დანახვის შესაძლებლობასაც იძლევა. როგორ ახერხებს ამას ავტორი, სტატიაში გაეცნობით.

იმედი გვაქვს, ჟურნალის ახალი ნომერი ჩვენს ერთგულ მკითხველს მოეწონება. წლის ბოლოს კი ახალი ნომრითა და მრავალი საინტერესო მასალით შევხვდებით.

 

ავტორი :

რედაქტორთა ჯგუფი -