სარედაქციო წერილი #4

წარმოგიდგენთ ჟურნალ „ქართული ფოლკლორის“ მორიგ, 2023 წლის ბოლო ნომერს.

ახალ ნომერზე მუშაობისას კვლავ შევეცადეთ, თქვენთვის მრავალფეროვანი და საინტერესო თემატიკა შემოგვეთავაზებინა; ამავე დროს, ფოლკლორის კვლევით დაინტერესებული მეტი ახალგაზრდა ავტორი წარმოგვეჩინა.

ჟურნალის მე-4 ნომერში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება ქართულ ტრადიციულ მუსიკასა და საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, ეთნოგრაფიასა და გამოყენებით ხელოვნებას, მუსიკალურ დიალექტს, ხალხურ საკრავსა და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას.

რუბრიკაში, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერას ეძღვნება, სანდრო ნათაძე ცნობილ ქართველ ეთნომუსიკოლოგ იოსებ ჟორდანიას მიერ შემოთავაზებული უძველესი მრავალხმიანობისათვის დამახასიათებელი 17 კრიტერიუმის მიხედვით განიხილავს გურიაში, აჭარასა და იმერეთში გავრცელებულ „ნადურ“ (ყანურ) სიმღერებს. შედეგად, ავტორი გვიჩვენებს, თუ როგორ ვლინდება მათში უძველესი მრავალხმიანობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება. სტატია წარმოდგენას გვიქმნის არა მხოლოდ „ნადურის“ მახასიათებლებზე, არამედ იოსებ ჟორდანიას მნიშვნელოვან ნაშრომსა და მოსაზრებებზე.

კახური სიმღერის შესრულების თავისებურებებია ბექა ბიძინაშვილის სტატიის მთავარი თემა. ბექას სამეცნიერო ინტერესებს მისი, როგორც ლოტბარისა და მომღერლის, პრაქტიკული გამოცდილება უდევს საფუძვლად. სტატიაში, რომელიც „ქართული მუსიკალური დიალექტის“ რუბრიკაშია წარმოდგენილი, ავტორი მსჯელობს კახური მუსიკალური დიალექტისათვის დამახასიათებელ მელიზმატიკაზე, გვიჩვენებს ჩახვევების სხვადასხვა ვარიანტს და საკუთარ მოსაზრებებს ამყარებს მის მიერვე ჩაწერილი მთხრობელების, კახური სიმღერის გამორჩეული შემსრულებლების, საინტერესო განმარტებებით.

XIX საუკუნეში ქვემო იმერეთში მოღვაწე მგალობელს, სიმონ ფირცხალავას, იმავე – სიმონა კუტს, ეძღვნება სტატია, რომლის ავტორიც საეკლესიო გალობის ახალგაზრდა მკვლევარი ბესო მახათაძეა. ბესო მოგვითხრობს მეფის რუსეთის პერიოდში ხონის წმინდა გიორგის სასწავლებლისა და მისი სამგალობლო სკოლის ისტორიას, გვაწვდის საინტერესო ცნობებს სიმონ ფირცხალავასა და მისი მოწაფეების – იმერეთში მოღვაწე მგალობლების შესახებ. ორი საუკუნის წინანდელი ამბების თხრობისას, გამოქვეყნებულ წყაროებთან ერთად, ავტორი ფართო საზოგადოებისათვის უცნობ საარქივო მასალასაც იყენებს, რაც ნაშრომს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ქართული ხალხური ეპოსის გმირის, ამირანის, შესახებ წერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორანტი ანა ივანაშვილი. იგი თანმიმდევრულად გვიამბობს გმირის თავგადასავალს: შობასა და სიჭაბუკეს, ბრძოლას, ჰუბრისს, ტრაგედიას და მოკლე სტატიის ფარგლებში ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ქართული ზეპირსიტყვიერების ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ყველა ძირითად მახასიათებელზე.

თბილისელ მეეზოვეებზე გვიამბობს სტატია, რომელსაც „ეთნოგრაფიის“ რუბრიკაში ჟურნალისტი და ბლოგერი ნანა სიხარულიძე გვთავაზობს. ძველ პერიოდულ გამოცემებში მოძიებული ცნობების მიხედვით ავტორი ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა საქართველოში მცხოვრებ თბილისელ მეეზოვეებზე ფართო მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილ და საინტერესო ამბებს გადმოგვცემს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და გვიხატავს თანამედროვე მეეზოვეების პორტრეტებსაც, რომელთაც საფუძვლად პირადი ინტერვიუები უდევს.

საოჯახო სახელოსნოს „Giorgo Biani“ დამფუძნებელი, ხელოვნებათმცოდნე ნინო გიორგობიანი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების“ რუბრიკაში საკუთარი საოჯახო სახელოსნოს შესახებ მოგვითხრობს და ამ საქმეში თავის გამოცდილებას გვიზიარებს. სტატიიდან არა მხოლოდ თითბერზე ტვიფრული გრაფიკის ინოვაციური ტექნიკის შესახებ შეიტყობთ, არამედ ნინოს მიერ შექმნილ, ქართული ტრადიციული ხელოვნებით შთაგონებულ სამკაულებსაც დაათვალიერებთ.

რუბრიკა „ხალხური საკრავი“ ამჯერად აჭარულ ჩასაბერ ინსტრუმენტ ჭიბონს ეძღვნება. სტატიის ავტორი თეონა რუხაძე სხვადასხვა წერილობითი წყაროს საფუძველზე აღადგენს ჭიბონის ისტორიას, გვიყვება საკრავის მიერ XX საუკუნეში განვლილი გზისა და დღევანდელობის თაობაზე. სტატიას ახლავს საინტერესო საილუსტრაციო მასალა: ფოტო, აუდიო და ვიდეომაგალითები, რომლებიც ჭიბონის შესახებ წარმოდგენას შეუქმნის მათაც, ვისთვისაც ეს საკრავი ჯერ კიდევ უცნობია.

რუბრიკა „ფოტოისტორია“ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ქორეოგრაფის, ბალანჩივაძეების ცნობილი მუსიკალური დინასტიის წარმომადგენლის, ჯორჯ ბალანჩინის საქართველოში სტუმრობის ამსახველ კადრებს ეთმობა. ჟურნალისტი და მკვლევარი ილია თავბერიძე წარმოგვიდგენს სტატიას, რომელიც 1962 წელს, მრავალწლიანი განშორების შემდეგ, ბალანჩინის სამშობლოში ჩამოსვლისა და ნათესავებთან შეხვედრის ისტორიას შეეხება. ეს ამბავი განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. გულგრილად გვერდს ვერ აუვლით ეპიზოდებს, რომლებშიც ბალანჩინის მიერ ქუთაისში მამის, მელიტონ ბალანჩივაძის, საფლავის მონახულება, გელათის მონასტერში განცდილი ემოციები თუ ოზურგეთში გურული სიმღერითა და ცეკვით მიღებული შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გურული სიმღერის ოსტატს, სიხარულიძეების მომღერალი გვარის წარმომადგენელს, ტრისტან სიხარულიძეს, ესაუბრა ეთნომუსიკოლოგი მაია გელაშვილი. ვრცელ და საინტერესო ინტერვიუში წაიკითხავთ 85 წლის მომღერლის მიერ წინაპრების, ბავშვობის, გურულ სიმღერასთან დამოკიდებულებისა და ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილების შესახებ.

ტრადიციულად, არც ამ ნომერში დავივიწყეთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული მკითხველი, რომელსაც ამჯერად კოსოვოში მოგზაურობას ვთავაზობთ. ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ფრანსუაზ არნო-დემირი კოსოვოში ქალი მომღერლის, ნაჯიე ბიტიჩის, მიერ მამაკაცთა ეპიკური პოემების შესრულების თაობაზე მოგვითხრობს. სტატია აერთიანებს საინტერესო თემებს, მათ შორის, კოსოვოს უახლეს ისტორიას, ამ ქვეყნის ტრადიციული მუსიკის თავისებურებებს, ქალთა და მამაკაცთა რეპერტუარებს და მომღერალ ნაჯიე ბიტიჩის. სასიამოვნო თხრობის მანერით გადმოცემულ ამბებთან ერთად, სტატიაში ნაჯიეს შემოქმედების ამსახველ საინტერესო მუსიკალურ მაგალითებსაც გაეცნობით.

ასე გამოიყურება ჩვენი ჟურნალის მე-4 ნომერი, რომელშიც, იმედს ვიტოვებთ, თქვენთვის საინტერესო არაერთ ამბავს ამოიკითხავთ.

გმადლობთ ერთგულებისთვის.

მომავალ შეხვედრამდე.

 

 

ავტორი :

რედაქტორთა ჯგუფი -