სარედაქციო წერილი #3

ძვირფასო მკითხველო,

ჩვენი ბოლო შეხვედრიდან გარკვეული ხანი გამოხდა. ამასობაში თავი მოიყარა ჩვენი ონლაინჟურნალის მესამე ნომრის მასალებმაც, რომლებიც, იმედია, თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. 

როგორც დაგპირდით, ჟურნალის თემატური მოზაიკა შეძლებისდაგვარად დავაბალანსეთ და ამჯერად მუსიკასა და ქორეოგრაფიასთან ერთად ქართული ტრადიციული კულტურული ყოფის სხვა ასპექტებს უფრო ფართოდ შევეხეთ. შესაბამისად, წინამდებარე ნომერში შეხვდებით ახალ ავტორებს, რომლებიც ქართველთა ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი არტეფაქტების, ჩვენი ზეპირსიტყვიერების ამა თუ იმ მიმართულების შესახებ მოგითხრობენ.

გადავწყვიტეთ, რომ ქართული ტრადიციული რეწვის კონკრეტული ფორმებისა თუ ჟანრების განხილვამდე მკითხველს ჯერ ამ დარგის შესახებ ზოგადი ინფორმაცია წაადგებოდა. სწორედ ამგვარი გზამკვლევის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ანა შანშიაშვილის მოკლე ისტორიულ მიმოხილვას, რომელიც მოგვითხრობს საქართველოში ტრადიციული რეწვის დარგების თაობაზე.

ამავე მიზნით ელენე გოგიაშვილი ქართული ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრს, ზღაპარს, მიმოიხილავს და მკითხველს ქართული ზღაპრის ფორმებსა და ქვეჟანრებზე, აგრეთვე მის თავისებურებებზე მოუთხრობს.

ამავე ფორმატის გაგრძელებაა სტატია, რომელშიც ზოგადად მიმოხილულია ჩრდილო მაკედონიური ტრადიციები და ჩვენი ჟურნალის უცვლელი რუბრიკის „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში ქვეყნდება. სტატიის ავტორია სტუდენტი ფილიპ ანასტასოვი, რომელიც ტრადიციულ მაკედონიურ მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე გამოცდილი მუსიკოსია; თეორიული ცოდნის დაუფლების პარალელურად აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ თუ საერთაშორისო ფესტივალებში და მასტერკლასებსაც უძღვება.

კულტურული ყოფის ამსახველი ამა თუ იმ მიმართულების ზოგადი, პანორამული ხედების აღწერის პარალელურად სათანადო ადგილი ეთმობა ცალკეული ეთნოგრაფიული მოვლენის დეტალურ, უფრო მეტიც, ორიგინალურ განხილვას. მაგალითად, მართალია, ბევრისთვის ცნობილია სარიტუალო შესაწირი, ე.წ.  „ზედაშე“, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანია მისი არსი და დანიშნულება. არც ამ ფენომენის ნაირსახეობათა შესახებ გვაქვს მაინცდამაინც მარტივად ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ეს საქმე დავით სიჭინავამ იტვირთა და საკულტო შესაწირავის, „ზედაშეს“ ნაირსახეობის, „ოხვამერის“ შესახებ საკმაოდ ვრცელი მასალა მოამზადა.

ქართული საეკლესიო გალობის მოყვარულებსა თუ მკვლევრებს, ვფიქრობთ, დააინტერესებთ მონაზონ ნინო სამხარაძის სტატია, რომელიც დიდმარხვის ბოლოს, ვნების შვიდეულის პარასკევის მსახურებისას სათქმელ საგალობელთა ციკლს „შეხვეტილიანი“ ეძღვნება. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სახელწოდებაზე და ტერმინის შინაარსს საკუთარი დაკვირვების საფუძველზე განმარტავს.

ერთი თვალის გადავლებით ისე ჩანს, რომ ქართული ცეკვა საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, ის ერთნაირად იტაცებს უფროს და ახალ თაობებს. ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნიმუშს,  „ხორუმს“, ეძღვნება ეკა გელიაშვილის სტატიაც. ჟურნალის პირველივე ნომრიდან ეკა რუბრიკა „ქორეოგრაფიის“ უცვლელი ავტორია და, იმედია, მისი დახმარებით რუბრიკის სტატიები საბოლოოდ ერთ დიდ მონოგრაფიად აკინძავს ქართული ცეკვის ისტორიას, მისი განვითარების ეტაპებს და, როგორც წყარო, ძვირფას შენაძენად შეემატება ქართული ქორეოგრაფიის შესახებ არსებულ ლიტერატურას.

მომდევნო სამი წერილი სარედაქციო საბჭოს წევრებმა მოამზადეს. სანდრო ნათაძის წერილი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკრავს, ჩონგურს ეხება. მართალია, ქართულ ტრადიციულ მუსიკას მისი ვოკალური მრავალხმიანობის გამო უკავია გამორჩეული ადგილი და საკუთარი ნიშა მსოფლიო მუსიკის მრავალფეროვან ლანდშაფტში, თუმცა ქართული საკრავიერი მუსიკა არანაკლებ საინტერესოა და სასიმღერო რეპერტუარშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ კონტექსტში ჩონგურის თავგადასავალი განსაკუთრებით მიმზიდველია.

რა სისწრაფითაც თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული ტემპი გვაახლოებს მომავალს, იმ სისწრაფითვე გვაშორებს წარსულს, რომელიც ფერმკრთალდება და ბუნდოვანდება. სწორედ წარსულის გაცოცხლებაში ეხმარება მკითხველს ჩვენი ჟურნალის რუბრიკა „ფოტოისტორია“.  თეონა რუხაძემ არქივში მიაკვლია საინტერესო ფოტოს, რომელზეც 1925 წლის ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი ეპიზოდია აღბეჭდილი. ავტორმა ფოტოდან მომზირალი ახალგაზრდების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა და ერთი პატარა „ნოველა“ წარმოგვიდგინა.

სარედაქციო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ბრაიან ფერლი ქართულ მუსიკას იკვლევს და მისი სადისერტაციო ნაშრომიც ქართული მუსიკის მედიაისტორიას ეძღვნება. ბრაიანი კვლევის პროცესში დაინტერესდა ქართული მუსიკის შესახებ დიდი კომპოზიტორის, იგორ სტრავინსკის კარგად ცნობილი კომენტარით და მოიძია პირველწყარო, რომლის ტექსტიც, როგორც გაირკვა, მოგვიანებით საბჭოთა პროპაგანდისტული ხრიკებისა და მანიპულაციის შედეგად დამახინჯებულად გავრცელებულა. ვფიქრობთ, ეს შემთხვევა საყურადღებო გაკვეთილია მკვლევრებისთვის, რადგან გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია წყაროებთან მუშაობისას სიფრთხილე და წინდახედულობა.

კულტურული ყოფის ამსახველი ნიმუშებისა თუ მოვლენების გაშუქებასთან ერთად ჩვენი მიზანია იმ ადამიანების გაცნობა და პოპულარიზაცია, ვინც ამ ნიმუშებს ქმნის და ვინც, მიუხედავად ღვაწლისა და შემოქმედებითი აქტიურობისა, ფართო საზოგადოებისათვის უხილავი და შეუმჩნეველი რჩება. გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ქვემო სვანეთის მკვიდრი, მხატვარი მალვინა მუკბანიანი, რომელსაც გოჩა ბალავაძემ და სანდრო ნათაძემ სოფელში ჩააკითხეს. საუბარი საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გამოდგა, თუმცა ჟურნალის ფორმატის გამო შემოკლდა და ინტერვიუს ფორმით ქვეყნდება.

ვფიქრობთ, საკმაოდ ვრცელი მასალა დაგიგროვდათ გასაცნობად. ჩვენ კი, ამასობაში, ახალი ნომრის სამზადისს შევუდგებით.

მომავალ შეხვედრამდე.

პატივისცემით,

სარედაქციო საბჭო

ავტორი :

რედაქტორთა ჯგუფი -