სარედაქციო წერილი #2
მოგესალმებით და ჩვენი ჟურნალის მეორე ნომრით მოგილოცავთ შობა-ახალწელს საუკეთესო სურვილებითა და უკეთესი მომავლის იმედებით!
ჟურნალის ეს ნომერი საშობაო-საახალწლო განწყობის გამოგვივიდა, რადგან დიდწილად შობა-ახალი წლის ტრადიციასა და მასთან დაკავშირებულ ატრიბუტიკას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კალენდარული დღესასწაულები ხალხური ინტერპრეტაციით თითქმის ყველგან აღინიშნება საქართველოში და არსობრივად დიდად არაფერი განასხვავებს, რიტუალის ფორმა და მისი მატერიალური რეპრეზენტაცია საკმაოდ მრავალფეროვანია. სწორედ შობის ნაირგვარი ხალხური წესისა და ატრიბუტიკის ზოგიერთ თავისებურებაზე მოგვითხრობს ნინო ღამბაშიძე თავის ნარკვევში: „ქრისტეშობის ზოგიერთი ქართული ხალხური ტრადიცია“. ავტორი ქრისტეშობის სარიტუალო პრაქტიკის მშრალი აღწერით არ შემოიფარგლება და მის ფუნქციასა და მნიშვნელობასაც განმარტავს როგორც ზოგადქართულ სიბრტყეში, აგრეთვე ზოგიერთი კუთხის სარიტუალო ტრადიციის კონტექსტში.
ქრისტეშობის ხალხური სადღეობო რიტუალი გარკვეულწილად ქრისტიანობამდელ რწმენა-წარმოდგენებთანაა შეზავებული. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო რიტუალი უხვადაა დატვირთული არაქრისტიანული ატრიბუტიკით, სტატიის „ჩიჩილაკი ახალი წლის დღესასწაულში“ ავტორი, ნინო აბაკელია ამ ფაქტს ბიზანტიური არაკანონიკური კულტურის გავლენას უკავშირებს. ახალი წლის შეხვედრა და მისი სათანადო პატივით დახვედრა საკრალურ, ერთგვარი სიცოცხლის ხის ქართულ ნაირსახეობას, „ჩიჩილაკსაც“ უკავშირდება. რისი სიმბოლოა ჩიჩილაკი, რა დანიშნულება აქვს და როგორ ტრანსფორმირდა წმ. ბასილის სახეში, შეგიძლიათ უფრო ვრცლად გაეცნოთ ზემოაღნიშნულ სტატიაში.
სრულიად არაორაზროვანი და ცხადია შობის საეკლესიო სარიტუალო პრაქტიკა, რომელიც კანონიკური ტიპიკონის მიხედვით სრულდება და რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი ქრისტეშობის საცისკრო სადღესასწაულო საგალობელს „დიდება მაღალთა შინას“ უკავია. როგორ გაუძღვა ცისკრის ვარსკვლავი მოგვებს ბეთლემის გამოქვაბულში და როგორ მოჰფინა ქვეყანას ნათელი ყრმა უფლის დაბადებამ, ეკატერინე ყაზარაშვილი მოგვითხრობს თავის სტატიაში „ერთი საშობაო საგალობლის შესახებ“.
საშობაო ხალხური სიმღერების პოპულარობა, ჩვენში „ალილოდ“ რომ მოიხსენიებენ, იმდენად დიდია, რომ მომღერალს თუ არა, ძნელად იპოვით ადამიანს, ვისაც არაფერი გაუგია მის შესახებ. თეონა რუხაძე „ალილოსა“ და მისი შესრულების ტრადიციაზე გვიამბობს თავის პატარა სტატიაში, რომელიც ნოველასავით მსუბუქად და ინტერესით იკითხება და ემოციურად აცოცხლებს ძველ საქართველოში შობის ჯადოსნური ღამის აღნიშვნის სურათებს.
ერთ ამოსუნთქვაზე იკითხება რენატო მორელის სტატიაც „ალილოს“ იტალიური სახეობის “Stella”-ს (ანაც “Tre Re”-ს) შესახებ. ავტორი გვიამბობს, როგორ აღნიშნავენ „მომღერალი ვარსკვლავები“ შობას იტალიასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში და როგორ მიიყვანა „სტელას“ სარიტუალო სიმღერების წყაროს ძიებამ მიჩის საუკუნეებისწინანდელ კოლექციამდე და კიდევ უფრო ადრე, გვიან შუასაუკუნეებამდე.
ახალი წლის თემატიკის გაგრძელებაა „ფოტოისტორიის“ რუბრიკის დღევანდელი საარქივო ფოტოც, რომელიც სვანეთში ახალი წლის – „ზომხას“ – დადგომის რიტუალს ასახავს. რიტუალისა და საკუთრივ ფოტოს – რომელიც 1929 წელს ეთნოლოგ დინა კოჟევნიკოვას გადაუღია – შესახებ მასალა მოამზადა მანანა ხიზანიშვილმა.
სულ ახლახან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალურ ქმედებებს, სიმღერასა და წეს-ჩვეულებებს საქართველოში“. ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი გამოხმაურებაც მოჰყვა. ჩვენ არ ვერთვებით ამ დისკუსიაში, მაგრამ სიამოვნებით გაგაცნობთ „ბატონების“ ფენომენის ალტერნატიულ გააზრებას, რომელსაც ვიზიონერი გია რაზმაძე გვთავაზობს.
ვფიქრობთ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ინტერვიუ ბრიტანელ ეთნომუსიკოლოგთან, ქეროლაინ ბითელთან, საიდანაც ის ბევრ რამეს შეიტყობს კორსიკული მუსიკის შესახებ. გარდა ამისა, ქეროლაინი გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებებს ქართული ტრადიციული მუსიკის თანამედროვე ტენდენციების შესახებ, რომელიც მეცნიერის კვლევის საგანს წარმოადგენს და რომლის მასალებიც მალე წიგნად გამოიცემა.
და ბოლოს, ჩვენი ჟურნალის ახალგაზრდა ავტორი-დებიუტანტი, თეონა ბენაშვილი მკითხველს უამბობს როგორ მოხვდა ქართული ტრადიციული ცეკვების ილეთები ამერიკულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში (ბოევიკში), რომელმაც ტაურუსის კასკადიორთა საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ბრძოლის კატეგორიაში.
იმედი გვაქვს, ჟურნალის ეს ნომერი უფრო ფართო აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს და მომდევნო ნომრისადმი ინტერესს გაუღვივებს, რომლის გამოცემასაც წლის პირველ ნახევარში ვგეგმავთ.
მანამდე საუკეთესო სურვილებით დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
სარედაქციო საბჭო.