საქართველო – ღვინის აკვანი

ვაზი და მეღვინეობა ძველ საქართველოში

2017 წელს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია, რადგან მრავალმხრივი კვლევით დადასტურდა, რომ საქართველოში თურმე ღვინოს ჯერ კიდევ 8000 წლის წინ წურავდნენ. საქმე ისაა, რომ ეს თარიღი 600 წლით ძველია ზაგროსის მთიანეთის (ირანი) მასალებთან შედარებით, რაც მანამდე ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას წარმოადგენდა.

თუმცა ქართული ღვინისადმი ინტერესი ამ აღმოჩენამდეც დიდი იყო. ამის დასტურია, მაგალითად, ისიც, რომ ცოტა ხნით ადრე, ღვინის ქალაქად წოდებული ბორდო მასპინძლობდა  საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ გამოფენას, რომელიც ქართული ღვინის მრავალათასწლიან  ისტორიას ასახავდა. კიდევ უფრო ადრე, 1999 წელს კი ლონდონში გაიხსნა საგამოფენო სივრცე – ვინოპოლისი (ღვინის ქალაქი), სადაც მოეწყო ქართული კუთხე – საქართველო  ღვინის სამშობლო.

ზოგადად, თეორია იმის შესახებ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, დიდი ხანია არსებობს. ქართული სამეცნიერო საზოგადოება, მდიდარ არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ფოლკლორულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობდა, რომ ამიერკავკასია და საქართველოს ტერიტორია მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი არეალი იყო. ამ თეორიას ღვინოსა და მევენახეობასთან დაკავშირებული უწყვეტი და მრავალფეროვანი ხალხური ტრადიციებიც ამყარებდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ცნობილმა მწერალმა ჰიუ ჯონსონმაც თავის წიგნში, რომელიც ღვინის ისტორიას ეძღვნება, ღვინის სავარაუდო სამშობლოდ საქართველო დაასახელა. ასეთივე მოსაზრება გამოთქვა ღვინის ცნობილმა ისტორიკოსმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა, პატრიკ მაკგოვერნმა 2003 წელს გამოცემულ წიგნში უძველესი ღვინო: მეღვინეობის წარმოშობის კვლევა.

გარდა ირიბი მტკიცებულებებისა (მაგ. ფოლკლორული მემკვიდრეობა, სარიტუალო ყოფა და სხვა), ძველ საქართველოში ვაზის კულტურის არსებობა მატერიალურად დასაბუთდა. გასული საუკუნის შუა წლებში არქეოლოგიური გათხრების დროს ენეოლითურ ფენებში აღმოჩნდა ყურძნის წიპწები, რაც ერთგვარი სენსაცია იყო. მაშინ პირველად გამოითქვა ფრთხილი ვარაუდი, რომ საქართველოში ძვ. წ. მესამე-მეორე ათასწლეულში უკვე არსებობდა მევენახეობა.

მოგვიანებით, წიპწები შულავერში, ხრამის დიდ გორასა და ე.წ. დანგრეულ გორაზე (ქვემო ქართლი), ნეოლითის ფენებშიც აღმოჩნდა და სავარაუდო თარიღი კიდევ უფრო დაძველდა. ამჯერად, ჩვენში მევენახეობა-მეღვინეობის ჩასახვა-განვითარების პერიოდად ძვ. წ. მეექვსე-მეხუთე ათასწლეულები დასახელდა. თუმცა ყოველივე ეს, ზუსტი ლაბორატორიული მონაცემების არარსებობის გამო, ვარაუდებად რჩებოდა.

ყურძნისაგან რომ ღვინოს წურავდნენ, ამაზე, ყურძნის წიპწის გარდა, სხვა არქეოლოგიური მასალებიც მიუთითებს. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება დღევანდელი ქართული ქვევრის წინაპარი, მისგან ოდნავ განსხვავებული, თიხისგან დამზადებული დერგები, თუმცა ქვევრს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონია და მხოლოდ ღვინისთვის არ მზადდებოდა და მას მარცვლეულის შესანახადაც იყენებდნენ, მეტიც: მრავალი საუკუნის განმავლობაში გავრცელებული ყოფილა ქვევრსამარხები – ქვევრში მიცვალებულის დასამარხად.

მტკვარ-არაქსის კულტურის ხანაში, მესამე-მეორე ათასწლეულის პერიოდის ღვინის ქვევრებს ვიწროძირიანი, ფართოყელიანი და სქელკედლა დერგების ფორმა აქვთ, რომლებიც დაბალ ორმოებში – მიწაში თითქმის სანახევროდ იდგმებოდა. როგორც ჩანს, დერგის ზედაპირს კარგად ამუშავებდნენ, აპრიალებდნენ და ამკობდნენ გეომეტრიული ფიგურებით, სპირალებითა და ფრინველთა გამოსახულებებით.

 

დიდი ზომის ღვინის ჭურჭელი,

ხრამის დიდი გორა. ნეოლითი

ქვევრების ბოლომდე მიწაში ჩაფვლა ძვ. წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანებიდან იწყება. თანდათან, როგორც ჩანს, იხვეწებოდა და ვითარდებოდა ღვინის ტექნოლოგია და შესაბამისად, წელთაღრიცხვათა მიჯნაზე უკვე გვხვდება მარნებიც. ამგვარად, მდიდარი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უეჭველია, რომ ამ პერიოდში საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობას აღმავლობის ხანა უდგას და მეურნეობაში მას დიდი ადგილი უკავია.

არქეოლოგიური მონაცემების გარდა, ქართული ღვინის სიძველეზე წერილობითი წყაროებიც მეტყველებს. უძველეს ქართველურ ტომებს, მუშქებს (ანუ მესხებს), როგორც ჩანს, ღვინო განსაკუთრებით ჰყვარებიათ, რადგან, ასურული წყაროების მიხედვით, მესხების ქვეყანაში ღვინო ბლომად ჰქონიათ. მართალია, ლეგენდაა, მაგრამ ღირს გახსენებად, თუ როგორი ქებით იხსენიებს ჰომეროსი ფაზისის (კოლხეთის) მხარის ცინცხლების მფრქვეველ (შუშხუნა) ღვინოს და აღწერს კოლხეთში ჩასული არგონავტების გაკვირვებას ვაზის ხეივნებითა და ღვინის შადრევნებით.

 

მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლოს შესახებ საკმაოდ საინტერესო ცნობაა შემონახული ცნობილი ირანელი მათემატიკოსისა და პოეტის, ღვინის დიდი მოტრფიალის, ომარ ხაიამის ნაწარმოებში. პოეტი ერთ ისტორიულ გადმოცემას იმოწმებს: 

სახელგანთქმული მეფის შამირამის შვილმა უფლისწულმა ბადემმა, სიკვდილს გადაარჩინა ფასკუნჯი, რომელსაც უზარმაზარი გველი ახრჩობდა. მადლიერმა ფასკუნჯმა მეფეს ყურძნის წიპწები მოუტანა. მეფის ბრძანებითწიპწები დათესეს, შემდეგ ყურძნისგან ღვინო დააყენეს. სასმელი აღიარეს  სიტკბოების მომანიჭებელ წყაროდ. მთელ ქვეყანაში გაშენდა ვენახები ადამიანთა საკეთილდღეოდ (1).

ამ გადმოცემის მიხედვით, ზღაპრული ფასკუნჯი ჩრდილოეთის მხრიდან სპარსეთში მოფრენილა. საინტერესოა, რომ ჩრდილოეთი მხარისა და სამხრეთი კავკასიის აღმნიშვნელი ტერმინები სპარსულ ენაში ერთმანეთს ემთხვევა (ძველი ებრაული გადმოცემებითაც, ვაზის სამშობლო სამხრეთ კავკასიაა). შესაბამისად, ხაიამის ეს მითოლოგიური გადმოცემა ეხმიანება მეცნიერულ ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ ღვინის სამშობლო კავკასიის სამხრეთი, ანუ ფასკუნჯის მიერ წიპწების შეკრების ადგილია. 

საწნახელში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“

აგუნას კულტი და ღვინის სმის კულტურა საქართველოში

ღვინო, მარანი, ვენახი ქართველისთვის განსაკუთრებულია და რელიგიური დატვირთვაც აქვს. არქეოლოგიური მასალისა თუ ფოლკლორში შემორჩენილი ცნობების მიხედვით, ანტიკური ხანიდან მოყოლებული ღვინოს საკრალურ-მისტიკური დანიშნულება ჰქონია. ეთნოლოგების აზრით, ჩვენში ბერძნულ-რომაული ღმერთების დიონისე-ბახუსის კულტი ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ამ აზრის განსამტკიცებლად ხანდახან ტოპონიმიკასაც იშველიებენ. მაგალითად, ბახვი და ასკანა გურიაში მევენახეობით ცნობილი სოფლებია. მეცნიერები ბახვს ბახუსს უკავშირებენ, ხოლო ასკანის ეტიმოლოგია, სავარაუდოდ, ენეასის ვაჟის სახელთან, ასკანიუსთან ასოცირდება.

ღვინის უძველესი ქართული ღვთაება უნდა ყოფილიყო აგუნ, იგივე ანგურა – ვენახის ნაყოფიერებისა და მოსავლის ბარაქიანობის ღმერთი. მისადმი მიძღვნილი რიტუალები დასავლეთ საქართველოში (განსაკუთრებით გურიასა და ლეჩხუმში) ბოლო დრომდე იყო შემონახული. საინტერესოა, რომ სპარსულად ანგურ ყურძენს ნიშნავს. რომაულ-ბერძნული და სპარსული პარალელები იმის მიმანიშნებელია, რომ ქართული სამყარო იმდროინდელ მსოფლიო კულტურულ ცენტრებს აქტიურად უკავშირდებოდა და კულტურულ  ურთიერთგაცვლათა პროცესში ღვინოსაც დიდი ადგილი ეჭირა.

მარანი, ღვინის დასავარგებელი და შესანახი ალაგი, შემდგომ ხანებშიც წმინდა ადგილად იყო მიჩნეული. თითქმის ყველა რელიგიური დღესასწაულის მთავარი რიტუალი მარანსა და ვენახში სრულდებოდა. ხშირად მარანში იწერდნენ ჯვარს და ნათლავდნენ ბავშვს. საუკეთესო ღვინოებს წმინდანის სახელზე ინახავდნენ. ასეთ ღვინოებს ზედაშეს ეძახდნენ. ჰქონდათ წმინდა გიორგის, მთავარანგელოზთა, საღვთისმშობლო და ა. შ. ზედაშეები. ძალიან ხშირად ეს ზედაშეები ეკლესიის ეზოებში დაფლულ ქვევრებში ინახებოდა. საქართველოს იმ მხარეებში, სადაც ვაზი არ ხარობდა, ღვინო ბარის რეგიონებიდან მიჰქონდათ. უფრო ხშირად კი ტკბილს (ბადაგს), ახალგაზრდა, ახალდაწურულ ღვინოს ეზიდებოდნენ თავიანთ მთაგორიან სოფლებში და ქვევრებში ასხამდნენ.

გვიან შუა საუკუნეებში ვენეციელი ელჩი კონტარინი წერდა, ქართველებს ღვინის სიუხვე საუკეთესო მასპინძლობად მიაჩნიათო. არქანჯელო ლამბერტის კი სამეგრელოში ყოფნისას (XVII საუკუნის შუა წლები) ასე დაუხასიათებია ქართველთა დამოკიდებულება ღვინისადმი: ვინც ბევრს დალევს ისე, რომ გონებას არ დაკარგავს, ის ღირსეულ კაცად ითვლება (2).

ამავე პერიოდის იტალიელი მისიონერის კასტელის ალბომში არის ჩანახატები (ღვინის სმის ცერემონიალი, პატარძლის სადღეგრძელოს სვამენ, სადღეგრძელოს მთქმელის პოზა, ქალის წინ მუხლმოყრილი სვამს), რომლებიც საქართველოში ღვინის სმის წესსა და რიგს გადმოგვცემს. კასტელი მოგონებებში აღნიშნავს:

ქართველები დიდი ღვინის მსმელები არიან; ქალები სმაში ძალიან იკავებენ თავს. მრავალ ნადიმს დავსწრებივარ და არასოდეს არ მინახავს ღვინის მსმელი ქალიკაცები კი პირველიდან უკანასკნელამდე სვამენ. თურმე ქალების წინაშეც სვამენ ღვინოს და ჭიქების მაგიერ ფეხსაცმელს იყენებენ. ეპისკოპოსებიც ნადიმზე ქალების წინ მუხლმოყრილნი სვამენ ღვინოს, რაც ველურად გვეჩვენებოდა ჩვენ (3).

მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი რუსი მოგზაური გაკვირვებული აღნიშნავს:

აქ (საქართველოში) ბევრს სვამენ. იმდენს, რამდენსაც არ სვამენ და არც შეუძლიათ დალიონ არც ფრანგებს, არც ესპანელთ, არც იტალიელთ არც ბერძნებს და, მიუხედავად ამისა, არ ყოფილა შემთხვევა ლოთობის გაჩენისა (4). ერთი საუკუნით ადრე კი, ცნობილი ფრანგი მოგზაური შარდენიც აღნიშნავს სმის დროს ქართველთა თავდაჭერილობას, შემდეგ კი ღვინის სიუხვეს, მრავალფეროვნებას და უმაღლეს სადაც ამდენსა და ასეთ შესანიშნავ ღვინოებს სვამენ (5).

 

 

ჩხუბინაშვილების რთველი, 1905. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“

 

ვაზის პოლიფონია

საქართველოში ყურძნის ჯიშთა და ღვინის მრავალფეროვნებას პირველი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონიც აღნიშნავს, რომ კახური ღვინო კეთილი და კარგია, თუმცა კონდოლის ღვინოს განსაკუთრებით გამოარჩევს და წარჩინებულს უწოდებს. მისი გემოვნებით, ქართლის ღვინო მომჟავო და თხელია, მაგრამ სასმელად საამოო. ატენურ ღვინოს საერთოდაც საქართველოში საუკეთესო ღვინოდ მიიჩნევს. იმერული ღვინოც თხელი, მაგრამ უგემრიელესიაო, – განმარტავს. გურიისა და სამეგრელოს ღვინოებზეც მსუბუქიაო, – ამბობს ვახუშტი, – თუმცა სურნელოვანია და დიდად შესარგი-ო, ამატებს. აქვეა ნახსენები უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე, იმხანად მთელს საქართველოში განთქმული მეგრული ღვინო ზერდაგი.

ვახუშტი ბაგრატიონისვე განმარტებით, მთასა და ბარის საზღვარიც ღვინოზე გადის. მისი თქმით, ადგილები, სადაც ვაზი ხარობს, ბარის ადგილებად იწოდება, სადაც ვერა – მთად. სწორედ ბარში, და არა მარტო დღეს, ღვინით განთქმულ კახეთში იწარმოებოდა ღვინო წინათ. დროთა განმავლობაში კი ღვინისა და ვაზის გეოგრაფია გვარიანად შეიცვალა.

შთამბეჭდავია ყურძნის ისტორიული ჯიშების მონაცემები მთელ საქართველოში: კახეთში 66 ჯიშია აღწერილი. გურიაში ვაზის 59, სამეგრელოში კი 53 ჯიში ხარობდა თურმე. აფხაზეთში 48 ლოკალური ყურძნის ჯიშია დამოწმებული. სამწუხაროდ, დღეს არც გურია, არც სამეგრელო და აღარც აფხაზეთი ითვლება მეღვინეობის რეგიონებად. ერთ დროსმეღვინეობის ტრადიციებით განთქმულ ამ კუთხეებში მევენახეობა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დაკნინდა და მეურნეობაში თავისი როლი დაკარგა.

რთველი თელავში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“

 

ქართული მევენახეობა-მეღვინეობა მრავალჯერ იყო საფრთხის წინაშე. ხანგრძლივი ომები მკვიდრ მოსახლეობას ხშირად აიძულებდა აყრილიყო და წლობით ნალოლიავები ვენახებიც უდაბურდებოდა. შედარებით მშვიდობიან პერიოდშიც არ აკლდა ვაზს პრობლემები. მეცხრამეტე საუკუნის 80-იანებში მწვავედ დადგა ვაზის მავნებლის, ფილოქსერას პრობლემა. რუსი მეცნიერების მცდელობამ, დაავადებული ვაზის ძირებში ქიმიკატის ჩასხმით მოეგვარებინათ პრობლემა, არ გაამართლა. სამაგიეროდ, კვალითელმა (სოფელი იმერეთში, ზესტაფონის რაიონში) მევენახემ, აგრონომმა იოსებ გუნცაძემ იპოვა გამოსავალი, ვაზი ამერიკულ საძირეზე დაამყნო და ქართული ვაზიც გადარჩა.

საბჭოთა პერიოდში მეღვინეობის მასშტაბები გაიზარდა, ღვინის ხარისხი კი დაეცა. დავიწყებას მიეცა ვაზის მრავალი უნიკალური ჯიში და, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის კარნახით, მევენახეები ძირითადად სამი ჯიშის (რქაწითელის, საფერავისა და ცოლიკაურის) მოშენებით დაკავდნენ.

1990-იანი წლებიდან, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, დაიწყო ქართული მეღვინეობის ტრადიციების აღდგენისა და უნიკალური ღვინოების წარმოების პროცესი. ისეთი მივიწყებული უნიკალური ჯიშები დაუბრუნდა მევენახეების კარმიდამოს, როგორებიცაა: უსახელოური (ლეჩხუმში), ოჯალეში, ეგუძგური, ჭვიტილურო (სამეგრელოში), ჩხავერი (გურიაში), მცვივანი, ჩიტისთვალი, ქისი, ხიხვი (კახეთში), შავკაპიტო (ქართლში) და სხვ. რამდენიმე წლის წინ ქართული ქვევრის ღვინო, ქვევრში ღვინის დამზადება-დავარგების ტექნოლოგია, იუნესკომ მსოფლიოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. ამჟამად, საქართველოში 500-მდე ჯიშის ყურძენი მოჰყავთ და ქართული ღვინო ნელ-ნელა იმკვიდრებს საკუთარ უნიკალურ ნიშას მსოფლიო ბაზარზე.

 

დამოწმებანი:

  1. 1.ჩიტაია, გიორგი. 1968. „ძველი ლეგენდები ვაზის კულტურის წარმოშობის შესახებ“. ძეგლის მეგობარი, N16, გვ. 9-11. გვ.10.
  2. 2.ჭილაშვილი, ლევან. 2004. ვენახი, ღვინო და ქართველობა. თბილისი: პეტიტი. გვ. 144.
  3. 3.იქვე.
  4. 4.ლეკიაშვილი, ანდრო. 1972. შენ ხარ ვენახი. თბილისი: ნაკადული. გვ. 40.
  5. 5.იქვე, გვ.37.

 

ფოტო გარეკანზე: საწნახელთან შეკრებილი გურგენიძეების ოჯახი, 1935. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“.

ავტორი :

გიორგი მამარდაშვილი - ანთროპოლოგიის დოქტორი