სამი ძმის „ოთხი ნანა“
ვინც ქართული ხალხური სიმღერით დაინტერესებულა და მისი შესწავლა დაუწყია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას უმღერია გურული „ოთხი ნანა“. ასე ვიყავი მეც. მახსოვს, ბავშვობაში ანსამბლ „მართვეს“ ლოტბარმა ვალერი ქუტიძემ გვასწავლა სიმღერა, რომლის ტექსტიც გვიამბობდა სამ ძმაზე: ლადიკო, აქვსენტი და მანასე სალუქვაძეებზე, რომლებმაც დაკარგეს ხარები: ქამუშა და ალმასა.
დიდი ხნის განმავლობაში ეს სამი ძმა გამოგონილი პერსონაჟები მეგონა. ვფიქრობდი, რომ მათ გასაჭირზე გამოითქვა ლექსი, შემდეგ კი ეს ტექსტი გამოიყენეს სიმღერაში „ოთხი ნანა“. თურმე საქმე ასე მარტივადაც არ ყოფილა. პირველად, 2009 წლის, ანჩისხატის გუნდის სოლო კონცერტზე ნათქვამი „ჩვენ მშვიდობა“ მოვისმინე, რომელიც სხვა ვარიანტებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. მისმა მელოდიურმა მოუსვენრობამ თავიდანვე სასიამოვნო, ღიმილისმომგვრელი გაოცება გამოიწვია. სიმღერის წარდგენისას გუნდმა აღნიშნა, რომ ეს იყო ძმების – ლადიკო, აქვსენტი და მანასე სალუქვაძეების – ვარიანტი. მიკვირდა, როდესაც ცნობილი „ოთხი ნანას“ (რომელიც მელოდიური სირთულით არ გამოირჩევა) შემდეგ ძმების „ჩვენ მშვიდობას“ ასეთ გამორჩეულ ვარიანტს ვუსმენდი. დავინტერესდი მისი პირველადი აუდიოჩანაწერით და დავუკავშირდი ანჩისხატის გუნდის წევრ ლევან ვეშაპიძეს, რომელმაც მითხრა, რომ ძმებ სალუქვაძეების მიერ შესრულებული სიმღერები ცვილის ლილვაკების ჩანაწერების[1] გამოცემებში იყო შესული. გავხსენი შალვა მშველიძის 1931 წლის ექსპედიციის დისკი და აღწერაში დამხვდა „ბახველი ძმების“ მიერ შესრულებული სიმღერების მთელი წყება:[2] „ოთხი ნანა“, „ჩვენ მშვიდობა“, „მადლობელი“, „მრავალჟამიერი“, „მასპინძელსა მხიარულსა“, „ახალი შვიდკაცა“, „მწვანესა და უქუდოსა“ და „პატარა საყვარელო“. ყველა მათგანს აერთიანებს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ხელწერა, რომელიც ქმნის ვარიანტულობას. ძმების ვარიანტები საოცრად მრავალფეროვანია, სამივე ხმა მუდმივად მოძრაობს, არ ტოვებს სივრცეს მელოდიური ფიგურაციის გარეშე , რაც ერთგვარ ბეწვის ხიდზე სვლას ჰგავს, თუმცა ამ ჩახვეულ ვარიანტებს ძმები სალუქვაძეები იდეალურად ახერხებენ. ამ ყველაფრის დასტურად გთავაზობთ მათ მიერ ნამღერ „ჩვენ მშვიდობას“:
ჩაწერილია შალვა მშველიძის მიერ. 1931 წელი.
ძმები: ლადიკო (1892-1963), მანასე (1894-1964), აქვსენტი (1897-1970) და ამბროსი[3] (უფროსი ძმა) სალუქვაძეები დაიბადნენ სოფელ ფამფალეთში, ბესარიონ სალუქვაძისა და ფილიმონ ინწკირველის[4] ოჯახში.[5] ბესარიონის გარდაცვალების შემდეგ ოთხი შვილი დედამ, ფილიმონ ინწკირველმა, გაზარდა. ძმები განთქმული ხის ოსტატები იყვნენ, აშენებდნენ სახლებს და დურგლობით ირჩენდნენ თავს. თუმცა სოფლის მეურნეობასაც მისდევდნენ. მათ სოფელში სიმინდისთვის გამოუსადეგარი მიწა იყო, ამიტომ ძმებს, მთელი სოფლის მოსახლეობის მსგავსად, საყანე მიწები ჰქონდათ ლეკიანში, მდინარე ნატანებისა და შავი ზღვის შესართავთან.
მარცხნიდან მარჯვნივ: აქვსენტი, მანასე და ლადიკო სალუქვაძეები
ერთ დღეს სოფელში გავრცელდა ამბავი, რომ ლეკიანში წვიმამ ნალიები დააზიანა. ძმებმა უღელში შეაბეს თავიანთი ხარები, ქამუშა და ალმასა, და ლეკიანისკენ გაეშურნენ. უკანა გზაზე ნაცნობებმა მიიპატიჟეს, ძმებმა უარი ვერ თქვეს. პატრონების მოლოდინში სიმინდით დატვირთულმა ქამუშამ და ალმასამ კი გზა განაგრძეს, დაიბნენ და მოსავლით დატვირთული ურემზე შებმული ხარები მდინარემ ზღვისკენ გარიყა. დაბრუნებულ ძმებს მხოლოდ მდინარისკენ მიმავალი ურმის კვალიღა დახვდათ. რაღას იზამდნენ, უკანა გზაზე ეს ამბავი ლექსად გამოთქვეს და „ოთხი ნანას“ ჰანგს მოარგეს.
ვარიანტის პოპულარობის გამო, ბევრს „ოთხი ნანა“ ძმებ სალუქვაძეების შექმნილი ჰგონია. სინამდვილეში, ამ სიმღერას სულ სხვა ისტორია აქვს. ცნობილი მომღერალი სიმონ მეგრელიშვილი წერს, რომ სიმღერის ძველი ტექსტი შემდეგნაირად ითქმოდა:
„უთხრათ ერთი ოთხი ნანა,
გურულების ოთხი ნანა,
გურულების ოთხი ნანა,
აჭარლების ჩარირამა.“[6]
სიმღერის ტექსტი ბევრჯერ შეიცვალა. თუმცა პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ძმებმა სალუქვაძეებმა მოარგეს ლექსი, რომელიც ლეკიანში მათი ხარების დაკარგვას ეხება (იხ. შალვა მშველიძის მიერ 1931 წელს ჩაწერილ „ოთხი ნანა“, ასრულებენ ძმები: ლადიკო, აქვსენტი და მანასე).
ჩაწერილია შალვა მშველიძის მიერ. 1931 წელი.
1918 წელს ძმები ირიცხებოდნენ გურია-აჭარის სახალხო არმიაში, თურქეთთან შეტაკების დროს კი მანასე სალუქვაძე ფერდში დაიჭრა.
ძმები სალუქვაძეები გადაღებული არიან სიკო დოლიძის ფილმ „დარიკოს“ (1936) ეპიზოდურ და მასობრივ სცენებში; ისინი ასევე მონაწილეობდნენ 1949 წელს თბილისში გამართულ მხატვრული თვითშემოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადაში.
ფამფალეთიდან იყო ცნობილი მომღერალი ბესარიონ ინწკირველი, რომელმაც სიმღერა ისწავლა გურული სიმღერის დიდად მცოდნე, თავად სამუელ მაქსიმელიშვილისა და გურული სიმღერა-გალობის იშვიათი ოსტატის, თავად დათა გუგუნავასგან. ბესარიონი იყო გურული სიმღერის ბულბულად წოდებული სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის წევრიც.
სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: ლადიკო სალუქვაძე, უცნობი დგანან: აქვსენტი და მანასე სალუქვაძეები სანდრო ნათაძის არქივიდან
გადმოცემით ვიცით, რომ ძმები სალუქვაძეების მუსიკალურ განვითარებაში დიდი წვლილი სწორედ ბესარიონ ინწკირველმა შეიტანა. თუმცა, ჩემი აზრით, მათი მღერა, ვარიანტულობა და მუსიკალური აზროვნება არავის ნამღერს არ ჰგავს, მათ შორის, არც ბესარიონ ინწკირველისას, რომლის მრავალი ჩანაწერიც მოგვეპოვება. სალუქვაძეების სტილს გამოარჩევს ინდივიდუალურობა, ის ყველასგან განსხვავებულია. ამის თქმის საშუალებას მაძლევს შალვა მშველიძის მიერ სალუქვაძეებისგან ჩაწერილი სხვა სიმღერებიც.
საარქივო მასალებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ძმები სალუქვაძეები ჩაუწერია სულ რამდენიმე ექსპედიციას:
1) 1931 წლის შალვა მშველიძის ექსპედიცია, რომლის დროსაც მშველიძემ ჩაიწერა 8 სიმღერა (ჩამონათვალი იხილეთ სტატიის დასაწყისში).
2) 1933 წლის გრიგოლ ჩხიკვაძის ექსპედიცია, რომლის ფარგლებშიც ჩაწერილია ძმების მიერ შესრულებული „ჩვენ მშვიდობა“ და „ხასანბეგურა“.[7]
3) გრიგოლ კოკელაძის ექსპედიცია, რომლის ჩატარების წელიც უცნობია. ამ ექსპედიციის მონაპოვარია „ოთხი ნანა“ [8] და „მწვანესა და უქუდოსა“.[9]
სამწუხაროა, რომ ძმებ სალუქვაძეების ბევრი ისტორია არ შემოგვრჩა, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ძიებისას არაერთ ახალ და უცნობ მასალას გადავაწყდები.
დაბოლოს, დახმარებისა და მოწოდებული ინფორმაციისთვის მადლობას ვუხდი ძმებ სალუქვაძეების შთამომავლებს: მალხაზ უთურაშვილს, გულნაზ მუჯირს, მარინა ორაგველიძესა და მზია მამალაძეს.
[1] 2006, 2007 და 2008 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრდა იმ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტში, მუზეუმსა თუ არქივში დაცული ცვილის ლილვაკები „ხმები წარსულიდან“. ქართული ხალხური მუსიკა ფონოგრაფის ცვილის ლილვაკებიდან. თბილისი. 2006. CD 4.
[2] ძმები სალუქვაძეები იყვნენ სოფელ ფამფალეთიდან, თუმცა იმხანად სოფელი ადმინისტრაციულად სოფელ ბახვს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, ამის გამო იხსენიებენ მათ „ბახველ ძმებად“.
[3] მანასე სალუქვაძის შვილიშვილ გულნაზი მუჯირის გადმოცემით, ამბროსი არ მღეროდა, თუმცა ცნობილი თამადა ყოფილა.
[4] მიუხედავად იმისა, რომ ფილიმონი მამაკაცის სახელია, გადავამოწმე შთამომავლებთან და დამიდასტურეს, რომ სალუქვაძეების დედას ნადმვილად ერქვა ფილიმონი.
[5] „ბახველი ძმების, ლადიკო, მანასე და აქვსენტი სალუქვაძეების მიერ შექმნილი სიმღერის „ოთხი ნანას“ ისტორია“. (წყარო: მანასე სალუქვაძის შთამომავლის მალხაზ უთურაშვილის ხელნაწერი.)
[6] გაზეთი „კომუნიზმის განთიადი“, N85, თბილისი, 1972 წლის 18 ივლისი, გვ. 4.
[7] იხ. Folkcatalog.ge – ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივის ფონოდოკუმენტების განყოფილებში მაგნიტური ფირების აღწერის პირველი წიგნი.
[8] კოკელაძე, გრიგოლ. (1984). ასი ქართული ხალხური სიმღერა. თბილისი: ხელოვნება. გვ. 264.
[9] ნიმუშების ჩამონათვალი მოცემულია კატალოგში, თამარ მამალაძის არქივში, რომელიც ინახება ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში - თ. მ. 40-6.