საერდაქციო წერილი #6

ძვირფასო მკითხველო,

 

„ქართული ფოლკლორის“ წინამდებარე ნომერი გთავაზობთ საინტერესო მოგზაურობას დროში და წარმოგიდგენთ კოლონიალიზმის, იმპერიალიზმის, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და ტრანსფორმაციის გზასაყარზე მომხდარ პერიპეტიებს მრავალფეროვანი მუსიკალური, სოციალური და ისტორიული ლანდშაფტისა და კონტექსტის ფონზე. 

ჟურნალის სტატიები ეხმიანება დღემდე აქტუალურ საკითხებს და ასახავს  კოლონიზაციისა და იმპერიალიზმის პროცესებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია კულტურული იდენტობების, ტრადიციებისა და პრაქტიკის ფორმირება, რეფორმირება და ზოგჯერ, ახალი რეალობების შესაბამისად, მათი ტრანსფორმირებაც კი.

კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის გავლენების კვალი მკაფიოდ ჩანს მსოფლიო მუსიკაში. ამის თვალსაჩინო ნიმუშია ალან მაკდონალდის სტატია შოტლანდიური გუდასტვირის შესახებ. სტატია ასახავს ამ საკულტო საკრავის ევოლუციას ეროვნული სიმტკიცისა და სიამაყის გალური სიმბოლოდან ბრიტანული იმპერიალიზმის ემბლემამდე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ დაუოკებელი და დაუსრულებელი რუსული იმპერიალისტური ამბიციებისგან განსხვავებით, ბრიტანეთმა უარი თქვა კოლონიურ მისწრაფებებზე და დაუშვა ისეთი კულტურული სიმბოლოების ტრანსფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, გუდასტვირი. საკრავის კულტურული სახეცვლილება, მათ შორის, მისი გარდაქმნა ეროვნულ და სამხედრო სიმბოლოდ,  ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, კულტურული სიმბოლოებით მანიპულირება კოლონიური გავლენების შედეგად, მეორე მხრივ კი, მათი განვითარება და სრულყოფა იმ საზოგადოებებში, რომლებიც ცხოვრების წესად ჰუმანურ და დემოკრატიულ ღირებულებებს ირჩევენ.

ამავე თემის გაგრძელებაა ის სტატიებიც, რომლებშიც  საბჭოთა საქართველოს ისტორიული გამოცდილება, კერძოდ,  პოლიტიკური იდეოლოგიების მიერ კულტურული თვითგამოხატვის კონტროლისა და შეცვლის პოლიტიკაა განხილული. ბორის კომახიძის სტატია საბჭოთა პროპაგანდის კონტექსტში პირველი მაისის დღესასწაულის არსსა და შინაარსს აღწერს და გვიამბობს, როგორ იყენებდა მაშინდელი ხელისუფლება ამგვარ მოვლენებს საკუთარი დღის წესრიგის განსამტკიცებლად.

ანა ლოლაშვილის წერილი ეხება ქართული ხალხური საკრავების ორკესტრს, რომელიც საბჭოთა კოლექტივიზაციის პერიოდში ხალხური ტრადიციების (მაშინდელი სოციალურ- პოლიტიკური მიზნების შესაბამისად) ტრანსფორმაციის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს ეთერ ინწკირველის სტატია, რომელიც საბჭოთა საშობაო ტრადიციებს ეძღვნება. მასში აღწერილია, როგორ გადაამუშავა და აქცია მანიპულაციის იარაღად შობის ოდესღაც რეპრესირებული სიმბოლოები მაშინდელმა რეჟიმმა. სტატიაში ჩანს, როგორი მასშტაბი შეიძლება მიიღოს ხალხური ტრადიციების მოთვინიერებამ იდეოლოგიური მიზნებისათვის. ავტორი აღწერს, რა გზა გაიარა საბჭოთა ხელისუფლების პირობებში საშობაო ტრადიციებმა, კერძოდ, ნაძვის ხემ და თოვლის ბაბუამ, აკრძალვიდან (რელიგიური პრაქტიკის აღმოსაფხვრელად იმხანად ფართოდ გაშლილი ანტიპროპაგანდის კვალდაკვალ)  მათ ტრანსფორმაციამდე.

ჟურნალის ამ ნომერში გაეცნობით აგრეთვე თუში ავტორ-შემსრულებლის, ლელა თათარაიძის, არაორდინარულ ცხოვრებას, რომლის შემოქმედებაც, ისტორიული რყევების მიუხედავად, მძლავრ კულტურულ კავშირებს ასახავს. რომა კალანდაძის ინტერვიუ თუშური სიმღერის ლეგენდარულ წარმომადგენელთან წარმოაჩენს ოჯახის, მემკვიდრეობისა და პირადი გამოცდილებისა თუ მეხსიერების მნიშვნელოვან როლს ტრადიციების დაცვასა და განვითარებაში.

ამავე ნომერში ვუბრუნდებით ქართულ გალობას და საბჭოთა პერიოდში მის ბედზე გიამბობთ. დავით შუღლიაშვილი მოგვითხრობს დროზე, როდესაც რელიგიური შინაარსის ტოტალური ჩახშობის ეპოქაში გამოჩნდნენ მუსიკოსები და პრაქტიკოსები, რომელთაც დიდი შრომა გასწიეს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და ასაღორძინებლად. სტატია ნათელს ჰფენს, როგორ გადაურჩა გაქრობას ქართული სამგალობლო ტრადიცია ამ რთულ პერიოდში.

ბაია ასიეშვილის წერილი ქართული ქორეოგრაფიის გარიჟრაჟის პერიოდს ასახავს და ქართული ქორეოლოგიის ფუძემდებელს, ალექსი ალექსიძეს ეძღვნება. სტატია გვაცნობს ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის პროფესიულ გზას საქართველოსთვის რთული – პრე- და პოსტრევოლუციური ეპოქების მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნების ფონზე.

ჟურნალის ამ ნომერში ასევე გაეცნობით პირველი ხმოვანი ჩანაწერების ერთ კონკრეტულ ეპიზოდს. სანდრო ნათაძე გვიზიარებს ერთ-ერთი ასეთი პირველი ჩანაწერის ფოტოისტორიას, რომლის გმირებიც არიან ფოტოზე აღბეჭდილი გიგო ერქომაიშვილის ანსამბლის წევრები. სტატია კიდევ ერთხელ გვახსენებს ბრიტანული კომპანია „გრამოფონის“ ფასდაუდებელ როლს ჩვენი ქვეყნის მუსიკალური მემკვიდრეობის გადარჩენაში.

დაბოლოს, თეონა რუხაძის სტატიაში განხილულია, როგორ აქცია საბჭოთა პოლიტიკამ ქართული ხალხური მუსიკა საბჭოთა იდეალების გავრცელების ინსტრუმენტად. ავტორი მოგვითხრობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამოყვარულო ანსამბლების შექმნისა და მასშტაბური ფოლკლორული ღონისძიებების შესახებ. სტატია ასახავს ამ ცვლილებების გავლენას ქართულ კულტურულ იდენტობაზე და პოლიტიკური ზეწოლის პირობებში ავთენტიკური ხალხური ტრადიციების შენარჩუნების გამოწვევებსაც ეხმიანება.

ამგვარად, ჟურნალის ახალი ნომრის მასალები მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს იმ გზებსა თუ მეთოდებზე, რომელთა მეშვეობითაც კოლონიალური, იმპერიალისტური და, ზოგადად, სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგია თუ ფორმაცია ცვლიდა, ამახინჯებდა, ზოგჯერ კი ინარჩუნებდა ამა თუ იმ კულტურის საუკუნოვან ტრადიციებს. ეს სტატიები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კულტურა არასოდეს არის სტატიკური და მუდმივად იცვლება, მას ამოძრავებს გარე ფაქტორები და იმ ადამიანთა შეუპოვრობა, ვინც იცის მისი ფასი და დაუღალავად იღვწის მის დასაცავად.

ვიმედოვნებთ, ჟურნალის ეს ნომერი დააინტერესებს ჩვენს მკითხველს, რამდენადაც მისი თემატიკა ასახავს დიალოგს წარსულსა და აწმყოს, ტრადიციასა და ცვლილებას, დაუმორჩილებლობასა (წინააღმდეგობასა) და დანებებას (ტრანსფორმაციას) შორის.

 

ავტორი :

რედაქტორთა ჯგუფი -