საბჭოთა ნაძვის ხე და თოვლის ბაბუა – ბავშვების სიხარული თუ მანიპულირების საშუალება
1926 წელს ჟურნალ „ახალ სოფელში“ გამოქვეყნდა მეტად უცნაური ბედის ლექსი „ტყეებს ნუ სჩეხავ“, რომელსაც ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. [1]
ტყეებს ნუ სჩეხავ, ძმობილო, მთა გატიტვლდება, ბრალია!
ია და ვარდი დაზრება, ფესვებს მოუთხრის ქარია.
ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია,
თორემ ჩამორეცხს ავდარი, კლდე-ღა დარჩება სალია.
მთის ცივი წყარო დაშრება, ყანას მოგიჭამს კალია;
ვეღარს იშოვი ხე-ტყესა, გამოგეთხრება თვალია,
დაგღუპავს, დაგანიავებს ძლიერი ზენა ქარია.
ტყეს გაუფრთხილდი, ძმობილო, ტყე მუდამ შენი ფარია,
მას ნუ ექცევი მტრულადა, მოყვრულათ მოიხმარია,
შვილების ცოდოს ნუ იდებ, გამოახილე თვალია.[2]
დღესდღეობით ის სასკოლო სახელმძღვანელოებში ხალხური პოეზიის რუბრიკაშია განთავსებული და ბავშვები მას, როგორც ხალხურ ლექსს, ისე სწავლობენ. მეტიც, კარგა ხანია, სასკოლო სისტემაში ეკოლოგიის საკითხზე განხორციელებული პროექტების დიდი ნაწილი მიმდინარეობს სათაურით და/ან ლოზუნგით „ტყეებს ნუ კაფავ!“ ან „ტყე შეუნახე შვილებსა!“. ხშირად ლექსი ვაჟა-ფშაველას მიეწერება და მასზე რევაზ ლაღიძის მიერ შექმნილი სიმღერის ტექსტის ავტორადაც ვაჟა-ფშაველაა დასახელებული.
თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ლექსის ავტორი მეტყევე ვასო აფციაურია თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ხოპისიდან. მის შესახებ ის ვიცით, რომ ბავშვობა სოფ. ნამტვრიანში გაუტარებია მწყემსობაში; შემდეგ თონეთის სკოლაში წაუყვანია ვაჟა-ფშაველას, წერა-კითხვაც უსწავლებია და პოეზიაც შეუყვარებია მისთვის. მეორედ ეს ლექსი კვლავ ავტორის გვარით დაიბეჭდა 1927 წელს საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემულ კრებულში „ტყის დღე“. შემდეგ, როგორც ჩანს, ზეპირად ვრცელდებოდა ხალხში, ხოლო ამ ზეპირი გადაცემისას ლექსმა ავტორი დაკარგა და ანონიმური გახდა. ვ. აფციაურს არაერთი ლექსი აქვს დაწერილი ტყის თემატიკაზე, მაგრამ სხვა ნიმუშებისგან განსხვავებით, „ტყეებს ნუ სჩეხავ“ მალევე გახდა პოპულარული, გაუჩნდა ხალხური ვარიანტები, რომელთაც ფოლკლორისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დროს იწერდნენ.
ამ ლექსის სახით იშვიათ ფოლკლორულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რადგან შეგვიძლია, თვალი გავადევნოთ ტექსტის გახალხურების პროცესს, რითაც ყოველთვის არ ვართ განებივრებული ფოლკლორისტები. კერძოდ: ა) დადასტურებულად ვიცით ლექსის ავტორი; ბ) დროთა განმავლობაში ლექსი გახალხურდა – ვარიანტები შეიძინა; გ) ფოლკლორიზაციის პროცესში დაიკარგა ინდივიდუალური ავტორ-მთქმელის ვინაობა, ტექსტი ანონიმური გახდა; დ) ლექსი ზუსტად მოერგო საბჭოთა პროპაგანდას და იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რომელში ჩართულიც აღმოჩნდა საქართველო 1921 წლიდან.
1920-იანი წლები ის პერიოდია, როცა ახლად შექმნილი მრავალეროვანი და მულტიკულტურული საბჭოთა კავშირი ახალი სამყაროული წესრიგის შექმნას იწყებს. ახალი რეალობა არ მოიაზრებს მასში შემავალი ერების ტრადიციულ სოციალურ სტრუქტურასთან, ყოფასა და კულტურასთან თანაარსებობას და ებრძვის ყველაფერს, რაც ძველ დროსთან არის დაკავშირებული; და რაკი რელიგია ტრადიციული ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო, ბოლშევიკების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ რელიგიური დღესასწაულები, საკულტო არტეფაქტები და სასულიერო პირები გახდა.
1922 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო მხარს უჭერდა ანტისამღვდელო ახალგაზრდულ მსვლელობებს. ამ ხმაურიან ანტირელიგიურ ცერემონიებზე კომკავშირელები არ კმაყოფილდებოდნენ სასულიერო პირების შეურაცხყოფით და ხალხს მოუწოდებდნენ, „მღვდლების შობა“ „კომკავშირული შობით“ შეცვლილიყო, 7 იანვარი კი „ღმერთების დამხობის დღედ“ გამოცხადებულიყო. ხალხი, რომელიც ერთ დროს აღტაცებული შეხვდა მეფის დამხობას და თავადაზნაურთა შევიწროებას, იმედგაცრუებული დარჩა ტრადიციული რწმენის დაკნინებით და გარკვეულ წინააღმდეგობას უწევდა რადიკალურ ათეისტებს. 1923 წლიდან დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს რუსული პროპაგანდისტული ჟურნალის „უღმერთო ჩარხთან“ (Безбожник у станка) პერიოდული გამოცემა. ჟურნალის რედაქცია მიზნად დაისახავს, რომ ნებისმიერი რელიგიური მიკუთვნებულობა გონებრივ და მენტალურ ჩამორჩენილობად გამოაცხადოს, დასცინოს და აბუჩად აიგდოს არა მხოლოდ სასულიერო პირები და რელიგიური დღესასწაულები, არამედ ქრისტე, მუჰამედი, იაჰვე და მათთან ერთად – ხალხური მითო-რიტუალური სისტემის ღვთაებებიც. საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტი მალევე მიხვდა, რომ ხალხურ რწმენასა და ტრადიციებთან ბრძოლა მექანიკურად კი არა, მთელი სერიოზულობით და სისტემურად უნდა წარემართა, რათა ბოლშევიზმს ქვეყნის ყველა კუთხესა და კუნჭულში შეეღწია. 1924 წლის ნოემბერში საქართველოში იწყება გაზეთ „მუშის“ ორკვირეული იუმორისტული დამატების გამოცემა ჟურნალ „ტარტაროზის“ სახით, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთში მიმდინარე ანტირელიგიური პროპაგანდის თარგმანს წარმოადგენდა. ამას მალე მოჰყვა 1925 წელს მოსკოვში „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ (მუკი) და 1928 წელს მისი „ფილიალის“ დაარსება თბილისში.
1924 წლიდან საშობაო ნაძვის ხე, როგორც ბურჟუაზიასთან დაკავშირებული „რელიგიური გადმონაშთი“, რეპრესირებულთა სიაში მოხვდა და მასთან ერთად აიკრძალა თოვლის ბაბუაც (Дед Мороз), როგორც რუსული ხალხური დემონოლოგიური პერსონაჟის – მოროზკოს – ტრანსფორმირებული და გაკეთილშობილებული სახე. მოხალისე კომკავშირელებს კარდაკარ სიარული დაევალათ, რათა შეემოწმებინათ, ხომ არ ედგა ვინმეს საშობაო ნაძვის ხე. ნაძვის დადგმა აიკრძალა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. რუსი კომუნისტების მოგონებებიდან ვიგებთ, რომ პედაგოგებს საშობაოდ ბავშვებთან სტუმრობა და შემოწმება, შემდეგ კი მშობლების სახელმწიფო სტრუქტურაში დაბეზღება დაევალათ.
1924 წლიდან იმდროინდელი საბავშვო ჟურნალების ნოემბერ-დეკემბრის გამოცემებში საშობაო ნაძვის ხის მავნებლობის პროპაგანდა ბავშვებისთვის შეიფუთება ნაძვების მოჭრის სისასტიკით. პერიოდულად გაისმება საშობაო ნაძვის ძველ, დრომოჭმულ ტრადიციებთან კავშირიც, როგორც ეს იოსებ გრიშაშვილის საახალწლო ლექსშია:
მართალია, ამ ოთახში
მწვანე ნაძვი არ ანათებს –
ეს მიტომ, რომ ჩვენ არ მივდევთ
ძველ წესებს და ძველ ადათებს.[3]
საშობაო ნაძვთან ბრძოლის მთავარ არგუმენტად საბჭოთა ხელისუფლებამ ეკოლოგია დაასახელა. ყოველგვარი საკრალური საზრისისგან დაცლილ ხეს ოდენ სამომხმარებლო – სამშენებლო და ინდუსტრიული – დანიშნულება განესაზღვრა. ტყის საკრალიზაციის საკითხი მისი ეკოლოგიური მნიშვნელობით გადაიფარა და დაიწყო მიზანმიმართული ბრძოლა ხეების მოჭრისა და ტყეების განადგურების წინააღმდეგ. ამიტომაც მოერგო ზემოთ ხსენებული ლექსი „ტყეებს ნუ სჩეხავ“ ასე ორგანულად საბჭოთა პროპაგანდას და ამავე მიზეზით გავრცელდა.
საბჭოთა კავშირის ანტირელიგიურ პროპაგანდაში ნაძვის ხის აკრძალვა კულმინაციას როცა მიაღწევს (1928-1929), მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატი სწორედ მსგავს ლექსებს შეაშველებს ხელისუფლებას და მუკს, რათა საკულტო საგანი ყოველგვარი საკრალური მნიშვნელობისგან დაიცალოს ადამიანების ცნობიერებაში და მას მხოლოდ ვიწრო, უტილიტარული მნიშვნელობა შერჩეს. იმავდროულად, ისევ და ისევ პროპაგანდისტული მიზნებით მეტად მოსახერხებელი იყო, რომ ხალხის წიაღიდან გამოსული პოეტის ლექსი მოსწყვეტოდა თავის შემქმნელს და ინდივიდუალურ შემოქმედებად კი არა, კოლექტიური წარმომავლობის ხალხურ ნაწარმოებად გასაღებულიყო, რომელიც გამოხატავდა არა ერთი რიგითი მოკვდავის, არამედ „ხალხის ხმას“.
მოგვიანებით, 1935 წლის მიწურულს, საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, იგრძნო სახალხო დღესასწაულების აუცილებლობა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით – ბავშვებისთვის, და რეპრესირებული ნაძვის ხის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ოღონდ ამჯერად არა საშობაო, არამედ, როგორც საახალწლო დღესასწაულის მთავარი ატრიბუტის. ერთი სიტყვით, 1936 წლის პირველ იანვარს მთელი საბჭოეთი მორთულ-მოკაზმული ნაძვებით შეხვდა. ამ მოვლენას წინ უძღოდა უკრაინელი ბოლშევიკის, პაველ პასტიშევის წერილი გაზეთ „პრავდას“ 1935 წლის 28 დეკემბრის ნომერში. წერილის ავტორი თანამოქალაქეებს ბავშვებისთვის საახალწლოდ ნაძვის ხის გამართვას სთავაზობდა. წერილის დისკურსი დაფუძნებულია იმ განსხვავების გამოკვეთაზე, რაც იმპერიის პერიოდის ნაძვს (როცა მისი დადგმის შესაძლებლობა მხოლოდ ბურჟუაზიის შვილებს ჰქონდათ, ხოლო მუშა-გლეხების შვილები შორიდან შეჰყურებდნენ მათ) და პროლეტარიატის კოლექტიურ ნაძვის ხეს შორის არსებობს, როცა უკლებლივ ყველა ბავშვს შეეძლო გაეხარა ნაძვის ხით. ავტორი მოუწოდებს პიონერთა ხელმძღვანელებს და კომკავშირელებს, რომ საახალწლოდ ყველა სკოლასა და ბაღში, პიონერთა სასახლეებსა და საბავშვო კინოთეატრებში აუცილებლად დადგან „საბჭოთა ნაძვის ხე“.
საკავშირო მასშტაბით გაჩაღებულ ნაძვის ხეების ჭრის პროცესში ეკოლოგია ყველას დაავიწყდა. ნაძვის ხეები იდგმებოდა არა მხოლოდ საბავშვო და ახალგაზრდულ ცენტრებში, არამედ იქაც კი, სადაც მას უკანასკნელი წლების განმავლობაში სასტიკად დასცინოდნენ და დევნიდნენ, მიიჩნევდნენ „განუვითარებლობად“ და „ჭკუასუსტობად“. ერთი სიტყვით, ნაძვის ხე მიიღეს კომპარტიაში და მასთან ერთად – მთავარი საახალწლო პერსონაჟი თოვლის ბაბუაც. რუსულ მოროზკოს იმდენი ტრანსფორმირებული სახე გაუჩნდა, რამდენი რესპუბლიკაც შედიოდა იმ დროისთვის საბჭოთა კავშირში. ასე მაგალითად, ქართველ თოვლის ბაბუას თეთრი ჩოხა-ახალუხი ჩააცვეს, თეთრი ნაბადი მოხვიეს და ხურჯინი გადაჰკიდეს. სრულიად განსხვავდებოდნენ მისგან სომხური ან უზბეკური თოვლის ბაბუები, რომლებიც ასევე საკუთარ ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. ყველა ერი ვალდებული იყო, გაეზიარებინა რუსულ ფოლკლორზე დაფუძნებული სეკულარული თოვლის ბაბუას იდეა, მისი ნაციონალიზაციის კანონიერი „უფლებით“, რათა უფრო ახლობელი გამხდარიყო ის ხალხისთვის.
ასე, სტალინმა ჯერ წაართვა და შემდეგ დაუბრუნა საბჭოთა ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხე და სიკეთით სავსე, ყველასთვის საყვარელი და სანატრელი თოვლის ბაბუა. გაზეთ „კომუნისტის“ 1936 წლის 3 იანვრის ნომერში ვ. მაცაბერიძის რეპორტაჟით კი ვიგებთ, რომ საახალწლო ნაძვის ხე თბილისელ მოსწავლეებსაც უზეიმიათ უკვე 1935 წლის 31 დეკემბრის საღამოს, სადაც სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ამხანაგ სტალინს „ბედნიერი და სასიხარულო ცხოვრებისთვის“, „ბავშვების საუკეთესო მეგობარს“ – პაველ პასტიშევს და ბოლშევიკების წინამძღოლს – ლავრენტი ბერიას. გამომსვლელთა სიტყვებში კვლავაც მეორდებოდა პ. პასტიშევის ბურჟუაზიისა და საბჭოთა ნაძვის ხისადმი ოპოზიციური პათოსი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემ მიერ გამოკითხულ იქნა 2003-2005 წლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაბადებული ორასამდე სტუდენტი. აბსოლუტურად ყველასთვის ნაძვის ხე ასოცირდება ახალ წელთან და არა შობასთან. ალბათ საბჭოეთის ისტორიაში ძნელად მოიპოვება ისეთი „წარმატებული“ და დღემდე ცოცხალი სახალხო პროექტი, როგორიც იყო საახალწლო ნაძვის ხე. ნაძვი ორჯერ გახდა საბჭოთა ხელისუფლების მანიპულირების ობიექტი: როცა დასჭირდა, აკრძალა ანტირელიგიური მოსაზრებებით და როცა დასჭირდა, დააბრუნა სახალხო ზეიმისა და სანახაობის არსებობის მოტივით.
1936 წლის იანვრის ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული იყო ნაძვის ხეების ფოტოებით და იქვე იოსებ სტალინის ომახიანი მოწოდებით: „ამხანაგებო, ცხოვრება გახდა უკეთესი, ცხოვრება გახდა უფრო მხიარული!“. ჰქონდა თუ არა განწყობა, ყველა იძულებული იყო, გაემეორებინა საბჭოური მეტანარატივი, აჰყოლოდა ეპოქის ხმას. ალბათ, ცოტა რამ თუ აჩვენებს ისე ნათლად ბოლშევიკების დამოკიდებულებას ადამიანებისა და საგნებისადმი, ადამიანური გრძნობებით თამაშს, როგორც ეს ორმაგი მანიპულირება ნაძვის ხით. ამ ორმაგობით თუ ბედის ირონიით 1936 წელს „ბავშვების საუკეთესო მეგობრად“ აღიარებული პაველ პოსტიშევი 1937 წლის სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი აქტორი გახდა, ხოლო 1939 წელს სტალინის ერთგული თანამოაზრე პოსტიშევი იაპონიის ჯაშუშობისა და ტროცკისტობის ბრალდებით დახვრიტეს.
ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა ტყის სიყვარულით შთაგონებული ხალხური მთქმელი ვასო აფციაური, რომ ნებით თუ უნებურად საბჭოური პროპაგანდის გავლენას განიცდიდა, როცა ამ ულამაზეს ლექსს წერდა. იმ პერიოდში პირადი სივრცის ეკოლოგიურობა გაცილებით რთული ამოცანა იყო, ვიდრე ტყის ეკოლოგიაზე ზრუნვა.
ვასო აფციაური ალბათ ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ დროთა განმავლობაში მისი ლექსი დაკარგავდა ავტორს და 100 წლის შემდეგ სასკოლო სახელმძღვანელოების ფოლკლორის რუბრიკაში განთავსდებოდა, როგორც ანონიმური ხალხური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუში.
[1] წერილის ვრცელი, სამეცნიერო ვერსია იხ. ინწკირველი, ეთერ. ხის კულტის სეკულარიზაციის საკითხი საბჭოეთის გამოცდილებაში. „ფილოლოგიური ძიებანი“, VIII/2024. გორი, გვ. 268-283.
http://www.sciencejournals.ge/index.php/NJ/article/view/552/495
[2] აფციაური, ვასო. ტყეებს ნუ სჩეხავ. ჟურნ. „ახალი სოფელი“, №4/მარტი, გვ. 16. სასოფლო-საგლეხო ყოველთვიური ჟურნალი. ტფილისი.
[3] გრიშაშვილი, იოსებ. უნაძვოდ. ჟურნ. „ნაკადული“, №11-12/1925, გვ. 2.