როგორი იყო პირველი მრავალხმიანი სიმღერა?
წინასიტყვაობა
ყველაფერი დაიწყო 2016 წელს, როდესაც მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, რუსუდან წურწუმიამ საჩუქრად გადმომცა სოსო ჟორდანიას ქართულ ენაზე ახლად თარგმნილი წიგნი „ხალხური მრავალხმიანობის გენეზისი ადამიანის ევოლუციის შუქზე“. მისი შრომებისა და ორიგინალური ხედვისადმი ინტერესი დიდია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეც საჩუქრის მიღებისთანავე შევუდექი ამ ნაშრომის კითხვას.
წიგნში საუბარია ხალხური მრავალხმიანობის წარმოშობის შესაძლო მიზეზების, მისი შემდგომი დახვეწისა და განვითარების გზების შესახებ, აგრეთვე იმ პირობებისა და პროცესების თაობაზე, რომლებმაც მრავალხმიანობის არაერთი კერის გაქრობა გამოიწვია.
თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მესამე თავი, რომელშიც განხილულია უძველესი მრავალხმიანობის ნიმუშისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ბუნებრივია, უაღრესად საინტერესოა იმის ცოდნა, თუ როგორ ჟღერდა უძველესი მრავალხმიანი სიმღერა.
სოსო ჟორდანიას მოჰყავს 17 კრიტერიუმი, რომლებიც დამახასიათებელი იყო პირველადი მრავალხმიანობის ნიმუშისთვის. დავიწყე კრიტერიუმების კითხვა და თავიდანვე მძლია ჩემმა წინასწარგანწყობამ, შესაბამისად, სუბიექტურობამ და დავიწყე მათი მორგება გურულ-ქობულეთურ-იმერულ ნადურ სიმღერებზე.
რატომ სუბიექტურობამ?
მე, როგორც ხალხური სიმღერის პრაქტიკოს შემსრულებელს, გურულ-ქობულეთურ-იმერული ყანური („ყანური“ კოლექტიური შრომის, ე.წ. „ნადური“ სასიმღერო რეპერტუარის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც სიმინდის თოხნის დროს ითქმოდა) სიმღერების მიმართ, მიზეზთა გამო, განსაკუთრებული ინტერესი მაქვს. ნადური სიმღერა ზემოჩამოთვლილ რეგიონებში ოთხხმიანია (იშვიათად, სამხმიანიც) და ორ გუნდად სრულდება.
ვაგრძელებდი ამ 17 კრიტერიუმის კითხვას და ყოველი მომდევნო კრიტერიუმი კიდევ უფრო ესადაგებოდა ნადურ (წინამდებარე სტატიაში მხოლოდ გურულ-ქობულეთურ-იმერული ყანური სიმღერები იგულისხმება) სიმღერებს. მოგვიანებით თავად ავტორს, ბატონ სოსოს, მივწერე და მესამე თავთან დაკავშირებით ვკითხე, შემორჩა თუ არა დღესდღეობით ისეთი სიმღერა, რომელიც ამ 17 კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად გვაახლოებს უძველეს მრავალხმიანობასთან. ბატონი სოსოს პასუხმა არ დააყოვნა. მისი თქმით, ჩვიდმეტს არა, მაგრამ რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს სვანური საფერხულო სიმღერები და პიგმეების მუსიკალური ფოლკლორი. პასუხად ამოვწერე აღნიშნული კრიტერიუმები და დავურთე ჩემივე კომენტარები იმის თაობაზე, თუ როგორ ესადაგებოდა, ჩემი აზრით, ეს კრიტერიუმები ნადურ სიმღერებს. ბატონი სოსო გაეცნო ჩემს მოსაზრებებს და მირჩია, ამ თემაზე სადოქტორო კვლევა ჩამეტარებინა (შეთავაზებაზე, მიზეზთა გამო, უარის თქმა მომიწია).
თუმცა წინამდებარე ჟურნალის ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ დაწვრილებით გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები, რატომ მიმაჩნია ნადური სიმღერა უძველესი მრავალხმიანობის ნიმუშად.
ამაში დამეხმარება ბატონი სოსოს მიერ მოყვანილი 17 კრიტერიუმი, რომელთაც დავურთე ჩემი კომენტარები ყანური სიმღერის შესახებ.
კითხვას, თუ რატომ მხოლოდ ეს 17 კრიტერიუმი, თავად წიგნის ავტორი სცემს პასუხს. მან აღნიშნული კრიტერიუმები შეკრიბა გეოგრაფიულად იზოლირებული მრავალხმიანობის სხვადასხვა კერიდან, სადაც ყველაზე მეტია უძველესი ნიმუშის ან ამა თუ იმ მახასიათებლის შემონახვის ალბათობა.
უძველესი მრავალხმიანობის მახასიათებლები/კრიტერიუმები:
1. „კაცობრიობის უძველესი სასიმღერო ტრადიცია, როგორც ჩანს, აგებული იყო ანტიფონური და რესპონსორული სიმღერების პრინციპებზე. სოლისტისა და ჯგუფის, ანდა ორი ჯგუფის მიერ მღერა კაცობრიობის მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი უძლიერესი უნივერსალიაა. მას ვხვდებით არა მარტო მრავალხმიან, არამედ ერთხმიან კულტურებშიც. შესაბამისად, მონაცვლეობით სიმღერა ძალიან მოსალოდნელია, რომ ყოფილიყო აფრიკიდან გამოსული ჩვენი წინაპრების სასიმღერო ტრადიციის ერთ-ერთი მახასიათებელი“.
– ნადური სიმღერა ანტიფონურია და სრულდება ორი ჯგუფის/გუნდის მონაწილეობით, რითაც ამ კრიტერიუმს ერთმნიშვნელოვნად სცემს პასუხს.
2. „მოსალოდნელია, რომ სიმღერაში მონაწილეობდა ჯგუფის ყველა წევრი. რაც უფრო არქაულია სასიმღერო მრავალხმიანი ტრადიცია, მით უფრო აშკარაა, რომ იქ არ ხდებოდა დამსწრე საზოგადოების დაყოფა „შემსრულებლებსა“ და „მსმენელებზე“. მსმენელთა ჯგუფის გამოყოფა კაცობრიობის ისტორიაში გაცილებით უფრო გვიანდელი მოვლენაა. სასიმღერო ტრადიციისა და ჟანრების დაყოფა ქალებისა და კაცების სიმღერებად და, მით უმეტეს, მკაცრი რეგლამენტის დაწესება, ასევე გვიანდელი უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ამას სიტუაცია მოითხოვდა, შესაძლოა, ზოგიერთ სიტუაციაში კაცებს (ან ქალებს) ცალკეც ემღერათ. ეს, შესაძლოა, მომხდარიყო, მაგალითად, მაშინ, როცა კაცების ჯგუფი ნანადირევთან მყოფ ლომებს შეუტევდა ნანადირევის წასართმევად“.
– ნადში ნადურის მღერის დროს აბსოლუტურად ყველა წევრი ჩართული იყო სიმღერაში. მიზეზი მარტივია – ნადურს მღეროდნენ იმისთვის, რომ ორჯერ მეტი ენერგიით ემუშავათ. სიმღერის დატვირთვა ამ შემთხვევაში ძალიან პრაქტიკული მიზეზებით იყო განპირობებული. ეთნომუსიკოლოგ ვლადიმერ ახობაძეს ნადური სიმღერის უხუცესი შემსრულებელი ჰასან როყვა ინტერვიუში ეუბნება: „თუ სიმღერა (ნადური – ს.ნ.) არ იქნებოდა, ყანას არ იმუშავებდა კაცი, ყანის მათრახი, როგორც ცხენს მათრახი უნდა, იყო სიმღერა“. შესაბამისად, ამ შედეგის მისაღწევად ნადში ჩართული ყველა წევრი მღეროდა. ხმების გაორმაგების ფუფუნება იყო მხოლოდ შემხმობარებსა და ბანებში.
ქობულეთი. ქამილ ტაკიძის გუნდი. ივეტ გრიმოს ექსპედიცია – 1967წ.
3. „რიტმი ძალიან მკვეთრად უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული. ზუსტად განსაზღვრული მეტრო-რიტმი უნივერსალურია მსოფლიოს მრავალხმიან ტრადიციათა უდიდეს ნაწილში. რიტმის შეგრძნება კიდევ უფრო ღრმად ზის ადამიანის ტვინში, ვიდრე მელოდიის სიმაღლებრივი განსაზღვრა“.
– ნადური სიმღერის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მკვეთრად ჩამოყალიბებული რიტმია, რომელიც განსაზღვრულ მომენტებში იცვლება. მკვეთრად განსაზღვრული რიტმისთვის კი პასუხისმგებელია მეორე, იგივე შუა ხმა, ანუ „მთქმელი“.
4. „სიმღერა აუცილებლად იქნებოდა დაკავშირებული ცეკვასთან, ანუ სხეულის რიტმულ მოძრაობასთან. რიტმისთვის სხეულის მოძრაობის აყოლება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენია ადამიანის ფსიქოლოგიაში. დღესაც კი, როცა ისმენენ რიტმულ მუსიკას, ადამიანების დიდი ნაწილი გაცნობიერების გარეშე იწყებს რიტმისთვის სხეულის მოძრაობის აყოლებას“.
– ნადური არ სრულდებოდა სტატიკურად, მისი შესრულების ბუნებრივი გარემო იყო ყანა, მიწასთან მუშაობა, რომელიც თავისთავად მოითხოვს თოხის მეშვეობით სხეულის მოძრაობის აყოლას სიმღერის რიტმზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ცეკვა, როგორც ხელოვნების (დღევანდელი გაგებით) ერთ-ერთი ჟანრი და გამომსახველობითი ფორმა, სხეულის რიტმულ მოძრაობას გულისხმობს, რომელსაც კონკრეტული, პრაქტიკული დანიშნულება/ფუნქცია ენიჭება.
5. „ხელებისა და ფეხების მიერ გამოცემული ხმების გამოყენება რიტმის ასაყოლებლად ასევე აშკარად იქნებოდა წარმოდგენილი ჩვენი წინაპრების მუსიკალურ ტრადიციებში. ტაშის ცემა და ფეხების დარტყმა მიწაზე ალბათ ფართოდ გამოიყენებოდა, მოსალოდნელია, რომ მეტი ეფექტისთვის სასროლად მომზადებული ქვების ერთმანეთზე დარტყმაც გამოეყენებინათ, რაც საკრავიერი მუსიკის პირველ ელემენტად შეიძლება ჩაითვალოს“.
– ნადური სიმღერის დროს თოხის მიერ გამოცემულ ხმას ქართული ხალხური მუსიკის მკვლევარი და თავად პრაქტიკოსი შემსრულებელი ავქსენტი მეგრელიძე (1877-1953), რომელიც სიცოცხლეშივე მოესწრო ნადური სიმღერის ყანაში შესრულებას, წერილში „ნადური სიმღერები“, შემდეგნაირად ახასიათებს: „60-70 კაცის თოხის რაკარუკი ისე მშვენივრად, რითმულად ეთანხმებოდა სიმღერას (ნადურს), რომ გეგონებოდა, დოლი უკრავს და დოლის თანხლებით მიდის სიმღერაო“. აქედან გამომდინარე, ეს კრიტერიუმიც შეგვიძლია, დავუშვათ ნადურ სიმღერასთან მიმართებით.
6. „სასიმღერო შესრულების სტილი, როგორც ჩანს, იქნებოდა უაღრესად ხმამაღალი. გეოგრაფიულ იზოლანტებში ყველაზე უფრო კარგად შემორჩენილი მრავალხმიანი სასიმღერო ტრადიციები, როგორც წესი, უაღრესად ხმამაღლა იმღერება“.
– ნადური სიმღერა თავისი ბუნებით ხმამაღალი სიმღერაა. ეთნოფორები, რომლებიც ნადურ სიმღერებს მოესწრნენ, აღნიშნავენ, რომ ნადური სიმღერა ხმამაღლა სრულდებოდა და კულმინაციას აღწევდა ბოლო მუხლებში.
7. „პირველადი მუსიკის მეტრი, ალბათ, იქნებოდა ორწილადი, ანუ 2/4 ან 4/4. ორწილადი მეტრი გაბატონებულია უმეტეს რეგიონებში. პირველმა აფრიკელმა ფოლკლორისტმა ჯორჯ ბლანტამ აფრიკული მუსიკის შესახებ ისიც კი თქვა, რომ აფრიკული მუსიკა ყოველთვის ეყრდნობოდა ორწილად მეტრს. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პიგმეების მუსიკალურ ტრადიციებში მიღებულია ოთხთვლიანი მეტრი, სადაც თითოეული თვლა შედგება სამი სწრაფი თვლისაგან. შესაბამისად, 4/4-ის მაგივრად ვიღებთ 12/8-ს. ეს მეტრი განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი ჯაზის მუსიკოსებს შორის „სვინგის“ სახელწოდებით. ისიც მოსალოდნელია, რომ უძველესი მუსიკალური ტრადიციისათვის დამახასიათებელი ყოფილიყო 2 და 3 თვლების დაპირისპირებაზე აგებული რთული რიტმული სინკოპები და პოლირიტმია, რაც ძალიან ხშირია აფრიკაში“.
– ნადურის დასაწყისში თავისუფალი ზომაა. მიუხედავად ამისა, ძირითადი ნაწილი არის 2/4-სა და 4/4-ზე. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება 3/4-ზე. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნადურის ძირითადი ნაწილი სწორედ 2/4-სა და 4/4-ზეა აგებული.
8. „შესრულების ტემპი მოსალოდნელია, რომ თანდათან ჩქარდებოდა. ესეც ძალიან ფართოდ არის დამახასიათებელი ტრადიციული მომღერლებისათვის, რომლებიც სიმღერა-ცეკვის შესრულებისას, როგორც წესი, ტემპს უმატებენ ხოლმე. ეს მოვლენა არამარტო ტრადიციული მუსიკოსებისთვის არის დამახასიათებელი. კლასიკური მუსიკის მასწავლებლებმაც კარგად იციან, რომ სტუდენტების დიდი ნაწილი შესრულებისას ტემპს თანდათან უმატებს. სწორედ ამიტომაა უფრო ადვილი, სხვა ადამიანს ააყოლო რიტმი, ვიდრე მეტრონომს – როცა მეტრონომს აყოლებ რიტმს, გარკვეული დროის შემდეგ გვეჩვენება, რომ მეტრონომი ნელდება!..“
– ზოგადად, ტემპის ზრდა (თანდათან აჩქარება) და დინამიკის გაძლიერება, ფაქტობრივად, უნივერსალურია. ნადურის ტემპი ცვალებადია, იწყება ნელა და ეტაპობრივად ჩქარდება.
9. „გარდა ტემპისა, საფიქრებელია, რომ უძველესი სიმღერის ტონალობაც თანდათან მაღლა-მაღლა მიიწევდა. კარგადაა ცნობილი, რომ ტონალობის მაღლა აწევა იწვევს მუსიკის ემოციური ძალის ზრდას. ესეც ფართოდ არის დამახასიათებელი ტრადიციული შემსრულებლებისათვის. მკითხველს შევახსენებ ქართველ ეთნომუსიკოლოგებს შორის კარგად ცნობილ ფაქტს, რომ სვანი და რაჭველი მომღერლები, როგორც წესი, უფრო დაბლა იწყებენ საფერხულო სიმღერებს იმისათვის, რომ ჰქონდეს სივრცე სიმღერის განმავლობაში ტონალობის მაღლა აწევისათვის. თანამედროვე პოპულარულ სიმღერებშიც ტონალობის მაღლა აწევა ლამის უკვე შაბლონად იქცა“.
– ნადური ტონალობის თვალსაზრისითაც ცვალებადია; იწყება დაბლიდან და ამაღლებისკენაა მიდრეკილი. ნადურის ტონალობამ ძალიან მაღლა რომ არ აიწიოს, ამისათვის პასუხისმგებელია შემხმობარი (გაბმული ხმა), რომელიც ცდილობს ტონალობის „დაჭერას“.
10. „პირველადი სიმღერა იქნებოდა არა მარტო ჯგუფური, არამედ მრავალხმიანიც, თანაც ჰარმონიაში უპირატესობა უნდა ჰქონოდა მძაფრი სეკუნდური ხმოვანების ინტერვალებს. ცნობილია, რომ დისონანსური ინტერვალები ყველაზე მეტად იქცევდნენ ყურადღებას და ყველაზე დიდ აუდიოეფექტს ახდენდნენ მსმენელზე (უკვე აღვნიშნე, რომ ავტომანქანების სიგნალებზე ხშირად ჟღერს ხოლმე დისონირებული ინტერვალები, რადგან ისინი უფრო სწრაფად იქცევენ გულმავიწყი ან დაბნეული ფეხით მოსიარულეების ყურადღებას)“.
– ეს კრიტერიუმი კარგად ჩანს ნადურ სიმღერებში, რომლებშიც გვხვდება სეკუნდური ინტერვალები.
11. „ბურდონულ მრავალხმიანობას კარგი შანსი აქვს, რომ ჩაითვალოს კაცობრიობის უძველესი მუსიკალური ტრადიციის ნაწილად. მართალია, ბურდონული არაა ფართოდ გავრცელებული აფრიკაში, მას ჩვენ მაინც ვხვდებით აფრიკის რიგ კულტურებში (მაგ., მასაებში, კრელეში, პიგმეებს შორისაც). ბურდონი, მით უმეტეს, მჭახე სეკუნდებთან შეფარდებაში, გვხვდება მსოფლიოს უამრავ იზოლირებულ რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს ბურდონის ფენომენის უაღრესად ფართო გავრცელებაზე“.
– ნადურ სიმღერაში ბურდონი გვხვდება შემხმობარის სახით, რომელსაც სიმღერაში გაბმულად, უმოძრაოდ უჭირავს ერთი ნოტი. თუმცა გვხვდება ისეთი ნადური სიმღერები, რომლებშიც შემხმობარი მოძრაობს. აქვე აღვნიშნავ, რომ ტონალობის თვალსაზრისით, შემხმობარი მიიჩნევა მაღალ ხმად. ტონალობით ის უტოლდება როგორც მეორე, ისე პირველ ხმას.
„ყუმურის ნადური“– ყუმურ-დუცხუნის გუნდი. ხელმძღვანელი გივი ჭაფოძე, ედიშერ გარაყანიძის ექსპედიცია, რეჟისორი – დიმიტრი გუგუნავა. 1988წ.
12. „ბურდონზე კიდევ უფრო ფართოდ არის გავრცელებული ოსტინატური მრავალხმიანობა. ოსტინატო, ანუ ერთი და იმავე ფრაზის მრავალგზის გამეორება, თვით მუსიკის ბუნებაა. ასე რომ, გავრცელების თვალსაზრისით, ოსტინატოს პირველობა არ უნდა გაგვიკვირდეს. ბურდონი და ოსტინატო ხშირად თანაარსებობენ და რიტმული ბურდონი და ოსტინატო შეიძლება ზოგჯერ ისე ადვილად გადავიდნენ ერთმანეთში, რომ მათი ზუსტი გამოცალკევებაც კი გაჭირდეს“.
– ნადურ სიმღერებში ვხვდებით ოსტინატური მრავალხმიანობის ეპიზოდებს, განსაკუთრებით – დამასრულებელ მუხლებში.
13. „ადრეულ სასიმღერო ტრადიციაში ბანის ფუნქცია (როგორც დაბალი ხმისა), ალბათ ჯერჯერობით არ იქნებოდა ცალკე გამოკვეთილი. ასეა დღესაც აფრიკის მრავალხმიან ტრადიციებში, სადაც ბურდონი და ოსტინატო ხშირად ფაქტურის შუაში იმყოფება. ასეა აგრეთვე უძველესი ფენის ბულგარულ, ლატვიურ, ტიბეტურ, ვიეტნამურ, ნურისტანულ მრავალხმიან სიმღერებში. ბანის ფაქტურის შუაში მოთავსება ქართულ სიმღერებში გვხვდება გურულ-აჭარულ ნადურებში, კერძოდ, ნადურის საწყის, სამხმიან მონაკვეთში, სადაც გაბმული ბანი (შემხმობარი) ფაქტურის შუაში იმყოფება“.
– აქ თავად ბატონი სოსო აღნიშნავს ბანის ფუნქციას გურულ-აჭარულ ნადურებში. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უბანო, ანუ სამხმიანი, ნადური სიმღერები გვხვდება მაღალმთიან გურიაში, სურებში, ვან-ზომლეთში, ყუმურში (იმერეთია, თუმცა სურების ნადურის იდენტურია).
14. „იოდლი (ჩვენებურად, კრიმანჭული), ასევე შეიძლება, უძველესი სასიმღერო ტრადიციის შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო. მართალია, იოდლი უამრავ ქვეყანაში არ გვხვდება, მაგრამ ის მაინც ფართოდ არის გავრცელებული და, რაც მთავარია, გვხვდება ბევრ გეოგრაფიულად იზოლირებულ რეგიონში (აფრიკა, ევროპა, წყნარი ოკეანის კუნძულებზე)“.
– იოდლი (ჩვენებურად, კრიმანჭული, გამყივანი) ყველა ნადურ სიმღერაში მონაწილე ხმაა. შესაბამისად, ეს კრიტერიუმიც ცალსახად ესადაგება ნადურ სიმღერას.
15. „სიმღერაში სიტყვიერი ტექსტი ან ძალიან ცოტა იქნებოდა, ან საერთოდ არ იქნებოდა გამოყენებული. არ დაგვავიწყდეს, საუბარია ისეთ ისტორიულ შორეულ პერიოდზე, როცა ჯერ დანაწევრებული მეტყველება საერთოდ არ იყო ჩამოყალიბებული. შესაბამისად, სიტყვების მაგივრად, ალბათ, გამოყენებული იქნებოდა მანტრას მსგავსი გამეორებადი მელოდიურ-რიტმული ფორმულები. გამეორებადი ფორმულა ძლიერი მექანიზმია ადამიანის ტვინის შეცვლილ მდგომარეობაში გადასაყვანად. უტექსტო სიმღერებს (ანუ გლოსოლალიებზე აგებულ სიმღერებს) უამრავ კულტურაში ვხვდებით, მით უმეტეს, კულტურის უფრო არქაულ ფენებში. პიგმეების სიმღერებში საერთოდ არ არის სიტყვიერი ტექსტი“.
– ნადურ სიმღერებში ტექსტის მნიშვნელობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ნადურში ტექსტი მხოლოდ დასაწყისში გამოიყენება და უმეტეს შემთხვევაში – ისიც მთქმელის (შუა ხმის/დამწყების) მიერ. ძირითადად, ნადური სიმღერა აგებულია მნიშვნელობადაკარგულ სამღერისებზე.
16. „კარგი შანსია იმისა, რომ ასეთი უძველესი სასიმღერო ტრადიცია აგებული ყოფილიყო უნახევარტონო, ანჰემიტონურ პენტატონიკურ კილოში“.
– ნახევარი ტონი არ იყო და ვერც იქნებოდა ნადური სიმღერისთვის დამახასიათებელი. ამასვე მეტყველებს ყველა ის თეორია, რომლებიც ქართული ხალხური სიმღერის კილოურ წყობას ეხება. ამ თეორიების მიხედვით, ქართული მუსიკის კილოური წყობისთვის დამახასიათებელია მთელი ტონისკენ უფრო მეტი მიხრილობა.
17. „დაბოლოს, შესრულების პროცესში მონაწილეები შედიოდნენ ტრანსში, სადაც ჯგუფის ყველა წევრი კარგავდა ინდივიდუალობას და იქცეოდა უფრო დიდი ერთეულის, ჯგუფის, ნაწილად. ტრანსში შესვლა და ჯგუფური ინტერესების წინ წამოწევა იყო მთელი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ქმედების საბოლოო მიზანი“.
– ნადურის დამამთავრებელი მუხლი, პრაქტიკულად, ტრანსში შესვლაა, რამდენადაც ყველა ხმა, ფაქტობრივად, ერთ სამღერისს იყენებს მღერის დროს და ტონალობა კულმინაციას აღწევს. სწორედ ამ დროს იკარგება ინდივიდუალობა და მომღერალთა ჯგუფი იქცევა ერთ მთლიანობად.
დასკვნის სახით, ს. ჟორდანია 17 კრიტერიუმის განხილვას ასე აჯამებს:
„შესაბამისად, ეს იყო ხმამაღალი სიმღერა, იგი სრულდებოდა დიდი ჯგუფის ყველა წევრის მიერ და აგებული იყო ანტიფონურ მონაცვლეობაზე. რიტმი ძალიან აშკარად იყო გამოკვეთილი როგორც მელოდიასა და ჰარმონიაში, ისე შემსრულებლების მიერ ტაშის ცემით, ფეხების მიწაზე დარტყმით და ქვების ერთმანეთზე დარტყმით. ზოგადი ხმოვანება იყო მრავალხმიანი, სადაც მჭახე სეკუნდური ინტერვალები თამაშობდა წამყვან როლს; შესრულების ტემპი, ისევე როგორც ტონალური ცენტრი, თანდათან ზევით მიიწევდა და უფრო და უფრო დინამიური და ემოციური ხდებოდა; სიტყვიერი ტექსტის მაგივრად გამოიყენებოდა მანტრას მსგავსი მაგიური სიტყვები, რომელთა გამეორება ეხმარებოდა მონაწილეებს ტრანსში შესვლაში. მრავალხმიანი ფაქტურის საფუძველი იყო ოსტინატო და ბურდონი. სიმღერას თან ახლდა ცეკვა, რომელიც, შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელებულიყო. ამ უძველესი შესრულების საერთო მიზანი იყო მონაწილეების კოლექტიური განცდის მდგომარეობაში შეყვანა“.
– იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ზუსტად ესადაგება ზემოთ აღწერილი სურათი ნადურის საშემსრულებლო ფორმასა და, ნაწილობრივ, შინაარსს, გთავაზობთ ქობულეთურ ნადურს „ჯიქურა – თეთრი ქორი“ ანსამბლ „ადილეის“ შესრულებით:
ამგვარად, ზემოჩამოთვლილ კრიტერიუმებზე ჩემი კომენტარები ნადური სიმღერის არქაულობის შესახებ მეტყველებს. ამავე დროს, ერთი შეხედვით, ნადური სიმღერა თავისი მონუმენტურობითა და კომპლექსური აღნაგობით გვაფიქრებინებს, რომ ასე განვითარებული მუსიკალური სტრუქტურა დროში გამოცდილი მრავალხმიანი აზროვნების შედეგი უნდა იყოს. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით ნადურის თითოეულ ხმას, დავინახავთ, რომ მათ არ ახასიათებს რთული მელოდიური ხაზი და სიმღერის დახვეწილ ოთხხმიანობას სწორედ ამ „მარტივი“ ხმების ერთობლიობა ქმნის.
[1] ჟორდანია, იოსებ. (2016). ხალხური მრავალხმიანობის გენეზისი ადამიანის ევოლუციის შუქზე, ლოგოსი, გვ. 236-241.
[2] ნადი – შრომის დროს ურთიერთდახმარების ყველაზე გავრცელებული ფორმა. ნადის დროს სიმღერა მშრომელებისთვის მოტივაციისა და ენერგიის წყარო იყო. იხ. http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98
[3] თავბერიძე, ილია. (2006). გურული ნადური. ავქსენტი მეგრელიძე, თბილისი, გვ. 13-14.