რევაზ ანდღულაძე – ხელმარჯვე ოსტატი და ხელოვანი

 

რევაზ ანდღულაძე ნამდვილად უნივერსალური ადამიანია. მის ხელში ნებისმიერი  მასალა – ქვა, ხე თუ ლითონი ცოცხლდება და გამოკვეთილ ხასიათს იძენს. ოსტატის მიერ ქვასა და ხეში გამოთლილი პორტრეტები ძველი ეკლესიის ბარელიეფებს მოგაგონებთ. 

იგი 1950 წელს ადიგენის რაიონის სოფელ არალში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამა დურგალი იყო, ბაბუა – ქვის ოსტატი, ბებიას მამა ქვის, ხისა და ნალბანდის საქმესაც ეწეოდა. უბანი, სადაც  ოსტატმა ბავშვობა გაატარა, ხელოსნებით ყოფილა დასახლებული. სკოლის მოსწავლეს ერთი სული ჰქონია, გაკვეთილების შემდეგ უბანში მისულიყო და  მჭედლებსა და დურგლებს მიხმარებოდა, რადგან მათი საქმიანობა ბავშვობიდან იტაცებდა. პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენასთან ერთად, რევაზი უფროსი თაობისგან უამრავ ისტორიას ისმენდა იმის შესახებ, თუ როგორ მოგზაურობდნენ მისი კუთხის ოსტატები სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ აშენებდნენ და შრომობდნენ. ძველი მესხი ოსტატების ამბები ზედმიწევნით აქვს აღწერილი დღიურებში, რომლებიც მის პირად არქივში ინახება.

ბარელიეფი ქვაში (პორტრეტი)

სოფელ არალის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (1957-1967) რევაზ ანდღულაძემ სწავლა ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა (1968-1970) და წარჩინებით დაასრულა. პარალელურად, ოჯახის დასახმარებლად სულ მუშაობდა. 1971 წელს ჩააბარა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ეკონომიკის დაუსწრებელ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ ოსტატი ახალციხეში დაბრუნდა. 1978 წელს პედაგოგად დაიწყო მუშობა ახალციხის სასოფლო ტექნიკუმში, სადაც  სტუდენტებს საბუღალტრო საქმეს ასწავლიდა.

1977 წელს ახალციხიდან აგზავნიან მოსკოვში, კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, სადაც 2 წლის განმავლობაში პედაგოგიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. რევაზ ანდღულაძემ სტუდენტობის პერიოდში იმოგზაურა ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში, სადაც დიდი ინტერესით გაეცნო ეთნოგრაფიულ მუზეუმებს. სწორედ ამ დროს იღვიძებს  მასში ბავშვობაში დალექილი შემოქმედებითი ინტერესი და გადაწყვეტს, საფუძვლიანად შეისწავლოს მესხური დარბაზის არქიტექტურა, მესხური საყოფაცხოვრებო ნივთები, ქვის მშრალი წყობა, რომელიც იმ დროისათვის დაკარგვის პირას იყო. რევაზი ამ ყველაფრის მეცნიერულად შესწავლას იწყებს და ეუფლება ბარელიეფის ურთულეს ხელობას. მის მიერ ქვაში შესრულებული პორტრეტული ბარელიეფები თითქოს საუკუნეების წიაღიდან გიყურებენ. ეს ნამუშევრები გამოირჩევა ხასიათის მრავალფეროვანი პალიტრით, რაც პორტრეტში ყველაზე რთულად წარმოსაჩენია.  

ბარელიეფი ქვაში (ჯავახი)

2002 წელს რევაზს ეძლევა საშუალება, აღადგინოს ნასოფლარ ოხერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გალავანი, შემდეგ კი – თვით ძეგლი. როგორც თავად გვიამბობს, ასეთ დროს ძალიან რთულია ქვის სწორად მორგება. ყოფილა შემთხვევა, აშენებული დაუშლია, რადგან ქვები ჯეროვნად ვერ მორგებია ერთმანეთს. ბევრი რამ დამოკიდებულია ქვის ფერსა და ხასიათზე. ქვის სწორად შერჩევას ცოდნა სჭირდება; მნიშვნელოვანია, რომელი და როგორი გათლილი ქვა გამოდგება კუთხისთვის, რომელი – სარკმლის თავისთვის და ა.შ. წმინდა გიორგის ამ ეკლესიას როცა უყურებთ, ხვდებით, რაოდენ ფასეულია ამგვარი სტილით აგებული ტაძარი. შთაბეჭდილება ისეთი ძლიერია, რომ გგონია, დრო ჩერდება. ყოველი ქვა ერთმანეთს იმდენად ჰარმონიულად ერგება, თითქოს ქართული მრავალხმიანობის სიღრმესა და ჟღერადობას გადმოსცემს.

სოფელ ოხერას წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა

ოსტატი 2010 წელს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხელმძღვანელობდა გოდერძიშვილების დარბაზის (ვიწრო ბანიანი დარბაზი) აღდგენას. დარბაზი 1853 წელს აუშენებიათ საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში და 1972 წელს გადმოუტანიათ თბილისში, ღია ცის ქვეშ მუზეუმის ტერიტორიაზე. ძლიერ დაზიანებულ შენობას პირვანდელი სახე სრული სიზუსტით უნდა დაჰბრუნებოდა. რევაზმა თითქმის საკუთარი ხელით შეასრულა ეს რთული სამუშაო, რადგან იმ დროს აღარ იყვნენ ამ დარგის მცოდნე ხელოსნები. აღდგენის პროცესში ოსტატს ის ინსტრუმენტები გამოუყენებია, რომლებითაც თავის დროზე დარბაზი აუშენებიათ. ეს ძეგლი ქართული ეთნოგრაფიის შედევრია, რომელმაც დიდი კვლევისა და გამოცდილების შედეგად (პროექტი შვედეთის სამეფო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა) დაიბრუნა პირვანდელი სახე.

გოდერძიშვილების ვიწრო ბანიანი დარბაზი  

 დარბაზი 1853 წელს აუშენებიათ 1972 გადმოუტანიათ თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში

ამჟამად რევაზი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა და საყვარელ საქმესა და გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს; ეხმარება ბავშვებს, შეისწავლონ ისეთი ხელობები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოადგებათ; ასწავლის, როგორ დაამზადონ სასოფლო-სამეურნეო იარაღები, იცოდნენ გოდრის მოწვნა, წნელსა და  ქვაზე მუშაობა, სახლის შენება. ოსტატმა წლების განმავლობაში არაერთი შეგირდი დააყენა გზაზე და ცხოვრებაში საკუთარი ადგილი აპოვნინა.

ბარელიეფი ხეში (პორტრეტი)

რევაზ ანდღულაძე, როგორც ხელოვანი და მეცნიერი, ახალციხეში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. მან ზედმიწევნით იცის თავისი კუთხის მცირე თუ დიდი ნაგებობა, მუხლჩაუხრელად შრომობს რაბათის ციხისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა თუ კონსერვაციისათვის. მიაჩნია, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან საყვარელმა საქმემ და შრომამ მდიდარი გამოცდილება და, რაც მთავარია, საინტერესო ადამიანები შესძინა. ამჟამად ახალციხის მერიაში ძეგლთა დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს.

რევაზი კორპუსის  ტიპის სახლში ცხოვრობს. ეზოში, ავტოფარეხის ტერიტორიაზე, მოწყობილი აქვს სახელოსნო, საიდანაც ქვაზე მუშაობის დროს მისი სამუშაო იარაღების ხმა ისმის. სახელოსნოში შესვლისას უცებ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ საქმეში ჩაფლული ოსტატი. თაროებზე დაინახავთ უამრავ ნამუშევარს, ზოგი ხისგან და ზოგიც უბრალო რიყის ქვისგან არის დამზადებული. ქვების შერჩევაზეც ძალზე საინტერესოდ საუბრობს და გვიხსნის, რომ საჭირო ქვის პოვნა არც ისე იოლია. მისი დაკვირვებული თვალი რიყის ქვებს საგულდაგულოდ არჩევს და მათზე პორტრეტებს კვეთს. ეს ნამუშევრები რომ პირველად ვნახე, საოცარი სითბო ვიგრძენი. როგორც ჩანს, მარტო ჩემზე არ მოუხდენია „გაცოცხლებულ“ ქვებს ასეთი შთაბეჭდილება. მისი ნამუშევრების სანახავად ახალციხეში ბევრი უცხოელი ჩადის. ყოველი მათგანი სწორედ იმავეს აღნიშნავს, რაც მე განვიცადე – ოსტატის თითოეული ნახელავი თბილი, ღრმა და მშობლიურია.

რევაზ ანდღულაძე მუშაობის პროცესში

ავტორი :

გოჩა ბალავიძე - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი