ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების საიდუმლო (I ნაწილი)

ქართული საეკლესიო გალობის ისტორია ბევრ ძვირფას ამბავს ინახავს, მათ შორის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანსა და საინტერესოს – ფილიმონ ქორიძის[1] მიერ საგალობლების ნოტებზე გადაღების საიდუმლოს. სიტყვა „საიდუმლო“ აქ არც შემთხვევით და არც შეცდომით არ მიხსენებია. ერთი შეხედვით, მუსიკის ნოტებზე ჩაწერაში საიდუმლო არაფერია, მაგრამ საკითხს თუ ღრმად შევისწავლით, აუცილებლად გაგვიჩნდება მრავალი თავსატეხი.

ფილიმონ ქორიძე

ფილიმონმა საგალობლების ნოტებზე გადაღება მელქისედეკ ნაკაშიძისა[2] და ნესტორ კონტრიძისაგან[3]1882 წელს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა და თან სდევდა გალობის ნოტებზე გადაღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება.

1878 წელს ფოლკლორისტმა პეტრე უმიკაშვილმა გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

„მცოდნე კაცების მოწვევა საჭიროა არა მარტო ამ გარემოების გამო, რომ ნოტების წერა საზოგადოთ ძნელია; სხვა გარემოებაც მოითხოვს. ვისაც მუზიკისა და გალობისათვის ყური მიუჩვევია, ის ადვილად განარჩევს ევროპულს მუზიკას, გალობას, ჩვენის – ქართულისაგან. ნოტების ანბანი ევროპულის ხმებისა და მუზიკისათვის არის შემოღებული. ქართულ საკრავში, გალობაში ანუ სიმღერაში კი ისეთი ხმებია, რომლისათვისაც ევროპული ნოტები არ არის. სწორედ ამგვარად, როგორც ქართული ასო „ყ“ და „ჭ“ არც ერთს ევროპულს ანბანში არ არის. ამ ცალკე ასოებს გარდა ხმების შეწყობა-შეთანხმებასაც განსხვავებული კანონი აქვს ქართულსა ევროპულისაგან“.[4]

პეტრე უმიკაშვილი.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“

პეტრე უმიკაშვილის ამ წერილს მოჰყვა მკვლევრისა და პუბლიცისტის, ნიკოლოზ მთვარელიშვილის, კრიტიკული წერილი[5], რასაც პეტრემ კიდევ უფრო საინტერესო პასუხი გასცა:

„ჩემს აზრს ასხვაფერებს, ვითომც მე მეთქვას, რომ ევროპიული ნოტები ჩვენთვის არ გამოდგებოდეს. ამაზე ვრცელ, გაზვიადებულ და გაჭიანურებულ ლაპარაკს შესდგომია და ვითომ ამტკიცებს, ევროპიული ნოტებით უნდა დაიწეროსო. მე რომ ვთქვი, ნოტების ანბანი ევროპიულის ხმებისთვის არის დაწერილი მეთქი, ამით ის კი არ მინდოდა მეთქვა, რომ ქართულისთვის არ გამოდგება. არა, მე ისა ვთქვი, რომ ევროპიულ ნოტებში არ არის ისეთი ნიშნები, ასოები, რომელიც გამომხატველი იყოს ზოგიერთის ქართულის ტონებისა. ევროპიული ნოტები გამოდგება და უნდა ის ვიხმაროთ, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგი ტონები ქართულის გალობისა თუ სიმღერისა ნამდვილათ არ იქნება დარჩენილი ამ ნოტებში. ევროპიული ხალხები სხვა ტონებს არ ხმარობენ ნაკლებ ნახევარ ტონებისა: მხოლოდ იქაურ მთის ხალხების სიმღერაში ისმის მეოთხედის ტონები. თუ სიმღერით არ ისწავლის ვინმე, ნოტებით ვერ წაიკითხავს იმ სიმღერასა, რადგან არ არის მეოთხედი ტონის აღმნიშვნელი ნოტები. ჩვენს ქართულ გალობაში და სიმღერაში ყველგან გავრცელებულია მეოთხედი ტონები“.[6]

ამ ორი წერილიდან ირკვევა, რომ პეტრე უმიკაშვილი ღრმად იცნობდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის კილოთა თავისებურებებს, საგალობლების ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე ჩაწერასაც დასაშვებად მიიჩნევდა, თუმცა წინასწარ აცნობიერებდა მოსალოდნელ შედეგებს.

ქართული საეკლესიო გალობის უდიდესი მოამაგე, წმინდა ექვთიმე აღმსარებელი საინტერესოდ და ემოციურად გადმოგვცემს გალობის ნოტებზე გადაღების ისტორიას. იგი გვაწვდის უმნიშვნელოვანეს ცნობებს. თუმცა ზოგიერთი ფაქტის დაზუსტება სხვა წყაროების მოშველიებით შეიძლება, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელიცაა.

ექვთიმე გვიყვება იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებული ფილიმონ ქორიძისა და მელქისედეკ ნაკაშიძის შეხვედრის ამბავს და დაწვრილებით აღწერს მათ დიალოგს:

„მელქისედეკმა ჰკითხა: ამბობენ, რომ ქართული გალობა ნოტებზე ვერ გადავა, ვერ დაიწერებაო, მაგრამ მე ვფიქრობ, თუ კი რუსულად არის და სხვა ტომთა ენებზე გადაღებული და დაწერილი, რატომ ქართულადაც არ უნდა შეიძლებოდეს? ფილიმონმა უთხრა, როგორ არა! ქართული სიმღერა და გალობა კარგად შეიძლება, რომ ნოტებზე გადავიღოთ და დავსწეროთო. მაშინვე კიდევაც უჩვენა ფილიმონმა ქართული სიმღერები ნოტებზე დაწერილი, უმღერა და დაარწმუნა, რომ ნოტებზე ყველა ნაირი ხმა და სიტყვები დაიწერებაო. მაშინ მელქისედეკმა განაგრძო: გურიის დიდი მგალობლები: ანტონ, გიორგი, დავით დუმბაძეები და სხვები, რომელთაგან მისწავლია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ეროვნული დიდება და ცოდნა ნოტებზე იქმნეს დაწერილიო, რადგან დროის განმავლობაში ემჩნევა, რომ სრული ქართული გალობის მოსწავლენი მცირდება და ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი მცოდნე მგალობლებიც დაიხოცებიან და გალობაც დაეკარგება ჩვენს მომავალ თაობასო.

მაშინ ფილიმონმა უთხრა: მართლაც, რომ დიდად საჭირო არის ჩვენი ეროვნული სიმღერა და გალობა ნოტებზე დაიწეროს, ამიტომ მე ჩემის მხრიდგან ძალიან ვეცდები, რომ ეს საკეთილო საქმე ფეხზე დავაყენოთო. მას დროსვე მოილაპარაკეს, თუ როგორ მოიქცნენ ამ საქმის შესახებ. ფილიმონმა უთხრა: შენ შენის გუნდით მოდით აქვე, აგერ დასაკრავი ფორტოპიანო, თქვენ იგალობეთ, მე დაუკრავ და დავსწერო. დანიშნულ დროს მოიყვანა მელქისედეკმა თავისი თანაშემწე მგალობლები; ფილიმონმა უთხრა მელქისედეკს: დაიწყეთ გალობა, რომელიც უნდა დავსწეროთ, ჯერ რამდენჯერმე სთქვით, რომ ვისმინო და დაუკრაო; მელქისედეკმა და მისმა ანხანაგებმა დაიწყეს ჭრელი საგალობელი: „განმანათლებელი ჩვენი“. ფილიმონმა უყურა-უყურა და მერე სთქვა: ჯერ-ჯერობით კრიმანჭულებს ნუ დავსწერთ, სანამ გაუჩვეველი ვართ და როცა გავეჩვევით, მაშინ კრიმანჭულებიც შეიძლება და ქაჯურიც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯერ წირვის წესის საგალობლები დავსწეროთ პატარ-პატარა და როცა რომ დავასრულებთ წირვის წესს, მაშინ ვიგალობოთ კიდეც და ამითი დაუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ შესაძლებელ არის ქართული გალობის ნოტებზე დაწერა-გადაღება და გალობა. ეს რჩევა მოსაწონი გახდა, და დაიწყეს წირვის წესის გადაღება 1884 წ. [1883 უნდა იყოს – ი.ჯ.]. სწერდნენ თავისუფალ დროებში და როცა დაასრულეს ერთი წირვის – წესი, მაშინ ფილიმონმა სთქვა: ახლა მე ეს ჩემ ხოროს უნდა ვაგალობებიო, რომელთა არ იციან ქართული გალობა, თუმცა ჩემ ხოროში რუსებიც არიან მომღერლები და ერთად რუსებთან რო ვიგალობებთ, მაშინ საზოგადოება უფრო დარწმუნდება, რომ რუსებმაც კი იგალობეს ნოტების საშვალებით ქართული გალობაო.

ამ რიგად გააწყო ფილიმონმა ახლად დაწერილი გალობა; ჯერ აგალობა აქ თბილისში, ყველასათვის სასიამოვნო და გასაკვირველი გახდა და ფილიმონმა საზოგადოებისაგან დიდი მადლობა მიიღო“.[7]

ექვთიმეს გადმოცემის გარდა, 1880-იანი წლების პრესითაც დასტურდება, რომ ფილიმონ ქორიძის გამოჩენით ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმე რეალურად დაიწყო და საზოგადოებამ მისი შრომა დადებითად შეაფასა, მაგრამ „ყველასათვის სასიამოვნო და საკვირველი“ რამდენად გულისხმობდა საქმის უნაკლოდ შესრულებას, ეს მგალობელთა და გალობის მკვლევართა შორის დღემდე განხილვისა და კამათის საგანია.

ექვთიმეს ხელნაწერში ნახსენები, თბილისში გამართული ღონისძიების შემდეგ, 1884 წლის დასაწყისში ფილიმონი ეწვია ქუთაისს და გაბრიელ ეპისკოპოსის წირვაზე თავისი გუნდი ნოტებით აგალობა. ეპისკოპოსის სურვილით წირვას ესწრებოდნენ იმ დროისათვის საუკეთესო მგალობლები, რომელთა შესახებ ექვთიმე წერს:

„ამის შემდეგ მივიდნენ ფილიმონთან გალობის მცოდნე პირები და უთხრეს: ჩვენ ყველა დარწმუნებულები შევიქენით მით, რომ თურმე ქართული გალობა-სიმღერის ნოტებზე დაწერა შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ ეს რათ გინებებიათ, რომ ზოგიერთი გალობები, მაგ., „რომელი ქერუბიმთა“, „დავითარცა მეუფისა“ და „შენ გიგალობთ“, გადაქმნილი და გადაგვარებული ხმით დაგიწერიათო, ასე რომ თავის ბუნების ხმაზე არ დაგიწერიათო? ფილიმონი შეჩერდა და სთქვა: კარგათ მოგეხსენებათ, მე ქართული ზეპირი გალობა არ მისწავლია, მე ვიცი ნოტები; ნოტებს რასაც ჩასძახებთ, იმას ამოგაძახებსთ და მე რაც მიგალობეს, ის დავსწერე და ის ვიგალობეთ და კანონიერი გალობა იყო თუ უკანონო, ის მე არ ვიცი, ეგ გადამცემლის ბრალიაო. მაშინ მისცვივდნენ მელქისედეკ ნაკაშიძეს და დიდ ბიაბრობაში ჩააგდეს, როგორ გაბედე, გალობებს თავის ბუნების ხმას უკარგავ და გარდაქმნილს და გარდაგვარებულად აწერიებო! ამით ჰკარგავ შენ გალობის ღირსებას და შენი თავის პატივსაცაო“.[8]

იმავე პერიოდში ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში კონცერტებიც გამართა. ამ ამბავს თავადი სვიმონ გუგუნავა, დიდი მგალობელ-მომღერლის, დათა გუგუნავას შვილი, გაზეთ „დროებაში“ გამოეხმაურა:

 „ბ. ქორიძემ თავისი ხორით გამართა ქ. ქუთაისში ორი კონცერტი ქართულის გალობისა და ხალხურის სიმღერებისა. მე, როგორც მოყვარული ქართულის გალობისა, ორივეზე დავესწარი და ჩემი აზრი მის შესახებ მსურს გამოვუცხადო ბეჭდვის საშუალებით ქართველთ საზოგადოებას. იგალობეს ნამდვილი კილოთი, შეუცვლელათ: 1. „მოვედით თაყვანი ვსცეთ“, 2. „წმინდაო ღმერთო“, 3. „ღირს არს ჭეშმარიტად“, 4. „უფალო შეგვიწყალენ“ და 5. „ისპოლა“, ხოლო დანარჩენი „რომელი ქერუბინთა“ იგალობეს მერვე ხმაზედ, „შენდამი იხარებს“ კილოზედ, მაგრამ არ გამოვიდა კარგად. ეგრეთვე „განმანათლებელი“ და „შენ გიგალობთ“ არ გამოდიოდა მართალის კილოებით, რადგან მუხლები და უსულები გააგრძელეს. ხოლო, რაიცა შეეხება სახალხო სიმღერებს: „ხასანბეგური“, „ხელხვავი“ და „დელიავდა“ გვარიანად იმღერეს და დანარჩენები კი გასწორებას საჭიროებენ... ქორიძისათვის, რომელი გალობაც კი შეუმცდარის და მართალის კილოთი უჩვენებიათ, სრულებით შეუმცდარათ და უნაკლოდ გადაუღია და რომელიც გაფუჭებულის კილოთი უჩვენებიათ, მაგაში უნდა გავამტყუნოთ მაჩვენებელი და არა ბ. ქორიძე“.[9]

ფილიმონის გუნდის კონცერტს ჟურნალ „მწყემსის“ საშუალებით გამოეხმაურა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გალობის მასწავლებელი, დიაკონი რაჟდენ ხუნდაძეც:

„ბ. ქორიძემ მით გაგვახარა, რომ მან დაგვანახა ქართული გალობის ნოტებზე გარდაღება შესაძლებელ მოვლინებად და ჩემის მხრით მეც სრულს თანხმობას ვაცხადებ, რომ ნოტებზედ ქართულ გალობის გარდაღება შეიძლება ისე უმეტნაკლოთ. რაიცა შეეხება ბ. ქორიძის ნოტებზე გარდაღებულ გალობის ავკარგობას, ამაზე ვიტყვი შემდეგს: იგალობეს პირველად „ამინ“, „უფალო, შეგვიწყალენ“ და ამგვარი წვრილმანები, აგრეთვე „მოვედით, თაყვანის ვსცეთ“, „წმიდაო ღმერთო“, „მრწამსი“, „შენ გიგალობთ“, „ღირს არს ჭეშმარიტად“ და „განმანათლებელი“. ესენი გურული კილო იყო, მხოლოდ ამათში ეს ნაკლულევანება შევნიშნეთ, ბანი და მაღალი ბანი არ ეთანხმებოდა დაწყებას. „რომელი ქერაბიმთა“, „მეუფისა“, „ღირს არს და მართალი თაყვანის ცემა“, და „წმიდა არსი“, მართალი უნდა მოგახსენოთ, რომ პირველი გაგონება იყო ჩემი! „რომელი ქერაბიმთა“ იგალობება სამნაირად: 1) სამღვდელმთავრო ჭრელი, 2) სამღვდელო, ესე იგი, რომელსაც საზოგადოდ ხმარობენ, და 3) განმანათლებლის კილოზე, რომელსაც აქვს ხმა 2-ის. ამ უკანასკნელს ჭრელი აქვს გათავებისას საკმაოდ და მეუფისაცა ამ ხმითვე დაბოლოვდება. არცერთს მათგანს არ ემსგავსებოდა ამათი „რომელი ქერაბიმთა“. ეს იყო, ვითომ მერვე ხმაზედ გარდაკეთებული (არ ვიცი, ვისგან) „სდუმენინ ყოველი ხორცი“ – ამის შედარებით; იმეორებდნენ ერთსა და იმავე სიტყვას, რომლის მსგავსად ქართულ გალობაში არ არის ხმარებული! „ღირს არს და მართალი თაყვანის ცემა“ და „წმიდა არსი“ პირველი და მეორეც გარდაკეთებული არის. პირველი იგალობეს საცისკრო პარაკლიტონის მეექვსე ხმაზე და მეორე, მართალი უნდა მოგახსენოთ, ვერ გავარჩიე კარგათ, რომელ ხმაზედ არის გარდაკეთებული. მაშინ, როდესაც თავ-თავისი ხმები აქვს ორთავეს: პირველი იგალობება ორნაირად, ჩვეულებრივად და სამღვდელმთავრო ჭრელად. მეორე კი სამნაირად: ჩვეულებრივად, სამღვდელმთავრო ჭრელად და სძლისპირის ხმაზედ; ამ უკანასკნელ ხმას ძვირად [იშვიათად – ი.ჯ.] გალობენ ეკლესიაში. ამ მოხსენებულ ერთსა და ერთს ჩვეულებრივს ხმაზედ რომ ყოფილიყო გარდაღებული ეს გალობები, ძალიან კარგი იქმნებოდა; მაგრამ ბ. ქორიძეს ამაში სრულიად არა აქვს ბრალი; როგორი ხმაც აჩვენეს იმას, ის ხმა გარდიღო. რომ ბ. ქორიძეს ამ შრომის დროს ერთი კიდევ ვინმე, გალობაში ძალიან გავარჯიშებული პირი დაესწრო იმ მგალობელთაგან, რომელმაც ეს დააწერინა, უფრო კარგი იქმნებოდა. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბ. ქორიძეს მისი მეუღლის შემწეობით და კარგი მგალობლების დახმარებით შეუძლია უმეტნაკლოდ დასწეროს ნოტებზედ ქართული მშვენიერი გალობა“.[10]

ვფიქრობ, ეს სამი წყარო გვარწმუნებს, რომ მელქისედეკ ნაკაშიძემ ფილიმონ ქორიძეს ნოტებზე ჩააწერინა ისეთი ნიმუშებიც, რომლებიც სხვა საგალობლების ხმებზე იყო გაწყობილი. მერვე ხმაზე „რომელი ქერუბიმთას“ შესრულება მგალობლებისთვის რომ უჩვეულო და მიუღებელი იქნებოდა, ეს არაა გასაკვირი. კრიტიკის მთავარი მიზეზიც უეჭველად ეს იყო, მაგრამ საყურადღებოა, რომ გუგუნავასა და ხუნდაძის წერილებში მხოლოდ ამაზე არ არის საუბარი. სვიმონი წერს, რომ „შენდამი იხარებს“ თავის ხმაზე იგალობეს, „მაგრამ კარგად არ გამოვიდა“, რაჟდენმა კი შენიშნა, რომ „ბანი და მაღალი ბანი არ ეთანხმებოდა დაწყებას“, ე.ი. ბანი (მესამე ხმა) და მოძახილი (მეორე ხმა) არ შეესაბამებოდა მთქმელს (პირველ ხმას), რაც შესაძლოა ეხებოდეს შეცდომებს ხმათა მოძრაობაში ან ბგერათწყობის საკითხს, რის შესახებაც პეტრე უმიკაშვილმა რამდენიმე წლით ადრე გამოთქვა აზრი. საინტერესოა ისიც, რომ შემჩნეულ ნაკლოვანებებს ორივენი მხოლოდ გალობის გადამცემებს მიაწერენ, ფილიმონზე კი ამბობენ, რომ რაც უგალობეს, ის ჩაწერა.

აუცილებლად უნდა ვახსენო გალობის უდიდესი მცოდნე ანტონ დუმბაძეც, რომელმაც იმავე 1883 წელს თქვა: „აქამდის არ მჯეროდა, რომ ქართული საეკლესიო გალობის და სალხინო სიმღერების ნოტებზედ გადაღება შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ ჩემის ყურით გავიგონე და ეხლა ურწმუნოება უადგილო ჯიუტობა იქნებაო“.[11]

დავსვათ კითხვები:

ნოტების არმცოდნე მგალობლებს სანოტო პარტიტურების შემოწმება შეეძლოთ? რატომ მიიჩნიეს მგალობლებმა, რომ როგორც იგალობეს, ფილიმონმა ზუსტად ისე ჩაწერა? შესაძლებელი იყო სანოტო სისტემაზე ყველა საგალობლის კარგად და, მით უფრო, „უმეტნაკლოდ“ ჩაწერა? სანოტო სისტემა რამდენად იყო გამოსადეგი ქართული საეკლესიო გალობისათვის? შეეძლო თუ არა თავად ფილიმონს საგალობლების ნოტებზე უშეცდომოდ ჩაწერა? ნოტებით გალობისას შემსრულებლები ზუსტად იმეორებდნენ პარტიტურაში მითითებულ საგასაღებო და ალტერაციის ნიშნებს? საგალობელთა სანოტო პარტიტურების შემოწმებისას მხოლოდ ხმების მიმოხვრას ამოწმებდნენ, თუ კილოს სიზუსტესაც? პარტიტურების შემოწმებისას ყოველთვის იყენებდნენ ფორტეპიანოს (ან ფისჰარმონიას)? შემმოწმებელი ხმებს ცალ-ცალკე ამოწმებდა, თუ ორ ან სამ ხმას ერთად? საგალობელთა პარტიტურებს მხოლოდ ინსტრუმენტზე ამოწმებდნენ, მხოლოდ სიმღერით თუ შერეულად? გალობის მცოდნე პირებმა მხოლოდ ხმაშეცვლილი ნიმუშები დაიწუნეს, თუ ისინი უნებურად, გაუცნობიერებლად შეეხნენ ბგერათწყობის სხვადასხვაობის პრობლემასაც? ზუსტად რას ნიშნავს „კარგად არ გამოვიდა“ და „ბანი და მაღალი ბანი არ ეთანხმებოდა დაწყებას“?

ეს არის მცირე ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებსაც მეცნიერულად დასაბუთებული პასუხები უნდა გაეცეს, მაგრამ ამისათვის ღრმა და კომპლექსური კვლევაა საჭირო.

ზემოთ ვახსენე ტერმინი კილო, რაც ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევართა შორის ხშირად იწვევს კამათს. ეს იმის გამო ხდება, რომ მგალობელ-მომღერლები ამ სიტყვას ფართო მნიშვნელობით იყენებდნენ. ჩემი აზრით, ისინი გულისხმობდნენ ერთდროულად ყველაფერს, რასაც სასიმღერო კილო შეიძლება გულისხმობდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ტერმინის ყველაზე მრავლისმომცველ და საინტერესო გაგებას გვთავაზობს პროფესორი ივანე ჟღენტი: „ფართო გაგებით, კილო არის ბგერათა და თანხმოვანებათა ორგანიზება სივრცესა და დროში. ამ თვალსაზრისით, ისეთი ცნებები, როგორიცაა კილო და ჰარმონია იდენტურია, მათ შორის სხვაობა ფაქტობრივად იკარგება“.[12] ამ განმარტებით, ცხადია, საკითხი არ ამოიწურება, მაგრამ იმის გაგება მაინც არის შესაძლებელი, თუ რა მნიშვნელობით ვიყენებ აღნიშნულ ტერმინს.

1884 წლის 14 ივლისს ჟურნალ „მწყემსში“ დაიბეჭდა ანონიმური წერილი სახელწოდებით „ნოტებით ქართული გალობა ეკკლესიაში“, რომელშიც წერია, რომ „მ. მაჭავარიანმა ყველა დასაკრავ ინსტრუმენტებზე სინჯა თურმე ქართული გალობის ნოტებზე გადაღება, მაგრამ მან ვერ მოახერხა თურმე გალობის ნოტებზე გადაღება! ბოლოს გამოაცხადეს, რომ სხვა ნაირი დასაკრავი იარაღი უნდა გაკეთდეს სამძღვარ გარეთო; ან როიალს რამდენიმე კლავიშები უნდა მიემატოსო, თორემ ისე არ შეიძლება ქართული გალობის ნოტებზე გადაღებაო!“[13]

ეს ამონარიდი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ გამოქვეყნდა, მაგრამ კონტექსტი ჩემთვის მხოლოდ წერილის სრულად წაკითხვის შემდეგ გახდა ცხადი. ციტატა გრძელდება ასე: „ამით საქმე გაათავეს და ფულებიც მიირთვეს ამისთანა სიბრძნის გამოგონებისათვის!“[14] აღმოჩნდა, რომ წერილში გაკრიტიკებულია გალობის აღმდგენელი კომიტეტის საქმიანობა და, სავარაუდოდ, მიხეილ მაჭავარიანის მიერ გამოთქმული აზრი. ასეთი აზრი რომ მიხეილ მაჭავარიანს ნამდვილად ჰქონდა გამოთქმული, ადასტურებს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილი წერილი:

„17-ს ამ თვისას, ორშაბათს საღამოს, მე წავყევ მამა არხიმ. მაკარის ბ. ქორიძესთან, სადაც იგი იყო მიპატიჟებული ქართული საეკლესიო გალობის მოსასმენლად, რომელიც გადაღებულია ნოტებზედ ქორიძის და მის მეუღლის შრომით.

შესვლისთანავე ჩვენ მოგვესმა ნამდვილს გურულს კილოზედ საეკლესიო გალობა. ეს სასიამოვნოდ დარჩა მით უფრო, რომ გალობდნენ არა გურულები, არამედ საქართველოს ექზარხოსის ხოროს მგალობლები: ბ. ბ. კიკნაველიძე, ვინჩენკო, ბალანჩივაძე და ბერიძე. რეგენტობდა თვითონ ბ. ქორიძე. იგი აძლევდა ტონს ისე, როგორც შეეფერება ევროპიულს მუსიკას და გალობა, ნოტებზედ გადაღებული, მშვენივრად გამოდიოდა. ამ შრომით, უეჭველია, ბ. ქორიძე დაარღვევს ბ. მაჭავარიანისთანა არტისტებისგან გავრცელებულს აზრს, რომ ქართული სიმღერების ნოტებზედ გადაღება სრულიად შეუძლებელიაო და ახალი ნოტები უნდა მოვიგონოთო.

პატივცემული მაკარი აპირებს ამ მოკლე ხანში წარუდგინოს როგორც საქართველოს ექზარხოსს, ისე ჩვენს საზოგადოებას ბ. ქორიძის და მის მეუღლის შრომა და მაშინ თვით საზოგადოებას ექმნება საშუალება დააფასოს იგი.

გარდა ამისა, მამა არხიმანდრიტმა დამარწმუნა, რომ ბ. ქორიძე კისრულობს ყველა ქართულ საეკლესიო გალობის გადაღებას ნოტებზედ, თუ რომ ქართველი საზოგადოებაც დაეხმარება მას ამ მძიმე საქმეში“.[15]

სამწუხაროდ, გალობის აღმდგენელი კომიტეტის სხდომაზე მსგავსი აზრი ბოროტი განზრახვით გამოთქვა თავმჯდომარის მოადგილემ და სემინარიის რექტორმა პავლე ჩუდეცკიმაც, რითაც კრიტიკული აზრის გათვალისწინებას ძალიან შეუშალა ხელი.

აი, რას გვიყვება მწერალი გიორგი ბოკერია გალობის აღმდგენელი კომიტეტის სხდომის შესახებ:

„პირველ სხდომაზედვე რექტორმა ჩუდეცკიმ გამოსთქვა შემდეგი აბსურდი: „ქართული კილო ნოტებზე არ გადიღება, რადგანაც მას არა აქვს მართლტონალობა, და ამიტომ მისთვის არ გამოდგება არსებული ევროპიული ნიშნები; იძულებული ვიქმნებით, გამოვიგონოთ ჯერ არ არსებული ნიშნები. ეს კი იმდენი დაჯდება, რამდენიც დიდად გადააჭარბებს ქართული გალობა-მუსიკის ღირებულებას, ხოლო ღარიბ ქართველ სამღვდელოებას არა აქვს საიმისო შეძლება, რომ დახარჯოს და მას არ დააკლდეს. ანკი რად გვესაჭიროება ასეთი კაკოფონიის შექმნა იმ დროს, როდესაც ფრიად – კეთილხმოვანი დიდსლავიანური გალობა თავისი ღვთაებრივი ჰანგებით და მელოდიებით განუზომელ რუსეთის იმპერიას, დედამიწის ერთ მეექვსედს, ატკბობს, მთელ ევროპას კი ანცვიფრებს და შურის თვალით ჩვენკენ აცქერინებსო?.. მღვდელმა აუშევმა, როგორც მუსიკის კარგად მცოდნემ და ქართული გალობის მოყვარულმა, დაურიდებლად უპასუხა: „თქვენი აზრი, პატივცემულო რექტორო, ქართული გალობა-მუსიკის შესახებ ოდნავადაც სიმართლეს არ შეეფერება, რადგან ყველა ის მასალა, რაც უნდა დაიბეჭდოს, უკვე ნოტებზე გადაღებულია, მასთან ნიმუშები შესრულებული და მოწონებულია... აკუსტიკურად ხმის დაყოფა განუსაზღვრელად შეიძლება. ამავე კანონით არ არის ხმა, რომლის გადაღება ნოტებზე არ შეიძლებოდეს. ქართული მუსიკაც იმავე აკუსტიკის კანონებს სავსებით ემორჩილება და ისევე გადაიღება ნოტებზე, როგორც ყოველი ევროპიული ხმა. ესევე უდავოდ დაამტკიცა პრაქტიკამო. აზრთა გაყოფის გამო სხდომა გადაიდო მეორე დღისათვის“.[16]

მღვდელი ვასილ აუშევი

გიორგი ბოკერიას გადმოცემით, მელიტონ ბალანჩივაძემ იფიქრა, რომ ჩუდეცკი საქმის ხელის შეშლას ცდილობდა. ამის გამო, მეორე დღეს სხდომაზე მიიყვანა აკაკი და გიორგი წერეთლები და ალექსანდრე ყაზბეგი. სწორედ მაშინ გამოუთქვამს აკაკის საპროტესტო სიტყვა ჩუდეცკისადმი, მაგრამ ჩემს განსაკუთრებულ ყურადღებას აქ აუშევის პასუხი იქცევს. ის ამბობს, რომ „აკუსტიკურად ხმის დაყოფა განუსაზღვრელად შეიძლება“ და „ქართული მუსიკაც იმავე აკუსტიკის კანონებს სავსებით ემორჩილება და ისევე გადაიღება ნოტებზე, როგორც ყოველი ევროპიული ხმა“.

ამ რამდენიმე წყაროდან ნათლად ჩანს, რომ XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, მაშინდელი ცოდნის შესაბამისად, ისევე ცხარედ კამათობდნენ საგალობელთა კილოებისა და სანოტო პარტიტურების თაობაზე, როგორც ჩვენ ვკამათობთ XXI საუკუნეში.

მაინც რომელმა თქვა სიმართლე, პეტრე უმიკაშვილმა თუ ვასილ აუშევმა?

ჩვენმა წინაპრებმა უდიდესი საქმე გააკეთეს გალობის ნოტებზე გადაღებით, მაგრამ თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა და ჩვენ ისევ მათსავით ვკამათობთ. ყველაფერს კი ართულებს ის გარემოება, რომ საგალობლების ძალიან ბევრი სანოტო ჩანაწერი გვაქვს, აუდიოჩანაწერები კი – არა. ამის გამო, არ ვიცით, ნოტებზე ჩაწერისას მათ როგორ იგალობეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ვიცით, როგორ გალობდნენ და მღეროდნენ მათი მოსწავლეები.

ამ მხრივ აღსანიშნავია ის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომ მელქისედეკ ნაკაშიძის აღზრდილმა სრულმა მგალობელმა არტემ ერქომაიშვილმა 1966 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფოლკლორისტების, პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძისა და კახი როსებაშვილის მიერ საგალობლების აუდიოჩაწერისას იგალობა „ღირს არსის“ ის ვარიანტი, რომელიც ნაკაშიძემ და კონტრიძემ ფილიმონს ნოტებზე ჩააწერინეს.



სანოტო პარტიტურა, რომელსაც კადრში ხედავთ, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული Q 676 ხელნაწერიდანაა. ექვთიმე კერესელიძე მას პირველ წიგნად მოიხსენიებს. მართლაც, ეს იყო გალობის პირველი სანოტო პარტიტურა, რომელიც ფილიმონ ქორიძემ 1883 წელს მელქისედეკისა და ნესტორის დახმარებით შექმნა, მისმა მეუღლე ზინაიდა ვორობეცმა კი გადაწერა.

ეს სინქრონიზებული ვიდეო საგანგებოდ ამ სტატიისთვის მოვამზადე, რაც საშუალებას გაძლევთ, არტემის 1966 წლის აუდიოჩანაწერის მოსმენის პარალელურად თვალი მიადევნოთ ფილიმონის მიერ 1883 წელს ნოტებზე ჩაწერილ ნიმუშს, რომლის პირველი ხმა არტემის ნამღერისაგან მცირედით განსხვავდება, მსგავსებისა და განსხვავების უკეთ აღსაქმელად კი დააკვირდეთ თანდართულ ანიმაციურ ელემენტებს, რაც არტემის მიერ ნათქვამ პირველ ხმას მიჰყვება.

ამ ვიდეოსა და ზემოთ მოყვანილ ციტატებთან დაკავშირებით ჩნდება ბევრი კითხვა, რომელთაც მომდევნო სტატიებში შევეხები. მანამდე კი, ვფიქრობ, ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ფილიმონ ქორიძის ღვაწლის გადახედვა არა მხოლოდ დაუშვებელი, არამედ შეუძლებელიცაა. ამის შემდეგ შევძლებთ, თავისუფლად ვიმსჯელოთ, დავადგინოთ და ყველასთვის გასაგები გავხადოთ, თუ როგორი იყო გალობა ნოტებზე გადატანამდე და როგორი გახდა ნოტებზე გადატანის შემდეგ.

დროებით... 

 

[1] ფილიმონ ქორიძე (1835-1911) – ქართველი საოპერო მომღერალი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი. ქორიძე იყო პირველი ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. 2011 წელს, ქართული საეკლესიო გალობის სფეროში გაწეული დიდი ღვაწლის გამო, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და უწოდა წმინდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

[2] მელქისედეკ ნაკაშიძე (1858-1934) – ქართველი თავადი, მგალობელი და მედავითნე, კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მისიონერი ოზურგეთის მაზრაში.

[3] ნესტორ კონტრიძე (1854-1932) – ქართველი მღვდელი, ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი, მგალობელ-მომღერალი და ლოტბარი.

[4] გაზეთი „ივერია“, 1878, 5 ოქტომბერი, №39, გვ. 5-7.

[5] გაზეთი „ივერია“, 1878, 2 ნოემბერი, №43, გვ. 7-9.

[6] გაზეთი „ივერია“, 1878, 9 ნოემბერი, №44, გვ.8. 

[7] კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერი Q 840 „ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა“, გვ. 9-13.

[8] იქვე, გვ. 16-17.

[9] გაზეთი „დროება“, 1884, 30 მარტი, №31, გვ. 2-3.

[10] რაჟდენ ხუნდაძე (1884). ,,ქართული საეკლესიო გალობა”, ჟურნალი „მწყემსი“, 1884, 1 აპრილი, №7, გვ. 4-5.

[11] გაზეთი „დროება“, 1883, 25 ნოემბერი, №237.

[12] ჟღენტი, ივანე. (2017). ნარკვევები ქართული ხალხური და ძველი პროფესიული მუსიკის შესახებ. ისტორიისა და თეორიის საკითხები. თბილისი, გვ. 64.

[13] ,,ნოტებით ქართული გალობა ეკლესიაში",ჟურნალი „მწყემსი“, 1884, 14 ივლისი, № 15, გვ. 2-3.

[14] იქვე.

[15] ,,შინაური ქრონიკა”, გაზეთი „დროება“, 1883, 22 ოქტომბერი, № 211, 2.

[16] გიორგი ბოკერია. მიხეილ ფილიმონის-ძე ქორიძე. „ეროვნული მუსიკის თანდათანობითი განვითარება ჩვენში“ [ფილიმონ ქორელის მუშაობის შესახებ]. 1931 წელი, თბილისი. საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ხელნაწერი – ფ. 1. საქ. 88. ხ. 4429. №371.

დამხმარე ლიტერატურა: 

  1. 1. თავბერიძე, ილია. (2005). XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა. თბილისი.
  2. 2. სუხიაშვილი, მაგდა, სანიკიძე, ეკატერინე. (2004). ქართული გალობის მოამაგენი (I), ფილიმონ ქორიძე. თბილისი.
  3. 3. შუღლიაშვილი, დავით. (2015). ქართული გალობის ქრონიკა 1861-1921 წლების პერიოდიკაში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. თბილისი.

 

ფოტო გარეკანზე: ცენტრში ფილიმონ ქორიძე. 1890-იანი წლები (თბილისი). ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ლუარსაბ ტოგონიძეს.

ავტორი :

ილია ჯღარკავა - ქართული საეკლესიო გალობის მკვლევარი