ქართული ქორეოლოგიის მესაძირკვლე

ცეკვა უძველესი ხელოვნებაა. ქართული ქორეოკულტურა იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც ჩვენი ერი ინახავს თავის მეხსიერებაში. ქართულმა საცეკვაო ფოკლორმა უდიდესი როლი შეასრულა ჩვენი წინაპრების მხატვრული შემოქმედების ჩამოყალიბებაში. სიტყვის, მუსიკისა და სანახაობის სინთეზმა სათავე დაუდო უნიკალურ ქართულ ფოლკლორს, მათ შორის, მასობრივ და პლასტიკურ ხელოვნებას – ქართულ ხალხურ ცეკვას. ქართულ ცეკვაში გაცხადებულია ხილვადი პლასტი, რიტმული შრე და ქართველი კაცის განსაკუთრებული პათოსი – ტემპერამენტი, რაც პირდაპირ უკავშირდება ერის სასიცოცხლო  ენერგიას.

ქართველთა მოდგმის  ფესვები უშორეს წიაღში იკარგება, მასში ჩვენი წარსული იკითხება, მაგრამ  საცეკვაო ხელოვნების ისტორიასთან შედარებით სრულიად ახალგაზრდაა სამეცნიერო კვლევის დარგი და სასწავლო დისციპლინა – ქორეოლოგია. ქართული ქორეოლოგია საუკუნე-ნახევარსაც ძლივს ითვლის. მართალია, უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიული წყაროები – ქართლის ცხოვრება და ვახუშტი ბაგრატიონის აღწერა სამეფოსი საქართველოსი – საგანგებო ადგილს უთმობს ქორეოგრაფიული ხელოვნების აღწერას, მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია და დღესაც  ვალში ვართ ქართული საცეკვაო გენიის წინაშე.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, როცა ერთბაშად გაიღვიძა ერის ეროვნულმა ენერგიამ, ქართულ საგალობლებს  პატრონი გამოუჩნდა, ქართული სიმღერა-ცეკვა სცენაზე ავიდა, ქართველმა მოცეკვავეებმა და ქორეოგრაფებმა  თავიანთ მოღვაწეობას წარმატებით შეუხამეს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ქორეოლოგიაში.

დღესდღეობით ქართული ხალხური ცეკვის პირველ მკვლევრად ალექსი ალექსიძეა აღიარებული. ალექსანდრე სონღულაშვილი (1874-1934), ზოგიერთი დოკუმენტით სიგულაშვილი (თეატრალური ფსევდონიმით ალექსიძე). ღარიბი ოჯახის შვილს საფუძვლიანი განათლება არ მიუღია, ცეკვა  არასდროს უსწავლია, სრულიად პატარა, 12-13 წლისა, დადგა სცენაზე. მან მხოლოდ დიდი ტალანტითა და დაუღალავი შრომით შეაღო ქართული ქორეოგრაფიის კარი. ცნობილმა ბალერინამ, მეცნიერმა და ქორეოლოგმა ლილი გვარამაძემ შესანიშნავი მონოგრაფია – მთაწმინდელი მოცეკვავე – უძღვნა მას[1] (ამ სტატიაში ჩვენ, ძირითადად, დასახელებულ ნაშრომს ვეყრდნობით). ნუ დაგვავიწყდება, რომ ალექსიძე არ აღზრდილა ქართულ ფოლკლორულ წიაღში, ის მაინც ურბანული ყოფის ნაწილი იყო, სადაც ქართული საცეკვაო ფოლკლორი უკვე ხელუხლებლად აღარ შემორჩენილიყო.

პირველად ცერებზე დგომა რვა-ცხრა წლისამ ეზოში მცხოვრები ლეკი ბიჭისაგან ისწავლა და მალე ცერებზე სირბილში კიდევაც სჯობნიდა მასწავლებელს (მამაკაცთა ცეკვებში თითების ტექნიკა საქართველოს მთის მცხოვრებლებისათვის დამახასიათებელი თვისებაა. სვანური ცეკვა ცერული მთლიანად ცერებით ცეკვაზეა აგებული. ეგ ხერხი დამახასიათებელია დაღესტნელი, ოსი და ჩეჩენ-ყაბარდოელი მამაკაცებისათვის. ჩვენი უახლოესი მეზობლები –  სომხები და აზერბაიჯანელები – არასოდეს არ ცეკვავდნენ ფეხის თითებზე)[2]. შემდეგ თავის უბანში შესანიშნავ დაღესტნელ სახალხო მოცეკვავეებს გადააწყდა, რომლებიც თავსატეხ ილეთებს პირდაპირ მიწასა და ქვა-ღორღზე აკეთებდნენ. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით შეძლო მუხლებზე დაცემა, ხელადვე წამოხტომა და ცერებზე შედგომა, ლამის მუხლის თავები დაიმსხვრია. როგორც თვითონ იგონებს[3], ლეკი მოცეკვავეების დევნის ბოლო დღეს უცებ გონებში გაუელვა, დიდი ხნის სურვილი მოეკლა და თვითონაც ეცეკვა. მოხეტიალე ჯგუფის ხელმძღვანელმა ნება დართო და ალექსიძემ ფეხის ცერებზე წრეს შემოუარა. ეტყობა, კარგად იცეკვა, რადგან აივნებზე გადმომდგარმა მაყურებელმა ტაშით დააჯილდოვა. ამ ცეკვამ არა მარტო შეაძლებინა იმ რთული მოძრაობების შესრულება, რომელთაც დიდხანს ვერ ახერხებდა, არამედ გაუადვილა იგი და გადაწყვიტა მთელი მისი შემდგომი ცხოვრების ბედი  და გზა. ასე გახდა ალექსი ალექსიძე მოცეკვავე.   

 

XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში ხშირად იმართებოდა ლხინი ბანიან სახლებზე. ეს ფაქტი  შეუმჩნევია ფრანგ მოგზაურ ლუი დელაპორტს[4]. ბანზე ცეკვით თანდათან დაოსტატდა საუკეთესო მთაწმინდელის მოცეკვავის სახელი დაიმკვიდრა. ერთხელ მისმა ახლო მათესავმა, ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, რომელიც მეგობრობდა ქართული დრამატულუ თეატრის მსახიობებთან, ალექსიძის დედას სთხოვა, ბავშვი საცეკვაოდ გაეშვა თეატრში. ასე მოხვდა  13 წლისა პირველად  ნამდვილ სცენაზე – დივერტისმენტში. ბიჭს ერთადერთი მითითება მისცეს: ეცეკვა სცენის შუაგულიდან პირით ხალხისაკენ. სცენიდან გაქცევას ვიღაცის დამამშვიდებელმა და მბრძანებლურმა ხმამ გადაარჩინა: გადი! განაგრძე ცეკვა, ფეხის თითებზე დადექი! ეს ხმა ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ მწერალს, უნიჭიერეს მოცეკვავეს, დავლურ-ქართულისა და ხანჯლურის უბადლო შემსრულებელს – ალექსანდრე ყაზბეგს[5], რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ალექსი ალექსიძის შემოქმედებაში. ყაზბეგის საცეკვაო ოსტატობას დიდი გავლენა უნდა მოეხდინა პატარა ლექსოზე. შეუძლებელია ყაზბეგისგან არ გადმოეღო მისი კეთილშობილური მანერები, სხეულის პლასტიკური დაუფლების უნარი, მოძრაობათა თვალისმომჭრელი ბრწყინვალება. კითხვა: საიდან ან ვისგან ისწავლა ცეკვა ალექსიძემ და ვისი დამსახურებაა მის მიერ ქართული ცეკვების ასე ტრადიციულად შესრულება, პასუხგაცემულია. ასეთმა შთამაგონებელმა მაგალითმა მისცა შესაძლებლობა ბავშვობიდან გამოემუშავებინა კარგი გემოვნება და ამან გახადა საქართველოს საუკეთესო მოცეკვავე.

ალექსი ალექსიძე ცეკვავდა სპექტაკლებში, ოპერეტებში, კონცერტებზე. როგორც სახელოვანი მოცეკვავე მიიწვიეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში[6], სადაც ქართულ ცეკვებს ასრულებდა ბალეტებში: „რუსლან და ლუდმილა“, „დემონი“. მან, როგორც ქართული ცეკვების ბრწყინვალე შემსრულებელმა, სახელი გაითქვა 1895 წლიდან, პარიზში გამგზავრების შემდეგ, საიდანაც ის გამარჯვებული, დიდი ოქროს მედლით დაბრუნდა. პარიზში, როგორც იტყვიან, ალექსიძეს საკეთესო პრესა ჰქონდა. პარიზის მაღალგემოვნებიანი საზოგადოება აღაფრთოვანა ქართულმა ცეკვებმა. ამაში დიდი როლი შეასრულა ფრანგმა მწერალმა და ჟურნალისტმა ჟიულ მურიემ, რომელიც ალექსიძეს თბილისიდან იცნობდა (მურიე ავტორია წიგნისა – „ძველი კოლხიდა“). სამწუხაროდ, პარიზის ორთვიანი და ლიონის თვენახევრიანი ტურნეს ამსახველი წერილობითი თუ ფოტომასალები არ შემორჩენილა (უკან დაბრუნებისას ალექსიძე გერმანიაში გაძარცვეს.)

ცალკე საუბრის თემაა ალექსიძის პედაგოგიური  მოღვაწეობა, რაც ფაქტობრივად მისი საფრანგეთიდან დაბრუნებისთანავე დაიწყო. ეს ის დრო იყო, როცა იკრძალებოდა ქართული ენა, ეროვნული სამოსი, ქართულ ცეკვებს აგდებულად აზიურ ცეკვებს უწოდებდნენ. სწორედ პედაგოგობით ჩასწვდა ხელოვანი ქართული ცეკვის სიღრმეს – რა არის ცეკვა და რა მნიშვნელობა აქვს მას[7], სწორედ მაშინ მოგვევლინა ქართული ცეკვის მგზნებარე პროპაგანდისტად, გახსნა სტუდია, რათა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ხელუხლებლად შეენარჩუნებინა ქართული ქორეოკულტურა. პირველად ევროპული და საბალო ცეკვების მასწავლებელმა, მარია პერინის[8] მეუღლემ, აბდონ ინოჩენციმ[9] კვირაში ორჯერ დაუთმო დარბაზი, 1902 წელს კი საკუთარი სტუდია გახსნა, რომლის კარი ღია იყო ქართული ხალხური ცეკვის შესწავლის ყოველი მსურველისათვის. მრავალი საამაყო მოსწავლე აღზარდა ალექსიძემ, სანიმუშოდ თუნდაც მთელ მსოფლიოში ცნობილი, ლეგენდარული სუხიშვილების ერთ-ერთი დამაარსებელი, ილიკო სუხიშვილიც კმარა.

გამოჩენილმა ბალეტმაისტერ-რეფორმატორმა მიხეილ ფოკინმა, რომელმაც მთელი  რევოლუცია მოახდინა პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტის გაყინულ ჭაობში, 1916 წელს თბილისში რამდენიმე გაკვეთილი მიიღო ალექსიძისაგან ქართული ცეკვის შინაგანი ბუნების გასაგებად. ფოკინი ასე გამოსთხოვებია ალექსიძეს: „მე ამ ცეკვებს ვდგამდი ლონდონსა და პარიზში საკუთარი გაგებით, ისინი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ მაყურებელზე, მაგრამ ის, რაც მე თქვენგან ვისწავლე, სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რაც ვიცოდი. დამტკიცდა, რომ მე არ ვიცნობდი თქვენს ცეკვებს. დღეიდან კი, როდესაც ამის მსგავსის დადგმა მომინდება, ვიხელმძღვანელებ ქართული ცეკვების იმ გაკვეთილებით, რომლებიც თქვენგან მივიღე“.[10]

ალექსი ალექსიძეს არ დაუწერია ფუნდამენტური ნაშრომები ქორეოლოგიაში, არ განუხილავს ქართული ხალხური ცეკვის ფოლკლორული კონტექსტი და მისი ისტორიული განვითარების ეტაპები, არც ქორეოგრაფიული დიალექტების მიხედვით დაუხასიათებია ქართული ცეკვა და არც სასცენო ქორეოგრაფიას შეხებია. რა თქმა უნდა, ის ამას ვერ შეძლებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვისა და  ქორეოგრაფიული დიალექტების შეუსწავლელად. მაგრამ მან, როგორც ქართული ქორეოლოგიის სათავეებთან მდგომმა, გზა გაუკვალა მომავალ ქორეოლოგებსა და მკვლევრებს, ქართულ ცეკვას ახალი ასპარეზი გადაუშალა, საიდანაც, მის დიდებულებასა და მშვენიერებასთან ერთად, ყველა მისი იარა და ტკივილი ჩანდა. მისი ოცნება იყო, გაეგზავნა საქართველოს რაიონებში ისეთი ექსპედიცია, რომელიც ძველ ქართულ ცეკვებს შეისწავლიდა. 30-იან წლებში მართლაც შეიქმნა ასეთი ექსპედიციის რამდენიმე ჯგუფი, ოღონდ სასიმღერო და ზეპირსიტყვიერი ნიმუშების ჩასაწერად. ამ ფაქტის შესახებ ალექსიძე წერდა: „მე დიდად პატივს ვცემ იმ ადამიანს, რომელსაც პირველად ჩაესახა აზრად ამ ექსპედიციის გამოყოფა, ვინაიდან ხელოვნება არის ხალხური სიმდიდრისა და ხალხის მიერ საუკუნეობით გამომუშავებული სილამაზე, ძვირფასი განძია იმავე ხალხისთვის და ამიტომ ჩვენ არა გვაქვს უფლება, მომავალ თაობას არ გადავცეთ ეს განძი სრული თავისი სილამაზით“[11].

ალექსი ალექსიძემ, როგორც ქორეოლოგმა, დაგვიტოვა ძალიან საინტერესო მოსაზრებანი ზოგიერთი ცეკვის წარმოშობის, შინაარსისა და ხასიათის შესახებ, ასევე ცეკვათა ჩანახატები (შემდეგში ამის მიხედვით ლილი გვარამაძემ აღადგინა დავლურ-ქართული და მირზაია) და რამდენიმე ცეკვის მისეული დახასიათება. მანვე ქართულ სინამდვილეში პირველმა უწოდა, ლეკურად მონათლულ ქართული საცეკვაო ფოლკლორის გვირგვინს, ქართული და დაასაბუთა კიდეც ამ სახელის მართებულობა (თავად ხომ ქართულის ვირტუოზი შემსრულებელი იყო და თავისეული ნახაზითა და ვარიანტით ასრულებდა მას)[12]. დიდი ხელოვანი ცეკვის წარმოშობის საკითხსაც შეეხო: მას მიაჩნია, რომ ცეკვა წარმოშობილია ფუნდრუკისაგან, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებაზე[13] დაყრდნობით, ერთგვარი ტანვარჯიშული კომპლექსისაგან, რომელსაც ქართველები ძველთაგანვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სპეციალისტებმა მისი მოსაზრება არ გაიზიარეს, რადგან ქორეოგრაფიის დასაწყისად ითვლება მონადირეთა ცეკვა და არა ტანვარჯიშულ მოძრაობათა კომპლექსი. არადა, ის არასდროს განასხვავებდა ცეკვას ტანვარჯიშისაგან და გამოდიოდა ფიზიკური კულტურის აპოლოგეტად (მომდევნო სტატიაში ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ მოარგო დიდმა ქართველმა ქორეოლოგმა დავით ჯავრიშვილმა მხატვრული ტანვარჯიში ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას). ამით ალექსიძემ ერთგვარი ხარკი გადაუხადა ნიკოლაი ფორგერის მანქანების აცეკვების მოდურ თეორიას. მიუხედავად ამისა, ყველამ ვიცით, რომ ცეკვისაგან სპორტისა და ტანვარჯიშის გამიჯვნა მიზანშეუწონელია, რადგან იგი ხელს უწყობს სხეულის გალამაზებას, გამაგრებას, სწორ სუნთქვას და ა.შ.

 

ალექსიძის ჩანაწერებში მოცემულია მრავალი ცეკვის დაწვრილებითი სქემა, ყოველი მოძრაობის ტექნოლოგიის აღწერა განმარტებითა და მოძრაობათა ერთმანეთთან მონაცვლეობით. ის მოძრაობას ილეთს უწოდებს და მანვე დაამკვიდრა ეს ტერმინი. მანვე დაადგინა არსებითი დეტალი ქართული ქორეოგრაფიის ისტორიისათვის: დავლურის დუეტი ორი ვაჟისათვის და მასობრივი ცეკვა დავლური შეჯიბრებაზეა აგებული და ეს ცნობილი ყოფილა გასული საუკუნის მიწურულში[14].

ალექსიძე ჩანაწერებში ასევე მოგვითხრობს ცეკვა სამაიას შესახებ (ფრესკა სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ კედელზე). იგი სამაიას მხოლოდ ქალთა ჯგუფურ ცეკვად მიიჩნევს. მას არ უცდია, გამოერკვია მისი შინაარსი, მხოლოდ მუსიკალური თანხლებით დაინტერესდა, თუმცა არ ჩანს, დაეხმარა თუ არა სამაიას მელოდია, ეპოვა ამ ცეკვის ხასიათი, ნახაზი და ილეთები. სამაიას გარდა, ის ცეკვა კინტოურსაც თავისებურად ხსნიდა და კინტოს არც ერთ ეროვნებას არ მიაკუთვნებდა[15]. ის ასევე საინტერესოდ აღწერს ცეკვა შუშპარს, ანუ მუხამბაზს, მთვარის პატივსაცემად გამართულ პირველყოფილ საფერხულო ცეკვას, შემდეგ მხოლოდ სამეფო კარზე რომ სრულდებოდა, ბოლოს კი სვანეთს შემორჩა. მისი აზრით, „შუშპარი“, ანუ „მუხამბაზი“, იგივე „ბაღდადურია“.[16]

1929 წლის 19 იანვარს, თავისი სტუდიის მოწაფეთა ძალებით, რუსთაველის თეატრში ალექსიძემ მოაწყო საბალეტო საღამო სამ მოქმედებად და ოთხ სურათად. ეს იყო მთლიანი საცეკვაო სპექტაკლის შექმნის ცდა. საღამომ წარმატებით ჩაიარა. ბოლო აქტში თავად დიდმა მაესტრომ იცეკვა. მოსწავლეები მხურვალედ მიესალმნენ საყვარელ მასწავლებელს.

ხალხის დიდი სიყვარულისა და დიდი ხელოვანის სახელის გარდა, ალექსიძეს არავითარი წოდება არ ჰქონია. ალექსი ალექსიძეზე, სწორუპოვარ   მოცეკვავესა და პირველ ქართველ ქორეოლოგზე საუბარს მისივე სიტყვებით დავასრულებთ: „ხშირად ჩვენ, შეჩვეულნიც კი, უზომო აღტაცებაში მოვსულვართ მშვენივრად დახასიათებული ცეკვით. და ასეთ სილამაზეს ერისას, მის სიამაყეს, ნუ შევუშლით ხელს, რომ ცეკვა სხვა ხელოვნებასთან უფრო ფართოდ განვითარდეს“[17].

 

[1] გვარამაძე, ლილი (2023). ქართული ხალხური ცეკვა. თბილისი: „ფავორიტ სტილი“. გვ. 467-511.

[2] იქვე, გვ. 484.

[3] ალექსიძე, ალექსი (1933). ავტობიოგრაფია (ხელნაწერი). საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი. გვ. 11.

[4] ლუი, დელაპორტი (1842-1925) - ფრანგი მოგზაური, მკვლევარი, მხატვარი.

[5] ბურთიკაშვილი, ალექსანდრე (1955). ალექსანდრე ყაზბეგი სცენაზე. თბილისი: „ხელოვნება“. გვ. 86.

[6] კაშმაძე, შალვა (1950). თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ტ. I. თბილისი: „ხელოვნება“. გვ. 292-307.

[7] გვარამაძე, ლილი (2023). დასახელებული ნაშრომი. გვ. 506-507.

[8] მარია პერინი (1873-139) - იტალიელი ბალერინა, ბალეტმაისტერი, ქართული საბალეტო სკოლის ფუძემდებელი. პერინის სტუდიაში აღიზარდა ქართული საბალეტო ხელოვნების მრავალი გამოჩენილი ოსტატი: დიმიტრი და ირინა ალექსიძეები, მარია ბაუერი, ვახტანგ ჭაბუკიანი,  სოლოკო ვირსალაძე, ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ელენე ჩიკვაიძე, მარია კაზინეცი, ლილი გვარამაძე და სხვანი.

[9] აბდონ ინოჩენცი  - იტალიელი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, მილანის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებული.

[10] გვარამაძე, ლილი (2023). დასახელებული ნაშრომი. გვ. 481.

[11] იქვე, გვ. 500.

[12] ალექსიძე, ალექსი (1929). ქართული ცეკვის  (ლეკურის) თვითმასწავლებელი (ხელნაწერი). საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი.

[13] ორბელიანი, სულხან საბა (1991). ლექსიკონი ქართული. ტ. II. თბილისი: „მერანი“. გვ. 204.

[14] ცეკვის სქემა: დავლურ-ქართული ქალთან (უთარიღო, კალკის ქაღალდი. ტუში). საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდი.

[15] ბალახაშვილი, იაკობ (1951). ძველი თბილისი. თბილისი: „სახელმწიფო გამომცემლობა“.

[16] გვარამაძე, ლილი (2023). დასახელებული ნაშრომი. გვ. 47-49.

[17] იქვე, გვ. 507.

 

ავტორი :

ბაია ასეიშვილი -