ქართული ხალხური სიმღერების ნოტირების საწყისებთან
ქართული ტრადიციული მუსიკის ჩაწერის ისტორია ათასწლეულზე მეტს ითვლის. მხედველობაში მაქვს ქართულ ჰიმნოგრაფიულ ხელნაწერებში არსებული ნევმური სისტემა, რომლის უადრესი ნიმუშები X საუკუნეს განეკუთვნება. უძველესი ნევმირებული სქელტანიანი კრებულების არსებობის მიუხედავად, ქართული გალობის მუსიკალურ მხარეზე მსჯელობა ჩვენ მხოლოდ XIX საუკუნეში ევროპულ ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე ჩაწერილი ნიმუშების საფუძველზე შეგვიძლია.
ბუნებრივია, გალობის პარალელურად, ძველ ხანაშიც შემოქმედებით აქტივში იყო ხალხური, საერო მუსიკა, მაგრამ რაიმე სახის მუსიკალური სისტემის გამოყენებით მისი ჩაწერის ფაქტი, არათუ X, არამედ XIX საუკუნემდე არ დასტურდება. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც XIX საუკუნეში იწყება ზოგადად ფოლკლორისტიკის, როგორც მეცნიერების, დარგის ჩამოყალიბება. თვით ტერმინი „ფოლკლორიც“ ხომ მხოლოდ 1846 წელს შემოიღო ინგლისელმა მწერალმა და მკვლევარმა, უილიამ ტომსმა.[1] ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის, ანუ ეთნომუსიკოლოგიის, საფუძვლებიც XIX საუკუნის დასასრულისთვის ყალიბდება. მის ფუძემდებლად, როგორც ცნობილია, დიმიტრი არაყიშვილი არის აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ამ მუსიკალურ-სამეცნიერო სფეროს წარმოშობა ევროპაშიც და რუსეთშიც ამავე პერიოდს ემთხვევა.

დიმიტრი არაყიშვილი
თომას ედისონის მიერ 1877 წელს ხმის ჩამწერი აპარტის — ფონოგრაფის გამოგონებამ რევოლუციური ცვლილება გამოიწვია მუსიკის ისტორიაში[2] და, მათ შორის, საეტაპო მნიშვნელობის ბიძგი და შესაძლებლობა წარმოშვა ეთნომუსიკის ჩაწერისა და გადარჩენისთვის. ხმის ჩამწერმა აპარატმა გაჩენიდან მხოლოდ 24 წლის შემდეგ, 1901 წელს, მოაღწია საქართველოში და ამით დაედო დასაბამი ქართული ფონოარქივის შექმნასა და შევსებას.
დღესდღეობით, როცა ძველებურად, ავთენტურად მომღერალი თითზე ჩამოსათვლელი მოხუცი ოსტატიღა არის შემორჩენილი, ბუნებრივია, რომ მდიდარი ფონოარქივის არსებობის პირობებში, ქართული ხალხური მუსიკის როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო შესწავლის უმთავრესი წყარო საარქივო ფონოჩანაწერებია. ეს მართებულიც არის, რადგან მხოლოდ ფონოჩანაწერით (და, რა თქმა უნდა, ვიდეომასალით) არის შესაძლებელი ეთნომუსიკის ყველა თავისებურების ფიქსირება-ჩაწერა და მოსმენა-ამოკითხვა. ქართული გალობისგან განსხვავებით, რომლის უდიდესი ნაწილი, ათასობით ნიმუში, სანოტო ჩანაწერების სახით მოგვეპოვება, ხალხური სიმღერის შემთხვევაში აუდიოჩანაწერები რაოდენობრივად დიდად აღემატება სანოტო ნიმუშებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ხალხური მუსიკის სანოტო ჩანაწერებისადმი თანამედროვე ქართულ ეთნომუსიკოლოგიასა და, განსაკუთრებით, საშემსრულებლო სფეროში არსებული ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება და სათანადო ყურადღების მიღმა დატოვება ისეთივე შეცდომაა, როგორც ეს საგალობელთა ათასობით სანოტო ჩანაწერთან მიმართ არსებობდა ათწლეულობის განმავლობაში.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესოა შემდეგი საკითხები:
- როდიდან იწყება ქართული ხალხური მუსიკის, სიმღერის ნოტებზე ჩაწერის ისტორია?
- რისი აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა ადრეული სანოტო ჩანაწერები?
- რა მნიშვნელობისა და ფუნქციის მატარებელია ხალხური მუსიკის სანოტო ჩანაწერები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ფონოგრაფის საქართველოში გაჩენამდეა შესრულებული?
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჭირო გახდა ძველი ხელნაწერების მოძიება. ამ მიზნით, მივმართე თბილისის სხვადასხვა არქივს, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ქართული ხალხური მუსიკის XIX საუკუნის სანოტო ხელნაწერები; კერძოდ, მივაკითხე საქართველოს ეროვნულ არქივს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ხელოვნების სასახლეს (სხვა ქალაქების არქივებსა ან კერძო პირთა კოლექციებთან ჯერ წვდომა არ მქონია).
ქართული ხალხური მუსიკის ამსახველი სანოტო ხელნაწერების უმეტესობა, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც მომეცა, ძირითადად, XX საუკუნით თარიღდება ან დაუთარიღებელია. მაგალითად, ფოლკლორის ცენტრში დაცული უადრესი სანოტო ხელნაწერები 1900 წლით თარიღდება, კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრაზეც მხოლოდ XX საუკუნის მასალაა დაცული. საქართველოს ეროვნულ არქივში ჯერჯერობით XIX საუკუნის სანოტო ხელნაწერების მცირე რაოდენობა გამოვავლინე.
დღევანდელი მონაცემით, ზემოთ აღნიშნულ არქივებს შორის ხალხური სიმღერის ყველაზე ძველი სანოტო ხელნაწერის მფლობელი ჯერჯერობით ხელოვნების სასახლე აღმოჩნდა, რომლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტების ფონდში, კერძოდ, დ. არაყიშვილის არქივში, ინახება ვ. ტეპცოვის მიერ ნოტირებული სვანური სიმღერების ხელნაწერი[3], რომელიც 1890 წლის 9 ოქტომბრით არის დათარიღებული (ჯერჯერობითო — ვამბობ, რადგან, ამ მხრივ, საფუძვლიანი კვლევა-ძიება ჯერ კიდევ ჩასატარებელია).
არადა, ხალხური სიმღერების ნოტებზე ჩაწერა რომ წლებით ადრე იყო დაწყებული, ამას საქართველოში გამოცემული სანოტო კრებულებიც ადასტურებს, რისი ისტორიაც 1878 წლიდან იწყება (ხაზგასასმელია, რომ ედისონის ფონოგრაფის გაჩენიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენთან ჯერ მხოლოდ ნოტების გამოქვეყნება იწყება!). კერძოდ, პირველი ასეთი კრებულია „სამშობლო ხმები“,[4] რომლის შემდგენელი მიხეილ მაჭავარიანია. შეგახსენებთ, რომ ეს ის მ. მაჭავარიანია, რომელიც 1860 წელს ჩამოყალიბებულმა „გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა“ აირჩია საგალობელთა ნოტებზე პირველ ჩამწერად, თუმცა მისმა შრომამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც დროებით შეწყდა გალობის ჩაწერის პროცესი (შემდგომ ეს საქმე ფილიმონ ქორიძემ განახორციელა).

მიხეილ მაჭავარიანის კრებული „სამშობლო ხმები"
გალობისა არ იყოს, მ. მაჭავარიანის კრებული „სამშობლო ხმები“, რომელშიც, ავტორისვე სიტყვებით რომ ვთქვათ, წარმოდგენილია „ყმაწვილებისთვის სამღერალი სახალხო სიმღერები“, ბევრ კითხვას ჰბადებს ჩანაწერთა კილო-ინტონაციური თუ რიტმული სისწორისა და გამართულობის მხრივ. ამისდა მიუხედავად, კრებული მაინც საინტერესო მასალას წარმოადგენს როგორც ისტორიული, ისე მუსიკალური და სიტყვიერი ტექსტის თვალსაზრისით. კრებული შეიცავს 20 სიმღერას, რომელთა შორის ძველ ტრადიციულ ნიმუშებთან ერთად გვხვდება ახალი შექმნილი, ევროპული ჰარმონიის სიმღერებიც. ძველი სიმღერის ნიმუშად წარმოგიდგენთ ამ კრებულის პირველ სიმღერას „თამარ მეფეს“.
ამ სიმღერის კარგად ცნობილ ვარიანტსა და წარმოდგენილ სანოტო ნიმუშს შორის განსხვავება ძნელი შესამჩნევი არ არის. ჩამწერს ამ საფერხულო სიმღერისთვის ექვსი მერვედის ნაცვლად ორი მეოთხედის ზომა აურჩევია. ყურადღებას იქცევს საკადანსო საქცევი, რომელშიც პირველი ხმა კვარტული ნახტომით უნისონში ერთდება დანარჩენ ხმებთან. ზოგადად, ეს კადანსი უცხო არ არის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ იგი განსაკუთრებულად ხშირად გვხვდება ხალხური სიმღერების ადრეულ სანოტო ჩანაწერებში.
ყურადღებას იქცევს იაკობ გოგებაშვილის 1878 წლით დათარიღებული წერილი[5], რომელიც მის მიერ „დედაენაში“ ხალხური სიმღერების სანოტო ჩანაწერების შეტანის სურვილს ეხება:
ორის წლის წინედ გამოვეცი „დედა-ენა“. მასში მოვაქციე ბევრი ხალხის ნაწარმოები, რის შეთვისებაც შეეძლოთ ბავშვებს სრული შეგნებით და ხალისითა. აკლდა მხოლოდ სახალხო სიმღერები, ნოტებზე გადაღებული. მკითხველს მოეხსენება, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხურს საყმაწვილო სიმღერას სკოლის მსვლელობასა და წარმატებაში. სიმღერა სამართლიანად ითვლება ჩვენს დროში სკოლის სულად და გულად. იგი უვითარებს ბავშვს სმენასა, აჩვევს ჰარმონიასა, უსუსტებს და უსპობს ხეპრობასა და ზრდის მის გულში სინაზესა და სიფაქიზესა. ერთი სიტყვით, აკეთილშობილებს მის ბუნებასა.[6]
აღსანიშნავია ხალხური სიმღერების ავთენტურობასა და მის გადმომცემზე „დედაენის“ ავტორის ცნობა:
საიდგან ვიცოდით ჩვენ ხალხური სიმღერები და რომ წმინდა და აუმღვრეველი წყარო ჰქონდა ამ ცოდნასა? ამის პასუხად მკითხველს მოვახსენებთ, რომ ამ სტრიქონების დამწერი ხალხის შვილია შუა ქართლში დაბადებული და დაბადებიდგან ხალხის კალთაში აღზრდილი. [...] ჩემი მეხსიერების ღრმა კუნჭულებში ხელუხლებლად დარჩნენ ხალხური მოტივები ოცობით, - ის მოტივები, რომელნიც უფრო ღრმა შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე და უფრო მომეტებულად ავსებდნენ აღტაცებით ჩემ ყმაწვილურ გულსა, აი, ეს მოტივები, ეს სიმღერები უნდა გადაგვეღო ნოტებზედა და შეგვევსო სხვა წყაროებიდგანა.[7]
წერილში ავტორი ამ მიზნით მასა და მიხეილ მაჭავარიანს შორის თანამშრომლობაზე მოგვითხრობს:
ჯერ კიდევ საქმის დაწყების მზადებაში ვიყავით, როდესაც ერთს დილას მიხეილ მაჭავარიანი მოულოდნელად მოვიდა ჩემთან [...] ჩვენ მეორე დღესვე შეუდექით ჩემი მოტივების გადაღებასა. ესენი ძალიან ჭკუაში მოუვიდა მაჭავარიანს, მეტად მოეწონა და ერთგულად შეუდგა მათ გადაღებას ნოტებზედ. მე ვმღეროდი, მაჭავარიანი სწერდა, ბოლოს თვითონ ნოტებზედ გალობდა და მე უნდა შეცდომები შემენიშნა და გაგვესწორებინა. რამდენიმე თვის შრომის შემდეგ შესდგა კოლექცია ოცი საყმაწვილო სიმღერისა. მაგრამ საქმე ჩვენ გათავებულად მაინც არ ჩავთვალეთ. ჩვენ მოვინდომეთ ფორტეპიანოს შემწეობით შემოწმება სიმღერების სისწორით გადაღებისა. ძებნა და თხოვნა ფორტოპიანოს დამკვრელისა ჩვენ არ მოგვინდა. ეს შრომა სრული სიამოვნებით იკისრა ელენე დიმიტრის ასულმა ყიფიანმა, რომელიც ყოველ კეთილ საზოგადო საქმეში ჩვეულია დაუზარლობასა და ერთგულ დახმარებასა.[8]

ელენე ყიფიანი
ქართული ხალხური სიმღერების ნოტებზე ჩაწერის იდეის ერთგული იაკობ გოგებაშვილი, ამავე დროს საკმაოდ ფრთხილი იყო ამ მაშინ ჯერ კიდევ ახალი საქმისადმი. ამას მოწმობს მისი სიტყვები:
ჩვენ ყოველი ღონისძიება ვიხმარეთ, რომ სიმღერების გამოცემა ყოფილიყო უნაკლო, მაგრამ რადგანაც მაინც შესაძლებელი იყო შეცდომების შეპარვა, ამიტომ გადავსჭერით, რომ პირველად გამოგვეცა მცირე რიცხვი. მარტო 300 ეგზემპლიარი, მოგვესმინა მცოდნე პირთა მსჯელობანი და მეორე გამოცემისთვის მოგვეხდინა ცვლილებანი, თუ ეს საჭირო აღმოჩნდებოდა.[9]
„დედაენის“ ჩვენთვის ცნობილ გამოცემებში მიხეილ მაჭავარიანის მიერ ნოტებზე გადაღებული ხალხური სიმღერები არ გვხვდება, თუმცა წიგნის ავტორის გარდაცვალების წელს, 1912 წლის გამოცემაში შესულია 10 ხალხური სიმღერა, ნოტებზე ჩაწერილი ია კარგარეთელის, ზაქარია ჩხიკვაძისა და დიმიტრი არაყიშვილის მიერ.[10]

იაკობ გოგებაშვილის „დედაენაში" დაბეჭდილი ქართული ხალხური სიმღერების ნოტები
ჩვენი სურვილია, ხალხურ სიმღერათა ადრეული ჩანაწერების მაგალითზე, ყურადღება გავამახვილოთ იმ ორიგინალურ მუსიკალურ თავისებურებებზე, რომლებსაც სწორედ ეს ძველი სანოტო ჩანაწერები ინახავს. ქართული მუსიკალური ფოლკლორის როგორც ზოგადი, ისე ცალკეულ ნიმუშთა რეტროსპექტული ხედვის, მათი განვითარების თვალსაზრისით მრავალი საინტერესო ფაქტის დამადასტურებელი ეს მუსიკალური დოკუმენტები უსამართლოდ არის ჯეროვანი კვლევის მიღმა დარჩენილი.
მიხეილ მაჭავარიანის „სამშობლო ხმების“ შემდეგ, ხალხური სიმღერების რიგით მეორე გამოქვეყნებული სანოტო კრებულია ანდრია ბენაშვილის „ქართული ხმები“,[11] რომელიც, ამავე დროს, წირვის საგალობლების პირველი ქართული სანოტო გამოცემაცაა.
|
ანდრია ბენაშვილი |
ანდრია ბენაშვილის კრებული „ქართული ხმები" |
ბენაშვილის მიერ ჩაწერილი და შედგენილი ეს კრებული 1885 წელსაა გამოქვეყნებული და წინა კრებულისგან განსხვავებით, მთლიანად ძველ ტრადიციულ ჰანგებზე არის ორიენტირებული. იგი სხვადასხვა კუთხის (ქიზიყურ, კახურ, იმერულ, გურულ, მეგრულ) 32 სიმღერას შეიცავს. კრებულის წინასიტყვაობაში ანდრია ბენაშვილი წერს: „ქართული სიმღერები გადაღებული მაქვს დახელოვნებული მომღერლებისგან და ეს სიმღერები ხშირად თეატრშიც მითქმევინებია ჩემ ხოროსთვის იმ მიზნით, რომ მცოდნე პირებს მოესმინათ და წარმოეთქვათ თავის აზრი“.[12]
ამ კრებულიდან ნიმუშად წარმოგიდგენთ გურული სიმღერის „ხასანბეგურას“ ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ძველ სანოტო ჩანაწერს. თავისი ფორმით იგი, ჩვეულებისამებრ, ტრიოსა და გადაძახილის სათქმელია, მაგრამ სტუქტურით განსხვავდება ამ სიმღერის ყველა ჩვენთვის ცნობილი გურული თუ აჭარული ვარიანტისგან. ტრიოს ზედა ხმა არა კრიმანჭულს, არამედ გამყივანს ან ე. წ. „წვრილს“ წარმოადგენს, რითაც თითქოს აჭარულთან უფრო ავლენს სიახლოვეს, მაგრამ მაინც ცხადად განსხვავდება მისგან. ჩანაწერი იმითაც არის საინტერესო, რომ მას ახლავს სიმღერა „ხასანბეგურას“ ვრცელი სიტყვიერი ტექსტი, რომელიც ამ სახით სხვა არცერთ სანოტო ან აუდიოჩანაწერში არ გვხვდება.
ქართული ხალხური სიმღერის ნოტებზე ჩაწერით არა მხოლოდ ქართველები იყვნენ დაკავებულნი. ამ მხრივ, აღსანიშნავია ლადო აღნიაშვილის მიერ 1885 წელს ჩამოყალიბებული პირველი ქართული ეთნოგრაფიული გუნდის „ქართული ხოროს“ მუსიკალური ხელმძღვანელის, ჩეხი მუსიკოსის, იოსებ რატილის მიერ ჩაწერილი კახური „ალილო“, რომელიც 1886 წლის ბოლოს დაიბეჭდა.[13]

სიმღერა „ხასანბეგურა" ანდრია ბენაშვილის კრებულიდან „ქართული ხმები"
იმის გათვალისწინებით, რომ კახურ სიმღერაში თავისუფალი მეტრის იუბილაციები, ორნამენტები, რომლებსაც „ჩახვევებს“ ვუწოდებთ, ნოტირების თვალსაზრისით დღესაც სირთულეს წარმოადგენს და გარკვეულ პირობითობას უსათუოდ გულისხმობს, ეს ჩანაწერი სავსებით აჟღერებადია და კახური ალილოს ორიგინალურ ნიმუშს გვთავაზობს (აუდიო 3).
1896 წელს გამოქვეყნდა ზაქარია ჩხიკვაძის მიერ შედგენილი ხალხური სიმღერების კრებული, სახელწოდებით „სალამური“. მასში შესულია 35 სიმღერა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ამ კრებულის ერთადერთი დედანი-ეგზემპლარი მღვდლის და მგალობლის, ფილიმონ კარბელაშვილის იყო, რაზეც სატიტულო გვერდზე მისი ხელმოწერა მიგვანიშნებს. კრებულში ჩემი ყურადღება მიიქცია სიმღერამ „დიამბეგის ქალს აქებენ“.[14] საინტერესოა, რომ კარგად ცნობილი სიმღერის „დიამბეგოსაგან“ იგი როგორც მუსიკალურად, ისე ტექსტის მხრივაც სრულიად განსხვავდება:
დიამბეგის ქალს აქებენ, გადმოსდგება ბანზედაო,
იმას იმის რძალი სჯობდა, ფეხს მოიდებს გვერდზედაო,
ფეხის თითებს ათამაშებს ოქროს ხალიჩაზედაო.
ცალი თვალი ჩემზედ დარჩა, ცალი — დიამბეგზედაო.
ნოტებში, სათაურს ახლავს მინაწერი, რომლის მიხედვითაც ეს სიმღერა იმღერება „მონასტრულს კილოზედ“. სიტყვიერი ტექსტის მონასტრულობაზე ძნელია საუბარი, მაგრამ მუსიკალური ენის თვალსაზრისით ეს სიმღერა ე. წ. „კარბელაანთ კილოს“ სამგალობლო ტრადიციას კი ცხადად ეხმიანება. „კარბელაანთ კილოს“ გალობასთან ზოგადი ჰარმონიული კავშირის გარდა, მასში ვხვდებით ხალხური სიმღერისთვის უცხო, მაგრამ გალობისთვის მეტად დამახასიათებელ ხმათასვლას — სექსტოქტაკორდულ პარალელიზმს. სიმღერის კუპლეტის დაბოლოებაც ,,კარბელაანთ კილოს“ მწუხრის ლოცვის VI ხმის საგალობლის ,,ღვთისმშობელო ქალწულოს“ მსგავსია, გარდა დაბოლოებისა. საგალობელი უნისონურად მთავრდება, ხოლო სიმღერა — კვინტის ინტერვალით.

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ სიმღერის სახით, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ე. წ. „სალხინო საგალობლის“ მსაგავსი მოვლენა აღმოსავლეთ საქართველოშიც დასტურდება, რაც საგალობლის ჰანგის არასაეკლესიო, არალიტურგიკული ფუნქციით გამოყენებას გულისხმობს. ამ თვალსარისით, უდავოდ უნიკალურია ეს ნიმუში.
საქართველოს, როგორც ზღვისპირა ქვეყანას, წესით, მრავლად უნდა ჰქონოდა სიმღერები, რომლებიც ზღვასთან, მენავეობასთან, მეთევზეობასთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა, ამ თემატიკის სიმღერები დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
ამ მხრივ, ყურადღებას იქცევს ერთი ნიმუში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივში დაცული, 1918 წელს ქუთაისში გამოცემული სანოტო „ქართულ ეროვნულ სამხმოვან სიმღერათა კრებულიდან“.[15] კერძოდ, „ოსოს ვარადო“.
|
ნიკოლოზ შარაბიძის „ქართულ ეროვნულ სამხმიან სიმღერათა კრებული" |
ნიკოლოზ შარაბიძე |
კრებულის შემდგენელს, ნიკოლოზ შარაბიძეს, სიმღერის სათაურის გვერდზე ფრჩხილებში მიწერილი აქვს: (მენავეთა სიმღერა). მართალია, სიმღერა მთლიანად სამღერისებზეა აგებული და კონკრეტულს ვერაფერს მოგვითხრობს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ფაქტია, ჟანრობრივ იშვიათობას წარმოდგენს. კრებულის შემდგენელი მიუთითებს, თუ რომელ კუთხეს ეკუთვნის ეს სიმღერა, მაგრამ წიგნის დასაწყისში საუბრობს, რომ ჩაწერილი აქვს იმერული, გურული, მეგრული და რაჭული სიმღერები. სამღერისების მიხედვით ადვილად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ „ოსოს ვარადო“ მეგრული სიმღერაა და სავსებით დასაშვებია, რომ სამურზაყანოს მხარეს განეკუთვნებოდეს.

მენავეთა სიმღერა, ნიკოლოზ შარაბიძის კრებულიდან
ასეთი ორიგინალური ნიმუშების გარდა, სანოტო ჩანაწერებში გვხვდება სიმღერები, რომელნიც ჩვენთვის სხვადასხვა ფონოჩანაწერიდან არის ცნობილი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ნოტებში ამ სიმღერის განსხვავებული ვერსიაა მოცემული. ამის მაგალითად წარმოგიდგენთ დიმიტრი არაყიშვილის მიერ ფონოგრაფიდან გაშიფრულ სიმღერას 1906 წელს გამოცემული კრებულიდან[16] (ფოტო 12). ეს სიმღერაა კარგად ცნობილი „ბერი კაცი ვარ“. ჩვეული ვერსიებისგან განსხვავებით, დამწყები აქ შუა ხმაა. გუნდის შემოსვლისას ზედა ხმების უჩვეულო ნახტომია კვარტაზე ქვევით და სიტყვების „ნუ მომკლამ“ სამჯერადი გამეორება თითქოს მეტად გამძაფრებულ დრამატულ ელფერს აძლევს სიმღერას. ასეთი ელემენტები ამ სიმღერის ჩვენთვის ცნობილ არცერთ სხვა ჩანაწერში არ გვხვდება.
|
დიმიტრი არაყიშვილის კრებული „ქართული ეროვნული სიმღერები" |
სიმღერა „ბერი კაცი ვარ" დიმიტრი არაყიშვილის კრებულიდან „ქართული ეროვნული სიმღერები" |
ზემოთ „კარბელაანთ კილო“ ვახსენეთ და უნდა აღვნიშნო, რომ ძმების ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილების ხელნაწერებში, საგალობლებთან ერთად, ხალხური სიმღერების სანოტო ჩანაწერებიც მოიპოვება. ვასილ კარბელაშვილს ერთ ხელნაწერში ჩამოთვლილი აქვს სიმღერები, რომლებიც, სავარაუდოდ, კარბელაშვილთა ოჯახის სასიმღერო რეპერტუარში შედიოდა. მათ შორის არც თუ ცოტაა სიმღერები, რომელთა შესატყვისი არც სანოტო და არც აუდიო ჩანაწერი ცნობილი არ არის. ასეთებია, მაგალითად: „ესო მესო, მინდორს გამაგდესო“, „დელა დელა, კურდღელი და მელა“, „მიველ და ვნახე სამოთხის სახე“, „ანანურ ქორი აფრინდა“, „გლოვა მეფის ირაკლი მეორისა“, „აგრე იარე მცხეთამდე“ და სხვა მრავალი. ჩამონათვალში მთლიანობაში 107 სიმღერის სათაურია მოტანილი.[17]

ვასილ კარბელაშვილი
საინტერესოა, რომ ის სიმღერებიც, რომლებიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია, ამ ხელნაწერებში ტექსტის თვალსაზრისით ვარიანტული სახეცვლით არის მოცემული. ამის ნიმუშად გამოდგება თუნდაც ბატონების სამკურნალო სიმღერა, რომელიც დასახელებულია, როგორც „ციავ ნანა, ვარდო ნანა, ციავ ნანინაო“.[18] აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერის სიტყვები შეიცავს ისეთ მუხლებს, რომლებიც ჩვენთვის ცნობილ სხვა ნიმუშებში არსად შეგვხვედრია.
ია ვარდი ავათ არის, ციავ ნანინაო,
აქ ბატონები მობრძანდნენ, იავ ნანინაო,
შვიდნი ძმანი გამობრძანდნენ, იავ ნანინაო,
ზღვის პირს კარავი დასცესო, იავ ნანინაო.
მოვიდნენ და გაიშალნენ ამა მხარესაო,
სად მოვიდნენ, ისადგურეს მეტად მშვიდათაო,
სულ მხიარულ ჩონგურითა, ბაზმა-შაქრითაო,
მიეგებნენ სიმღერითა ამ ბატონებსაო,
ავათმყოფსაც შეუფერეს მეტად კარგათაო,
ცხელი რამე ოხშივარი არ შეიტანესო,
არცა ერთი ბატონების არვინ დაკუტდაო,
ყველა ფრენით მხიარულად გზასაც გაუდგნენო,
დაგილოცოთ გზა და კვალი მაღალ ზენამაო,
ციავ ნანა, ვარდო ნანა, იავ ნანინაო.[19]
მუსიკალური თვალსაზრისით ვარიანტული სახეცვლა გვხვდება ასევე სანოტო ნიმუშებში, რის მაგალითად წარმოგიდგენთ ვასილ კარბელაშვილისეულ ხელნაწერს სიმღერისა „აფრინდი, შავო მერცხალო“, განსაკუთრებით, დამწყების ფრაზა.[20] სხვაობა სიტყვიერ ნაწილშიც ვლინდება. როგორც ვხედავთ, პირველი სიტყვაც „აფრინდი“ სხვაობს ამ სიმღერის საყოველთაოდ ცნობილი ვარიანტისგან „გაფრინდი, შავო მერცხალო“. გავრცელებულ ვერსიაში ნახსენებია მდინარე ალაზანი (რის გამოც კახურად მიიჩნევა ეს სიმღერა), ხოლო ქართლის მკვიდრ ვასილ კარბელაშვილთან მდინარე არაგვია დასახელებული.

სიმღერა „აფრინდი შავო მერცხალო" - ვასილ კარბელაშვილის ხელნაწერი
„აფრინდი, შავო მერცხალო, დაჰყე არაგვის პირსაო, დელა ჰე“
სიმღერის მეორე კუპლეტიც არ გვხვდება არცერთ სხვა ვერსიაში:
„ომი არ გაუჭირდება შენი დედ-მამის შვილსაო, დელა ჰე“.
როგორც ხედავთ, ჩვენ მიერ მოხმობილი ყველა ნიმუში (ამ უკანასკნელის გარდა), არა ხელნაწერს, არამედ ადრე გამოცემული სანოტო კრებულებიდან შერჩეულ მასალას წარმოადგენდა. ამის მიზეზი კი ქართული ხალხური სიმღერების ქრონოლოგიურად უფრო ძველი ხელნაწერების უქონლობა, უფრო სწორად, მათი მოუძიებლობა და გამოუვლინებლობა გახლავთ. ფაქტია, რომ არათუ საზღვარგარეთ, არამედ ქვეყნის ფარგლებში არსებული ქართული ხალხური სიმღერების ადრეული სანოტო ხელნაწერების სრული აღრიცხვა-სისტემატიზაცია აქამდე ჯეროვნად არ ჩატარებულა, რაც დღეს ქართველ ეთნომუსიკოლოგთა გადაუდებელ სამუშაოდ შეიძლება ჩაითვალოს!
და მაინც, ქართული მუსიკალური ფოლკლორის რომელი სანოტო ჩანაწერია ყველაზე ადრეული? ამ კუთხით, მსურს გაგიზიაროთ ერთი საინტერესო ცნობა:
სადისერტაციო ნაშრომში „ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა“ წარმოდგენილი მქონდა ქართული გალობის ყველაზე ადრეული სანტო ნიმუში, კერძოდ, ღვთისმშობლის ძლისპირის „აღაღე პირი ჩემი“-ს ხელნაწერი, რომელიც 1802 წლით თარიღდება.[21] იგი კიევის მიტროპოლიტის, ევგენი ბოლხოვიტინოვის მიერაა ჩაწერილი. გალობის გადამცემი კი მასთან სტუმრად მყოფი ქართველი ეპისკოპოსი (შემდგომში საქართველოს პირველი ეგზარქოსი), ვარლაამ ერისთავი გახლდათ. ამ ხელნაწერში საგალობელი ჩაწერილია ე. წ. კიევური ნოტაციით (ხელნაწერის დედანი კიევის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ფონდში, ხოლო მისი ფოტოასლი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ინახება).[22]

ძლისპირი „აღაღე პირი ჩემი" - ევგენი ბოლხოვიტინოვის ხელნაწერი
საინტერესოა, რომ უადრესი ფოლკლორული სანოტო ჩანაწერის მოძიების შემთხვევაშიც, იგივე ევგენი ბოლხოვიტინოვის ხელნაწერს უნდა მივმართოთ, რადგან, საგალობლის მსგავსად, ქართული საერო სიმღერის ჩვენთვის ცნობილი უძველესი სანოტო ჩანაწერი სწორედ მას ეკუთვნის და იმავე 1802 წლით თარიღდება.[23] კერძოდ, ამ (ასევე კიევური ნოტაციით ჩაწერილ) სანოტო ხელნაწერში წარმოდგენილია სიმღერა, აგებული ბესიკის ლექსის „სევდის ბაღს შეველ“ ერთ-ერთ კუპლეტზე (ტექსტი ჩაწერილია რუსული ტრანსკრიპციით).[24] (ფოტო 16) ჩამწერის კომენტარის მიხედვით, მისი ინტონაცია სპარსული ყაიდისა უნდა იყოს. თითქოს ამასვე უნდა მიანიშნებდეს ხელნაწერის ბოლოს თარს მიმსგავსებული საკრავის გრაფიკული ჩანახატი, მაგრამ ნოტებში მოცემული მელოდია უფრო ევროპული ფუნქციონალური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ელემენტის სინთეზის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სიმღერა ბესიკის (ბესარიონ გაბაშვილის) ლექსზე „სევდის ბაღს შეველ" - ევგენი ბოლხოვიტინოვის ხელნაწერი
მართალია, ეს სიმღერა ქართული სოფლური ტრადიციული ხალხური სიმღერის ნიმუშს არ წარმოადგენს, მაგრამ, ასეა თუ ისე, იგი ქართულ ენაზე შექმნილი, ე. წ. ქალაქური სიმღერის ყველაზე ადრეული სანოტო ჩანაწერია და, ამდენად, სათანადო ყურადღებასა და შესწავლას იმსახურებს.
ზემოთ ნაჩვენები ნიმუშების გაცნობის შემდეგ, გთავაზობთ ქართული ხალხური სიმღერების ამსახველი დოკუმენტების ერთგვარ კლასიფიკაციას:
- პირველ ჯგუფად გამოვყოფთ სიმღერებს, რომელთა მხოლოდ სიტყვიერმა ტექსტმა ან მხოლოდ სათაურმა მოაღწია დღევანდელობამდე. სიმღერის მუსიკალურ მხარეზე მათ თითქოს არაფერი შეუძლიათ გვითხრან, მაგრამ სინამდვილეში, მათზე დაკვირვება, მათი სხვადასხვა ასპექტით შესწავლა-ანალიზი თუნდაც გარკვეული ინფორმაციის მოპოვების წყარო შეიძლება აღმოჩნდეს მუსიკალური თვალსაზრისითაც კი.
- მეორე ჯგუფი – საკუთრივ სანოტო ჩანაწერები, რომლებიც ჩამწერს უშუალოდ მომღერალთა ნამღერიდან აქვს ნოტებზე გადატანილი ან აუდიომასალის გარეშე, თავისი ზეპირი ცოდნით, დამოუკიდებლად ჩაწერილი.
- მესამე ჯგუფი სიმღერების სანოტო ჩანაწერებია, რომლებიც აუდიოჩანაწერის მეშვეობითაა ნოტებზე გადატანილი, თუმცა ამ აუდიოჩანაწერებს დღევანდელობამდე არ მოუღწევია. ამიტომ მათ „აუდიოდაკარგულ“ სიმღერებს ვუწოდებ.
- მეოთხე ჯგუფი – სიმღერები, რომელთა როგორც სანოტო, ისე აუდიოჩანაწერი მოგვეპოვება. ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ ჯგუფში პოტენციურად შედის ისეთი სანოტო და აუდიომასალა, რომელთა შედარება არ მომხდარა და დღემდე მათი იდენტობა არ არის გამოვლენილი. ვფიქრობ, ამ ტიპის არაერთი და ორი ნიმუშის მოძიება შეიძლება. ამგვარი შედარებითი კვლევის ჩატარება, ჩემი აზრით, მეტად საჭირო და საშური საქმეა დღეს, რადგან სწორედ აუდიო და სანოტო ჩანაწერების ერთობლიობა ჰქმნის ყველაზე სრულყოფილ შესაძლებლობას ხალხური მუსიკალური შემოქმედების როგორც პრაქტიკულ-საშემსრულებლო, ისე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვისათვის.


დავით შუღლიაშვილი, გიორგი გორდელაძე, დავით ცერცვაძე, ნიკოლოზ შანშაშვილი, ნოდარ ჯაფარიძე. პულტთან - ილია ჯღარკავა
სიმღერების აუდიონიმუშები აჟღერებული და ჩაწერილია 2016 წელს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ჩამწერ სტუდიაში (ეს ამ სტუდიაში პირველი ჩაწერა იყო). ასრულებენ უნივერსიტეტის მაშინდელი სტუდენტები: დავით ცერცვაძე, გიორგი გორდელაძე, ნიკოლოზ შანშაშვილი, ნოდარ ჯაფარიძე და მათი პედაგოგი, დავით შუღლიაშვილი. ხმის რეჟისორი – ილია ჯღარკავა.
[1] Thoms, William J. 1846. „Folk-Lore.“ The Athenaeum, no. 982 (August 22): 862–63. თავდაპირველად გამოქვეყნდა ფსევდონიმით - ამბროსი მერტონი (Ambrose Merton).
[2] ისტორიულად, პირველ მუსიკალურ აუდიოჩანაწერად მიიჩნევა 1860 წელს ედუარდ-ლეონ სკოტ დე მარტინვილის მიერ გამოგონილი ფონოავტოგრაფით იმავე წლის 9 აპრილს ჩაწერილი ძველი ფრანგული სიმღერის „Au clair de la lune“ ფრაგმენტი, თუმცა ფონოავტოგრაფს მხოლოდ ხმის ჩაწერა შეეძლო და არა მისი აჟღერება. ეს ჩანაწერი მხოლოდ 2008 წელს აღმოაჩინა და ააჟღერა ამერიკელი აუდიოისტორიკოსის და მკვლევრის, დევიდ ჯიოვანონის გუნდმა. ამჟამად ადამიანის ხმის უძველეს ამოცნობად ჩანაწერად სწორედ ეს აუდიოდოკუმენტი მიიჩნევა (იხ. First Sounds. 2008.„Earliest Known Recordings of the Human Voice.“ https://www.firstsounds.org/ )
[3] ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტების ფონდი, დიმიტრი არაყიშვილის არქივი, ხელნაწერი #194.
[4] მაჭავარიანი, მიხეილ (შემდგენელი). 1878. „სამშობლო ხმები: ყმაწვილებისთვის სამღერავი სახალხო სიმღერები: გადაღებული ნოტებზედ ერთ, სამ და ოთხ ხმისათვის“. თბილისი: გამოცემული ბ. ჩარკვიანის მიერ.
[5] გოგებაშვილი, იაკობ. 1955. ვინ და როგორ გადაიღო პირველად ნოტებზე ქართული ხალხური სიმღერები სახალხო სკოლებისთვის. თხზულებანი, ტ. 1, 93–98. შედგენილი და მომზადებული ვ. ქაჯაიასა და ზ. კიკნაძის მიერ. შესავალი წერილი დ. ლორთქიფანიძის. რედაქტორები გ. თავზიშვილი და დ. ლორთქიფანიძე. თბილისი: საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტი.
[6] იქვე, გვ. 93.
[7] იქვე, გვ. 95.
[8] იქვე, გვ. N95-96
[9] იქვე, გვ. N96
[10] გოგებაშვილი, იაკობ. 1912. დედა ენა: საკითხავი წიგნი ანბანის შემდეგ სკოლებში სახმარებელი. ნაწილი II. თბილისი: წერა-კითხვის საზოგადოების გამოცემა, ს. ლოსაბერიძის სტამბა, 249-256.
[11] ბენაშვილი, ა. 1885. ქართული ხმები: საეკლესიო გალობა წმ. იოანნე ოქროპირის წირვის წესისა: ქართლ-კახეთის კილოზედ, ხალხური სიმღერები შეკრებილი და ნოტებზედ გადაღებული ანდრია ს-ძის ბენაშვილისაგან. ტფილისი: ლითოგრაფია მესხიევისა.
[12] იქვე, წინასიტყვაობა.
[13] რატილი, იოსებ (ნოტებზე ჩამწერი). 1886. ალილო (შიგნით კახეთის კილო). თბილისი: გამოცემა „ქართული ხოროსი“.
[14] ჩხიკვაძე, ზაქარია. 1896. სალამური: სახალხო სიმღერები. გადაღებული ნოტებზედ ზ. ი. ჩხიკვაძის და მელიტონ ბალანჩივაძის მიერ. ტფილისი: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N 28 (სტამბა მ. შარაძისა და ამხანაგობისა), გვ.23.
[15] შარაბიძე, ნიკოლოზ. (ჩამწ. და შემდგ.). 1918. ქართული ეროვნულ სამხმოვან სიმღერათა კრებული: ნოტების მოკლე განმარტებით. ქუთაისი: სტამბა ი. კილაძისა.
[16] არაყიშვილი, დიმიტრი. 1906. ქართული (კახური და ქართლური) ეროვნული სიმღერები, ჩაწერილი ფონოგრაფის შემწეობით დ. არაყიშვილის მიერ. Москва: (Литогр. В. Гроссе в Москве)
[17] ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ვასილ კარბელაშვილის არქივი. ხელნაწერი N306, გვ.5.
[18] იქვე.
[19] იქვე.
[20] ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ვასილ კარბელაშვილის არქივი. ხელნაწერი N264
[21] შუღლიაშვილი, დავით. 2010. რვახმის სისტემა ქართულ საეკლესიო გალობაში. სადოქტორო დისერტაცია, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
[22] ქართული ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი. ევგენი ბოლხოვიტინოვის ხელნაწერი N1106.
[23] შუღლიაშვილი, დავით. 2014. ქართული სამგალობლო სკოლები და რვახმის სისტემა (საგალობელთა სანოტო ჩანაწერების მიხედვით). თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრი. გვ. 2-3, 219.
[24] იქვე.





