ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი
ინსტრუმენტული მუსიკა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხდება სხვადასხვა ფორმისა და წყობის მუსიკალური ინსტრუმენტები. ქართულ ყოფაში საკრავის დანიშნულება ძირითადად სიმღერისა და ცეკვის თანხლება იყო, თუმცა ზოგჯერ სასიგნალო ფუნქციასაც ითავსებდა. ინსტრუმენტები ზოგჯერ საკრალურ მნიშვნელობასაც იძენდა და სხვადასხვა საკულტო-რელიგიურ რიტუალში (ავადმყოფის მკურნალობა, შელოცვა, შრომა და მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები) გამოიყენებოდა.
ქართული ხალხური საკრავების ორკესტრის შექმნის ისტორია უკავშირდება აქამდე გამოუქვეყნებელ ფაქტებს, რომელთაც ქვემოთ გიამბობთ. მანამდე კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული ტრადიციული მუსიკალური ყოფისათვის საკრავთა ანსამბლი სულაც არ არის უცხო. საკრავთა საანსამბლო პრაქტიკას განიხილავს მანანა შილაკაძე, რომლის მიხედვითაც: „1) ქართული ტრადიციული ინსტრუმენტული ანსამბლი აერთიანებს ორ სხვადასხვა საკრავს; 2) მის რეპერტუარს საცეკვაო ჰანგები შეადგენს“.[1] ოთარ ჩიჯავაძის ცნობით, სიმებიან საკრავთაგან მწყობრში გამოიყენება ჩონგური, ჩასაბერთაგან – ჭიბონი, დასარტყამთაგან – დოლი და დაირა.[2] ჩონგურის და დოლის მწყობრი დასტურდება აჭარაში, ფანდურისა და დაირის – კახეთსა და თუშეთში, დოლისა და ჭიბონის – აჭარაში. სიმებიანი საკრავების, ჩანგისა და ჭუნირის, მწყობრს ვხვდებით სვანეთში.[3]
საინტერესოა, თუ როდის შეიქმნა ხალხური საკრავების ორკესტრი. მუსიკალური საკრავების ჩამოყალიბებაზე, შემსრულებლობასა და განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სოციალურ-კულტურულმა პროცესებმა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას საფუძვლად დაედო კერძო საკუთრებების (მეურნეობების) მსხვილ კოლექტიურ მეურნეობებად გაერთიანება – კოლექტივიზაცია. კოლექტიურმა აზროვნებამ და აღნიშნულმა სოციალურმა ყოფამ ცვლილებები ფოლკლორშიც შემოიტანა. დაარსდა დიდი, მასობრივი გუნდები. სწორედ ამ პერიოდში, 1930-იან წლებში, იბადება ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრის შექმნის იდეაც; ის ასევე უნდა ყოფილიყო მასებზე გათვლილი. აქვე აღვნიშნავთ, რომ დიდი გუნდებისა და ორკესტრის არსებობამ გარკვეულწილად იქონია ზეგავლენა ტრადიციული შემსრულებლობის ფორმებზეც. შესაბამისად, საკრავთა ანსამბლიც, შეიძლება ითქვას, ჩანაცვლდა ორკესტრით. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე ჩონგურის ერთდროულად გამოყენება, რომელიც XX საუკუნის 20–30-იანი წლების მოვლენაა. ის სამეგრელოში დაკავშირებულია ძმებ სიჭინავების, გურიაში კი – ავქსენტი მეგრელიძის სახელთან. 1927 წელს ავქსენტი მეგრელიძემ ჯერ მეჩონგურე ქალთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, მოგვიანებით მეგრელიძის მეჩონგურეთა ანსამბლს სხვა საკრავებიც დაემატა. ჩონგურისა და ფანდურის ერთ ანსამბლად გაერთიანებაც პირველად სწორედ მის გუნდში მოხდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიმებიანი საკრავების ერთად აჟღერება, ცხადია, ხალხური მუსიკის შემსრულებლობაში სიახლეს წარმოადგენდა. თავის ერთ-ერთ სტატიაში ლოტბარი წერდა: „ჯერჯერობით ჩვენს ანსამბლში შედის დასავლეთ საქართველოს ოთხსიმიანი ჩონგური და აღმოსავლეთ საქართველოს სამსიმიანი ფანდური... ყველა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტის ერთად თავისმოყრა, მათი შეწყობა და შეხმატკბილება ჩემი მუშაობის აქტუალური ამოცანაა. მიზნად მაქვს დასახული, უმოკლეს ხანაში მოვახდინო ჩონგურის, ფანდურის, ჭიანურის, სტვირის, სვანური ჩანგის, დოლის და სალამურის შეხმატკბილება“.[4]
ეს მიზანი ლოტბარს 30-იან წლებში წარმატებით განუხორციელებია. ავქსენტი მეგრელიძის ექსპერიმენტები ხალხურ საკრავთა ორკესტრის შექმნის მცდელობად უნდა განვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ მის თვითმიზანს არ წარმოადგენდა ორკესტრის შექმნა, რადგან მსგავსი მოვლენა ქართული სოფლური ყოფისათვის უცხო იყო. ა. მეგრელიძე ტრადიციული საკრავების შესაძლებლობებს დასჯერდა და მათი რეკონსტრუქცია არ მოუხდენია.[5]
გსმენიათ კირილე ვაშაკიძის ან ვასილ თამარაშვილის შესახებ? სწორედ მათ სახელებს უკავშირდება ქართული ხალხური საკრავების ორკესტრის ჩამოყალიბება. 1937 წელს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ კირილე ვაშაკიძემ შეაგროვა სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ინსტრუმენტები, ზოგიერთი მათგანი განაახლა და თბილისის არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩამოაყალიბა ორკესტრი. სწორედ კირილე ვაშაკიძე იყო ის ადამიანი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ხალხურ საკრავთა ორკესტრს. ამ ორკესტრის პარალელურად მუსიკოსმა ვასილ თამარაშვილმაც განაახლა ინსტრუმენტები და შექმნა ხალხური საკრავების ორკესტრი.[6]
პირველი ორკესტრი
რა განასხვავებდა ორკესტრებს ერთმანეთისგან? კირილე ვაშაკიძის მიერ დაარსებული ქართულ ხალხურ საკრავთა ორკესტრი გარკვეულწილად ამართლებდა სახელწოდებას (ქართული ხალხური ორკესტრი), რადგან მის ორკესტრში ხალხურ ინსტრუმენტებს მეტწილად შენარჩუნებული ჰქონდა საკრავებისთვის დამახასიათებელი ტემბრი, ფორმა და შინაარსი. ვასილ თამარაშვილის ორკესტრი კი სრულად მის მიერ რეკონსტრუირებული ინსტრუმენტებისგან შედგებოდა. თუმცა მათ შორის მსგავსებაც არსებობდა: ორივე ორკესტრი დიატონურის ნაცვლად ქრომატული საკრავებისაგან შედგებოდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ხალხური ინსტრუმენტები პრიმიტიული იყო და განვითარებას საჭიროებდა. ამასთან, სხვადასხვა ჯგუფისა და კუთხის ინსტრუმენტების ერთად აჟღერება გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვდა. ამიტომ ორივემ შეცვალა საკრავების წყობა და ტემპერირებული გახადა.
საინტერესოა, რას წერს კირილე ვაშაკიძე გაზეთ „მუშაში“: „ქართულ ხალხურ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე მუშაობა ჩამორჩენილია. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავეუფლეთ ამ ინსტრუმენტებს თანამედროვე მელოდიების გადმოსაცემად: მათი გამოყენება ჯერ კიდევ ვერ გასცილებია მარტივი ანსამბლების ფორმას, სადაც მელოდიების შესრულება ხდება არა თვით ინსტრუმენტებზე, არამედ მომღერალთა მიერ, ინსტრუმენტები კი მხოლოდ მარტივ აკომპანემენტს ასრულებენ“.[7]
როგორც უკვე ვთქვით, ვასილ თამარაშვილის ორკესტრში წარმოდგენილი იყო რეკონსტრუირებული ინსტრუმენტები. მან ხუთ სხვადასხვა ქართულ ხალხურ ინსტრუმენტს (ჩონგური, გუდასტვირი, ფანდური, ჭუნირი და ჩანგი) შეუცვალა წყობა და დიაპაზონი, თუმცა შეუნარჩუნა გარეგნული იერსახე, გარდა ჭუნირისა, რომელსაც მიეცა კლასიკური სახე. ვასილ თამარაშვილი ასე აღწერს ამ რეკონსტრუირებული ინსტრუმენტების წყობებს: „ქართული სამხმოვანი სიმღერა ეს მისი ბუნებრივი თვისებაა და ინსტრუმენტალურ მუსიკაშიც ეს გადმოვიტანე, ე. ი. ექვს ხმად შემუშავებულ ჩონგურების ანსამბლში ძირითადად ავიღეთ სამი ხმა და შემდეგ იგი გავაორეთ ოქტავებში: წმინდა ხმის ჩონგური არის კრინი, შემდეგ ჩონგური თქმა, შემდეგ ჩონგური ზილი, ჩონგური მოძახილი, ჩონგური ბანი და ჩონგური დვრინი. ყველა ესენი ერთმანეთში შეწყობილია კვინტაში და ყოველ მათგანს აქვს წყობა სუფთა კვარტად. თითოეულის დიაპაზონი აღწევს ორ ნახევარ ოქტავამდე და აბმული აქვს სამი ნაწლავის სიმი“.[8] გუდასტვირი კი ვასილ თამარაშვილმა სამნაირად გადააწყო. 8-თვლიანი გუდასტვირი მელოდიის დასაკრავად იყო განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი ორი მხოლოდ ბანს გამოსცემდა. აქედან გამომდინარე, ვაშაკიძის ორკესტრისგან განსხვავებით, თამარაშვილის ორკესტრი შედგებოდა სრულად მოდიფიცირებული ინსტრუმენტებისგან. მისი ორკესტრის მიზანი იყო, შეესრულებინათ არა მხოლოდ ხალხური, არამედ ქართველ და დასავლეთ ევროპის კომპოზიტორთა ნაწარმოებები, რომელთა არანჟირებას ვასილ თამარაშვილი ქმნიდა თავისი ორკესტრისათვის. ამ ორკესტრების პარტიტურები დაცულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.
ვ. თამარაშვილის მიერ რეკონსტრუირებული ინსტრუმენტები
ჩვენს ყურადღებას იპყრობს ა. მეგრელიძის მიერ გამოთქმული აზრი ვ. თამარაშვილის მიერ რეკონსტრუირებულ ჩონგურთან დაკავშირებით. „ამ ინსტრუმენტებში წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული ჩონგური ნამდვილად ჩონგური არ არის. გარეგნულად მე ის მაინც არ მაკმაყოფილებს. ის უფრო მაგონებს კაცს, რომელსაც ჩოხა აცვია, ხოლო რუსული ქუდი ხურავს. რეკონსტრუირებული ჩონგურის ტემპერაცია სულ სხვა არის. ის სრულებით არ წააგავს ხალხურ ჩონგურს“.[9] ვფიქრობ, ჩონგურის მსგავსად სხვა გარდაქმნილი და რეკონსტრუირებული ინსტრუმენტებიც დაკარგავდა პირვანდელ სახეს. აქედან გამომდინარე, სახეშეცვლილი ინსტრუმენტებისგან შემდგარი ორკესტრი, რა თქმა უნდა, მოითხოვდა დაკვირვებასა და დროში გამოცდას.
1940 წლის 3 იანვარს ხელოვნების საქმეთა სამმართველოში შედგა ამ ორი ორკესტრის შემმოწმებელი კომისიის სხდომა. შეიქმნა ჟიური, რომელიც განიხილავდა მათ ფუნქციონირებასა და მნიშვნელობას. მოსაზრებას, რომ კ. ვაშაკიძის მიერ შექმნილი ქართული ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრი უფრო ახლოს დგას ხალხურ პრინციპთან, შენარჩუნებული აქვს ხალხური ტემბრი და ფორმა, იზიარებდნენ: გრიგოლ ჩხიკვაძე, ავქსენტი მეგრელიძე, ანდრია ბალანჩივაძე, გიორგი ხახანაშვილი, ვლადიმერ ჭუმბურიძე, პავლე ხუჭუა, პავლე კანდელაკი, აკაკი ფაღავა, გრიგოლ ნუცუბიძე, გრიგოლ კოკელაძე. მათი აზრით, ვ. თამარაშვილის რეკონსტრუირებულ ორკესტრს დაკარგული ჰქონდა ქართული ხალხური საკრავებისთვის დამახასიათებელი თვისებები. მათი შეხედულება გამომდინარეობდა სწორედ იქიდან, რომ რეკონსტრუირებულ ინსტრუმენტებს შეიძლება გავლენა მოეხდინა სუფთა ქართულ ხალხურ საკრავებზე და მეტიც, ჩაენაცვლებინა ისინი. გარდა ამისა, გრიგოლ ჩხიკვაძის აზრით, კ. ვაშაკიძის ორკესტრს უნდა დამატებოდა სხვა ქართული ხალხური საკრავებიც: საყვირი, წინწილა, ებანი, ბუკი და ა.შ.[10]
საბოლოოდ, ჟიურიმ დაადგინა ვასილ თამარაშვილის ორკესტრის დაშლა, ვინაიდან კირილე ვაშაკიძის ორკესტრს შენარჩუნებული ჰქონდა ხალხური საკრავების პრინციპები: მათთვის დამახასიათებელი ქართული ტემბრი, ფორმა და შინაარსი.[11]
ვასი თამარაშვილის ორკესტრი
ომარ კელაპტრიშვილის[12] მეუღლესთან, ციმი კელაპტრიშვილთან ინტერვიუს დროს ვიგებთ, რომ ამ გამარჯვების შედეგად კირილეს ორკესტრმა კიდევ რამდენიმე წელს იარსება. მიუხედავად ამისა, როგორც ქალბატონი ციმი დანანებით აღნიშნავს, „ზემოთ ორგანოებში არ იყვნენ ისეთი პირები, ვინც ამ საქმეს მიაქცევდა ყურადღებას და ეს ორკესტრი, რომელმაც თამარაშვილის ორკესტრს აჯობა, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც გაუქმდა. თუმცა 1953 წელს გაზეთ „კომუნისტში“ დაიწერა წერილი, რომლითაც ითხოვდნენ კირილე ვაშაკიძის ხალხურ საკრავთა ორკესტრის აღდგენას. საბედნიეროდ, ამ წერილს მოჰყვა დადებითი გამოხმაურება და, მართლაც, ხელმეორედ ჩამოყალიბდა და აღდგა ვაშაკიძის ორკესტრი, რომელიც სახელმწიფო ანსამბლთან (ახლანდელი „რუსთავი“) არსებული გახდა. სწორედ მეორედ აღდგენილ ორკესტრში უკრავდა ომარ კელაპტრიშვილიც“. ქალბატონი ციმის მონათხრობიდან ირკვევა, რომ კირილეს მეორედ შექმნილ ორკესტრს კვლავ დაშლის საფრთხე დაემუქრა. „ალბათ პატრონობა სჭირდებოდა და მარტო იგი (კირილე ვაშაკიძე) ვერ მოერია. ვიღას არ აწუხებდა კირილე, მაგრამ მაინც დაიშალა ხალხურ საკრავთა ორკესტრი“.
მეორედ აღდგენილი კირილეს ორკესტრი
მართალია, კირილე ვაშაკიძისა და ვასილ თამარაშვილის ორკესტრები დაიშალა, მაგრამ დაიწერა ისტორია. მის საფუძველზეც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ერთი მხრივ, ხალხურ საკრავებს აქვს დიდი პოტენციალი, რათა მათზე შესრულდეს დამოუკიდებელი მელოდიები, მეორე მხრივ, შესაძლებლობა იმისა, რომ იარსებოს ორკესტრში. თუმცა მიმაჩნია, რომ მოდიფიცირებული და განვითარებული ინსტრუმენტების არსებობა არ უარყოფს ხალხური დიატონური ინსტრუმენტების მნიშვნელობასა და არქაულობას. ამ ორკესტრებმა, შეიძლება ითქვას, თავის დროზე ექსპერიმენტული ინოვაციური პროექტების როლი ითამაშეს. ტრადიციული შემსრულებლობის თვალსაზრისით კი, სხვადასხვა ჯგუფის რამდენიმე საკრავის ერთდროული ხმოვანება ზღუდავდა თითოეული მათგანის ინდივიდუალობას, რაც, ცხადია, ხელს უშლიდა ცოცხალი მუზიცირებისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან თვისებას – იმპროვიზაციულობას.
გასულ საუკუნეში საკრავებთან დაკავშირებით განვითარებული ისტორია არაერთ კითხვას სვამს: რამდენად მართებულია სხვადასხვა კუთხის საკრავების ერთ ორკესტრად გაერთიანება? რამდენად შეესაბამება ერთმანეთს სხვადასხვა ინსტრუმენტის წყობა? როგორია ხალხურ საკრავთა ორკესტრის რეპერტუარი? და, საერთოდ, რა შემატა ან დააკლო ქართულ ტრადიციულ მუსიკას საკრავების სახეცვლილებამ? რამდენად გაამდიდრა საკრავების ახლებურმა საშემსრულებლო ესთეტიკამ ქართული ტრადიციული რეპერტუარი? ეს კითხვები სტატიის მკითხველს მიემართება და სამომავლოდ საფუძვლიან კვლევას მოითხოვს.
[1] შილაკაძე, მ. (1970). ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა. თბილისი: მეცნიერება, გვ. 82.
[2] ჩიჯავაძე, ო. (2009). საკრავები ძველ საქართველოში. თბილისი: სსიპ – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი.
[3] ოთარ ჩიჯავაძე ტერმინ „მწყობრის“ ენციკლოპედიური განმარტებისას მას ორკესტრს, საკრავიერ ანსამბლს უწოდებს: „ტრადიციული ქართული ინსტრუმენტული მწყობრი ორსაკრავიანია: ერთ-ერთი სიმებიანია ან ჩასაბერი, მეორე – დასარტყამი“. (ჩიჯავაძე, 2009, გვ. 44-45).
[4] მოისწრაფიშვილი, ნ. (2008). ავქსენტი მეგრელიძე. თბილისი: საქართველოს მაცნე, გვ. 168 – 172.
[5] კოტრიკაძე, ს. (2015). „მწყობრიდან ხალხურ საკრავთა ორკესტრამდე“. წიგნში ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები (Studies in Art Criticism). სამეცნიერო შრომების კრებული, VI, ბათუმი: ხელოვნების უნივერსიტეტი, გვ. 398.
[6] კელაპტრიშვილი, ნ., კელაპტრიშვილი, ო. (2023). ქართული სალამურით დაპყრობილი მსოფლიო. თბილისი: უნივერსალი, გვ. 61-62.
[7] ვაშაკიძე, კ. „ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების ანსამბლი“. გაზეთი „მუშა“, 1937. გვ. 3.
[8] ხელოვნების საქმეთა სამმართველოს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლი. ოქმი №5, „თათბირი ქართული ხალხური რეკონსტრუირებული მუსიკალური ინსტრუმენტების ორკესტრის შექმნის შესახებ“. 1937. მასალა ინახება ეროვნული არქივსა და ფოლკლორის ცენტრის არქივში, ფონდი №130, ანაწერი 1, საქმე 5. გვ. 2.
[9] იქვე, გვ. 4.
[10] ხელოვნების საქმეთა სამმართველოს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლი. 1940. ოქმი №32, „ქართული ხალხური ორკესტრის შემამოწმებელი სხდომა“. გვ. 1.
[11] იქვე, გვ. 5.
[12] ომარ კელაპტრიშვილი – საქართველოს სახალხო არტისტი, სალამურზე ვირტუოზი შემსრულებელი და ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი. მან ჩამოაყალიბა ანსამბლი „იავნანა“, რომელსაც მოგვიანებით მის პატივსაცემად „კელაპტარი“ ეწოდა.